ინტერვიუ რეჟისორ ნუცა ალექსი-მესხიშვილთან
შეზღუდული დროისა და მრავალი საცდურის მიუხედავად, კინომანებს ცხადია დააინტერესებდათ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი ნუცა ალექსი-მესხიშვილის ახალი ფილმი. „კრედიტის ლიმიტი“, რომელმაც ვენეციის წლევანდელ, 71-ე კინოფესტივალზე, პროგრამაში „ჰორიზონტები“ მცირე ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური გარღვევა ნამდვილად შეძლო, გერმანიაში მცხოვრები ქართველი რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.
ნუცა ალექსი-მესხიშვილმა პარიზის ცნობილი კინოინსტიტუტის, La Femis-ის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. გადაიღო საინტერესო სადიპლომო ფილმი „ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით?“. ამის შემდეგ ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა. 2009 წელს გადაიღო ფილმი „ბედნიერება“ ( ზაირა არსენიშვილის მოთხრობის, „ცოლმა ქმარი დაიტირა“ მიხედვით), რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა. რეჟისორი თავისი ახალი ფილმის ჩვენებას თბილისის ფესტივალზე დაესწრო.
ნუცა, შენი ახალი ფილმი „კრედიტის ლიმიტი“ ძირითად საკონკურსო პროგრამაშია წარმოდგენილი. მიუხედავად საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილებისა, მშობლიური ქალაქის კინოფორუმში მონაწილეობა მაინც განსხვავებულია. რა პრინციპულ სხვაობას ხედავ თბილისურ და უცხოურ ფესტივალებს შორის?
გამოცდილება ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ ნებისმიერი გამოცდილება, რომელიც გინდა თუ არა, ახალ ამოცანას გისახავს. რაც საშუალებას გაძლევს ჩქარა გადახვიდე ერთი ეტაპიდან მეორეზე, ერთი საფეხურიდან მეორეზე. ეს ის მომენტია, როდესაც სწრაფად იღებ გამოცდილებას და იზრდები. ეს შეიძლება ნიშნავდეს ამბიციას, ან პირიქით, ამბიციების შემცირებას, თვალსაწიერის გაღრმავებას და აქცენტების სწორედ დასმას. რაც თავისთავად უკვე დიდი ნახტომია.
ასე რომ, ჩემი წინა ფილმით („ბედნიერება“) და ამჯერად უკვე ახალი ფილმით ვენეციის ფესტივალის ოფიციალურ კონკურსში მონაწილეობამ საშუალება მომცა შედარებით გულუბრყვილო, მაქსიმალისტური პოზიციებიდან შემდეგ ეტაპზე გადავსულიყავი.
რასაკვირველია, დიდ ფესტივალს თავისი ენერგია და მასშტაბი აქვს, რაც თითქოს შენზეც გადმოდის. თბილისი კი ჩემთვის უბრალოდ თბილისია... ჩემი სახლია, ჩემი ადგილი დედამიწაზე - თბილისი მე თვითონ ვარ. ამიტომ თავისთავად ცხადია, რამდენად მნიშვნელოვანია თბილისის კინოფესტივალზე ახალი ფილმის ჩვენება. მით უმეტეს, როდესაც ფილმი მთლიანად ჩვენს რეალობას ასახავს.
ფესტივალის მაყურებელი საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ 500-600 ადამიანია, ანუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ჩემთვის მომდევო და ძალიან მნიშვნელოვანია ეტაპია ფილმის ეკრანზე გამოსვლა, როდესაც მაყურებელი თავისი სურვილით იყიდის ბილეთს და წავა ფილმის სანახავად. შემდეგ უკვე იმ დროზე ვიფიქრებ, როდესაც მაყურებელი მთელი საქართველო იქნება.
ვფიქრობ და წარმოვიდგენ, როგორ ჩასხდებიან ანანურში ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები მანქანაში ან „მარშრუტკაში“ და წავლენ, მაგალითად, ფასანაურში რომელიმე ქართული ფილმის სანახავად. შევლენ, ნახავენ, ილაპარაკებენ, გაარჩევენ... მხოლოდ
მაშინ შეგვეძლება ვილაპარაკოთ საქართველოში კინოს არსებობაზე და მის ფენომენზე. მაგრამ ამისთვის - კინოთეატრების უკან დასაბრუნებლად თუ უკვე თავიდან შესაქმნელად დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
თბილისისა და საქართველოს მასშტაბით კინოთეატრების გაქრობა ჩვენი საზოგადოების დიდი სირცხვილია, რომელიც შესაძლოა ნელ-ნელა ჩამოვირეცხოთ. ასე რომ, რა თქმა უნდა, თბილისის კინოფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი გზაა ქართველი მაყურებლისკენ და ასევე, სერიოზული ტრიბუნა კინოს პრობლემაზე სასაუბროდ.
გარკვეულწილად, შენი ფილმი საბანკო სიტემისა და კაპიტალიზმის კრიტიკას ეხება. რადგან მაღალპროცენტიანი კრედიტებისა თუ მევახშეების საშუალებით ეს სისტემა უბრალოდ ადამიანთა ცხოვრებას ანადგურებს. ხომ არ განაპირობა ფილმის გადაღება რაიმე კონკრეტულმა მიზეზებმა ან შენმა სოციალურმა პოზიციამ?
ფილმის ერთი შრე ეხება კრედიტებს, საბანკო სისტემას და მევახშეების საქმიანობას. თუმცა ეს არის მხოლოდ ფილმის მექანიკური მხარე. საბანკო სისტემა ყველგან ერთნაირია; უფრო სწორად, ნელ-ნელა ყველგან ერთნაირი ხდება: ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყნებში გაცილებით ველური, განვითარებულ სისტემებში - უფრო დახვეწილი. ამას ჩვენ ვერ შევცვლით და ჩვენი მიზანი სწორედ განვითარებული ქვეყნების საბანკო სისტემისკენ სწრაფვა უნდა იყოს.
რაც შეეხება მეორე, მთავარ სიუჟეტურ შრეს. ეს არის ნინოს და მისი ოჯახის კონკრეტული ისტორია. ნინო ჩვენი საზოგადოების ტიპური წარმომადგენელია, უფრო სწორად, ჩამოუყალიბებელი საზოგადოების. ნინოს ძალიან სჭირდება ფული, რადგან სურს გააგრძელოს საბჭოთადროინდელი საქმოსანი მამის ცხოვრების სტილი, მაგრამ ეს შეუძლებელია. ისიც უნდა, რომ ნათესავს, მეზობელს და გაჭირვებულს დაეხმაროს... ოღონდ იმ ფულით, რომელიც ჯერა არა აქვს. სხვათა შორის, ფულთან ურთიერთობის არცოდნაც ჩვენი საზოგადოების ჩამოუყალიბებლობის ნიშანია.
ნინო ჩვენს დღევანდელ საზოგადოებას განასახიერებს, რომელშიც, პირობითად რომ ვთქვათ, ლომბარდიდან კაზინოს გავლით მიდიან მკითხავთან და მკითხავისგან მამაოსთან. კეთილდღეობის ძიება არა ჩვენ შიგნით, არამედ ჩვენ გარეთ ხდება.
მოკლედ, არეული სისტემა, არეული ფასეულობები და ბოლოს ჩიხი.
ქალები შენი ფილმის მთავარი გმირები არიან. ისინი გაცილებთ მყარი საქციელით და ძლიერი ნებელობით გამოირჩევიან, მამაკაცები კი სუსტები და უნებისყოფონი არიან. შენთვის ეს რეალური სოციალური პრობლემაა თუ უბრალოდ, ქალებისადმი სოლოდარობის გამოხატულება?
როდესაც ფილმის სცენარს ვწერდი, არ ვფიქრობდი ამგვარ გადანაწილებაზე. უბრალოდ, მივდევდი სიუჟეტურ ქარგას, რომელსაც ჩემი ჩანაფიქრი წინ მიყავდა. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მოქმედი პირების უმრავლესობა ქალი აღმოჩნდა. ალბათ, ასეთიც არის ჩვენი საზოგადოება - ბევრი ქალი ისედაც აქტიურია. რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ ისინი უმრავლესობაში არიან, ან სხვებს სჯობნიან. მე ამჯერად მხოლოდ კონკრეტული ქალის და მისი გარემოცვის ისტორიას ვყვები. რეჟისორისთვის ძალიან დამაბნეველია, როდესაც მის მიერ მონათხრობი ისტორიის განზოგადების მცდელობა იწყება.
რა თქმა უნდა, ყველა ქალი და არც ყველა კაცი ასეთი არ არის.
მე ასეთი ისტორიის მოყოლა მინდოდა. ეს ქალებისა და კაცების თანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინებაა - აღწერო ქალი ისეთი, როგორიც არის. არა სუსტი ან კარგი, სხვაზე დამოკიდებული და ა.შ. არამედ, მაგალითად, ძლიერი და უზნეო. ანუ კაცის თანასწორი. ფილმი სწორედ ამ თემაზეა. შემდეგი ფილმი შეიძლება იყოს სუსტ და დაჩაგრულ ქალზე, ძალადობის მსხვერპლზე დ ა.შ.
„კრედიტის ლიმიტი“ ძირითადად, აგებულია საშუალო ხედის ყოვლისშემძლეობაზე, ირონიულ დეტალებზე, ტევად უბრალოებასა და ზუსტად კადრებზე. ამიტომ ხომ არ შეადარეს შენი ფილმი ოთარ იოსელიანის გვიანდელ კინოესთეტიკას?
ამ კითხვაზე ნამდვილად გამიჭირდება პასუხის გაცემა. ოთარ იოსელიანის კინემატოგრაფიული სტილი დიდი ხანია არსებობს, როგორც მოვლენა კინოს სამყაროში. ალბათ მთავარი, რატომაც გაგიხარდება მისი სახელისა და გვარის გაგონება საკუთარ თავთან მიმართებაში, ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ჩემს ფილმშიც ჩანს ფორმის ძიება. სწორედ კინემატოგრაფიული ფორმის ძიება და არა უბრალოდ ამბის მოყოლა.
სრულად ვიზიარებ ოთარ იოსელიანის მოსაზრებას მსხვილი ხედის შესახებ. მას მიაჩნია, რომ მსხვილი ხედი არ არის კინო. ამ ეტაპზე მეც ასე ვფიქრობ. ჩემთვის კინო არის საერთო სურათი თავისი შინაგანი რიტმით და ამ საერთო სურათში, მოძრავი ადამიანებით და არა, მაგალითად, თვალზე ცრემლმომდგარი მსახიობის მსხვილი ხედი.
თუმცა იგულისხმება, რომ მსხვილი ხედებით გადაღებული ფილმი ისევე შეიძლება იყოს შედევრი, როგორც სხვა ხერხებით გადაღებული.
აქ ლაპარაკია ყოველი რეჟისორის საკუთარ, ინდივიდუალურ ხედვაზე.
ფილმის მკაცრი სტრუქტურა, მისი სიუჟეტი - როგორ ერევა ფული ადამიანთა ურთიერთობაში და რა გულგრილად, მეთოდურად ანადგურებს მათ - გარკვეულ პარალელებს აღძრავს რობერ ბრესონის ერთ-ერთ გვიანდელ ფილმთან "ფული", რომელიც ტოლსტოის მოთხრობის, "ყალბი კუპონის" მიხედვით გადაიღო. იქნებ ეს ზედმეტად სუბიექტური შთაბეჭდილებაა?
ბრესონის ფილმი, არა იმდენად შინაარსით და თემით, რამდენადაც ჯაჭვური რეაქციის პრინციპით და მექანიკური სტრუქტურით, შეიძლება ჩემ ფილმს დაუკავშირო. ამასაც, ცხადია, დიდი მოწიწებით ვამბობ. მაგრამ, რადგან ამ კითხვებს სვამ, სხვა გზა არა მაქვს, პასუხი უნდა გაგცე.
ჩემი მიზანი არ იყო დამეხატა ნინოს, მთავარი გმირის, ფსიქოლოგიური პორტრეტი. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ისიც სისტემის, გარემოს შემადგენელი ნაწილია; იმ ჯაჭვისა, რომელშიც ეს ადამიანები არიან ჩაბმულნი. ამგვარი ჯაჭვის არსებობა ბრესონის კინოსამყაროში გადამწყვეტია, თუმცა „ფულში“ ჯაჭვურ რეაქციას პირველ ბიძგს უსამართლობა ანიჭებს. ჩემს ფილმში ეს ბიძგი ტყუილია. ჩვენ საზოგადოებაში ტყუილი ხომ ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ტყუილს ვამბობთ ხშირად და სხვადასხვა მიზეზით. ხანდახან მხოლოდ ახლობლის დასახმარებლად, მაგრამ ეს არ ცვლის მოვლენის არსს. ტყუილი ტყუილად რჩება და ის ნეგატიური მოვლენების მთელ ჯაჭვს ქმნის.
როგორ მუშაობდი მსახიობებთან. რა პრობლემები გქონდა გადაღებისას? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საკმაოდ მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები არსებობს, რომ ქართველ მსახიობთა დიდი ნაწილი გადასაღებ მოედანზეც ისევე „თამაშობს“, როგორც სცენაზე.
პრობლემები ნამდვილად არ მქონია და, პირველ რიგში, ეს არის ნინო კასრაძის დამსახურება, რომელიც მთავარ როლს ასრულებს. ის ნამდვილი პროფესიონალია, ამ სიტყვის ღრმა გაგებით.
მე და ნინო ზუსტად შევთანხმდით როგორი ადამიანი უნდა ეთამაშა მას და ამის შემდეგ მან ძალიან ადვილად მიიღო მუშაობის ის სტილი, რომელიც შევთავაზე.
ნინოს ძალიან კარგად ესმის, რომ გადაღების მოედანზე უფრო მნიშვნელოვანია, გაჩერდე ზუსტად იქ, სადაც იატაკზე მოგინიშნეს ადგილი, გაიხედო სამი მეოთხედით მარჯვნივ და მერე გადადგა ნახევარი ნაბიჯი მარცხნივ, ვიდრე იმ მომენტში ითამაშო სიყვარული ბებიისადმი, რომელმაც გაგზარდა. ამ მხრივ ნინო აღმოჩნდა ნამდვილი კინოს მსახიობი. ასევე დანარჩენებიც. ძალიან ცოტა მსახიობი იყო, ვინც კითხულობდა, რა უნდა განეცადა მას იმ მომენტში და რა ხდებოდა მის, ანუ პერსონაჟის ცხოვრებაში გუშინ.
ამ კითხვებზე პასუხები მაინც არ მქონდა.
კრიტიკოსები უკვე საუბრობენ 21-ე საუკუნის "ახალი ქართულ კინოზე". ბოლო წლების ნამუშევრებით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად შეიძლება ახალი დროის სოციალური და დოკუმენტური კინემატოგრაფის შესახებ ვიმსჯელოთ. რა შეხედულება გაქვს ახალი დროის ქართული კინემატოგრაფზე, მის თავისებურებებზე?
ჯერჯერობით ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება დავახასიათოთ, ან რა იდეით შეიძლება დავაკავშიროთ ამდენი განსხვავებული ფილმები ერთმანეთთან. ფაქტია, რომ ბევრს ფილმს იღებენ და ყოველი ახალი ფილმი ნამდვილად საინტერესოა. ეს ძალიან დამაიმედებელი ტენდენციაა ქართულ სამყაროში. ამავე დროს მაინც ფიქრობ, რომ უფრო მეტ რისკზეა საჭირო წასვლა იმისთვის, რომ ყოველმა ახალმა რეჟისორმა ფილმში თავისი საკუთარი სტილი მოძებნოს და დაამკვიდროს.
ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რაც მეტი იქნება ახალი ფილმი და რეჟისორი, მით უფრო გავუადვილებთ ყველანი ერთმანეთს გზას. ეს მართლაც ის შემთხვევაა, როდესაც „ძალა ერთობაშია“.
ფაქტობრივად, შენ გერმანიასა და საქართველოს შორის ცხოვრობ. ხშირი მიმოსვლა, მუდმივი კონტაქტები, კავშირი სხვადასხვა სივრცესთან და კულტურებთან ალბათ გარკვეულ კვალს ტოვებს. როგორია შენთვის საქართველო ევროპიდან და პირიქით - ევროპა საქართველოდან?
საქართველოს და ევროპას შორის განსხვავებები და მსგავსებები უკვე ყველამ ვიცით. ვიცით, რომ ბევრ რამეში გვინდა ვგავდეთ მათ და ბევრ რამეში ჩვენი შევინარჩუნოთ. გვინდა ეს ყველაფერი საუკეთესოდ შევურიოთ ერთმანეთს და რაღაც იდეალური რეზულტატი მივიღოთ. ეს მუდმივი დილემაა, რომელსაც ყოველი ადამიანი თავისებურად გადაწყვეტს. სურვილი ყველას ერთი გვაქვს, მაგრამ, ორ სამყაროს შორის ცხოვრების ჩემი პირადი გამოცდილება გადის მარტოობაზე. ეს არის მარტო ყოფნის დიდი დრო, რომელიც თავისი ემოციებით, განცდებით, გრძნობებით მოგიცავს და გაიძულებს ბევრი იფიქრო. ამ შემთხვევაში არა გაქვს შანსი ინერციით გაიარო სხვათა მიერ გაკვალული გზა. იმედი მაქვს ეს მარტოობა და მონატრება თავისებურად ადამიანების შინაგან განვითარებას უწყობს ხელს... მარტოობა და ფიქრი.
კადრები ფილმიდან "კრედიტის ლიმიტი"