Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თვალები ბავშვებს

03 დეკემბერი 2014

როდის არ ხატავდნენ ბავშვები საომარ სცენებს, როდის არ თამაშობდნენ ომობანას? ბოლოს და ბოლოს, როდის არ იზიდავდა მათ ფილმები ომზე? ასე იყო ყველგან და ყოველთვის, განსაკუთრებით – საბჭოთა კავშირში, სადაც მომავალი თაობის “საბრძოლო სულით” მოწამვლაზე უზარმაზარი იდეოლოგიური მანქანა ზრუნავდა. მაგრამ დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან ორი ათეული წლის შემდეგ, ალბათ სრულიად ამაზრზენია ბავშვური ფანტაზიის ასეთი იდეოლოგიზირებული მართვა, ზოგადი ომის ასეთი მეთოდური დაკონკრეტება. 

1

ჩემი თაობის ადამიანებისთვის, ვისი ბავშვობაც გასული საუკუნის სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებს დაემთხვა, ორმაგად ძნელია თანამედროვე ბავშვების კონკრეტულ პრობლემებზე და განცდებზე წერა, რადგან უმეტეს შემთხვევაში მოკლებული ვართ ისეთ მყარ საყრდენს, როგორიცაა პირადი გამოცდილება. ჩვენ იმდენად განსხვავებულ, კომიკურობამდე ხელოვნურ რეალობასა და გაფილტრულ დროში ვიზრდებოდით, რომ დღევანდელ პრობლემებზე ფიქრისას თითქმის უსარგებლოა ბავშვობისდროინდელი მოგონებების გამოხმობა, მაშინდელი განცდების გახსენება და რაღაც პარალელების გავლება. ეს პარალელები, უბრალოდ, არ ევლება, რადგან ჩვენი ბავშვობის დროსა და კონტექსტში მათი წარმოდგენაც კი შეუძლებელია. დიახ, უკიდურესად ხელოვნური იყო ფონი, რომელშიც ვყალიბდებოდით, მაგრამ იმავდროულად იყო კომიკურიც, რადგან თავისი არსებობის ბოლო ორ ათწლეულში საბჭოთა რეალობა აღარ იყო იმდენად საშიში და დამთრგუნველი, როგორც ადრე, მისგან მხოლოდ დეკორაციები შემორჩენილიყო, მხოლოდ დეკორატიული აბდაუბდა და ფუტურო სიყალბე, რომლის მიღმა აღარაფერი იდგა, აღარ იგრძნობოდა ძალა. ჩვენ ვიდექით პიონერულ ხაზში, ვატარებდით წითელ ყელსახვევს, ვხედავდით დაფეხვილი ბელადების პორტრეტებს საკლასო ოთახებსა და დერეფნებში, და ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია, და არც არავინ გვიმტკიცებდა საპირისპიროს.

ძნელია წერა იმაზე, რაც არ იცი. არც იმაზე წერაა ადვილი, რაც იცი. ამ შემთხვევაში რაღაც შუალედური და ზოგადი უნდა ავირჩიო, რაღაც ისეთი, რაც მეტ-ნაკლებად ყველა ბავშვს ეხება. მე გამიჭირდება ვისაუბრო ბავშვების სპეციფიურ ჯგუფებსა და მათ სირთულეებზე, მაგალითად, მზრუნველობა-მოკლებულ ან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებზე, რადგან მათ პრობლემებს მხოლოდ ემოციურ დონეზე ვგრძნობ და განვიცდი, მაგრამ უშუალო შეხება ნაკლებად მქონია; შესაბამისად, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. იმდენი კი ნამდვილად მესმის, რომ ასეთ სათუთ თემებზე მხატვრული სპეკულაციები სრულიად უადგილო და, მეტიც, არაეთიკური იქნებობა. ამისათვის არსეობს არაერთი თეორია თუ მიდგომა, არსებობს ბავშვთა უფლებების კონვენცია, არსებობენ საქმეში ღრმად ჩახედული სპეციალისტები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ექიმები, რომლებიც მუშაობენ მსგავს საკითხებზე.

ალბათ ყველგან და, განსაკუთრებით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ისეთ ცვალებად და არამყარ რეალობაში, როგორშიც ეს ქვეყანა ვითარდება ბოლო ათწლეულების მანძილზე, ადვილი და მოსახერხებელია, ნებისმიერი პრობლემა ეკონომიკამდე და განათლებამდე დაიყვანო. ერთი შეხედვით, ეს ყველაზე მართებული და ლოგიკური მიდგომაა, მაგრამ რა ხდება შემდეგ? მოუწყობელ ეკონომიკასა და გაუმართავ განათლების სისტემაზე უსასრულოდ შეიძლება მოთქმა და ვიშვიში, მაგრამ მგონია, რომ მსგავსი მიდგომა ჩიხი უფროა, ვიდრე გამოსავალი. ბოლოს და ბოლოს, ეკონომიკა და განათლება, საბოლოო ჯამში, სხვა არაფერია, თუ არა კვერცხისა და ქათმის დილემა.

2

ამიტომ შევეცდები ძალიან ფრთხილად ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებიც არა ბავშვების გარკვეულ ჯგუფებს, არამედ ყველა ბავშვს ეხება; მართალია, მეტ-ნაკლები სიმწვავით, მაგრამ ყველას, – განურჩევლად მათი სოციალური თუ ფიზიკური მდგომარეობისა.

დარწმუნებული ვარ, ყველაზე მწვავე და საფრთხის შემცველი პრობლემა, და ყველაზე რთულად გადასალახიც, ესაა უფროსების გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ლტოლვა, დაიმსგავსონ ბავშვები. ხაზს ვუსვამ – უფროსების და არა მხოლოდ მშობლების, რადგან პრობლემის ფესვები ცდება ოჯახის ფარგლებს და საზოგადოების ღრმა და არაერთგვაროვან მენტალურ შრეებშია გახლართული.

 

აქედან იღებს სათავეს ისეთი სიმახინჯეები, როგორიცაა ბავშვებისთვის თავსმოხვეული პატრიოტიზმი და რელიგიურობა. ცხადია, არც პატრიოტიზმში და არც რელიგიურობაში ცუდი და დასაძრახი არაფერი იქნებოდა, რომ არა მათი მიწოდების ტრაფარეტული და, რაც მთავარია, ბავშვებისათვის სრულიად გაუგებარი ფორმები. როცა ბავშვს თავს ახვევ იდეალებს, თუნდაც კეთილშობილურს, რომელთა გააზრებისთვისაც ის, თავისი ასაკიდან გამომდინარე, მზად არ არის, უნდა გესმოდეს, რომ ამით არამარტო აფერხებ მის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს, არამედ, უკეთეს შემთხვევაში, მნიშვნელოვნად უხანგრძლივებ გზას თუნდაც იგივე სამშობლოსა და რწმენის გააზრებული აღქმისაკენ. ხომ ვიცით, როგორი შეუვალი და აგრესიულია ბავშვი, როცა იცავს იმას, რაც არ ესმის.

და რადგან უფროსები ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ მათი უმეტესობა სულაც არ გამოირჩეოდა თვალშისაცემი პატრიოტიზმითა და ღვთისმოსავობით არცთუ შორეულ, საბჭოთა წარსულში. 

3

გავიხსენებ ამბავს, რომელმაც ჩემზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. რამდენიმე წლის წინ ჩემს გოგონას მივაკითხე სკოლაში. ესაა ერთი ჩვეულებრივი საჯარო სკოლა, რომელიც არც ეგრეთწოდებული პრესტიჟული სკოლების კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ არც გამოხატულად ცუდი რეპუტაციით გამოირჩევა, როგორც არაერთი სკოლა თბილისში. აქვე ვიტყვი, რომ ეს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლების თემა, უფრო სწორად – მათი პრესტიჟულობისა თუ არაპრესტიჟულობის განმსაზღვრელი გარემოებები, კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელზეც საქმეში ჩემზე უკეთ ჩახედულმა ადამიანებმა უნდა იმსჯელონ. უკეთესი და უარესი ყველგან და ყოველთვის არსებობს, ამაში გასაკვირი არაფერია. ჩემი ეჭვი იმ კრიტერიუმებს ეხება, რომლითაც ამ უკეთეს-უარესის დადგენა ხდება დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში. განსაკუთრებით, თბილისსა და რამდენიმე შედარებით დიდ ქალაქში, სადაც ასე დრამატულად თვალშისაცემია კულტურული უფსკრულები საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის.

მოკლედ, ამ რამდენიმე წლის წინ პირველად გადავაწყდი იმ, ერთი შეხედვით, უწყინარ, მაგრამ, ჩემი გაგებით, საკმაოდ საშიშ სანახაობას, რასაც, ალბათ, დიდი ხანია შეჩვეოდა სკოლებში ჩემზე ხშირად მოსიარულე მშობლების თვალი. ვგულისხმობ ერთგვარ სტენდს, დერეფნის კედელზე გამოფენილ ბავშვურ ნახატებს, რისთვისაც იქნებ ყურადღებაც არ მიმექცია, რომ არა სახელდახელო გამოფენის სახელწოდება, სურათების თავზე მსხვილი ასოებით წარწერილი “ბავშვის თვალით დანახული რუსეთის აგრესია”.

ნახატების თემატიკისა და შინაარსის წარმოდგენა რთული არაა: ჯარისკაცები, ტანკები, ბომბდამშენები, სისხლი და კვამლი. ჩვეულებრივი ბავშვური ნახატები ომის თემაზე, ანუ არაფერი განსაკუთრებული, რომ არა ექსპოზიციის სახელწოდება.

მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს არ იყო ერთი კონკრეტული სკოლის დირექტორისა თუ რომელიმე მონდომებული მასწავლებლის ინიციატივა, და რომ მსგავსი სტენდის ნახვა საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში იყო შესაძლებელი.

როდის არ ხატავდნენ ბავშვები საომარ სცენებს, როდის არ თამაშობდნენ ომობანას? ბოლოს და ბოლოს, როდის არ იზიდავდა მათ ფილმები ომზე? ასე იყო ყველგან და ყოველთვის, განსაკუთრებით – საბჭოთა კავშირში, სადაც მომავალი თაობის “საბრძოლო სულით” მოწამვლაზე უზარმაზარი იდეოლოგიური მანქანა ზრუნავდა. მაგრამ დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან ორი ათეული წლის შემდეგ, ალბათ სრულიად ამაზრზენია ბავშვური ფანტაზიის ასეთი იდეოლოგიზირებული მართვა, ზოგადი ომის ასეთი მეთოდური დაკონკრეტება. 

4

ზემოთაც ვთქვი, ისინი ისედაც ხატავდნენ და დახატავენ მსგავს ნახატებს, და ამ ნახატებს არასრდროს დაჭირდება “ნატურა” – კონკრეტული ომი, კონკრეტული  ქვეყანა-აგრესორი და ქვეყანა-მსხვერპლი. მძიმე წარმოსადგენია, როგორ უხსნის მასწავლებელი ბავშვებს, რომ მათ ამჯერად “აგრესია” უნდა დახატონ. მათი თვალით დანახული აგრესია. სინამდვილეში, უფროსების მიერ “მათი თვალით” დანახული... და აქ სრულიად ეკარგება აზრი, რომელი ქვეყნისა თუ ურჩხულის მიერაა განხორციელებული ეს აგრესია.

გაცილებით მძიმე და ამაზრზენი წარმოსადგენია, როგორ დასხდნენ რომელიღაც მაღალ კაბინეტში ზრდასრული ადამიანები, ჰალსტუხები მოუშვეს, ითათბირეს, იდავეს და შეთანხმდნენ, თუ რა უნდა ყოფილიყო ბავშვის თვალით დანახული, თუ საით უნდა მიემართათ ბავშვის მზერა. მით უმეტეს ამაზრზენია, როცა ბავშვებს ამ სახით უკონკრეტებ მტერს. მათ ხომ, ელემენტალურად, ჯერ არ შეუძლიათ მთელი ამ პოლიტიკური ამბების გააზრება, მათთვის ხომ სულერთია, რა ჰქვია აგრესორ ქვეყანას, რუსეთი, ნიკარაგუა თუ ბირმა. მათ ხომ არც ერთზე არაფერი ან ძალზე ცოტა რამ იციან. რაც მთავარია, კარგი არაფერი იციან თუნდაც იმავე რუსეთზე, რომელიც, ცხადია, დღეს მართლაც არის აგრესორი და მტრული სახელმწიფო, მაგრამ რა აკლდება ამ მტრულ სახელმწიფოს ხანგრძლივ პერსპექტივაში, როცა ეს ბავშვები დაიზრდებიან? რაც მთავარია, რა ემატებათ ჩვენს ბავშვებს დღეს? მტერს ვაძულებთ? კარგით, მაგრამ რამდენად არიან მზად, გაიაზრონ ზოგადად მტრის და, მით უმეტეს, ისეთი აბსტრაქტული მტრის რაობა, როგორიცაა მათ ასაკში მტრული სახელმწიფო?

მესმის, რომ ეს ძალადობის მხოლოდ ირიბი ნიმუშია. შესაძლოა, ბევრმა ძალადობის მცდელობადაც არ ჩათვალოს, არათუ ნიმუშად. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გაცილებით უმტკივნეულო შემთხვევაა, ვიდრე მართლაც უხეში ძალადობის უამრავი ნაირსახეობა, რასაც დროდადრო ვაწყდებით ან რის შესახებაც დროდადრო ვიგებთ. ეს მაგალითი მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ ამ შემთხვევაში ძალადობის თუ მისი მცდელობის წყარო, თუნდაც პირობითად, სახელმწიფოა და არა კერძო პირი თუ ჯგუფი, ხოლო ძალადობის იარაღი – იდეოლოგია. ამ მაგალითის მეტაფორიკა უფრო ადვილად განზოგადებადია, ვიდრე ძალადობის გაცილებით მძიმე, მაგრამ მაინც სპეციპიკური მოდელები. 

5

სამშობლო, ღმერთი – ეს ხომ ძალიან ძნელი ამბებია! ჩვენ კი მუდმივად ვცდილობთ, დავუღეჭოთ და გავუმარტივოთ ბავშვებს ეს ცნებები, ჩავუნერგოთ, რომ პატრიოტიზმი და რწმენა მექანიკური მოცემულობებია და არა ამოცანა, რომელიც უამრავი ტკივილისა და შეცდომის ფასად უნდა ამოხსნა. დღეს თითქმის ყველა მორწმუნეობას იჩემებს. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ერთ ტელეგადაცემაში საკმაოდ ცნობილ და ზომიერად პატივსაცემ მსახიობს ჰკითხა ჟურნალისტმა, მორწმუნე ბრძანდებითო? მსახიობმა არტისტულად იწყინა ასეთი უტაქტო შეკითხვა და ჟურნალისტს ნიშნისმოგებით მიუგო, რომ ის არათუ უბრალოდ მორწმუნე, გენეტიკურად მორწმუნეა! მსგავს იდიოტობებს ხშირად ვისმენთ ჩვენც და, სამწუხაროდ, ბავშვებიც. არადა ბავშვმს უნდა ვუთხრათ, რომ რწმენა დიდი ძალაა, დიდი საყრდენი, მაგრამ ძნელია; რომ რწმენამდე მიმავალი გზა ბევრ ტკივილზე, მარცხზე, ეჭვებზე გადის; რომ კოლექტიური რწმენა არ არსებობს და ღმერთამდე ადამიანები მარტო მიდიან.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სამშობლო აპრიორი არ ნიშნავს სიმართლეს, მით უმეტეს, როცა საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება. ვთქვათ, როცა შენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები უცხო ქვეყნის ნაკრებს ეპაექრება, ბუნებრივია, მშობლიურ გუნდს გულშემატკივრობდე, მაგრამ პატრიოტიზმის ეს ყოფითი და მექანიკური ფორმულა არ უნდა ვრცელდებოდეს ომზე, სადაც ადამიანები იღუპებიან.

6

სკოლის კედელზე გამოფენილ ექსპოზიციაზე ვისაუბრე და ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ იქ ჩემი გოგონას საბუთების გამოსატანად მივედი, რადგან ბავშვი სხვა სკოლაში გადაგვყავდა. გადაყვანის მიზეზი ის იყო, რომ მას ურთიერთობა დაეძაბა ერთ-ერთ მასწავლებელთან და, რაც ყველაზე მტკივნეულია, თანაკლასელებთან. ნინო მაშინ 11 თუ 12 წლის იყო. იმ სკოლაშიც სულ რამდენიმე თვის წინ გადმოვიყვანეთ, რადგან სკოლა სახლიდან ორ ნაბიჯზე მდებარეობდა და ეს სიახლოვე ძალიან გვაწყობდა.

თავიდან ყველაფერი კარგად ჩანდა, ნინო თითქოს უმტკივნეულოდ მოერგო ახალ გარემოს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მშობლებმა შევატყვეთ, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდა, სულ უფრო ხშირად ცდილობდა, სკოლაში წასვლისთვის თავი აერიდებინა, ხან ავადმყოფობას მოიმიზეზებდა, ხან გაკვეთილის არცოდნას. ვხვდებოდით, რომ ეს არ იყო უბრალო ბავშვური სიზარმაცე და მას რაღაც კონკრეტული აბრკოლებდა, ვეკითხებოდით, მაგრამ თვითონ არაფერს ამბობდა. ბოლოს გაირკვა, რაშიც იყო საქმე.

აი, ასეთი ამბავი: ერთ დღეს ნინო გამოექომაგა თანაკლასელს, რომელიც მასწავლებელმა, მისი აზრით, უსამართლოდ დატუქსა და მას ფიზიკურადაც შეეხო. თუ სწორად მახსოვს, თმა მოქაჩა. ან რაღაც ასეთი. ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ნინოს საჭიროდ ჩაუთვლია, თავისი პროტესტი ხმამაღლა გამოეთქვა, უთქვამს, რომ დასჯილი თანაკლასელი უდანაშაულო იყო, ისიც უთქვამს, რომ მასწავლებელს ბავშვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის უფლება არ აქვს. მოკლედ, ბავშვი მყისიერად აღშფოთდა და, როგორც იტყვიან, გაილაშქრა. მაგრამ შედეგი, რაც ამ გალაშქრებას მოყვა, მისთვის სრულიად მოულოდნელი და, რაც მთავარია, გაუგებარი იყო. მასწავლებლის გაღიზიანება არც გაუკვირდებოდა, მაგრამ მას მთელი კლასი აუმხედრდა, მათ შორის ის თანაკლასელიც, ვისაც გამოექომაგა. ნინოს განუმარტეს, რომ ძალიანაც უყვართ თავიანთი მასწავლებელი და მას დიახაც რომ ყველაფრის უფლება აქვს; რომ მისი გამოხტომა სრულიად უადგილო ოყო. იმ დღიდან ახალი თანაკლასელი მთელმა კლასმა გარიყა და აითვალწუნა, აღარ ელაპარაკებოდნენ, ზურგსუკან ქირქილებდნენ.

რადგან მაინც ბავშვებზე ვსაუბრობ, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი: აი, ასეთი კლასიკური სიუჟეტი – პიროვნება და თემი, ერთი ყველასათვის, ყველა ერთის წინააღმდეგ…

მგონია, რომ ეს ჩემი გოგონას ცხოვრებაში პირველი სერიოზული გაკვეთილი იყო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სასარგებლო თუ საზიანო იყო მისთვის ასეთი გაკვეთილი.

ქართველ მწერალთა ესეები მომზადდა ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავის ფარგლებში იუნისეფის და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^