Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატიმროებში შემოწმების მიზნით ქალების გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ მოქმედებს - ანგარიში

28 ივნისი 2018

დღეს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა. ანგარიში საქართველოში ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობას ეხება.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაწესებულებაში მიღებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების მიმართ სრული პირადი შემოწმების გამოყენება, გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს მენსტრუალური ციკლი.

მონიტორინგის მიხედვით, აღნიშნული პრობლემა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა. ქალი პატიმრების განმარტებით, აღნიშნული პროცედურები იყო დამამცირებელი და მორალურ ზიანს აყენებდა მათ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროცედურები ტარდებოდა პატიმრის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას და დაბრუნების ყველა შემთხვევაში, პატიმრები უარს აცხადებდნენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო პროცესზე გაყვანაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს N5 დაწესებულებაში დამონტაჟდა სკანერის აპარატი და ბრალდებულებს/ მსჯავრდებულებს მიეცათ უფლება, თავად აირჩიონ სრული შემოწმების  მეთოდი, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ქალებს არ ეძლევათ შემოთავაზებულ მეთოდებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

პრობლემურია, ასევე, გაშიშვლების მეთოდი. კერძოდ, გაშიშვლებისას ქალ პატიმრებს სთხოვენ ტანსაცმლის ერთბაშად და არა ნაწილ-ნაწილ გახდას, რაც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

N5 დაწესებულებიდან  მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, სრული შემოწმება ჩაუტარდა 514 ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას, ხოლო 566-ს - დაწესებულების დატოვებისას. ამავე პასუხის თანახმად, N5 დაწესებულებისაგან მიღებული ინფორმაციით, სრული შემოწმების ალტერნატიული მეთოდი - შემოწმება გინეკოლოგის მიერ - არ გაუვლია არცერთ პატიმარს.

ანგარიშის მიხედვით, N5 დაწესებულებაში პრობლემას წარმოადგენს საკნებში ცხელი წყლის არარსებობა. ჰიგიენური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პატიმრებს ესაჭიროებათ ცხელი წყალი. საღამოს 20 საათის შემდგომ იკეტება კორპუსები, რა დროსაც იკეტება საკნის კარებიც. ამის შემდგომ პატიმრებს არ აქვთ საკნიდან გამოსვლისა და აბაზანით სარგებლობის უფლება, რის გამოც პირადი ჰიგიენის დასაცავად, წყალს საკანში აცხელებენ.

„ჰიგიენური საშუალებები - კბილის პასტა, საპონი და ტუალეტის ქაღალდი - ქალ პატიმრებს უფასოდ ურიგდებათ დაწესებულებაში შემოსვლისას და შემდგომში, თვეში ერთხელ, რაც არასაკმარისია. ამიტომ ამ საშუალებებს პატიმრები ძირითადად მაღაზიაში ყიდულობენ. მაღაზიაში ყიდულობენ სხეულის მოვლის საშუალებებსაც.

პატიმრებმა აღნიშნეს, რომ სასურველია, დაურიგდეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებაც და მაღაზიაზე არ იყვნენ დამოკიდებული. მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს დაწესებულებაში არსებული წყლის ხარისხთან დაკავშირებით, როგორც სასმელად, ისე რეცხვისას. მათი გადმოცემით, წყალი ზედმეტად დაქლორილია, აქვს არასასიამოვნო სუნი, იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და ხელებზე ალერგიულ გართულებებს. პატიმრები ასევე უჩიოდნენ წყლისგან კბილების დაზიანებას, თმის ცვენას, კანის გამოშრობას. პატიმრების დიდი ნაწილი წყალს მაღაზიაში ყიდულობს“, - წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ბრალდებული ქალებისაკნების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, საკნები საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, იატაკი არის ბეტონის (ცივი), რაც მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ბრალდებულებს საშხაპით სარგებლობა კვირაში ორჯერ შეუძლიათ.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრებისათვის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო აქტივობების კუთხით ძალიან მწირი შესაძლებლობებია. უცხოენოვანი პატიმრებისთვის არ არსებობს სატელევიზიო არხები მათთვის გასაგებ ენაზე. ასევე არ არსებობს სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო თუ გასართობი აქტივობები. შესაბამისად, უცხოელი პატიმრები, რომლებიც ქართულ ენაზე არ საუბრობენ, განიცდიან სოციალურ იზოლაციას.

პრობლემას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ N5 დაწესებულებას, სადაც საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 275 პატიმარი იყო მოთავსებული, ემსახურება მხოლოდ 2 ფსიქოლოგი, რომელთაგან ერთი ფლობს ინგლისურ ენას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული  მონიტორინგი განხორციელდა ქალთა N5 სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც გამოიკითხა 91 ქალი პატიმარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^