Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინსპირაცია ცვლილებებისათვის

06 დეკემბერი 2014

დღესაც ბევრს კამათობენ და სავარაუდოდ მომავალშიც იკამათებენ იმაზე, თუ რამ გამოიწვია საბჭოთა კავშირის ნგრევა. რა იყო გადამწყვეტი მიზეზი, რომელმაც ამ უაზრო მონსტრის გარდაუვალი დაშლის პროცესი დაიწყო?

ჭიქაში თითო-თითო წვეთი რომ აწვეთო, ჭიქა აივსება, წყალი ნელ-ნელა ჭიქის პირს მიუახლოვდება, ბოლოს რომელიღაც ერთი წვეთი კიდეს გადმოლახავს და წყალი ჭიქიდან გადმოიღვრება. საბჭოთა კავშირის დაშლასაც, სავარაუდოდ, მრავალი მიზეზი ჰქონდა. ამ მიზეზებიდან რომელიღაც ერთი გადამწყვეტი „წვეთი“ აღმოჩნდა და ქვეყანამაც ნგრევა დაიწყო. შეიძლება ეს „წვეთი“ ამ ქვეყნის ბინადრების თავებში იმალებოდა, სადაც იმ წიგნებისა და ვიდეოფილმების საშუალებით მოხვდა, რომლებზეც ამ ჩაკეტილი ქვეყნის მხოლოდ ზოგიერთ ბინადარს მიუწვდებოდა ხელი.

იმ არც ისე შორეულ წარსულში ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო რამდენიმე მედიასაშუალება ან მეგობრების წრე იყო. მედიასაშუალებები, რბილად რომ ვთქვათ, მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადახვა სახით მიეწოდებოდა მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს. ნაცნობებში, მეგობრებში, თანამშრომლებში ინფორმაცია ძირითადად ისევ იმ სამყაროს ირგვლივ ტრიალებდა, რომელშიც საბჭოთა კავშირის ბინადრები ცხოვრობდნენ. მაგრამ კიდევ იყო წიგნები, ზოგჯერ უხარისხოდ გადაქსეროქსებული და ხელით აკინძული ან საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი, ან სულაც ხელით გადაწერილი. წიგნები, რომლებიც ერთ ღამეში უნდა წაგეკითხა, ვინაიდან სხვებიც ელოდებოდნენ თავიანთ რიგს. ან კიდევ ვიდეოფილმები, რომლებიც ტელევიზორში და კინოთეატრებში ნანახისაგან აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო მოჩანდა. განსხვავებული ქალაქების, მანქანებისა და ურთიერთობების სამყარო. ამ წიგნებიდან და ფილმებიდან ამოკრეფილი ამბები ჩაკეტილი ქვეყნის ბინადრების თავებში დასეირნობდნენ. ერთი თავიდან მეორეში გადადიოდნენ, ერთმანეთს წყლის წვეთებივით ემატებოდნენ…

ცვლილების წვეთი

ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. დღეს ყველას, ვისაც ინტერნეტზე მიუწვდება ხელი, შეუძლია ნებისმიერი ფილმი ან წიგნი მოიპოვოს. ინტერნეტმა ბოლო მოუღო ძნელად საშოვნ ფილმებსა და იშვიათ წიგნებს. დღეს ძნელი იქნება თუნდაც საქართველოს რომელიმე რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდას აუხსნა, რა არის იშვიათი წიგნი. მიუხედავად ამისა, დღესაც წვეთებად გროვდება ის, რაც მომავალში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. როცა დავფიქრდი, საიდან შეიძლება გროვდებოდეს დღევანდელ ახალგაზრდებში ინსპირაცია ახალი ცვლილებებისათვის, პატარა ექსპერიმეტის ჩატარება გადავწყვიტე.

საზოგადოება საზღვრების გარეშე

რამდენიმე წლის წინ ერთი პროექტის ფარგლებში, რომელსაც საკმაოდ გრძელი დასახელება ჰქონდა („სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა“), თითქმის მთელი საქართველო, უფრო ზუსტად კი, 11 რეგიონი მოვიარე. უფროსკლასელებს ტრენინგებს ვუტარებდი, რომლის ფარგლებშიც ინტერნეტის ეფექტურ გამოყენებაზე ვესაუბრებოდი. ონლიანკომუნიკაციის შესაძლებლობებს ვაცნობდი და საკუთარი ონლაინრესურსების შექმნაში ვეხმარებოდი. ტრენინგებმა მეც ბევრი რამ ახალი თვალით დამანახა. რაც მთავარია, დამაფიქრა, როგორი იქნება საქართველო მაშინ, როდესაც ჩემი მსმენელები გაიზრდებიან და გადაწყვეტილებების მიმღებები გახდებიან. საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ინტერნეტზე მიუწვდებათ ხელი, დღეს ადვილია უშუალო სამეზობლოს, პატარა ქალაქის საზოგადოების წნეხისაგან გათავისუფლება.

პროგნოზების კეთება, განსაკუთრებით საქართველოში, არასახარბიელო საქმეა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ტრენინგების მსმენელებისათვის ინტერვიუების ჩამორთმევა, რომელთა საშულებითაც მეც და თქვენც შევძლებდით დაგვენახა ის სამყარო, რომლებშიც საქართველოს სხვადახვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ცხოვრობენ. ეს საშუალებას მოგვცემდა გაგვეკეთებინა ჩვენ-ჩვენი დასკვნები. ჩემი იდეის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, ინტერნეტი დამეხმარა. შევადგინე  ონლაინკითხვარი და ბავშვებს დავუგზავნე. ექპერიმენტის შედეგი ასე გამოიყურება:

თაკო

თაკო 17 წლისაა, ცხოვრობს გორში, სწავლობს #3 საჯარო სკოლაში.

მე: ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის ინტერნეტი?

თაკო: პირადად ჩემს ოჯახში ინტერნეტი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ვინაიდან იყო ისეთი პრობლემები,  როცა მე და ჩემი ძმა ვერ ვრიგდებოდით, რადგან ერთი კომპიუტერი გვქონდა. ამიტომ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ორივეს გვქონოდა. დღესდღეობით ჩემთვის და მთელი ჩემი ოჯახისათვის  ინტერნეტი ხელმისაწვდომია.

მე: შეეცადეთ გაიხსენოთ თქვენ მიერ ნანახი პირველი ვებგვერდი.

თაკო: yoo.ge ეს იყო თამაშების საიტი. პირველად ეს საიტი ვნახე თბილისში, როცა ნათესავთან ვრჩებოდით 2008 წლის ომის დროს. ამ დროს სახლში კომპიუტერი გვქონდა, მაგრამ არ გვქონდა ინტერნეტი. დასრულდა თუ არა ომი, როდესაც სახლში დავბრუნდით, მაშინვე ინტერნეტი ჩავრთეთ და მთელი დღეები yoo.ge ზე ვთამაშობდი. სამწუხაროდ, ეს საიტი აღარ არსებობს.

მე: გაიხსენეთ, რომელმა გვერდმა გაგაკვირვათ ყველაზე მეტად.

თაკო: Youtube ყოველთვის მიკვირდა საიდან იყრიდა ამდენი ვიდეო თავს ერთად.

მე: იმ სოციალური ქსელებიდან რომლებშიც ხართ დარეგისტრირებული, რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

თაკო: შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი - Facebook მეხმარება მეგობრებთან კონტაქტის შენარჩუნებაში, რადგან მყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც არ ცხოვრობენ ჩემს ქალაქში. საზღვარგარეთ მიწევს კონტაქტი დედაჩემთან, ჩემს მეგობრებთან და ეს ძალიან მეხმარება, ჩემი მარჯვენა ხელია.

მე: ურთიერთობთ თუ არა უცხოეთში მცხოვრებ თანატოლებთან სოციალური ქსელის საშუალებით?

თაკო: მყავს მეგობარი ამერიკაში, რომელიც ჯერ საქართველოში ცხოვრობდა და ბოლო რამდენიმე წელია იქ გადავიდა. ასევე შვეიცარიაში, ირლანდიაში, იტალიაში, რუსეთში.

მე: მოგიყოლიათ თუ არა თქვენი მეგობრისათვის რაიმე ამბავი ვიდეოს ან ფოტოს საშუალებით?

თაკო: როდესაც არ მაქვს დიდი დრო, ჩემს დაქალებს პირად ჩეტში ვიდეომესიჯებს ვუგზავნი და ვოის მაილებს ვუგზავნი ხოლმე, როცა მეზარება წერა.

მე: რა მოწყობილობით შედიხართ ინტერნეტში ყველაზე ხშირად?

თაკო: ტელეფონით.

მარიკა

მარიკა 18 წლისაა. მან ხაშურის #9 საჯარო სკოლა დაამთავრა. ამჟამად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.

მე: ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის ინტერნეტი?

მარიკა: დღესდღეობით ინტერნეტით  სარგებლობა  უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. განსაკუთრებით თბილისში. ნებისმიერ ადგილას შეგიძლია უფასო  WI-FI-ით სარგებლობა. ამიტომ არ მახსენდება რაიმე  სერიოზული პრობლემა ინტერნეტთან  დაკავშირებით.

მე: შეეცადეთ გაიხსენოთ თქვენ მიერ ნანახი პირველი ვებგვერდი.

მარიკა: ძალიან ძნელია პირველი ვებგვერდის გახსენება და სიმართლე  რომ  გითხრათ, ვერც ვიხსენებ. უბრალოდ  დავწერ იმ  ვებგვერდის შესახებ, რომელმაც ჩემზე  დიდი შთაბეჭდილება დატოვა.  ეს იყო დაახლოებით 7-8 წლის წინ, როდესაც აღმოვაჩინე  http://lob.ge/.

მე: ჩამოთვალეთ მინიმუმ 3 ვებგვერდი, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობთ.

მარიკა: რა თქმა უნდა,  როგორც  ყველა  ახალგაზრდა მეც  ყველაზე  ხშირად  ვიყენებ  Facebook-ს.  გარდა ამისაა  ხშირად ვსტუმრობ Gmail.com-სა და Google.com-ს

მე: გაქვთ თუ არა საკუთარი ვებგვერდი ან ბლოგი?

მარიკა: მაქვს საკუთარი  ბლოგი,  რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი  ხანია  არ განმიახლებია.  მაგრამ ვგეგმავ მის აღდგენას და აქტიურად  მუშაობას. http://youngobudsmen.wordpress.com/ ეს არის ჩემი  ბლოგი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას ეხება.

მე: სოციალური ქსელებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო

მარიკა: აქტიურად  ვსარგებლობ  Facebook-ით,  რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ მეგობრებთან ვურთიერთობ, არამედ მისი დახმარებით ვეცნობი  მსოფლიოში  მიმდინარე მოვლენებს. ვიღებ ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას  სხვადასხვა სასწავლო პროგრამებისა თუ ტრენინგების შესახებ. არის სხვადასხვა საზოგადოებრივი გვერდები, რომლებიც მეხმრება გადაწყვეტილების მიღებაში. ანუ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო  ის  ჩემი წინსვლისა  და  წარმატებისთვის და არ შემოვიფარგლები მხოლოდ, ასე ვთქათ, მეგობრებთან ჭორაობით.

მე: შეგიტყვიათ თუ არა რაიმე თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბავი ინტერნეტის საშუალებით?

მარიკა: დღეს  მგონი ყველაფერს ინტერნეტიდან ვიგებთ. განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო  წელს ეროვნული გამოცდების შედეგები. როგორც ყველა აბიტურიენტი მოუთმენლად ველოდი პასუხებს და აქტიურად ვიყენებდი ინტერნეტს, რომ  დროულად მიმეღო საჭირო ინფორმაცია.

მე: გყავთ თუ არა ისეთი მეგობრები, რომლებიც ინტერნეტში გაიცანით და მხოლოდ ინტერნეტით ურთიერთობთ მათთან?

მარიკა: ასეთი მეგობარი სიმართლე რომ გითხრათ არ მყავს. მე არასდროს  ვცდილობ, რომ ინტერნეტით გავიცნო ადამიანი. ჩემთვის რეალური მეგობრობა უფრო  ღირებულია.

მე: ხართ თუ არა გაწევრიანებული რომელიმე დახურულ ჯგუფში?

მარიკა: რა თქმა უნდა, ვარ გაწევრიანებული რამდენიმე დახურულ  ჯგუფში. ამჟამად ეს არის  ჩემი კურსელების  ჯგუფი, სადაც 25  ჯგუფელი ვართ გაერთიანებული. ჩვენი  საუბრის თემა ძირითადად უნივერსიტეტს, გამოცდებს, დავალებებს შეეხება. გარდა ამისა უფრო ახლოს ვეცნობით ერთმანეთს და ჩვენ შესახებ საინტერესო ამბებს  ვწერთ. აგრეთვე ვარ ჯგუფში, რომელშიც გაწევრიანებული ვართ კლასელები. და ამ დროისთვის ამ ჯგუფის ძირითადი თემა  ერთმანეთის შესახებ სიახლეების გაგება ან  შეხვედრების დაგეგმვაა.

მე: რა მოწყობილობით შედიხართ ინტერნეტში ყველაზე ხშირად?

მარიკა: ამჟამად  ყველაზე  ხშირად  ვსარგებლობ მობილური ინტერნეტით, შემდეგ  კომპიუტერით.

დათო

დათო 19 წლისაა. მან ქუთაისის #23 საჯარო სკოლა დაამთავრა, ახლა კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.

მე: ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის ინტერნეტი?

დათო: არანაირ პრობლემას ამ მხრივ არ ვაწყდები. პ.ს. თუ, რა თქმა უნდა, რაიმე ექსტრემალურ პირობებში არ მესაჭიროება ინტერნეტი.

მე: შეეცადეთ გაიხსენოთ თქვენ მიერ ნანახი პირველი ვებგვერდი.

დათო: chatbox.ge. სავარაუდოდ ეს იყო პირველი საიტი, რომელიც ვნახე. ერთ-ერთი საკაბელო მუსიკალური არხის ოფიციალური ვებგვერდი. არც ისე დახვეწილი დიზაინით.

თავად არხი იყო საერთო ჩეთი, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. ჰყავდა დიჯეი და ძირითადად მუსიკალურ თხოვნებს იღებდა.

საიტში საინტერესო კი ის იყო, რომ ზუსტად იგივე ჩატი იყო, რაც ტელევიზიაში და სმს-ის გაგზავნა 50 თეთრის ნაცვლად გაცილებით იაფად შეიძლებოდა.

მე: გაიხსენეთ, რომელმა გვერდმა გაგაკვირვათ ყველაზე მეტად და გაიხსენეთ, რა იყო მასში თქვენთვის საინტერესო.

დათო: გამაკვირვა peteranswers.com-მა. ეს იყო საიტი, რომლითაც მეგობრები ერთმანეთს ეხუმრებოდნენ. ვიღაც პეტერმა თითქოსდა ყველა კითხვაზე იცოდა პასუხი. სინამდვილეში კი პასუხიც იმას შეყავდა, ვისი მიზანიც სხვების მახეში გაბმა იყო.

მე: გაქვთ თუ არა საკუთარი ვებგვერდი ან ბლოგი?

დათო: ამჟამად არა. მქონდა ბლოგი davidiani.wordpress.com. ყველაზე პოპულარული პოსტები შეეხებოდა სოციალურ-პოლიტიკურ თემატიკას და მომხმარებლებიც ძირითადად კრიტიკულ მოსაზრებებს წერდნენ განხილული საკითხის მიმართ. ხანდახან პოსტების მიმართაც იყო კრიტიკული კითხვები.

მე: იმ სოციალური ქსელებიდან, რომლებშიც დარეგისტრირებულები ხართ, რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

დათო: ყველაზე ხშირად ვიყენებ Facebook-ს. ის მეხმარება აზრების ურთიერთგაცვლაში. ასევე ვიყენებ მას კურსელებთან და ჯგუფელებთან საკონტაქტოდ. ვიღებ და ვავრცელებ ჩემთვის აქტუალურ ინფორმაციას.

მე: შეგიტყვიათ თუ არა რამე თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბავი ინტერნეტის საშუალებით?

დათო: კონკრეტული ფაქტი არ მახსენდება, თუმცა იმ კონკურსების შესახებ, რომლებშიც გამიმარჯვია, ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.

მე: გყავთ თუ არა ისეთი მეგობრები, რომლებიც ინტერნეტში გაიცანით და მხოლოდ ინტერნეტით ურთიერთობთ მათთან?

დათო: პრინციპში ახლა უკვე ასეთი მეგობრების რიცხვი შემცირდა.

ვისთანაც ასე თუ ისე ახლო ურთიერთობა მაქვს, ერთხელ მაინც მყავს ნანახი.

თუმცა არიან მეგობრები, სხვა ქალაქებიდან, რომლებიც არ მყავს ნანახი.

სიმართლე რომ ვთქვა, ამას არასდროს შეუშლია ხელი, ისეთივე ურთიერთობა დამემყარებინა მათთან, როგორიც „რეალურ“ მეგობრებთან მაქვს.

ვსაუბრობთ ყველაფერზე, ყოველდღიური წვრილმანი თემებიდან  დაწყებული, ეგზისტენციალური საკითხებით დამთავრებული.

მე: კითხულობთ თუ არა ინტერნეტში ნაპოვნ წიგნებს?

დათო: კომპიუტერით მხოლოდ მცირე ზომის ესეებს და ჩანახატებს ვკითხულობ.

სამაგიეროდ, ვტვირთავ პლანშეტისთვის შესაბამისი ფორმატის ელ-წიგნებს.

ბოლოს ასე წავიკითხე ეგზუპერის „ადამიანთა მიწა“.

აგრეთვე ხშირი მკითხველი ვარ ბიბლიის ელექტრონული ვერსიის.

თენგო

თენგო 18 წლისაა. გურიაში მთისპირის საჯარო სკოლა დაამთავრა და ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.

მე: ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის ინტერნეტი?

თენგო: სოფელში ინტერნეტი დაბალი სიჩქარით მოგვეწოდება, რადგან არ არის არც საკაბელო, არც WI-FI. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ ინტერნეტთან წვდომას.

მე: გაიხსენეთ, რომელმა გვერდმა გაგაკვირვათ ყველაზე მეტად და რა იყო მასში თქვენთვის საინტერესო?

თენგო: ყველაზე მეტად გამაკვირვა ერთ-ერთმა ქართულმა ფორუმმა (wapforum.ge), რადგან ის ჩემთვის პირველი ვებგვერდი იყო, სადაც ადამიანთა ფართო მსჯელობა წავიკითხე და სხვადასხვა იუზერების მოსაზრებებს გავეცანი.

მე: გაქვთ თუ არა საკუთარი ვებგვერდი ან ბლოგი?

თენგო: ერთი წელია, რაც ბლოგი მაქვს „თქვენი online რეპეტიტორი“  (repetitori.wordpress.com). ბლოგს ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს და მიხარია, რომ ის პოპულარულია საგანმანათლებლო წრეებში. მკითხველები ძირითადად თხოვნებისა და ჩანაწერთა შესაფასებელ კომენატრებს წერენ.

ყველაზე პოპულარული პოსტი იყო „პრეტესტი ქიმიაში“, რომელიც განკუთვნილი იყო ბავშვებისთვის წინასაგამოცდოდ მოსამზადებლად.

მე: შეგიტყვიათ თუ არა რამე თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბავი ინტერნეტის საშუალებით?

თენგო: სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრა ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე.

მე: ურთიერთობთ თუ არა უცხოეთში მცხოვრებ თანატოლებთან სოციალური ქსელის საშუალებით?

თენგო: სოციალური ქსელის საშუალებით ვეკონტაქტები ჩემს კორეელ მეგობარს, რომელიც საქართველოში გავიცანი, და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ინგლისურის მასწავლებელს აშშ-ში.

მე: კითხულობთ თუ არა ინტერნეტში ნაპოვნ წიგნებს.

თენგო: მე online წიგნების აქტიური მკითხველი ვარ. ბოლოს წავიკითხე პავლე მოციქულის მიმართვა რომაელებს.

მე: გაიხსენეთ ინტერნეტთან დაკავშირებული საინტერესო ამბავი?

თენგო: გავიხსენებ კუბელი ქალბატონის ისტორიას, რომელიც ჩუმად საკუთარ ბლოგზე კუბაში არსებული მდგომარეობის შესახებ წერდა, და რომელსაც ბარაკ ობამამ დაუტოვა კომენტარი.

მე

თბილისში 53-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, მერე სამხატვრო აკადემია დავამთავრე ახლა კი სადოქტოროზე ვსწავლობ.

ჩემს ბავშვობაში ინტერნეტი უბრალოდ არ იყო და, შესაბამისად, ინტერნეტზე საერთოდ არ მიმიწვდებოდა ხელი. მაშინ მეგობრებთან, ნაცნობებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა დღევანდელისაგან განსხვავებული საშუალებებით ხდებოდა. თუკი ვინმესთვის რაიმე ამბის მოყოლა მინდოდა, ტელეფონით ან ადრესატთან უშუალო შეხვედრისას უნდა მომეყოლა. კიდევ ერთი გზა წერილის მიწერა იყო და მორჩა. იმ ბავშვებს კი, რომლებსაც ონლიანინტერვიუ ჩამოვართვი უამრავი ალტერნატივა აქვთ. მათ შეუძლიათ ტელეფონით ფოტო გადაიღონ, რომელიმე სოციალური მედიის არხზე ატვირთონ და ტეგი დაურთონ, ამგვარად მოუყვნენ  ამბავი მეგობრებს. ან ამბის მოსაყოლად ვიდეო გადაიღონ იმავე ტელეფონით. თუკი ამბის მოყოლას ერთდროულად ბევრი ადამიანისათვის მოინდომებენ, მაშინ შეუძლიათ პოსტი გამოაქვეყნონ სოციალურ მედიაში ან საკუთარ ბლოგზე. ანუ ფაქტობრივად საკუთარი მედიაარხი აამუშაონ. ჩემს ბავშვობასთან თუ გავავლებთ კიდევ ერთ პარალელს დღევანდელი Facebook-ის ექაუნთების კედლები შეგვიძლია კედლის გაზეთებს  შევადაროთ, რომლებზეც გამოსახულება და ტექსტი უამრავ ახალ და ხან უინტერესო, ხანაც საინტერსო ამბავს ჰყვება.

ახალი თაობა ინერნეტშიც მათთვის უფრო მოსახერხებელი გზით შედის. მე ძირთადად ინტერნეტში შესასვლელად კომპიუტერს ვიყენებ. მესტიაში ყოფნისას კი  ყურადღება მიიქცია იმან, რომ რამდენიმე ბავშვი ინტერნეტში სმარტფონით შედიოდა. იმ ადგილას, სადაც ტრენინგს ვატარებდი WI-FI იყო. ამიტომ ბავშვებმა დრო იხელთეს და ტელეფონები მოიმარჯვეს. როგორც მივხვდი, ეს მათთვის მიღებული პრაქტიკა იყო, ვინაიდან ზოგიერთ მათგანს სახლში ინტერნეტი არ ჰქონდა. ანუ ინტერნეტში არა კომპიუტერით, არამედ სმარტფონით შედიოდნენ. რომ დავფიქრდი, მივხვდი, ეს მათთვის მართლაც უფრო მოსახერხებელი გზაა. მობილური მუდამ ჯიბეში გაქვს და ინტერნეტში შესვლა შეგიძლია ყველგან, სადაც WI-FI-ს წააწყდები. ყველაფერთან ერთად, ეგრეთ წოდებული, Android Phone-ბი კომპიუტერზე გაცილებით ნაკლებიც ღირს. ანუ თავად ეს მოწყობილობაც კომპიუტერზე უფრო ხელმისაწვდომია.

მარნეულში აზერბიჯანულ ენაზე მოლაპარაკე ბავშვებთან მომიწია შეხვედრა. ტრენინგის ჩატარებაში ჩემი აზერბაიჯანელი სტუდენტი, ხაიალა მეხმარებოდა, ვინაიდან ბავშვებს ქართულად საუბარი უჭირდათ. ტრენინგის შემდეგ ბავშვებმა მითხრეს, რომ მათ ეგონათ ინტერნეტი მხოლოდ გასართობად იყო შექმნილი. ისინი ინტერნეტს სატელევიზიო გადაცემების დამატებად აღიქვამდნენ. მარნეულის რეგიონში აზერბაიჯანულ მოსახლეობას თანამგზავრული ანტენები აქვთ, რომელთა დახმარებითაც თურქულ არხებს უყურებენ. თურქულ ახალგაზრდულ სატელევიზიო გადაცემებში კი უხვად არის სხვადასხვა ონლიანრესურსების ლინკები და ბავშვებმა ჩათვალეს ინტერნეტი ტელევიზიის დამატება არისო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთისთვის ინტერნეტი და ონლიანსერვისები მხოლოდ გასართობი სივრცეა, ბევრმა უკვე იცის, რომ ინტერნეტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ის პირობითი საზღვრები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ და რეალურად უამრავ შესაძებლობას სთავაზობს მათ.

ასეა თუ ისე, ახალი თაობა მთელი საქართველოს მასშტაბით თავად ირჩევს, რას უყუროს, რა წაიკითხოს, ვისთან იმეგობროს და არ არის ჩაკეტილი იმ სოციუმში რომელშიც ცხოვრობს. შესაბამისად, მომავალში დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^