უკვე დიდი ხანია ერთ რამეზე ვფიქრობ - ქალაქს რომ ენა ჰქონდეს, რას გვეტყოდა. როგორ მოგვიყვებოდა საკუთარ ამბავს. გაგვიბრაზდებოდა, გვისაყვედურებდა, დაგვიყვავებდა, შეგვაქებდა, შეგვთხოვდა თუ მოგვთხოვდა რამეს.
უკვე დიდი ხანია ერთ რამეზე ვფიქრობ - ქალაქს რომ ენა ჰქონდეს, რას გვეტყოდა. როგორ მოგვიყვებოდა საკუთარ ამბავს. გაგვიბრაზდებოდა, გვისაყვედურებდა, დაგვიყვავებდა, შეგვაქებდა, შეგვთხოვდა თუ მოგვთხოვდა რამეს.
არის ქალაქები, რომლებსაც ადამიანებთან ნაკლები ურთიერთობა აქვთ. ზოგიერთი არ გიკარებს, რამდენი წელიც არ უნდა იცხოვრო, მაინც არ გცნობს, არ გიღებს. ზოგი ქალაქი, თავისი მასშტაბურობით, პომპეზურობით გეუცხოვება, გთრგუნავს...
ბათუმი -ჩემთვის უსაყვარლესი და ამავდროულად ამოუცნობი ქალაქი. ეს ის ადგილია, სულ რომ მენატრება, ჯერ კიდევ ფრაგმენტულად შემორჩენილი ადამიანური მასშტაბით. ეს მასშტაბი იმდენად კომფორტულია, რომ გგონია ქალაქი ერთ ადამიანზე, შენზეა მორგებული. ბათუმი -თავისი მაგნოლიებით, ზღვით, მზით, ბათუმელებით...
და ამ ყველაფრის მიუხედავად, ბათუმი თითქოს „არ გელაპარაკება“. მაგალითად, როცა უნდა მაშინ დაგაქცევს თავზე წვიმას! უაპელაციოდ, გაუფრთხილებლად, დაუნდობლად, მოულოდნელად, თქეშით! ისე, რომ სახლში გაქცევას და თავის შეფარებასაც ვერ მოასწრებ. ვერც წვიმის დაწყებას გაიგებ და ვერც დამთავრებას გათვლი. ასეთი ხასიათი აქვს, არაპროგნოზირებადი. როცა მოუნდება მაშინ აგიჯანყდება და დამთავრებულია შენი დასვენებაც და მოსვენებაც. და, სწორედ ამით გხიბლავს, თითქოს რომ გებრძვის, არ გეპუება და, მიუხედავად ამისა, არა თუ ვერ შორდები, არამედ დღეებს ითვლი, რომ მეორე წელსაც ბათუმს დაუბრუნდე.
ქუთაისი -მუდმივად... თუმცა ქუთაისი სხვა დროს იყოს. მასზე აუცილებლად დავწერ.
თბილისი სხვა არის. გაფრთხილებს, გეუბნება, რომ 20 წუთში გაგიწვიმებს. დროს გაძლევს, გელაპარაკება, განიშნებს...
მიუხედავად სხვადასხვა ხასიათისა, ყველა ქალაქს აქვს სათქმელი. არათუ ქალაქს, ქუჩას, სახლს, მოედანს, სკვერს, ხეს, ტროტუარს, რომლებიც „მემუარებს წერენ“, ყველა ურბანულ დეტალს აქვს სათქმელი, რაც ალბათ ძნელი მოსასმენი იქნება, იმიტომ, რომ ამ ტექსტში საკუთარ წილ პასუხისმგებლობას ვიგრძნობთ.
საინტერესოა, რას იტყოდა სახეცვლილი ჯანაშიას ქუჩა. რა ეპიტაფიას დაიწერდა განადგურებული მირზა შაფი, რა სიტყვას გაიმეტებდა „იმელი“ და რა ამბავს მოგვიყვებოდა გუდიაშვილის მოედანი...
ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ თქვენს სახელზე გამოგზავნილი, თეთრ კონვერტში ჩადებული, ოდნავ გახუნებულ ქაღალდზე, გაკრული ხელით დაწერილი წერილი:
„არ გაგიკვირდეს, ეს მე ვარ, გუდიაშვილის მოედანი.
დავიბადე 1840-იან წლებში. ისე, ვახუშტის გეგმაზეც ვარ დატანილი. მოკლედ, ხანდაზმულობის გამო დაბადების ზუსტი თარიღი არც მახსოვს. ქალაქში ამბობენ, რომ ერთადერთი მოედანი ვარ, რომელმაც დღევანდლამდე პირვანდელი სახით მოვაღწიე.
კი, მოვაღწიე, მაგრამ მთლად უდანაკარგოდ ვერა! ორი ახალი შენობა დამადგეს, რომლებიც დღემდე მეუცხოება. ერთი დამინგრიეს, ერთიც მთლიანად გააშიშვლეს და ასე დამტოვეს ღია ცის ქვეშ.
პერიოდულად ხალხი მოდის (უკვე ყველას სახეზე ვცნობ), ჩემს ყოფას აპროტესტებს, მღერის, ცეკვავს, გლინტვეინს სვამს, გამოფენებს აწყობს, საპნის ბუშტებს უშვებს, მაიმედებს: ნუ გეშინია, არ დაგთმობთო, მეუბნებიან... მაგრამ დრო გადის, დრო რომელიც ჩემს წინააღმდეგ მუშაობს! ამასობაში ჩემით ვინგრევი, ვეღარ ვდგავარ მყარად, ხან მათოვს, ხან მაწვიმს, ხან სხეულში წყალი მიდგება... მაცხოვრებლებიც გაიყვანეს და მარტო დამტოვეს.
გალაკტიონი მახსენდება: „და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე...“
რა გავაკეთო?!
მე ვერ დავდივარ! ესაა ჩემი ბუნება, ვერ დავდივარ! ერთგული ჯარისკაცივით ერთ ადგილას ვდგავარ... აქეთ უნდა მოხვიდეთ, ჩემთან...
მოდით! დადექით! ყველას დაგიტევთ, მთელ ქალაქს დაგიტევთ!
თბილისში ამბობენ, რამის მიღწევა თუ გინდა, ქუჩაში ბევრი ხალხი უნდა გამოიყვანოო.
მოდით, მოდით! მე აქ ვარ, რაც თავი მახსოვს, მე სულ აქ ვარ! ჩემი ნაკლი ის არის, რომ სიარული არ შემიძლია, თორემ ყველასთან ცალ-ცალკე მოვიდოდი, დახმარებას გთხოვდით...
რა გავაკეთო?!
ვიღაც კაცები იყვნენ მერიიდან, პროექტები მზად გვაქვსო. ვიცი მე მაგათი პროექტები!!!
მე ყასაბი არ მჭირდება, რესტავრატორი მიპოვეთ. ამხელა ქალაქში რესტავრატორი, როგორ ვერ იშოვეთ?! მოღნინმა მითხრა რესტავრატორი გიშველისო. მოღნინის მჯერა. ეკლესიაა, არ მომატყუებს!
მე ადრე მისი სახელი მერქვა -მოღნინის მოედანი, მერე აბასაბადი დამარქვეს (ლამაზი სახელია), შემდეგ ალავერდოვი მიწოდეს (დღემდე არ ვიცი რით დავიმსახურე ეს ალავერდოვი, ერთი რევოლუციონერი იყო, რომელსაც ჩემზე ფეხიც კი არ დაუდგამს).
ეეჰ, მე ისეთი ხალხი მახსოვს... ლერმონტოვი ჩემთან ცხოვრობდა, აბა?! „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქცია აქ იყო... ვინ გინდა, რომ ჩემთან არ მოსულიყო: ფიროსმანი, იეთიმი, გრიშაშვილი... ყველა მახსოვს. ეგენი რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, არ დამთმობდნენ...
ხოდა, იმას ვამბობდი, სახელებს კი მიცვლიდნენ, მაგრამ იერი არ მეცვლებოდა. ახლა სხვა დრო დამიდგა, გამიჭირდა... ვიშლები... ყველა აგურს ვგრძნობ...
შეგაწუხეთ ჩემი ამბით, ბიოგრაფიით დავიწყე და არ გამომივიდა... ვითხოვ, ვიხვეწები, რა ვქნა, თუ მიშველით, ისევ თქვენ დაგრჩებით, თუ არადა, ჩემნაირები დაუკარგავს თბილისს?!
ბუნებით ერთგული ვარ, სულ ვიღაცას ან რაღაცას ველოდები. შენც დაგელოდები, „გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები!“... ოღონდაც მოდი. მოდი და ის რესტავრატორი მომიყვანე, მოღნინი რომ იცნობს.
მარად შენი,
გუდიაშვილის მოედანი