Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელექტრომობილები VS დიზელი - რაზე გადის საქართველოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესების გზა

04 ივლისი 2018

2017 წელს საქართველომ 143 ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტობუსი შეიძინა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

2018 წლის აპრილში კი თბილისის მერიამ ტენდერი ისევ დიზელზე მომუშავე ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით გამოაცხადა, რის შედეგადაც ქალაქის ქუჩებში 90 ევრო 6 დიზელზე მომუშავე ავტობუსი შემოვიდა. 

საგულისხმოა, რომ ტენდერის გამოცხადებიდან ერთ თვეში 2018 წლის მაისიდან, თბილისში პირველი ჩინურ-გერმანული წარმოების ელექტროავტობუსის ტესტირება განხორციელდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და დაამსხვრია მითი, თითქოს თბილისის რელიეფისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით აღნიშნული ტრანსპორტის მუშაობა პრაქტიკული თვალსაზრისით ბევრ ბარიერს წააწყდებოდა. 

ტრანსპორტის სფეროში ერთ-ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ფონდის რეალური ურბანული ემისიების ინიციატივის (TRUEinitiatives) პროექტის თანახმად, რეალურ პირობებში გაზომვის შედეგად დადგინდა, რომ „ახალი თაობის“ დიზელიც კი ევროპის მასშტაბით დაშვებულ ნორმაზე 18-ჯერ მეტად აბინძურებს გარემოს NOx ნაერთებითა და CO2-ით.

როგორც, 2018  წლის დასაწყისში ამ ორგანიზაციის მიერ რეალურ პირობებში ჩატარებული კვლევებიდან გამოჩნდა, „ევრო 6 ჯგუფის დიზელიც კი იწვევს დაშვებულ ნორმაზე 2-ჯერ მეტ აზოტის დიოქსიდის NOx ნაერთების ემისიებს, როცა სხვა ჯგუფების მიერ გამოწვეული ემისია მინიმუმ 4-ჯერ აღემატება დადგენილ ზღვარს“.

ევრო 6 დიზელი მართლაც არის სხვა ჯგუფებთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთა, თუმცა ის მაინც აბინძურებს გარემოს CO2-ითა (სათბურის აირი) და NOx ნაერთებით (სათბურის აირი და სმოგის ძირითადი კომპონენტები) ბუნებრივ გაზზე მომუშავე და ელექტრო ტრანსპორტთან შედარებით.

ბოლო წლებში ყოველდღიურად იზრდება ევროპის, და არა მარტო ევროპის ქალაქების რიცხვი, სადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში იზღუდება დიზელზე მომუშავე როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, მათ შორისაა პარიზი, რომი, ჰამბურგი, ლონდონი, ბარსელონა, ჰანოვერი…

მაშ, როგორ ახსნის თბილისის მერია ასეთ ნაბიჯს. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის არის დიზელის ავტობუსების უფრო დაბალი საწყისი ღირებულება.

თუმცა, 2017 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ „სიერა კლუბმა“ (Sierra Club) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ბუნებრივ გაზზე, დიზელზე მომუშავე და ელექტრო ავტობუსების საერთო ღირებულება (შეძენა, საწვავის ხარჯები, შენახვა და ოპერირება) შეადარა (დიაგრამა 1: საკუთრების საერთო ღირებულება).

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეალურად  ელექტროავტობუსების ოპერირება15%-ით იაფია, ვიდრე დიზელზე მომუშავე ავტობუსების. ასე რომ, ელექტროავტობუსებში ინვესტირებას ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს, ამასთან, ბატარეის პაკეტის ღირებულება თანდათანობით იკლებს.

მაგალითისთვის, თუ 100 კმ-ზე დღევანდელი საბაზრო ღირებულებით დიზელის ძრავის მქონე ავტობუსი 73.80 ლარის, გაზის ძრავზე მომუშავე კი 105, 12 ლარის საწვავს მოიხმარს, ელექტროავტობუსის მიერ 100 კმ-ზე მოხმარებული ელექტროენერგია მხოლოდ 20 ლარსა და 22 თეთრს შეადგენს. არ ვსაუბრობთ მისი მოვლა-პატრონობის ხარჯებზე, რომლებიც მიზერულია სხვა ტიპის ძრავებზე მომუშავე ავტობუსებთან შედარებით. ამასთან, მოტორს არ სჭირდება ზეთი და სხვა სახის საპოხი მასალები, რაც ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს. ელექტროავტობუსი არის თანამედროვე, უხმაურო, უსაფრთხო ტრანსპორტი და რაც მთავარია, აკმაყოფილებს ყველა ევროპულ სტანდარტს. ტრანსპორტი, ერთი დამუხტვით, მაქსიმალური დატვირთვით, 250 კმ-მდე გადის (ჩართული კონდიცირების სისტემით). საერთო ჯამში, ისე შეიძლება აკუმულატორების გადანაწილება, რომ ავტობუსმა სასურველი კილომეტრაჟი გაიაროს, დამუხტვის მაქსიმალური დრო კი 3 საათს შეადგენს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში საქართველო დიზელზე მომუშავე საავტობუსო პარკს ელექტროავტობუსებით განაახლებს - „განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან გადაერთვებიან ელექტროავტობუსებზე. გამონაკლისი არც თბილი იქნება. უახლოესი წლების განმავლობაში უფრო მეტი ელექტროავტობუსის იმპორტი განხორციელდება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საკითხზე, რომ შეიქმნას ქარხანა, რომელიც ავტობუსებს აწარმოებს“. ამით ხელი შეეწყობა საქართველოს 2030 წლის გლობალური დღის წესრიგის მიზნების მიღწევას, რომლის თანახმადაც, „2030 წლისთვის ქალაქების გარემოზე უარყოფითი გავლენა ერთ სულ მოსახლეზე უნდა შემცირდეს, განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურების კუთხით“,  - განაცხადა კალაძემ. 

ქალაქი შენჟენი ჩინეთში 12-მილიონიანი მოსახლეობით უკვე გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც მთელი ავტობუსთა პარკი განაახლა ელექტრომოდელებით. Citylab-ის ცნობით, ქალაქს ემსახურება 16,359 ელექტროავტობუსი - სუფთა და უხმაურო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დღესდღეობით, ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების მზარდი ბაზრით საქართველოსთვის არსებობს მრავალი არჩევანი, რათა ღირებულება იყოს ბიუჯეტთან შესაბამისობაში.

მაგალითად, ბელარუსულ კომპანიას (Belcommunmash) სურს, ითანამშრომლოს საქართველოსთან ელექტროავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით.

ფაქტობრივად, საინფორმაციო სააგენტო „ევრაზიის ქსელის“ თანახმად, უახლოეს მომავალში კომპანია საქართველოს მიაწვდის რამდენიმე ელექტროავტობუსს, რათა მათი რეალურ პირობებში ტესტირება განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ქმედებები მომავალში მეტწილად დამოკიდებული იქნება საზოგადოებისა და ბიზნესის აქტიურობაზეც.

მაგალითად, ბოგოტაში, კოლუმბიაში, 2018 წლის მაისში, როდესაც მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა ახალი ავტობუსების შესაძენად, ნაკლები ყურადღება იყო გამახვილებული ტრანსპორტის მდგრადობასა და გარემოზე ზემოქმედების კომპონენტზე, როგორც ტენდერის კრიტერიუმზე. მოქალაქეები ამის წინააღმდეგ წავიდნენ და ტენდერის მოთხოვნებში მდგრადობის გათვალისწინება მოითხოვეს.

შედეგად, ტენდერში იმ კომპანიათა ქულები, რომლებიც სახელმწიფოს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს (ელექტროავტობუსებს) სთავაზობდნენ, 50-დან 400-მდე გაიზარდა, რაც ტენდერში გამარჯვების თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. განვითარების ინსტიტუტის (ODI) მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით, ბოგოტამ ბევრად მეტს მიაღწია ტრანსპორტის გაუმჯობესების კუთხით, გარკვეულწილად აქტიური სამოქალაქო ჩართულობის გამო.

საქართველოში ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ზრდის პროცესი

თუ შევხედავთ საქართველოში ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ზრდის პროცესს, 2015 წელს მხოლოდ 5 ელექტრო და 1,317 ჰიბრიდული მანქანა იყო რეგისტრირებული.  

2016 წელს მანქანების რიცხვი გაიზარდა - 34-მდე ელექტრო და 5 390-მდე ჰიბრიდული .

შარშან, ელექტრო მანქანების რაოდენობა შეადგენდა 328-ს, ხოლო ჰიბრიდული მანქანების -  9,870-ს.

რა თქმა უნდა, ეს რიცხვი მცირეა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში 1.12 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, მაგრამ მზარდია.

გარდა ამისა, იმ ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის გადასახადი, რომლებიც 0-6 წლისაა, 50%-ით შემცირდა, ხოლო გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლდა ელექტრომანქანები.

ამჟამად კომპანია ,,ი-სპეისის’’ ქსელში 50-ზე მეტი დამტენი სადგურია და მოსალოდნელია, რომ 2018 წლის ბოლოსთვის საქართველოში 60-მდე ელექტრო დამტენი სადგური დამონტაჟდება, რომელთა გამოყენება 2019 წლამდე უფასოა. 

ელექტროტრანსპორტზე გადართვა საქართველოს მეტად იაფი დაუჯდება, რადგან ენერგიის დიდ ნაწილს ქვეყანა ჰიდრორესურსების საშუალებით გამოიმუშავებს, როცა ბენზინი, დიზელი და გაზი იმპორტულ პროდუქტებს წარმოადგენენ და ფასები დამოკიდებულია გლობალურ ბაზარზე. ელექტროავტობუსი ძალიან დიდი უპირატესობებით სარგებლობს სხვა ტიპის ძრავების (დიზელი, გაზი) მქონე ავტობუსებთან შედარებით, როგორც ეკოლოგიური მაჩვენებლით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით თუ სხვა კომპონენტებით. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსი არის 100%-ით ელექტროძრავზე  და ის ყველაზე ეკომეგობრული ტრანსპორტია 0%-იანი გამონაბოლქვით. არანაკლებ საინტერესოა ელექტროავტობუსის ეკონომიკური პარამეტრებიც და მისი შედარება დიზელისა და გაზის ტიპის ძრავების წვასთან. მაგალითისთვის, თუ 100 კმ-ზე დღევანდელი საბაზრო ღირებულებით დიზელის ძრავის მქონე ავტობუსი 73.80 ლარის, გაზის ძრავზე მომუშავე კი 105, 12 ლარის საწვავს მოიხმარს, ელექტროავტობუსის მიერ 100 კმ-ზე მოხმარებული ელექტროენერგია მხოლოდ 20 ლარსა და 22 თეთრს შეადგენს. 

ელექტრო მანქანებთან დაკავშირებული კრიტიკა ძირითადად გამოწვეულია ბატარეის მუშაობის ხანმოკლე დროით. თუმცა, ცოტა ხნის წინ, Nissan-მა განაცხადა, რომ ბატარეები შეიძლება შეიცვალოს ბევრად ნაკლებ ფასად.

მწვანე მანქანის ანგარიშის (Green Car Report) თანახმად, ელექტრომანქანის მძღოლებს შეუძლიათ ახალი ბატარეის შეძენა 2800 აშშ დოლარად, როცა მანამდე ფასი  6000-დან 8000 აშშ. დოლარამდე მერყეობდა.

რეკომენდაციები - რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ?

ეს ელექტრომანქანების შეძენის წახალისების კიდევ ერთი ფაქტია, ამასთან, დამტკიცებულია, რომ ელექტრომანქანები უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე ბენზინსა და დიზელზე მომუშვავე მანქანები. იმის გათვალისწინებით, რომ ბატარეების შეძენა ნახევარ ფასადაა შესაძლებელი, საქართველო პოტენციური ბაზარია იაფი, მეორადი ელექტრომანქანებისა.

ასე რომ, დაბალი ღირებულების, ადგილობრივად წარმოებული საწვავის, ხელმისაწვდომი დამტენი  სადგურების და იაფი ბატარეების პირობებში ელექტროტრანსპორტის შერჩევა უფრო მოსახერხებელია, ასევე,  უფრო იაფი და ეკოლოგიურად სუფთა.

2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში საქართველოში 1100 ელექტრო ძრავზე მომუშავე ტრანსპორტი იყო რეგისტრირებული, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა, მაგრამ ჯერ კიდევ მიზერული რაოდენობაა არსებულ ავტოპარკთან მიმართებით.

ელექტრო მანქანების რაოდენობის გაზრდის მიზნით, გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოსახდენად, საქართველომ უნდა წაახალისოს ელექტრომობილობა, ასევე, განახორციელოს ინვესტიციები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ელექტროავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით.

მაგალითად, კანადასა და ჩინეთში, ისევე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, მთავრობები ხელს უწყობენ ელექტროტრანსპორტის შეძენას ფასების სუბსიდირების გზით.

ხალხს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ელექტრომანქანები უფრო ძვირია. თუმცა, თუ მთავრობა თავდაპირველი ღირებულების ნაწილის, შემდგომი მოვლა-შენახვისა და საწვავით უზრუნველყოფის ხარჯების ნაწილობრივ სუბსიდირებას მოახდენს, ბევრად მეტი ადამიანი გადაიხრება ელექტროტრანსპორტისკენ.

საქართველოში უკვე დაიწყო კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მთავარი დაინტერესებული მხარეების გაერთიანება ინფორმაციის გაცვლის, ეროვნულ და ადგილობრივ პოლიტიკოსებთან ერთობლივი ადვოკატირების ხელშეწყობის მიზნით. იმისათვის, რომ დავაჩქაროთ და ხელი შევუწყოთ ელექტრომობილობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას საქართველოში, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე პოლიტიკოსების, ბიზნესის წარმომადგენლების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით ეროვნული ელექტრომობილობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება, სხვადასხვა პროგრამის შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობენ და დააჩქარებენ ელექტრომობილობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას, და კერძო ინვესტიციების მოზიდვა ამ სფეროში. ამასთან, საზოგადოების უნდა მიეწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია ელექტრომობილობის სარგებლობის შესახებ, როგორიცაა ენერგომოხმარების ეფექტურობის გაზრდა, ჰაერის დაბინძურებისა და ემისიების შემცირება, ფინანსური დანაზოგი სატრანსპორტო ხარჯების შემცირება. ქვეყანაში, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას თამამი ნაბიჯები ელექტრომობილობასთან დაკავშირებით და ავიცილოთ დიზელის კვამლით გაჭვარტლულ გზებზე სიარული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^