Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლიტერატურის მასწავლებლის ჩანაწერები

13 დეკემბერი 2014

ეს ჯადოსნური კარია. სანამ მის მიღმა აღმოჩნდები, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, მაგალითად, ვინმე დიანა,  გიყვარს პორტუგალიური სიმღერები,  ფერადი შარფები, შინგამომცხვარი ღვეზელები, დავით გურამიშვილი ან ნიკო სამადაშვილი,  გაცვია კუბოკრული მოკლე პალტო, მოდიხარ, გაქვს სიარულის დამახასიათებელი მანერა, დაბალი ხმა...

1.        

დღეს მეექვსეებთან მესამე გაკვეთილი მაქვს. მანამდე შემიძლია,  მშვიდად ვიჯდე ჩემს მზით გამთბარ, წიგნებით დატვირთულ  მაგიდასთან და მათი გუშინდელი ნაწერები ვიკითხო. ყავის სმასთან ერთად უკეთესი ჩაროზი არ არსებობს – მათი გულწრფელი, ღია, გახსნილი, ზოგჯერ ნაღვლიანი, ხან მძივივით აკინძული ხელწერით, ხანაც უსაყვარლესი ბატიფეხურით გამოყვანილი ფიქრები, აზრები, კითხვები, პასუხები....

გუშინდელი საუბრის  გამოძახილია – ძალიან კარგად წერენ თავიანთ სურვილებზე, მომავალზე, გეგმებზე, შეხედულებებზე, როგორ და სად ხედავენ ან უნდათ დაინახონ საკუთარი ადგილი სკოლაში, საზოგადოებაში, ქვეყანაში, მსოფლიოში... ვფიქრობ,  დღეს შეიძლება დისკუსიის თემა გამოვკვეთო, მასალებიც უფრო კონკრეტული მივაწოდო.

საინტერესო აქტივობა დავგეგმე.

მინდა წლევანდელ ნობელიანტზე,  მალალაზე ვუამბო.

მოვუყვები, სხვადასხვა ქვეყნებში როგორ იბრძვიან ბავშვები განათლების უფლებისათვის, სკოლაში სიარულის, კითხვისა და წერის საშუალებისათვის, როგორ სკოლებში დადიან, როგორი რთული გზის თუ მდინარის გადალახვა უწევთ, როგორი ძნელია ფეხშიშველა სიარული აფრიკის გახურებულ მიწაზე, ანდა, მთიან ჭიუხებში, მოვუყვები ყველაფერზე, არამხოლოდ  წიგნების, არამედ რეალური, ყოველდღიური ყოფის  გმირებზე, ნამდვილ ადამიანებზე.

ამოვბეჭდე ბავშვის უფლებათა კონვენცია, დავჭერი მუხლებად, დავაკარი სხვადასხვა ფერის ქაღალდებზე. 

შარშან, ახალ წელს ზაზამ  (ჩემმა ქმარმა) უგემრიელესი შოკოლადი მომიტანა, დიდ, ლამაზ, გამჭვირვალე ყუთში ეყარა ბრჭყვიალა ფანტებში შეხვეული ჩემი ყველაზე საყვარელი ტკბილეული.

შოკოლადი – შარშანდელ ახალ წელს გაჰყვა, ყუთი – შევინახე.

ჰოდა, დღეს სკოლაში წავიღებ, შიგნით ფერად–ფერად ქაღალდიან მუხლებს ჩავყრი კონვენციიდან,  მერე ჩემს მეექვსე კლასელებს თვალებს ავუხვევ (იმისთვის რომ იცოდნენ, ცოდნაა სინათლე, ხოლო უცოდინარობა, თვალების ახვევას ჰგავს). ვისაც რომელი მუხლი შევხვდება, ის უნდა გააანალიზოს, ამბავიც მოჰყვეს, თავისი თუ სხვისი გამოცდილება, ან მოიგონოს, შეთხზას სიტუაცია.  მგონი, ძალიან საინტერესო გამოვა.

ილუსტრაციებიც მოვამზადე, პატარა ფილმიც დავამონტაჟე მალალა იუსუფზაის, ამ გმირი გოგონას შესახებ....

ყავის ბოლო ყლუპიც  თავისუფალ დროსთან ერთად გაიპარა...

დროა,  გაკვეთილზე შევიდე.

2.        

ეს ჯადოსნური კარია.

სანამ მის მიღმა აღმოჩნდები, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, მაგალითად, ვინმე დიანა,  გიყვარს პორტუგალიური სიმღერები,  ფერადი შარფები, შინგამომცხვარი ღვეზელები, დავით გურამიშვილი ან ნიკო სამადაშვილი,  გაცვია კუბოკრული მოკლე პალტო, მოდიხარ, გაქვს სიარულის დამახასიათებელი მანერა, დაბალი ხმა...

ამ კარს მიღმა კი ოცდახუთი,  სრულიად განსაკუთრებული ბავშვის ლიტერატურის მასწავლებელი ხარ,  ხან ბეწვის ხიდზე გადიხარ, ხან ნაკვერჩხლებზე ფეხშიშველი, ხანაც ვარდის ფურცლებზე, ხანაც დამსხვრეულ მინაზე...

მოკლედ, არ გვინდა ეს პოეტური წიაღსვლები.

კლასში ჩვეული აურზაური მხვდება.

გოგონები ფანჯარასთან მიკუჭულან და გამალებით ჭორაობენ,  ლუკა, ლოყებგამოტენილი, სასწრაფოდ ცდილობს ფენოვანი ხაჭაპური მერხის ქვეშ დამალოს,  თაკო – კოკა-კოლას შენახვას ჩქარობს, რაც იატაკზე მუქი და ტკბილი  გუბის გაჩენით მთავრდება, ბიჭები დერეფანში სირბილისას აბაგუნებული გულების და აჩქარებული სუნთქვის დამშვიდებას ცდილობენ, ძირს წიგნები, რვეულები და კალმები ყრია. ერთი წუთიც და მთელი ეს ქაოსი ერთიან წესრიგად გარდაიქმნება და მათ ცნობისმოყვარე მზერებს გაკვეთილისკენ მივმართავ.

ერთი წუთიც, ვეუბნები ჩემს თავს, ერთი წუთიც – ეს წუთი, ყოველთვის ერთნაირად მაშინებს, იქნებ  არ დამთავრდეს, იქნებ არ მოხერხდეს, იქნებ, იქნებ, იქნებ... მაგრამ, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე მდინარეში მედგრად შევდივარ, აღმა მივუყვები და წყლიდან მშრალიც ამოვდივარ.

– მას,  მე ის ფილმი ვნახე, თქვენ რომ ახსენეთ, მას, თქვენ რომ წიგნი დაგვაბარეთ, ვერ ვიშოვე, მას,  ბებიაჩემთან დავრჩი და დავალება ვერ დავწერე, მას, გუშინ მამაჩემი მივლინებიდან დაბრუნდა, მას, კალამი დავკარგე, მას, ჩემი ნაწერი მოგეწონათ? მას, გამოვალ რა!

ეს ის ხმებია, რომლებიც, ზღაპრის მაგიური შელოცვებივით, გაკვეთილის ჯადოსუნ წრეში მაბრუნებენ.

ჩემს უფლებების გამჭვირვალე ყუთს მაგიდაზე ვდგამ და გაკვეთილს ვიწყებ. ცოტა ხანში, ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეების დაინტერესებული თვალების ბედნიერი მფლობელი ვხდები.

თეორიული ნაწილი, პირადი და საზოგადო ამბები, ფილმი, პრეზენტაცია, მალალა, საქართველოს ახლო წარსული, გამოცდილებები, ლიტერატურული გმირები – დისკუსია თანდათანობით უფრო საინტერესო ხდება.

პირველი ელენე გამოდის – ძალიან ჭკვიანია, ყველაფერზე თავისი, განსხვავებული აზრი აქვს, ბევრ კითხულობს, ლექსებს წერს.

გამჭვირვალე ყუთში ხელებს აფათურებს, დიდხანს ეძებს, იმდენად დიდხანს, რომ ბავშვები უკმაყოფილოდ ზუზუნებენ, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილება მიიღო, მწვანე ფურცელზე მეცამეტე მუხლია დაკრული, ჩემი გამბედავი და ჭკვიანი ელენე ხმამაღლა კითხულობს:

„მუხლი 13

1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს

თავისუფლებას, საზღვრების არსებობის მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს ან გადასცეს

ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან იდეა ზეპირი, წერილობითი თუ ბეჭდური

ფორმით, ბავშვის არჩევანისამებრ.“

ყველას გულიანად გვეცინება. ელე ყოველთვის საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებისთვის იბრძვის, ცდილობს, აუცილებლად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს.

„მას, ყველაზე ძალიან არ მომწონს, როცა მამა ამბობს  – რაც ნაკლებს ილაპარაკებ, მით მეტ სისულელეს იტყვი“ –მე ასე არ ვფიქრობ, მგონია, რომ ნებისმიერი საკითხი კარგად, დაწვრილებით თუ არ განვიხილეთ, სხვანაირად როგორ გადავწყვეტთ? არადა, ჩემს აზრს არასდროს უსმენენ ოჯახში.„

ნიკოს ოცდამერვე მუხლი შეხვდა, განათლების უფლების შესახებ. როგორი ბიჭია ნიკო? ცოტა დაბნეული, თავმოუბმელი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი, განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებში. ახლა ხელებს ნერვულად ისრესს, ლოყები შეეფაკლა და გვიყვება მეზობლად მცხოვრები ორი და–ძმის შესახებ, სკოლაში იშვიათად  დადიან, ჯერ ერთი, ფეხსაცმელები არ აქვთ, მეორე – ბიჭი რკინიგზის სადგურზე მუშაობს გაზეთების გამყიდველად, გოგონა – გზაზე ბუკლეტებს არიგებს, ნიკო ქუჩის ბავშვების შესახებაც გვიამბობს, გულის ტკივილით ყვება მათი დახეული ფეხსაცმელების შესახებ.

მერე ყველანი ძალიან ბევრს ვკამათობთ და ვთანხმდებით იმაზე, რომ მოსწავლემ, მასწავლებელმა, მშობელმა, სახელწიფომ, ყველამ ერთად უნდა სცადოს, რომ ნიჭიერი ბავშვები ფეხსაცმლის, წიგნების, ჩანთის თუ თბილი ქურთუკის არქონის გამო სკოლის, განათლების  გარეშე არ დარჩნენ, მოტივაცია და იმედი არ დაკარგონ, უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძოლონ.

ჰოდა, ერთი ამბავი გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან,  ჩემს პატარებს ძალიან უყვართ ნამდვილი ამბები, განსაკუთრებით,  მასწავლებლის ცხოვრებიდან.

ზუსტად არ მახსოვს, მგონი, მეექვსე - თუ მეშვიდეკლასელი ვიყავი, როცა ჩვენი რაიონის გამგებელმა საუკეთესო მოსწავლეებისთვის სტიპენდია დანიშნა, კოლოსალური სტიპენდია - თვეში მთელი 10 ლარი.

თითო სკოლიდან თითო ბავშვი უნდა აერჩიათ, ჰოდა, ჩემი სკოლის დირექტორმა მე გამგზავნა - აქტიური და შემოქმედებითი ბავშვი ვიყავი, ოლიმპიადებსა თუ კონფერენციებში ვმონაწილეობდი, ხშირად უგზავნიდნენ სკოლას მადლობებს, გამოხმაურებებსა თუ ფარატინა დიპლომებს ჩემი სახელითა და გვარით. სწავლაშიც არა მიშავდა რა, თუმცა იყვნენ ჩვენს სკოლაში უფრო გამართული ხუთოსნებიც, ვინც უფრო ბეჯითად იზეპირებდა წესებსა თუ თეორიას, მაგრამ სკოლის დირექტორმა სხვა პრინციპით აარჩია - შემოქმედებითი უნარების მიხედვით.

ჰოდა, დილით მითხრეს, რომ სწორედ მე გავხდებოდი სტიპენდიანტი. ძალიან გამიხარდა. გარდა იმისა, რომ როგორც ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სხვანაირადაც გამიხარდა - ჩვენ, მარჩენალდაკარგულები, პენსიითა და დედას მასწავლებლის მიზერული ხელფასით (ისიც ხან იყო, ხან არა) ვირჩენდით თავს და მაშინ მეგონა, რომ დედას შვილი მოესწრო და ფინანსურად ამოვუდგებოდი მხარში.

სკოლის კიბეზე გახარებული ჩამოვრბოდი და ერთი მასწავლებელი შემომხვდა, უკვე იცოდა ახალი ამბავი და ალბათ არც ჩემი გაბრდღვიალებული სახე გამოპარვია. - რა კარგად მოიქცა დირექტორი, - დამტკბარი და მოსაწყლებული სახით მითხრა, - შენ მამა მოგიკვდა და ისედაც, ყველაზე გაჭირვებული ხარ სკოლაში, - მითხრა და გაიარა.

მან გაიარა, მე კი კიბეზე დავრჩი, მართლა ყველაზე საწყალი, დაპატარავებული და გაჭირვებული. ყველაფერმა ფასი დაკარგა.

და მერე რა, რომ ის სტიპენდია აღარც მოუციათ ბავშვებისთვის (უფრო სწორად, სულ ერთხელ მოგვცეს, სურათი გადაგვიღეს და რაიონის გაზეთში გამოაქვეყნეს გამგებლის ქება-დიდებასთან ერთად), - იქნებოდა ის თუ არა, ჩემთვის უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.

არ ვიცი, რისი ბრალი იყო, რომ მთელი ბავშვობა მესიზმრებოდა ერთი კადრი: როგორ ვიდექი კლასში, როგორ მეხვეოდნენ მკბენარები და როგორ ითვლიდა ის მასწავლებელი ხმამაღლა მკბენარებს ჩემს თავში - კლასი კი იცინოდა.

ყველაზე, ყველაზე დიდი და საშიში ძალაა სიტყვა, დამანგრეველი და მაშენებელი...

ანუკას ოცდამეცხრე მუხლი ხვდება, გაკვეთილის ლოგიკური ჯაჭვიც გრძელდება, ანა მასწავლებლებზე საუბრობს (თვითონაც პედაგოგიური განათლება აინტერესებს), გვიყვება, როგორ აქტივობებს დაგეგმავს, რომ ამ მუხლის, მისი აზრით,  ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი განახორციელოს –  „თავისუფალ საზოგადოებაში ურთიერთგაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, ქალისა და მამაკაცის, ყველა ხალხის, ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური ჯგუფების, მათ შორის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა მიმართ თანასწორობისა და მეგობრობის სულისკვეთებით ბავშვის შეგნებული ცხოვრებისათვის მომზადებისაკენ“.

ბედნიერებისგან თვალები მიბრწყინავს,  როცა მათ ანთებულ, დაინტერესებულ, ვარსკვლავებითა და სხივებით აღსავსე თვალებს ვუყურებ, ჩემი განწყობა მათზე გადადის და   კიდევ უფრო მეტს აქტიურობენ, საუბრობენ, კამათობენ...  მგონია, ისინი სხვა საზოგადოებას შექმნიან, სხვა, უფრო თანასწორ და ჰუმანურ გარემოში იცხოვრებენ...

ვცდილობ,  ყველამ თავისი აზრი გამოთქვას, ლიტერატურულ პარალელებს ვიშველიებთ, მეტისმეტად გულახდილ ამბებს ვყვებით,  აქტუალურ პრობლემებს ვეხებით,  ახალ მუხლებსაც ვიგონებთ, თან ვსწავლობთ და თან ვმხიარულობთ.

ძალიან მიყვარს ჩვენი ლიტერატურის გაკვეთილები, ძალიან.

 

ქართველ მწერალთა ესეები მომზადდა ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავის ფარგლებში იუნისეფის და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^