პოლიტიკურმა პარტიამ, „გირჩმა" ზოოპარკს წერილით მიმართა, 13 ივლისს სასამართლო პროცესზე ნახევარი დღით ათხოვონ სირაქლემა. 13 ივლისს ზურა ჯაფარიძის პროცესი იმართება.
ფოტოზე ჯაფარიძესთან ერთად აღბეჭდილი ფრინველი, როგორც ზოოპარკის დირექტორმა „ლიბერალს" უთხრა, არის ემუ და არა სირაქლემა.
ზოოპარკის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ბ-ნ ზურაბ გურიელიძეს. ბ-ნო ზურაბ, გაცნობებთ, რომ ამა წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაიმართება ზურაბ ჯაფარიძის გადადებული პროცესი, რომელზეც ბ-ნ ზურაბს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და პოლიციისათვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს 12 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე ზემოთ აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია და შსს-მ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ცრუ ჩვენებებისა. სასამართლოსთან ჩვენი ურთიერთობის გამოცდილება არ გვიტოვებს იმედს, რომ პროცესი წარიმართება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით და სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.
გირჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო და საერთო სასამართლოების სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემად, რომელიც არ იმჩნევს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ რეალობის თვალსაჩინოდ დემონსტრირებისთვის, გთხოვთ, 13 ივლისისთვის, ნახევარი დღით გვათხოვოთ ერთი დედალი სირაქლემა.
სირაქლემას ტრანსპორტირებას თბილისის საქალაქო სასამართლომდე და უკან ზოოპარკში, უზრუნველვყოფთ ჩვენ. ასევე, როგორც კი გვექნება თქვენი დასტური, ჩვენვე ჩავაყენებთ საქმის კურსში საპატრულო პოლიციას, რომ სირაქლემას ტრანსპორტირების დროს თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შესაძლო ექსცესი.
საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიყოთ ერთი სირაქლემების პროფესიონალი მომვლელი, რომელიც ამ ნახევარ დღეს გაატარებს ჩვენთან ერთად, მოგვცემს რეკომენდაციებს, დააკვირდება პროცესს და დარწმუნდება, რომ ცხოველის მიმართ ადგილი არ ექნება არაადამიანურ მოპყრობას.
წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. ერთად შევქმნათ სამართლიანი სასამართლო საქართველოში! პატივისცემით, იაგო ხვიჩია, თავმჯდომარე, გირჩი"
„ლიბერალი" დაუკავშირდა თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურა გურიელიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ მომენტში თბილისის ზღვაზე იმყოფება, მას დაუკავშირდნენ ჟურნალისტები, და ამ განცხადების შესახებ მათგან იცის, თუმცა "საქმე ისაა, რომ სირაქლემა არ გვყავს", - გვითხრა გურიელიძემ.
მისი თქმით, ზოოპარკის ბინადართათვის ტრანსპორტირება სტრესს იწვევს. ამიტომ, "ნებისმიერ შემთხვევაში ცხოველების თუ ფრინველების "გათხოვებას" გამოვრიცხავთ", გვითხრა ზოოპარკის დირექტორმა.