Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტფილისური ახალი წელი

31 დეკემბერი 2014

არც 31 დეკემბერი (ძველი სტილით 13 იანვარი) იყო გამონაკლისი. ქალაქი ამ დღესაც ჩვეულებრივად იღვიძებდა.

„ტფილისის განთიადის მეკვლეები“, მეეზოვეები, ქუჩის ლამპიონებს ჩააქრობდნენ, ქალაქი გაღვიძებას იწყებდა. ჯერ კენტად, შემდეგ კი გუნდ-გუნდად ჩნდებოდნენ სხვადასხვა ხელობის ადამიანები. 

და „დილის საარის“ ჰანგების ფონზე იწყებოდა: 

- „მაააწონი, წყნეთის მაწონიიიი..“

- "стекластавииим!" 

სადმე თუ დღემუდამ მოჩქარე კინტოს გადაეყრებოდი „ხაბარდა!“-ს დაგიყვირებდა, გზა დამითმე, ხელს ნუ მიშლიო... 

სადღაც დანების ლესვის ხმა ისმოდა, სადღაც ხურჯინგადაკიდებული სახედრებისა და ეტლში შებმული ცხენების ფლოქვების თქარათქური. სადღაციდან ყრუდ მოისმოდა: 

"старыйодъеееж... продаемипокупаем!" 

... დუქნები იღებოდა, დახლები იდგმებოდა, ყაფანზე დროშა აღიმართებოდა.... ახმაურებული ქალაქის ახალი დღე იწყებოდა. 

ამ განმეორებადი ყოველდღიურობის მიუხედავად, 31 დეკემბერი მაინც განსაკუთრებული დღე იყო, როდესაც ყველა, განურჩევლად წოდებისა, ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა წელიწადის პირველი დიდი დღესასწაულისთვის, ახალი წლისთვის, ემზადებოდა. 

რა შემოგვრჩა ან რა დაგვავიწყდა ძველი ტრადიციებიდან ჩამოვთვლი და თავადვე განსაჯეთ: 

დიდი სამზადისი - სახლის დასუფთავება, დალაგება. ფერადი ნოხებისა და ფარდაგების გამომზეურება. ტრადიციულთან ერთად ტკბილი სუფრის მომზადება. ნიგვზის ან ნუშის გოზინაყის დამზადება. სასურველ მეკვლეთა წინასწარი შერჩევა, რომლის „ფეხზეც“ დამოკიდებული იყო ოჯახის ბედნიერება. 

„შემოვდგი ფეხი,

გწყალობდეთ ღმერთი.

ფეხი ჩემი

კვალი ანგელოზისა“. 

ზუსტად 12 საათზე კი ატყდებოდა თოფის სროლა, ყიჟინა და ვინმეს რომ არ სცოდნოდა ამ დღის მნიშვნელობა, მტრის შემოსევა ეგონებოდა.

ამ ყველაფერს მეტ-ნაკლებობით დღესაც ვიცავთ, თუმცა მივივიწყეთ ტრადიციული თბილისური ნამცხვრის „ბასილას“ გამოცხობა. ეს იყო ადამიანის გამოსახულების ფორმის, ტკბილი ცომისგან დამზადებული ნუგბარი, რომელიც დაკავშირებული იყო წმ. ვასილი დიდთან, ვინაიდან ამ წმინდანის დღე 1 იანვარს, იესო ქრისტეს ებრაული წინადაცვეთის წესით მონათვლის დღეს, იდღესასწაულებოდა. 

ასევე აცხობდნენ „ბედნიერების ნამცხვარს“, რომელსაც რაც უფრო მრავალფეროვანი ფორმა ჰქონდა, მით უფრო მრავალი ბედნიერების მომტანად ითვლებოდა. 

ახალი წლის სამზადისის მთავარი გმირები ქალები იყვნენ, რომელთა მხრებზეც გადადიოდა მთელი ჯაფა. ამ დღეს ქალებს ოჯახიდან გასვლა ეკრძალებოდათ, რათა სტუმრებს სათანადოდ გამასპინძლებოდნენ.

ოჯახის თავად მამაკაცი ითვლებოდა. ტრადიციის მიხედვით, გამთენიისას მას ნაკოდალი (შეშის ნაჭერი) ან მუგუზალი ბუხართან ან კერასთან უნდა დაენარცხებინა და რაც მეტ ნაპერწკალს გააყრევინებდა იმ წელს, იმდენი ოქრო, დოვლათი და ბედნიერება ელოდა ოჯახს. ოთახის ყველა კუთხეში ხორბლის მარცვლებს ყრიდა, ბარაქიანი  წელიწადის იმედით.

ახალი წელი თუ ოჯახის დღესასწაული იყო, მეორე დღეს სუფრები ურბანულ გარემოში ინაცვლებდა. ამას ხელს ტფილისური არქიტექტურაც უწყობდა. ბანიან ქალაქში წინა სახლის სახურავი (ბანი) მომდევნო სახლისთვის ეზოს წარმოადგენდა. სწორედ ამ ბანებზე გამოდიოდნენ თბილისელები და ტკბილი სუფრით გაწყობილ ტაბლებთან იხმობდნენ მეზობლებს. 

ტფილისური ახალი წლის ტრადიციაც საკუთრივ ტფილისს ჰგავდა. ცოტა მიამიტურ, სადღაც თეატრალურ, ოდნავ გულუბრყვილო ტფილისს.

"ტფილისის ჰამქრისა" და ჟურნალ “ლიბერალის” ერთობლივი პროექტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^