.
შესავალი
მედიასაშუალებებიდან შევიტყვეთ, რომ განათლება ქვეყნის წამყვან პრიორიტეტად ცხადდება და გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის გაზრდაც. ეს ძალიან იმედისმომცემი ფაქტია, მაგრამ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისიც, რომ დაფინანსების გაზრდა ავტომატურად არ გამოიწვევს განათლების ხარისხის ამაღლებას. ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ეფექტური საგანმანათლებლო სტრატეგიების შერჩევა, რის გარეშეც გაზრდილი დაფინანსება შეიძლება მთლიანად წყალში გადაიყაროს.
სწორედ ამ საფრთხის ასარიდებლად მსურს, სანამ მინისტრთა ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდება, განვმარტო ის ფუნდამენტური მიზეზები, რომლებიც აფერხებს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. საქმე ისაა, რომ ჩვენს სისტემაში მოქმედებს არაეფექტური საგანმანათლებლო ბერკეტები, რომლებსაც არ შეუძლია ხარისხის გაუმჯობესება. თუ მათ ეფექტური ბერკეტებით არ ჩავანაცვლებთ, ვერაფერს ვუშველით ხარისხს, გინდაც გაათმაგებული ბიუჯეტი ჩაიდოს განათლებაში. სისტემა ისევე უშედეგოდ შეისრუტავს ამ ფინანსებს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.
წინასწარ მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, თუკი ამ წერილით რომელიმე მათგანს ვაწყენინებ, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ჩვენი ქვეყნის მომავალია. თუ ვერ მოვახერხებთ სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესებას მომდევნო ათწლეულში, თუ ამ პერიოდში ვერ ავაწყობთ სისტემას, რომელიც გაზრდის მოაზროვნე, ქვეყნის წინაშე უანგარო პასუხისმგებლობის მქონე, ინიციატივიან, აქტიური სუბიექტებისგან (და არა ობიეტებისგან) შემდგარ თაობას, ჩვენი პატარა ქვეყანა ვერ გაუმკლავდება გლობალიზაციისა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქის გამოწვევებს, მოძალებულ საზოგადოებრივ, კულტურულ, ეკოლოგიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისებს. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერის გადარჩენის ერთადერთი გზა არის მოაზროვნე და პატრიოტი თაობის (და არა მცირერიცხოვანი ელიტის) ფორმირება; თაობისა, რომელიც არ იქნება გარემოებათა სათამაშო ან საბაზრო ეკონომიკის სამომხმარებლო ობიექტი და თავად გახდება საკუთარი ცხოვრების, საკუთარი თემის, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ავტორიცა და აქტორიც.
საკითხი ასე დგას: ორიენტირებმორღვეული, ჩამქრალი და ემოციურად აშლილი მოზარდების მაწარმოებელი სისტემის გარდაქმნა მოაზროვნე, პატრიოტი და გულანთებული მოქალაქეების მაფორმირებელ სისტემად.
სწორედ ამის გამო ვაძლევ თავს უფლებას (მეტიც, ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მივიჩნევ), გამოვიტანო ჩვენი საზოგადოების წინაშე სისტემაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის ფუნდამენტური მიზეზები.
აქვე მინდა განვაცხადო, რომ უკლებლივ ყველა, და, ცხადია, მეც პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რაც დღეს ხდება ჩვენს სისტემაში. ვფიქრობ, დროა, ურთიერთბრალდებების გარეშე, კონსტრუქციულად გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები, რათა შევძლოთ სიტუაციის რეალურად გამოსწორება. წარმატებული განათლების რეფორმების გატარება ყველა ქვეყნისთვის, და ბუნებრივია, ჩვენთვისაც დიდ თავსატეხს წარმოადგენს - ამ გზებზე უშეცდომოდ არავის უვლია. მთავარია, დაშვებული შეცდომების დანახვა-აღიარება და გამოსწორება შევძლოთ.
მაშ ასე, რატომ ვერ უმჯობესდება განათლების ხარისხი?
ჩვენი სისტემის ოთხი წამყვანი ბერკეტი
განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემურ ბერკეტებს შორის ოთხი მათგანი სრულიად განსაკუთრებულ, შეიძლება ითქვას, წამყვან ადგილს იკავებს.
ეს ბერკეტებია:
ა) „მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა“ (ქვემოთ „პროფესიული განვითარების სქემა“),
ბ) „მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურება“ (ანუ, ეგრეთწოდებული მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები),
გ) „მოსწავლეთა დამამთავრებელი გამოცდები“, ანუ ეგრეთ წოდებული საატესტატო გამოცდები,
დ) „ერთიანი ეროვნული გამოცდები“;
ამ მექანიზმების წამყვან ადგილს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ოთხივე დასჯა-დაჯილდოების პრინციპზე დგას და პირდაპირ ზეგავლენას ახდენს საქართველოს სასკოლო სისტემის ყველა მოსწავლის, მასწავლებლის მომავალზე, ხოლო არაპირდაპირ - მათი ოჯახების მომავალზე.
ცხადია, ამ მექანიზმების შემუშავების მიზანი იყო მთელი სისტემის მასშტაბით ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება. სამწუხაროდ, ეროვნულ დონეზე დადებულმა ამ ოთხმა ბერკეტმა განათლების ხარისხს ძვრა ვერ უყო.
გამოცდების სტატისტიკური მონაცემები, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული საერთაშორისო, ეროვნული კვლევები თუ უფრო მცირე მასშტაბის კვლევები რაიმე საგრძნობ ცვლილებებს არ გვაჩვენებს.
ზემოთ დასახელებული ოთხივე ბერკეტი ეფუძნება კონცეფციას, რომლის მიხედვითაც დასჯა-წახალისება/დაჯილდოების მექანიზმით შესაძლებელია სასკოლო საზოგადოების ქცევის მართვა და განათლების ხარისხის ამაღლება.
ამ კონცეფციის ლოგიკა ასეთია: თუ მასწავლებელს/მოსწავლეს შევპირდებით სხვადასხვა ტიპის ჯილდოს - კრედიტქულას, სტატუსის მინიჭებას, ხელფასის გაზრდას, სერტიფიკატს, ატესტატს და მისთ., - მას მოუნდება ამ ჯილდოს მოპოვება; ჯილდოს მოსაპოვებლად ის მოინდომებს ჩვენ მიერ დაწესებული მოთხოვნების შესრულებას; ამ მოთხოვნათა შესრულება კი გამოიწვევს მათი ცოდნის დონის გაუმჯობესებასა და განათლების ხარისხის ამაღლებას.
სამწუხაროდ, ამ გულუბრყვილო, მეცნიერულად გაბათილებულ წარმოდგენას, რომელიც ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებაში, განსაკუთრებით მკვიდრი ადგილი უჭირავს გადაწყვეტილებების მიმღებთა რწმენა-წარმოდგენებში. ეს ფაქტი ხელს უწყობს ამ უსაფუძვლო კონცეფციაზე დაფუძნებული მცდარი ბერკეტების არამხოლოდ შემუშავებას, არამედ მათი წამყვანი როლის შენარჩუნებასა და გამყარებას წლების მანძილზე.
ეს მექანისტური შეხედულება, ადამიანს გარემოს სტიმულებზე მექანიკურად მოპასუხე არსებად რომ განიხილავს, ვერ ითვალისწინებს მთელ რიგ შინაგან ფაქტორებს, რომლებიც განმსაზღვრელ როლს თამაშობს ადამიანის ქცევის მიზეზებზეც და მიზნებზეც[1]. ჩვენ მხოლოდ ერთ ასეთ ფაქტორზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას[2]. ამ ფაქტორს კოგნიტურ თეორიებში თვითეფექტურობის განცდას უწოდებენ.
თვითეფეტურობა და მოტივაცია
თვითეფექტურობა გულისხმობს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. ეს განცდა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს ქცევას. განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი, რომელიც გაგვიადვილებს ჩვენს სასკოლო სისტემაში არსებულ მძიმე პრობლემათა მიზეზები გამოვააშკარავოთ.
ვთქვათ, კონკრეტულ მოსწავლეს, დათოს, გეოგრაფიაში თვითეფექტურობის მაღალი განცდა აქვს. იგი ამ საგანში თავს ლაღად და თავდაჯერებულად გრძნობს, არ ეშინია სირთულეების, იღებს ნებისმიერ გამოწვევას, რადგანაც მას საკუთარ თავში ეგულება რესურსები სიძნელეთა გადასალახავად. თვითეფქტურობის განცდა დათოს შინაგან სამყაროში გზას უხსნის და გასაქანს აძლევს ფუნდამენტურ მოთხოვნილებას - წინისკენ სწრაფვის, ზრდის მოთხოვნილებას, ცოდნის შეძენის წყურვილს. ესაა ნებისმიერი ადამიანის, მით უფრო მოზარდის ფუნდამენტური მოთხოვნილება. როგორც ამბობს დ. უზნაძე, ძალები - ინტელექტუალური, ემოციური, სოციალური, ფიზიკური - რომელიც დევს ჩვენში, რეალიზებას ესწრაფვიან. სასკოლო განათლების კონტექსტში ამ მოთხოვნილებას სწავლის მოტივაციას ვუწოდებთ.
როგორ ცოდნას შეიძენს დათო გეოგრაფიაში?
ცოდნა რომ სუბიექტის ორგანულ ნაწილად იქცეს და მართლაც ჰქონდეს გარდამქნელი ძალა, აუცილებელია, მოხდეს ამ ცოდნის ინტეგრირება გონებრივ სტრუქტურებში, ცნობიერების ღრმა შრეებში. ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ სუბიექტის შინაგან ძალთა აქტიურობის, შინაგანი ძალისხმევის შედეგად. დათო შინაგანად გააქტიურებულია, რადგანაც მას, მაღალი თვითეფექტურობის წყალობით, სწავლის ძლიერი მოტივაცია აქვს - დათო შეუპოვრად და ენერგიულად „შეეგებება“ მის წინაშე დასმულ ნებისმიერ ამოცანას.
ამ პროცესში ის განივითარებს ცოდნის სტრუქტურებს, ძლიერი შინაგანი ძალისხმევის წყალობით, სიღრმისეულად დაამუშავებს ინფორმაციას და გარდაქმნის მას ორგანულ ცოდნად. ცოდნის სტრუქტურების ზრდა-განვითარება ამ მოსწავლეში კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს გეოგრაფიის ხარისხიანად სწავლისა და ხარისხიანი ცოდნის მიღების შესაძლებლობებს. დათოს გეოგრაფიის სწავლის პროცესი სიამოვნებას ანიჭებს, მისი გონება დაკავებულია ცოდნის შეძენა-გამდიდრებით. იგი სწავლის გაუმჯობესების უწყვეტ პროცესშია მოქცეული.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ დათოს მათემატიკაში დაბალი თვითეფექტურობის განცდა აქვს. ეს ფაქტი რადიკალურად შეცვლის მის ქცევას. იმის განცდა, რომ მას არ შეუძლია წარმატებულად გაართვას თავი მათემატიკის სწავლას, უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მისი სწავლის სურვილზე. იგი არათუ არ მიიღებს გამოწვევებს, არამედ ყოველმხრივ შეეცდება, თავიდან აირიდოს მისთვის რთული დავალებები, რათა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ „გამოძვრეს“ სიტუაციიდან. საკუთარ შესაძლებლობეში დაეჭვებული დათო უარს ამბობს იმ დავალებებს შესრულებაზე, რომელიც მას ახალ გამოცდილებასა და ცოდნას შესძენდა.
როგორ ცოდნას შეიძენს დათო მათემატიკაში?
დაბალი თვითეფექტურობის განცდა დათრგუნავს დათოს ფუნდამენტურ - წინსწრაფვისა და ზრდის - მოთხოვნილებებს. წარუმატებლობის, მარცხის, განსჯის უსიამოვნო მოლოდინი და უმწეობის განცდა დათოს სწავლის სურვილს დაუკარგავს. მოტივაცია დაკარგული დათო მოკლებული იქნება იმ შინაგან ენერგიას, რომელიც სჭირდება მას ცოდნისკენ მიმავალი გზების დასალაშქრად, ინფორმაციის შინაგან ცოდნად გარდასაქმნელად.
იგი უენერგიოდ, ფრაგმენტულად, ნაძალადევად ისწავლის მათემატიკას. ასეთ მდგომარეობაში დათო ვერ მოახერხებს ცოდნის გაღრმავებას და მის ინტეგრირებას გონების სტრუქტურებში, რასაც ძლიერი შინაგანი ენერგია სჭირდება. შედეგად, დათო შეიძენს ზედაპირულ, ინერტულ, გამოუყენებელ ცოდნას, რომელიც უცხო სხეულად დარჩება.
ასე რომ, დაბალი თვითეფქტურობა დათოს ტაქტიკას შეაცვლევინებს - სწავლის ნაცვლად, დათო მიზნად დაისახავს იმ მინიმალური მოთხოვნების შესრულებას, რომელიც აუცილებელია მოსწავლის სტატუსის შესანარჩუნებლად. წინსწრაფვის, ზრდის მოთხოვნილების ნაცვლად, დათოს თვითგადარჩენის ინსტინქტი აამოძრავებს.
ეს ბუნებრივი ქცევაა და ახასიათებს ყველა ადამიანს, რომელიც კი რაიმე სახის საფრთხეს გრძნობს. დათოს გონება სწავლით კი არა, „გადარჩენაზე“ ზრუნვით იქნება დაკავებული: რა გზებით, რა ხერხებით აირიდოს სასჯელი (მაგ. საშემოდგომო) და მოიპოვოს „ჯილდო“ (მაგ., წლიური ნიშანი, ატესტასტი).
თუ მასწავლებელი დათოს სწავლის მოტივაციის გასაზრდელად გააძლიერებს დასჯა-დაჯილდოების მექანიზმებს, დათო, შესაბამისად, გააძლიერებს სიტუაციიდან „გამოძრომის“ სტრატეგიებს.
როცა შინაგანი მოტივაცია არ არის მოსწავლის მამოძრავებელი ძალა, დასჯა-დაჯილდოების მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ცოდნისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.
ისმის კითხვა: რა უნდა ქნას მასწავლებელმა იმისთვის, რომ დათოს გაუძლიეროს სწავლის მოტივაცია?
პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა იზრუნოს დათოს თვითეფექტურობის განცდის ამაღლებაზე. ამისთვის მან დათოს უნდა დაუსახოს წინარე ცოდნასა და შესაძლებლობებზე ადაპტირებული მიზნები, მხარი დაუჭიროს ამ მიზნების განხორციელებაში, ცოდნის მატებასთან ერთად კი ეტაპობრივად გაურთულოს მიზნები და ამ გზით გაზარდოს დათოს რწმენა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. როგორც კი დათო დარწმუნდება, რომ მას აქვს მათემატიკის სწავლისათვის საჭირო შინაგანი რესურსები, როგორც კი უსაფრთხოდ იგრძნობს თავს ემოციური თუ მეთოდოლოგიური კუთხით, მას გაეზრდება მათემატიკის სწავლის მოტივაცია - გზა გაეხსნება დათოს წინსწრაფვისა და ზრდის მოთხოვნილებას.
მოდით, დათოს მაგალითის შუქზე განვიხილოთ ჩვენი მასწავლებლების მდგომარეობა.
ჩვენი მასწავლებლების მოტივაციის შესახებ
ჩვენს მასწავლებლებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც მაღალი თვითეფექტურობის განცდა აქვთ, თუმცა მათი რაოდენობით სისტემა არ არის განებივრებული. არიან ისეთებიც, რომლებსაც დაბალი თვითეფექტურობის განცდა აქვთ. განვიხილოთ თითოეული შემთხვევა.
მასწავლებლები, რომლებსაც მაღალი თვითეფექტურობის განცდა აქვთ, თავს ისე ლაღად და თავდაჯერებულად გრძნობენ, როგორც დათო გეოგრაფიაში. მათ არ აშინებთ სირთულეები, ისინი იღებენ ნებისმიერ გამოწვევას (მათ შორის, სასერტიფიკაციო გამოცდებსა თუ სქემის მოთხოვნებს), როგორც შანსს საკუთარი ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ამ მასწავლებლებს აქვთ იმის განცდა, რომ მნიშვნელოვან, ღირებულ საქმეს აკეთებენ და რომ ეს საქმე მათ კარგად გამოსდით. ანუ, მათ აქვთ თავიანთ საქმეში დაოსტატების განცდა!აი, ეს აძლევს მათ თავდადებისა და საქმისადმი ერთგულების ძალას, მიუხედავად იმ მძიმე პირობებისა, რომლებშიც მუშაობა უწევთ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ მასწავლებელს შინაგანი მოტივაცია ქმნის და არავითარ შემთხვევაში - კრედიტქულების თვლა და გროვება! ეს მასწავლებლები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემამი ჩართვამდეც ასეთები იყვნენ, ისინი იმთავითვე თვითგანვითარების, თვითსრულყოფის უწყვეტ პროცესში იყვნენ მოქცეულნი, მათი მთავარი საზრუნავი იმთავითვე იყო მოსწავლეთა ზრდა-განვითარების მაქსიმალურად ხელშეწყობა და, სქემის პირობებშიც, სწორედ ეს რჩება მათ მთავარ საზრუნავად. როგორც არაერთხელ აღუნიშნავთ თავად ამ მასწავლებლებს სოციალურ ქსელებში, მათი კრედიტქულა მოსწავლეებში გამოსხმული ცოდნისა და სიყვარულის ნაყოფებია.
აი, რას წერს ერთ-ერთი მათგანი:
„. . . ორი დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები. მწერენ პირადში, იკვლევენ მიზეზებს. ბავშვებს ჯერ არ ვეტყვით, სექტემბერში უფრო ადვილად გადაიტანენო. . . ვზივარ და ვფიქრობ: ნუთუ არსებობს უფრო მაღალი კრედიტქულა მასწავლებლისთვის, ასეთ ნდობას რომ დაინახავ მშობლებში?..
. . ჩემო საყვარელო ადამიანებო, ზუსტად ვიცი, რომ თქვენც უამრავი ასეთი კრედიტი გაქვთ დაგროვილი წლების განმავლობაში, სხვაგვარად სკოლაში მუშაობას ვერ შეძლებდით.
ეს არც ისე იოლი საქმეა. ამიტომ დაანებეთ თავი კრედიტების გამუდმებით თვლას. დადექით იმ ადამიანებზე მაღლა, ვინც ვერ ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია “ცოცხალი” კრედიტი ფურცელზე არითმეტიკულად დაანგარიშებულ, სრულიად არაფრის მთქმელ ქულებზე. . . . იმაზე ფიქრი, რომ უკეთესი გახადო სამყარო, რადგან იმ სამყაროს უმცირეს ნაწილაკებს, ბავშვები რომ ჰქვიათ, ემსახურები, აქეთ გაგაცემინებს კრედიტქულებს, ეს ხომ უდიდესი სიამოვნებაა. ჰოდა, თქვენც აკეთეთ საქმე და ისიამოვნეთ“.
როგორც ვხედავთ ამ ამონარიდებიდან, მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც ახლავს მასწავლებლის პროფესიას („ეს არც თუ ისე იოლი საქმეა“), სწავლების პროცესი უდიდეს სიამოვნებას გვრის ამ წერილისავტორს. ამ სიამოვნების წარმომშობია იმის განცდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება („უკეთესი გახადო სამყარო. . . “) და რომ ამ საქმეში წარმატებას აღწევს.
ალალია ამგვარ მასწავლებლებზე სქემის ყველა კრედიტი და ყველა სტატუსი, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათ ქცევას არც კრედიტი განაპირობებს და არც სტატუსი.
მათი ქცევის საფუძველია ძლიერი შინაგანი მოტივაცია და სწავლების პროცესის სიყვარული, რაც მაღალი თვითეფექტურობის განცდითაა განპირობებული.
ახლა განვიხილოთ იმ მასწავლებელთა მდგომარეობა, რომლებსაც დაბალი თვითეფექტურობის განცდა აქვთ. ასეთ მასწავლებელს არაკომპეტენტურობის განცდა თრგუნავს, რაც ძლიერ ამცირებს მის შინაგან მოტივაციას.
განსჯის, მარცხის, დასჯის, შეურაცხყოფის, დამცირების შიში იწვევს მათში შფოთვას, წუხილს, დაძაბულობას - საფრთხე ემუქრება ნებისმიერი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან (მასლოუს ტერმინოლოგიით, დეფიციტურ) მოთხოვნილებებს: მიკუთვნილობას, დაფასებას, აღიარებას, პატივისცემას.
დემოტივირებულ მასწავლებელს გამოცლილი აქვს ის ენერგია, რომელიც საჭიროა პედაგოგიური პრაქტიკის გასაახლებლად და შინაგანი გარდაქმნების განსახორციელებლად. იგი უინიციატივოდ და რუტინულად მისდევს ერთხელ გაკვალულ გზას, დათრგუნული აქვს თვითგანვითარების და ზრდის მოთხოვნილება.
სამწუხაროდ, „სქემა“ უძლურია, განკურნოს სკოლა ამ სენისგან - დემოტივირებული მასწავლებლისგან. ვალდებულების გამრავლებასთან ერთად გაძლიერდა თვითგადარჩენის ინსტიქტი, გაფართოვდა მასწავლებელთა თავდაცვითი სტრატეგიები და გამრავლდა მოჩვენებითი საქმიანობებიც, იქნება ეს ფორმალურად შევსებული თუ ერთმანეთისაგან გადაწერილი თვითშეფასების სქემები და გაკვეთილის გეგმები, „ნაყიდი“ კვლევები, უხარისხო მოხსენებები, გარე შემფასებლისთვის ჩატარებული სამოდელო გაკვეთილები, სრულიად რომ განსხვავდება მოსწავლეებისთვის ჩატარებული ყოველდღიური გაკვეთილებისაგან (მოსწავლეებს ბუნებრივად უჩნდებათ შეკითხვა: რატომ სხვა დროსაც არ ატარებს მასწავლებელი „ასეთ გაკვეთილებს“?) და მისთ. აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამგვარი ქცევისკენ მასწავლებლებს სისტემამ და არასწორმა ბერკეტებმა უბიძგა.
მავანი აღშფოთდება მასწავლებელთა ამგვარ ქცევაზე, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მათ სხვა გზა არ დავუტოვეთ. ჩვენ ადვილად შეგვიძლია იმის გაგება, რომ თუკი ფიზიკურად დაუძლურებულ ადამიანს ვაიძულებთ ერთი პუნქტიდან მეორეში სირბილით მისვლას, მან შეიძლება მალულად სატრანსპორტო საშუალება გამოიყენოს.
ძნელი არ იქნება მიზეზის ახსნაც - ეს ადამიანი იძულებულია ითვალთმაქცოს, რადგან ვერ პოულობს თავის თავში სირბილისთვის საჭირო რესურსებს. მაგრამ ძალიან გვიჭირს იმის გაგება, რომ დაბალი თვითეფექტურობის განცდა თრგუნავს და ასუსტებს მასწავლებლის შინაგან ძალებს. იგი დათრგუნულია და საკუთარ თავში ვერ პოულობს საჭირო რესურსებს საქმიანობის გასაუმჯობესებლად თუ თვისობრივად გარდასაქმნელად.
რა უნდა ქნას სისტემამ დემოტივირებულ მასწავლებლებში მოტივაციის გასაზრდელად?
სისტემამ ყველა პირობა უნდა შეუქმნას ასეთ მასწავლებელს თვითეფექტურობის განცდის გასაზრდელად. როგორაა ეს შესაძლებელი? პირველ რიგში, დასჯა-წახალისების მექანიზმების მოხსნით, თვითეფექტურობის განცდის გაზრდაზე, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის ამაღლებაზე ორიენტირებული მხარდაჭერითა და დახმარებით (როგორც მოსწავლე დათოს შემთხვევაში), რაც გამოათავისუფლებს და „გამოშლის“ დათრგუნულ ენერგიებს. დასჯა-წახალისების მექანიზმების ნაცვლად მხარდაჭერისა და კონტრუქციული თანამშრომლობითი გარემოს შეთავაზება რადიკალურად შეცვლის სიტუაციას და უამრავ, თითქოს „უპერსპექტივო“ მასწავლებელს გაუხსნის განვითარების პერსპექტივებს. ნებისმიერ მასწავლებელს, რომელსაც აქვს მოზარდების სიყვარული, შეუძლია გახდეს წარმატებული მასწავლებელი. მთავარი მოზარდის სიყვარულია.
წამყვან ბერკეტებად დასჯა-დაჯილდოების მექანიზმების ამოქმედება სისტემაში, სადაც განათლების ხარისხი დაბალ დონეზეა, ფატალურ შედეგებს იძლევა.
სკოლის მისია
სანამ ჩვენს სისტემაში მოქმედი ბერკეტების ფატალურ შედეგებს განვიხილავდეთ, მოდით, ჯერ გავიხსენოთ (ნადვილად დავიწყებული გვაქვს), რისთვის არსებობს სკოლა.
ვფიქრობთ, სასკოლო განათლების მარად აქტუალურ პროგრამას ილიაზე უკეთ ვერ ჩამოვაყალიბებთ:
სკოლამ ისე უნდა ამზადოს, რომ კაცს
- ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს ქვეყნის სასარგებლოდ ყოფნისა
- ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს, პატიოსანი რამ საგანი იქონიოს ცხოვრებისა
- ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს, ყოველ ამისათვის მოიპოვოს შესაფერი სწავლა-ცოდნა“.
ღონე, ხერხი და წყურვილი ანუ, თანამედროვე საგანმანათლებლო ენით, უნარი, სწავლის სტრატეგია (სწავლის სწავლა) და შინაგანი მოტივაცია. როგორ არის შესაძლებელი, რომ სკოლამ მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ქვეყნის სასარგებლო ადამიანად ყოფნის მოტივაცია, უნარი და სტრატეგიები?
პირველ რიგში, სკოლა მოზარდს უნდა სთავაზობდეს მზრუნველ, ჯანსაღ, კონსტრუქციულ გარემოს, რომელშიც მოსწავლეს უხვად ექნება თავდადების, უანგარობის, მოქალაქეობრივი შეგნების, სასკოლო თემსა და გარემოზე ზრუნვის, საქმისადმი ერთგულების, ურთიერთპატივისცემისა თუ თანადგომის ცოცხალი მაგალითები. ყველასთვის ცნობილია, რა ძალა აქვს ცოცხალ მაგალითს ნორჩი და მრგძნობიარე არსების პიროვნული ჩამოყალიბების პროცესზე, როგორ წარუშლელ კვალს ტოვებს მის სულსა და გულზე ავიც და კარგიც.
ეს შეადგენს სკოლის ე.წ. „ფარული კურიკულუმის“ ნაწილს. როგორც ცნობილია, სკოლაში მოქმედებს ქაღალდზე დაწერილი ოფიციალური კურიკულუმი და „ფარული კურიკულუმი“ - დაუწერელი კანონები. სოციალოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მოსწავლის ჩამოყალიბების პროცესზე ფარული კურიკულუმი გაცილებით უფრო ძლიერ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე ოფიციალური კურიკულუმი.
ამდენად, თუ გვინდა, მართლაც გავზარდოთ „ქვეყნის სასარგებლოდ ყოფნის“ სურვილისა და შესაძლებლობების მქონე მოქალაქე, პირველ რიგში, სასკოლო კულტურას უნდა მივხედოთ, აუცილებელია, ხელი შევუწყოთ სკოლებში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც მოსწავლეს გაუღვივებს სკოლისა და სასკოლო თემის მიმართ პატივისცემას და, რაც მთავარია, გაუჩენს მას სასკოლო საზოგადოებისადმი მიკუთვნილობის განცდა, ბუნებრივად აღუძრავს სურვილს, იყოს ამ საზოგადოების ცხოვრებისა და საქმიანობის აქტიური თანამონაწილე.
ემოციურად, ფსიქიკურად, ზნეობრივად მრთელი, ჯანსაღი პიროვნებისა და პატრიოტი მოქალაქის ჩამოყალიბებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ მოზარდი სასკოლო საზოგადოების სრულფასოვან წევრად გრძნობდეს თავს, იღებდეს ამ საზოგადოების განვითარების პროცესებსა და კეთილდღეობის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას (თუნდაც, სკოლის ეზოში მცენარის დარგვა-მოვლით), და გრძნობდეს, რომ ეს საზოგადოება მას პატივს ცემს, აღიარებს და აფასებს. მოზარდების იდენტობას ხომ მათი სხვადასხვა ჯგუფისადმი (ოჯახი, კლასი, სასკოლო თემი, სამეგობრო და სხვა) მიკუთვნილობა ასაზრდოებს და აყალიბებს. მათი ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, აღიარებულნი და დაფასებულნი იყვნენ ამ ჯგუფების მიერ. აქ მარხია მომავალი ღირსეული მოქალაქის აღზრდა-ჩამოყალიბების საიდუმლო (და არა გამოცდების ჩაბარებაში).
მეორე: სკოლა უნდა იქცეს მოსწავლეთა ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ძალების გაშლა-განვითარების სარბიელად.
სკოლაში შესვლისას ბავშვებს სწავლის მაღალი მოტივაცია აქვთ და წარმატების მაღალი მოლოდინები. შინაგანი ზრდის, ცოდნის შეძენის ძლიერი წყურვილი, ყველა ბავშვის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს.
კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ჩატარებული ყველა კვლევა, რომელიც კი მოტივაციის პრობლემატიკას შეისწავლის, ადასტურებს, რომ სკოლაში სწავლის მოტივაცია მცირდება არა „სიზარმაცის“ ან ინტერესის არქონის გამო, არამედ იმის გამო, რომ კლასიდან კლასში გადასვლის პარალელურად, მოზარდები ეტაპობრივად კარგავენ თვითრწმენას, თვითეფექტურობის განცდას - წარუმატებლობები, განსჯითი დამოკიდებულებები, სხვებთან შედარება, შფოთვა, გადაულახავი სირთულეები უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ თვითრწმენასა და თვითეფექტურობაზე. სკოლაში მოსწავლე ითრგუნება და კარგავს სწავლის მოტივაციას, იგი ვეღარ ახერხებს შინაგანი ძალების რეალიზებას.
ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ გაუშლელი შინაგანი ძალები სერიოზულ ზიანს აყენებს მოზარდის ფსიკიკას, მისი ჯანსაღ, სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს.
ამიტომ სკოლა უნდა იქცეს ისეთ სააღმზრდელო გარემოდ, სადაც მოზარდი „ზრდას“ შეძლებს, სადაც სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს მოზარდების ძალების განვითარებაზე ზრუნვა გააერთიანებს, სადაც ყველა განვითარებისა და ცოდნის კონსტრუირების პროცესით იქნება დაკავებული და დაინტერესბული; ისეთ ადგილად, სადაც თითოეული მოსწავლე დარწმუნდება, რომ მასწავლებლის პრიორიტეტია მოსწავლეების არა განსჯა, არამედ თანადგომა ცოდნის აგების პროცესში. ეს შედეგად იმას იძლევა, რომ სწავლის პროცესისგან მოსწავლე სიამოვნებას იღებს - ის ხომ ამგვარად ზრდის ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს.
მისი შინაგანი „სამოქმედოდ აღძრული“ ძალები, როგორც ამბობს დიმიტრი უზნაძე, რეალიზებას ესწრაფვის და ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება მისთვის სისავსის, სიხარულის, ბედნიერების განცდის მომტანია.
ეს არის აგრესიების, სკოლებში დამკვიდრებული ძალადობების დაძლევის გზა. ამ შედეგს ნამდვილად დავინახავთ ყველა მოსწავლეში, თუკი მოვახერხებთ, დავარწმუნოთ თითოეული მათგანი საკუთარ შესაძლებლობში, ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებში.
შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების პროცესი სხვა მხრივაც იძლევა მნიშვნელოვან შედეგს: შინაგანად გააქტიურებული მოსწავლე ღრმად ითვისებს ცოდნას და მის კოგნიტიურ სისტემაში მყარი საძირკველი იქმნება ცოდნის ნაგებობის ასაგებად და, რაც მთავარია, ის სწავლობს სწავლას, ანუ სწავლის სტრატეგიებს - იძენს ხარისხიანი, საფუძვლიანი ცოდნის კონსტრუირების სტრატეგიებს.
ამგვარად, ჯანსაღი, მზრუნველი, კონტრუქციული სასკოლო კულტურა, რომელიც სკოლას მოზარდების ინტელექტუალური, ემოციური, სოციალური, ფიზიკური ძალების გაშლა-განითარების სარბიელად გადააქცევს - აი, ის ფუნდამენტური პირობა მრთელი, მოაზროვნე და პატრიოტი მოზარდების აღსაზრდელად. საგანმანათლებლო სისტემის ბერკეტები სკოლებში ამგვარი გარემოს ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს.
სწორედ ამ გზით შეძლებს სკოლა მოამზადოს მოსწავლე იმისთვის, რომ „ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს, მოიპოვოს შესაფერი სწავლა-ცოდნა“ პირადი და საზოგადოებრივი კეთილდღეობის შესაქმნელად.
სკოლის ეს უძირითადესი და უმთავრესი მისია დავიწყებული გვაქვს დღეს ყველას: განათლების ექსპერტებს, მასწავლებლებს, მშობლებს, დირექტორებს, სამინისტროს თანამშრომლებს, პოლიტიკოსებს (ყოველშემთხვევაშისაქმეში ეს არ ვლინდება) - მთელი სისტემა და ფართო საზოგადოებაც მოიცვა კრედიტქულების მოპოვების, სერტიფიცირებისა თუ გამოცდების ჩაბარების ისტერიამ, სავალალო სტატისტიკური მონაცემების თვლამ.
ლირიკული გადახვევის სახით, ერთ გამონათქვამს შემოგთავაზებთ: „თევზმა თქვა, ყველა ზღვაზე მელაპარაკება და მე არ ვიცი, ეს ზღვა სად არისო“. მართლაც, თევზს არ აქვს იმის უნარი, რომ გაემიჯნოს, გვერდიდან შეხედოს ზღვას და შეაფასოს იგი.
ზუსტად ასე, მაღალი ტრიბუნებიდან მწუხარე და თანაგრძნობით სავსე სახეებით რომ გვამცნობენ ხოლმე მართლაც სევდისმომგვრელ სტატისტიკურ მონაცემებს, ვერ ხვდებიან, რომ ამ წარუმატებელი შედეგების მთავარი წყარო მათი სტატისტიკების „მაწარმოებელი“ ინსტრუმენტებია.
თუ გვსურს სიტუაციის გაუმჯობესება, საგანმანათლებელო ფილოსოფია უნდა შევიცვალოთ და შესაბამისი ინტრუმენტები შევქმნათ.
ჩვენი არაეფექტური ბერკეტების ფატალური შედეგები
როცა იქმნებოდა ეს ოთხი ბერკეტი, სახელდობრ: „პროფესიული განვითარების სქემა“, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, საატესტატო გამოცდები“, „ერთიანი ეროვნული გამოცდები“, არსებობდა გულუბრყვილო მოლოდინი, რომ გარეზეწოლის შედეგად გაჩნდებოდა შინაგანი მოტივაცია და მზადყოფნა ხარისხის გასაუმჯობესებლად. მაგრამ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ სტრატეგიებმა განათლების სისტემის „ჩარხი“ უკუღმა დაატრიალა და ფატალური შედეგები გამოიღო: როგორც ქვემოთ ვნახავთ, სასკოლო კულტურამ დეგრადირება განიცადა, სკოლა კი - მოსწავლეთა ზრდა-განვითარების სარბიელად კი არა, არსებობისთვის ბრძოლის ასპარეზად იქცა. განათლების სისტემა მთლიანად ასცდა იმ მიზანს, რომლისთვისაც არის შექმნილი - ვგულისხმობთ მოზარდების აღზრდასა და ზრდა-განვითარებაზე ზრუნვას.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესების მოლოდინი თითქოს სადღაც გაქრა. თითო-ოროლა სპეციალისტის გარდა, აღარავინ სვამს შეკითხვას: რატომ არ უმჯობესდება განათლების ხარისხი? განათლების ხარისხი გაუთვითცნობიერებლად გაიგივდა „ჯილდოს“ მოპოვებასთან (იქნება ეს სასერტიფიკაციო, საატესტატო, ეროვნული ერთიანი გამოცდების წარმატებით ჩაბარება თუ კრედიქულების და სტატუსების მოპოვება)და საზოგადოება დიდ-პატარიანად ბრმად ჩაება „ჯილდოების“ მოპოვების მღელვარე ფერხულში.
ამ მექანიზმებმა, საგანმანათლებლო მიზნების ნაცვლად, სამომხმარებლო მიზნებს მისცა ფართო გასაქანი, რამაც სასკოლო კულტურის, სასკოლო სააღზრდელო გარემოს დეგრადირების პროცესიც გაღრმავა. ესაა ყველაზე ფატალური შედეგია.
საქმე ისაა, რომ ჩვენი სკოლების იმთავითვე დემოტივირებული, დემორალიზებული და გადატვირთული მასწავლებლების მდგომარეობა სქემის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა. დაბალი თვითეფექტურობის განცდის მქონე მასწავლებლებში (ასეთია დიდი უმრავლეობა) ამ ახალ ვალდებულებათა გაჩენამ გაზარდა სტრესი და შფოთვა, რასაც განაპირობებს მოსალოდნელი განსჯის, მარცხის, წარუმატებლობის, დასჯის შიში, ან დამარცხების გამოცდილება დადამცირებული მდგომარეობა, უნდობლობა საზოგადოების მხრიდან.
სწავლა-სწავლება მათთვის კიდევ უფრო უსიამოვნო, უსიხარულო პროცესად იქცა. „კარიერული ზრდისა და წინსვლისთვის“ განხორციელებულ აქტივობებს უსიხარულობის, მობეზრებულობის, ზერელობის, უენერგიობის ისეთივე კვალი ატყვია, როგორიც ჰქონდა მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებსა თუ სხვა საქმიანობებს სქემამდეც.
შევსებული თვითშეფასების სქემები, შედგენილი სილაბუსები, თემატური გეგმები თუ სხვა პროდუქტები, რომლებიც მათი კვალიფიკაციის ასამაღლებადაა სავალდებულოდ მოთხოვნილი, რუტინულ-ადმინისტრაციულ, სრულიად ფორმალურ, „ვალმოსახდელ“ საქმიანობებადაა ქცეული, რომლებსაც არავითარიკავშირი არა აქვს მოზარდის აღზრდა-განვითარების ცოცხალ პროცესებთან.
კიდევ დავაზუსტებთ: აქ ჩვენ არ არ ვგულისხმობთ მაღალი მოტივაციის მქონე მასწავლებლებს, უპრობლემოდ რომ იღებენ სქემის ნებისმიერ გამოწვევას.
მაგრამ გამოდის ისე, რომ სქემა „მუშაობს“ მხოლოდ ამ ისედაც მოტივირებული მასწავლებლებისთვის, რომელთა რაოდენობა, სამწუხაროდ, თითებზეა ჩამოსათვლელი..
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სქემით მოთხოვნილ აქტივობათაგან ზოგიერთი ძალიან კარგია და მათი სასკოლო პრაქტიკაში დანერგვა მართლაც საშური საქმეა.
მაგრამ საგანმანათლებლო აქტივობა მცენარეს ჰგავს: მან რომ გაიხაროს და ნაყოფი გამოიღოს ნიადაგი სჭირდება.
ეს ნიადაგი მასწავლებლისა და მოსწავლის შინაგანი მოტივაციაა. ამ ნიადაგის გარეშე შესრულებული აქტივობა ემსგავსება ხელოვნურად შეკოწიწებულ მცენარეს, რომელიც ნაყოფს ვერ გამოიღებს და სწრაფადვე დაჭკნება.
განათლებაში ზეწოლით გაკეთებული საქმე ხარისხიანი ვერ იქნება. საქმე ისაა, რომ როცა ქცევის მამოძრავებელი ძალა მხოლოდ „დასჯის“ არიდება და „ჯილდოს“ მოპოვებაა, ანუ წაყენებული მოთხოვნის შესრულება, მაშინ ეს ქცევა გადადის უფრო დაბალი რანგის ქცევათა კატეგორიაში, რომლებსაც დიმიტრი უზნაძე მოხმარებით ქცევებს უწოდებს.
ამ ჯგუფში შემავალი ქცევითი აქტები, ისევე როგორც ყველაფერი, რასაც ეს ქცევითი აქტები ქმნიან ან იძლევიან, მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთანავე კარგავენ თავიანთ ღირებულებას და მნიშვნელობას.
ამით აიხსნება იმ მასწავლებლის ქცევა, რომელიც „კარგ“ გაკვეთილს მხოლოდ მაშინ ატარებს, როცა მას შესაფასებლად ესწრებიან. დაკმაყოფილდება თუ არა მისი სამომხმარებლო მოთხოვნილება - შეფასების მიღება, „კარგი“ გაკვეთილის ჩატარება მაშინვე წარსულს ჩაბარდება, დაკარგავს აქტუალობასა და მნიშვნელობას. ასეთი სამომხმარებლო დამოკიდებულება მთლიანად აუფასურებს ნებისმიერ საგანმანათლებლო აქტივობას.
ის მასწავლებელი, რომელიც თვითშეფასების კითხვარს ავსებს კრედიტისთვის და არა თვითგანვითარებისთვის, სრულიად ფორმალურად „აფასებს“ საკუთარ ქმედებებს. ამას არაფერი აქვს საერთო კვალიფიკაციის ამაღლებასთან.
ის მასწავლებელი, რომელიც სერტიფიკატისთვის აბარებს გამოცდას, იღებს ზედაპირულ ცოდნას, რომელიც ვერ ინტეგრირდება ცნობიერების ღრმა შრეებში და უცხო სხეულად რჩება. ეს გამოუყენებელი, მკვდრადშობილი ცოდნაა, რომელსაც არ აქვს გარდამქმნელი ძალა.
მას არაფერი აქვს ორგანულად შეთვისებულ, დინამიკურ, გენერაციულ ცოდნასთან. ამის დასადასტურებლად, ალბათ, ის ფაქტიც კმარა, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობის ზრდას (დღესდღეისობით 18 000-მდე სერტიფიცირებული მასწავლებელი გვყავს) რაიმე შესამჩნევი ძვრები არ მოჰყოლია. სისტემა ისევ ისეთ სტაგნაციაშია.
იგივე შეიძლება ითქვას მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ „გამოცდისთვის“ და არა ზრდა-განვითარებისთვის (ანუ შინაგანი მოტივაციით): ცოდნას ისინიც იქვე, გამოცდაზე ტოვებენ. ესეც ფრაგმენტიზებული, დაქუცმაცებული ინფორმაციის ინერტული, უნაყოფო გროვებია, რომელთა „წარმოებას“ შინაგანი ძალების ზრდა-განვითარებასთან არაფერი აქვს საერთო. ესეც გამოუყენებელი ცოდნაა, რომელიც უცხო სხეულად რჩება. მაგრამ რა ვქნათ ?! - მოსწავლეს ქულა უნდა, რადგანაც მისი ბედი წყდება, ეს ქულა უნდა მშობელსაც, რადგანაც მისი ბედიც წყდება; ეს ქულა უნდა მასწავლებელსაც, დირექტორსაც, რადგანაც ეს მათ იმიჯს ეხება, ეს ქულა უნდა რეპეტიტორსაც, რადგანაც ეს მისი შემოსავლის წყაროა (სხვათა შორის, მშობლების მიერ შვილების ამგვარი „მომზადებისთვის“ გაღებული წლიური დანახარჯი დაახლოებით 100 მილიონ ლარს შეადგენს).
აქ ყველას ერთი საზრუნავი აერთიანებს: მოსწავლის თავის მაქსიმალურად ავსება ინფორმაციის რაც შეიძლება დიდი გროვით! ვინმე ფიქრობს აქ მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებაზე? არაფერი შეცვლილა, ასე იყო ილიას დროსაც და დღემდე ასეა:
„ესეთი ყოფა და მიმართულება ეხლანდელის სკოლისა ერთი უსაშინელესი და უდიდესი ცდომაა ადამიანის ყოველ სხვათა ცდომათა შორის. ყმაწვილის ნორჩს გონებას ვტვირთავთ, საბარგულედა ვხდით რიცხვით აუარებელ და მრავალფერ ცოდნისათვის, იმისდა გამოურკვევლად თუ, რა აზრით ვშვრებით ამას. . . . . ზნე-ხასიათის წვრთნა ერთი უდიდესი, უაღრესი საგანია სკოლისა, რადგანაც გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველ-გვარის წვრთნისა, ზრდისა და განათლებისა“.
ვისაც ჰგონია, რომ სტანდარტიზებული გამოცდა რაიმე ღირებულ ცოდნას იძლევა, მათ შევახსენებ: კოგნიტურმა მეცნიერებამ აზროვნების შესახებ შეხედულების გადახედვისას აღმოაჩინა, რომ თავი არ არის საუკეთესო ადგილი ყველა ინფორმაციის შესანახად. ეს შეხედულება სრულიად ხელოვნურია.
სკოლის გარეთ მოღვაწე ადამიანი, თუნდაც ის მეცნიერი იყოს, აზროვნებისა თუმეცნიერული საქმიანობის დროს იყენებს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს და სხვადასხვა ინსტრუმენტს. ამ განსხვავების საჩვენებლად ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დავიდ პერკინსი იყენებს ტერმინებს „პერსონა სოლო“ და „პერსონა პლუს“. პერსონა პლუს არის ადამიანი საგამოცდო ოთახის კედლებს გარეთ. ამ კონტექსტში მისი ინტელექტი განაწილებულია სოციალურად, ფიზიკურად თუ სიმბოლურად, ანუ იგი განაწილებული ინტელექტით საქმიანობს და მოღვაწეობს. მაგ., მეცნიერი მეცნიერული მოღვაწეობისას ინფორმაციას იღებს და იდეებს ავითარებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობით (სოციალურად განაწილებული ინტელექტი), იყენებს სხვა წიგნებს, საკუთარ ბლოკნოტს, კომპიუტერს, ინტერნეტს, ენციკლოპედიებს, ლექსიკონებს (ფიზიკურად განაწილებული ინტელექტი) და იყენებს სიმბოლოთა სისტემებს (სპეციალიზებული დარგობრივი ენა, დიაგრამები, ნუმერაცია, სქემები, წერითი მეტყველება, ზეპირი მეტყველება და სხვ. (სიმბოლურად განაწილებული ინტელექტი).
ინტელექტი ყველაზე ნაყოფიერი მაშინაა, როცა ის განაწილებულია. მეცნიერი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ძლიერი და მჭიდრო ინტერაქცია აქვს განაწილებული ინტელექტის ცალკეულ კომპონენტებს შორის, ანუ ძლიერი მოაზროვნე და მოღვაწე ის კი არ არის, ვისაც თავში აქვს ყველა ინფორმაცია, არამედ ის, ვისაც აქვს ამ განაწილებული ინტელექტის მართვის ძლიერი სტრატეგიები.
რა შეიძლება ითქვას ტესტირებაზე ამ გადასახედიდან? რა შეიძლება ითქვას სრულიად იზოლირებულ ინდივიდზე, რომელიც მოწყვეტილია ყველანაირ რესურსს და საკუთარ მეხსიერებაზე ძალადობით უნდა გაიხსენოს სხვადასხვა ფრაგმენტიზებული კონკრეტული ინფორმაცია (და თუ ვერ გაიხსენებს, გზაც უნდა გადაეკეტოს)?. ვის შეუძლია თავისთავზე აიღოს იმის პასუხისმგებლობა,რომ ინტელექტუალური განვითარების განაჩენი გამოუტანოს ყმაწვილებს ტესტირებით? - ტესტირებით, რომელიც თავისი შეზღუდული შესაძლებლობების გამო მხოლოდ ცალმხრივად აფასებს ინდივიდებს და ვერ განჭვრეტს გონებრივი რესურსების შესაძლებლობებს ამგვარი განაჩენის გამოტანა მხოლოდ საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შეუძლია.
დასაბამიდან დღემდე სამყაროს ქმნის და ამოძრავებს პერსონა პლუს. ჩვენს შვილებს, პირველ რიგში, უნდა ვასწავლიდეთ განაწილებული ინტელექტის მართვასა და ეფექტიან გამოყენებას, რაც მოითხოვს ცნებითი აზროვნების განვითარებას ზეჭარბ, მრავალგვარ და მრავალსახოვან რესურსებში გააზრებულად ორიენტირებისათვის.
„პერსონა სოლო“ - ეს არის ხელოვნური გამონაგონი, უნაყოფო, არაფრის შემქმნელი, არაფრის მომტანი. შესაბამისად, პერსონა სოლოს მზომელი სინამდვილეში არაფრის მზომელი არ არის. აი, ეს არის ტესტირება - სულიერად და ინტელექტუალურად მკვდრადშობილი გამონაგონი. დასჯა-დაჯილდოებს ფილოსოფიაზე დაფუძნებულ შეფასების ამ უნაყოფო ინსტრუმენტებში ყოველწლიურად მილიონობით ლარი გამოიყოფა სახელწიფო ბიუჯეტიდან.
მავანი იფიქრებს, რომ ჩვენ შეფასების წინააღმდეგი ვართ. მაგრამ ეს ასე არაა: ჩვენ შეფასების კი არა, იმ ფილოსოფიის, განათლების იმ საზიანო კონცეფციის წინააღმდეგი ვართ, რომელსაც შეფასების ეს ინტრუმენტები უდევს საფუძვლად. რა თქმა უნდა, შეფასების პროცესი სწავლა-სწავლების პროცესის თანამდევი უნდა იყოს; რა თქმა უნდა, სწავლის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს; რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მიდის სწავლის პროცესი თითოეული სკოლის თითოეულ კლასში, მაგრამ არა დასჯა-დაჯილდოების მიზნით, არამედ მხარდაჭერის მიზნით. სწორედ მხარდაჭერაზე ორიენტირებული შეფასება უნდა იქცეს ხარისხის ამაღლების ერთ-ერთ წამყვან ბერკეტად. მხოლოდ ასეთ ინსტრუმენტში დახარჯული ბიუჯეტი გამოიღებს შედეგს.
დავუბრუნდეთ სკოლას. როგორც ზემოთ ვნახეთ, სქემა სასკოლო -სააღზრდელო გარემოს დეგრადირების პროცესს უწყობს ხელს. მასწავლებლები და დირექცია, მოსწავლეებზე კი არა, მთლიანად გარედან მოსულ უამრავ მოთხოვნათა შესრულებაზე არიან ორიენტირებულნი „კარიერული ზრდისა და წინსვლისათვის“.
მართალია, ეს ყველაფერი მოსწავლისთვის გაკეთდა, ანუ იმისთვის, რომ მას უკეთესი განათლება მივცეთ, მაგრამ, სინამდვილეში, მოსწავლისთვის არავის სცალია. ისედაც გადატვირთულ მასწავლებლებს, უამრავი სხვა საზრუნავი გაუჩნდათ კრედიტქულების მოსაპოვებლად, იქნება ეს ტრენინგებსა თუ სხვა ღონისძიებებზე სიარული, თვითშეფასება, გაკვეთილების გეგმის წერა, სამოდელო გაკვეთილების ჩატარება, კვლევებსა და პროექტებში მონაწილეობა, კრედიტების თვლა თუ სხვ. ძალაუნებურად ისე გამოდის, რომ მოსწავლეები კრედიტების მოპოვების საშუალებად გადაიქცნენ - ანუ მიზანი საშუალებად იქცა, ხოლო საშუალება - მიზნად.
ამგვარ სააღმზრდელო გარემოში, სადაც ყველა საკუთარი თავის გადარჩენითაა დაკავებული, რა უნდა ისწავლონ საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა მოზარდებმა? რას უნდა სცენს პატივი? რა უნდა შეიყვარონ? რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეთ?
ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რომ ასეთ პირობებში მოსწავლეებს ვერაფრით გაუღვივდებათ სკოლისადმი მიკუთვნილობის განცდა, სკოლისა ან სასკოლო თემზე ზრუნვის სურვილი, ცოდნის შეძენის სურვილი და სწავლის მოტივაცია.
სკოლა და სასკოლო გარემო ვერ ქმნის სარბიელს მოზარდთა ძალების ზრდა-განვითარებისთვის, მოზარდის შინაგანი რესურსები თუ ძალები აუთვისებელია და დათრგუნული რჩება. მათ არ ეძლევათ თავიანთი ფუნდამენტური მოთხოვნილებებისა და მისწრაფებების რეალიზების საშუალება.
ბუნებრივია, სისავსის და სილაღის განცდის ნაცვლად, ამ მოსწავლეებს ეუფლებათ შფოთვის, მოუსვენრობის, გაღიზიანების, უსაგნობის განცდა. დაგუბებული, არარეალიზებული შინაგანი ძალები იწვევს არასრულფასოვნების განცდას, რომელიც ხდება დეპრესიული აშლილობების ან აგრესიული განწყობილებების საფუძველი.
ამ პრობლემებთან გამკლავება მოსწავლეებს მარტო უწევთ. მათი ნაწილი მოძალადედ ყალიბდება და ჯუნგლის კანონებს აწესებს - ჩამოუქნელი, დაუხვეწავი, დაუმუშავებელი ძალები გაუხეშებული, მბორგავი ენერგიების სახით ჰპოვებს გამოსავალს; ნაწილი მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ ახერხებს თავის დაძვრენას; ნაწილი კი მდუმარედ იტანს მოძალადეთა აუტანელ ჩაგვრას, შეურაცხყოფას, დამცირებას და ამის ფონზე სხვადასხვა სიმძიმის ემოციური აშლილობები უყალიბდება.
მათი გასაჭირი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა ძალადობა ღიად იფეთქებს და სისხლი იღვრება. ათიათასობით ასეთი მოსწავლე იტანჯება ყოველდღიურად, აი, ახლაც, როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ . . . . სად არის ამ მოზარდების საშველი? მორღვეული სასკოლო კულტურა (და ვინ იცის, როგორი საოჯახო კულტურა!) შობს არარეალიზებულ მოზარდებს, რომელთა შინაგანი ძალები დათრგუნულია.
ესაა სათავე ყველანაირი უბედურების და მანკიერებისა, იქნება ეს აგრესიულობა, უზრდელობა, უსაგნობა, დანაშაულებრივი მოქმედებები, ძალმომრეობა, ემოციური აშლილოვა თუ სხვა. სასკოლო კულტურის, სასკოლო გარემოს გაჯანსაღება უპირველესი ამოცანაა, მაგრამ მას ვერაფერს ვუშველით, სანამ სისტემაში წამყვან მექანიზმებად დასჯა-დაჯილდოების ბიჰევიორისტული მექანიზმები მოქმედებს, სანამ გვაქვს ილუზია და გულუბრყვილო წარმოდგენა, რომ გარე ზეწოლით, მოთხოვნათა წყებების წაყენებით გავზრდით და განვავითარებთ სასკოლო საზოგადოებას.
ამ ბერკეტების ფუნქციონირებისთვის წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დაიხარჯა. თუ კვლავ შევინარჩუნებთ მათ, გაათმაგებული ბიუჯეტის დაბანდებაც ვერაფერს უშველის.
გამოსავალი
არის კი გამოსავალი ამ მძიმე მდგომარეობიდან? დიახ, არის! არის და თანაც ისეთი, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფად გამოასწორებს მდგომარეობას, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
როგორც ონტარიოს უნივერსიტეტის პროფესორი, მაიკლ ფულანი ამბობს, ამისთვის საჭიროა უენერგიო ბერკეტების ნაცვლად ისეთი ბერკეტების ამოქმედება, რომლებიც თითოეულ მასწავლებელში გამოაღვიძებს და თანდათან გააძლიერებს შინაგან მოტივაციას - სისტემის მაშტაბურიცვლილებებისამ წამყვან მამოძრავებელ ძალას.
მაიკლ ფულანმა, მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებულმა ავტორიტეტმა და საგანმანათებლო რეფორმებში ძალიან დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტმა, დაწერა უმნიშვნელოვანესი (სულ 20-გვერდიანი) ნაშრომი - „უვარგისი ბერკეტების შერჩევა მთლიანი სისტემის რეფორმებისთვის“ (Choosing the wrong driversfor whole system reform, Centre for Strategic Education Seminar Series, Paper No. 204, May 2011), რომელიც უაღრესად საგულისხმოა საგანმანათლებლო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიმღებთათვის. ამ ნაშრომში ფულანმა აჩვენა ის ფატალური და ტიპობრივი შეცდომები, რომლებსაც სისტემატურად უშვებენ სხვადასხვა ქვეყანაში განათლების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები. ფატალური შეცდომა ეხება განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით შერჩეულ ბერკეტებს, რომლებიც გაუმჯებესების ნაცვლად, სისტემის ხანგრძლივ სტაგნაციასა და რეგრესს განაპირობებს. სამწუხაროდ, არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი.
ფულანის მიხედვით, განათლების ხარისხის რეალურად გამაუმჯობესებელი ეფექტური ბერკეტები 4 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კრიტერიუმებია:
- მასწავლებლებისადამოსწავლეების 100%-ის დაფარვა;
- გუნდური მუშაობის გაძლიერება;
- მოსწავლისა და მასწავლებლის შინაგანი მოტივაციის გაძლიერება;
- მოსწავლისა და მასწავლებლის მოქცევ ასწავლა-სწავლების გაუმჯობესების უწყვეტ „ნაკადში“
თუ რატომ უნდა მოიცვას რეფორმამ 100%, ვფიქრობ, ეს ყველასათვის ნათელია: ერთი მხრივ, ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მეორე მხრივ კი, უნდა გვახსოვდეს შემდეგი: ცალკეული წარმატებული პიროვნება ვერ შექმნის საზოგადოებრივ კეთილდღეობას, ამისათვის აუცილებელია მთლიანი საზოგადოების მოქალაქეობრივი და სახალმწიფოებრივი შეგნების ამაღლება, ანუ მთლიანი თაობის ფორმირება.
რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს: კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლებში ურთიერთთანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბება მკვეთრად აუმჯობესებს სწავლისა და სწავლების შედეგებს, ხოლო წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა ურთიერთნდობაზე დაფუძნებული გუნდური თანამშრომლობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლობა სრულიად ფორმალურ ხასიათს იღებს და ნაყოფს ვერ იძლევა. განათლების იმ სისტემებში, სადაც ჯილდოვდებიან წარმატებული მასწავლებლები და „ისჯებიან“ წარუმატებელი მასწავლებლები, თანამშრომლობის კულტურა მორღვეულია.
წარმატებული მასწავლებლები სულ უფრო მეტად ძლიერდებიან, ხოლო წარუმატებელი მასწავლებლები სულ უფრო მეტად სუსტდებიან და ამრავლებენ წარუმატებელი მოსწავლეების რაოდენობას. მართლაც, ორი თანაბარი დონის (მაგ., 50-ქულიანი შეფასების მქონე) მოსწავლიდან აკადემიურ მიღწევას გააუმჯობესებს მხოლოდ ის მოსწავლე, რომელიც წარმატებულ მასწავლებელთან მოხვდება; წარუმატებელ მასწავლებელთან მოხვედრილი მოსწავლე კი გააუარესებს მიღწევის მაჩვენებლებს და შესაძლოა სავალდებულო მინიმალური ზღვარის ქვემოთაც კი აღმოჩნდეს.
როდესაც ერთმანეთს შეადარეს სკოლები, სადაც აქცენტი წარმატებული მასწავლებლების ინდივიდუალურ-ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე კეთდება, და სკოლები, სადაც ინტენსიურად გამოიყენება სოციალური კაპიტალი, ანუ თანამშრომლობითი კავშირები სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის, შეუდარებლად უკეთესი შედეგები გამოიკვეთა იმ სკოლებში, სადაც სოციალური კაპიტალია წამყვანი. ასეთ სკოლებში სუსტი მასწავლებლები ეტაპობრივად ძლიერდებიან და კარგ შედეგებს აჩვენებენ - ისინი უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ თავს, ხოლო ერთობლივი პრაქტიკები და ყოველდღიური თანადგომა საშუალებას აძლევს მათ, თანდათანობით აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამას გარდა, სოციალურ კაპიტალზე ორიენტაციის შემთხვევაში თავად წარმატებული მასწავლებლებიც რეალურად უფრო უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ინდივიდუალურ-ადამიანურ კაპიტალზე ორიენტირებული სკოლების წარმატებული მასწავლებლები.
ფულანის მითითებით, წარმატებული საგანმანათლებლო სისტემები ირჩევენ ისეთ ბერკეტებს, რომლებიც სკოლებში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებასა და სოციალური კაპიტალის განვითარებას უწყობს ხელს. მათთვის დაუშვებელია ინდივიდუალურ-ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ორიენტირებული დასჯა-წახალისების მექანიზმების გამოყენება, რადგანაც ამგვარი მექანიზმები ამრავლებს დემოტივირებულ, წარუმატებელ მასწავლებლებს და, შესაბამისად, ზრდის წარუმატებელი მოსწავლეების რაოდენობას.
მესამე და მეოთხე კრიტერიუმი გამოკვეთს შინაგანი მოტივაციის მნიშვნელობას, რაზეც ზემოთ დეტალურად ვისაუბრეთ.
განათლების სისტემის გარდაქმნა მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი მოტივაციის გაზრდაზე ორიენტირებულ ბერკეტებს შეუძლია, ბერკეტებს, რომლებიც შექმნის პირობებს იმისთვის, რომ თითოეულ სკოლა, როგორც ერთიანი, შეკრული, კონსტრუქციული, მზარდი და მზრუნველი საზოგადოება საკუთარ ნიადაგზე, საკუთარი შინაგანი ძალებით აღმოცენდეს.
ასეთ ბერკეტებს წარმოადგენს:
- სოციალური კაპიტალის განვითარება და ამ გზით პროფესიული ცოდნის კონსტრუირება;
- სკოლის ყოველდღიური კულტურის შეცვლა სასკოლო კურიკულუმის განვითარების მხარდაჭერის გზით;
- თითოეული სკოლის, როგორც ერთიანი და უნიკალური მახასიათებლების მქონე ორგანიზმის მხარდასაჭერად მოქნილიინფრასტრუქტურებისშექმნა-განვითარება;
- შეფასების გამოყენება სკოლების მხარდაჭერისათვის: თითოეული სკოლის საჭიროებების დადგენა, იქ მიმდინარე წინსვლის პროცესის პერიოდულად გაზომვა საჭიროებებზე მორგებული დახმარებების აღმოსაჩენად; ინსტრუმენტის შექმნა ცალკეულ სკოლაში წინსვლის პროცესების გასაზომად.
ცხადია, ამ საკითხებს წინამდებარე სტატიის ფარგლებში ვერც გავშლით და ვერც გადავწყვეტთ. სტატიას ვერ ექნება და არც უნდა ჰქონდეს პოლიტიკის დოკუმენტის ფუნქცია. უბრალოდ, პოლიტიკის დოკუმენტების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, განვითარების პროგრამებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების შემუშავებისას (ჩვენი სისტემა ამგვარი დოკუმენტების სიმცირეს არასდროს უჩიოდა) აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ განათლების იმ პრინციპებით, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი ბერკეტები ეფუძნება, რათა ყოველი ახალი იდეა არ გადაიქცეს არასწორი ბერკეტების ამოქმედების საშუალებად.
ასე რომ, ამ ბერკეტებს უფრო საორიენტაციოდ ვიძლევით. მთავარია, გადაწყვეტილების მიმღებებს გააჩნდეთ არსებული ბერკეტების გამოცვლის პოლიტიკური ნება, ხოლო განათლების სპეციალისტებს - გაზიარებული კონცეპტუალური ხედვა და პედაგოგიკური პრინციპები, რათა სისტემაში განხორციელდეს ჰარმონიზებული, საერთო ხედვაზე დაფუძნებული ინტერვენციები. სამწუხაროდ, სისტემის სტრუქტურული ერთეულები კარჩაკეტილ საფეოდალოებს დაემსგავსნენ, სხვებთან შეუთანხმებლად რომ იღებენ გადაწყვეტი ებებს.
სტატიას დავასრულებთ დიმიტრი უზნაძის სიტყვებით, რომელიც განათლების არსისეულ პრინციპზე შეუთანხმებლობას მიიჩნევდა
„უმთავრეს ბოროტებად ... რომელიც იმთავითვე ამღვრევს დღევანდელი სკოლის აღმზრდელობითი ზეგავლენის ნაკადს და თავიდანვე უნაყოფობას ჰპირდება. ან კი როგორ შეიძლება რაიმე ნაყოფიერებაზე ლაპარაკი იქ, სადაც არავის არ ესმის თავისი ადგილი აღზრდის საერთო სისტემაში და ეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთი სისტემა არც კი არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ სისტემა გარკვეულ საფუძველს, ნათელ პრინციპს გულისხმობს, რომელიც მას მთლიანობის ხასიათს უნდა აძლევდეს. ყველა დამოუკიდებლად მოქმედებს, ყველა თავის გზას მისდევს და ამ გზებში არ არის ერთიანობა მიზნისა“.
მკითხველმა თავად განსაჯოს, შეინარჩუნა თუ არა ამ სიტყვებმა აქტუალობა.
ეროვნულსასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტი
თამარ ჯაყელი
[1] რამდენად სამწუხაროა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც განწყობის თეორია შეიქმნა, წამყვანი საგანმანათლებლო სტრატეგიები ეფუძნება მექანისტურ კონცეფციებს!
[2]წერილის ფორმატი გვაიძულებს, ცოტა გამარტივებულად, თუმცა არსისეული ასპექტების შენარჩუნებით, განვიხილოთ საკითხი. მით უფრო, რომ ეს წერილი გამიზნულია არა სპეცალისტებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის.