ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი რეჟისორი დარენ არანოვსკი რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკვე მოინახულა ყაზბეგი და ჭიათურა.
როგორც 1tv.ge წერს, არანოვსკი ჭიათურას კინემატოგრაფიულად საინტერესო ქალაქად მიიჩნევს.
„ბევრი რამ გამეგო ამ ქვეყნის სილამაზეზე, ახლა ვეთანხმები - ეს მართლაც გამორჩეული ქვეყანაა, დიდხანს ვფიქრობდი აქ ჩამოსვლაზე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ხანგრძლივი ტური ამეღო. დავიწყე თბილისიდან, ვიყავი საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილშიც, ეს სულისშემძვრელი ადგილია. გამოვარჩევდი სტუმართმოყვარეობას, ლანდშაფტს და ხედებს. ვფიქრობ, საქართველოში ისევ დავბრუნდები, შესაძლოა, პროფესიული კუთხითაც“, - განაცხადა დარენ არანოვსკიმ პრესკონფერენციაზე.
არანოვსკის სარეჟისორო დებიური 1998 წელს შედგა ფილმით „პი“. ის ასევე რეჟისორია ფილმების - „შავი გედი“, „ფანტანი“, „რექვიემი ოცნებაზე“, „დედა!“.