მსოფლიოს ყველაზე ღატაკი, ყველაზე ანტისანიტარიული, ყველაზე ანტიეკოლოგიური ქვეყნების რიგებში ჩამდგარი საქართველოს დღევანდელი ცხოვრება თითქოსდა ხელმძღვანელობს წიგნით „როგორ დავღუპოთ ბავშვები“. მითქვამს და ვიმეორებ: საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გამოხატული ანტიბავშვური ქვეყანა, თუნდაც იმიტომ, რომ იგი მკვეთრად ანტიეკოლოგიურია.
1987 წელს გამოვაქვეყნე წერილი ამ სათაურით. ვწერდი ერთი შვედი მწერლისა და პედაგოგის ელენ კეის წიგნის შესახებ, რომელსაც ასეთი სათაური აქვს:“ბავშვის საუკუნე“. ავტორის პათოსი ნამდვილი წუხილიდან არის ამოზრდილი და ნაწარმოებს აქცევს მოწოდებად ცივილიზებული საზოგადოებისადმი - გააცნობიეროს თავისი დანაშაული ბავშვის წინაშე. წიგნი, რომელიც მნიშვნელოვან ნამუშევრად შეემატა ევროპულ პედაგოგიურ ლიტერატურას, გერმანულად ითარგმნა 1902 წელს და სხვებთან ერთად რაინერ მარია რილკეს აღფრთოვანებაც გამოიწვია, რადგან მისთვის ბავშვი და ბავშვობა უღრმეს ფენომენთა რიგს განეკუთვნებოდა. პოეტი ძირისძირობამდე უღრმავდებოდა საკუთარ ბავშვობას, მის საიდუმლოს და შეძრული იყო ერთი მხრივ, ბავშვის, როგორც ასეთის, ნამდვილობით, გენიალობით, იდუმალებით და მეორე მხრივ, მისი უსასრულო დაუცველობითა და განწირულებით ადამიანობის გზისპირზე მავალ უფროსთა ხელში, ამ უფროსების მიერ მოწყობილ ე.წ. ცხოვრებაში. მაგალითად, სკოლას, როგორიც ის იყო, და ის ყველგან იყო უკიდურესად ავტორიტარული აღზრდის კერა, ეს გენიალური პოეტი და მოაზროვნე ბავშვების საწამებლად შექმნილ სისტემად მიიჩნევდა, ხოლო გამოცდებს უწოდებდა „სავალალო, სამარცხვინო ჩხრეკა-დაკითხვას, რაც მთლიანად უფროსების გამოგონებაა.“ და იგი თვლიდა, რომ ვიდრე ეს სკოლა არ მოისპობოდა და არ შეიცვლებოდა აღზრდა-განათლების სრულიად ახალი სულიერ განვითარებაზე, ბავშვის პიროვნულ ფორმირებაზე ორიენტირებული სისტემით, ქვეყანა განსაცდელს ვერ ასცდებოდა. და ხომ ვერც ასცდა.
1904 წელს რილკე საგანგებოდ გაემგზავრა შვედეთში, სადაც ნოვატორი პედაგოგების მიერ დაარსებული ახალი სკოლა მოინახულა. აქ მრავალ სხვა სიახლესთან ერთად ისიც ახარებდა გულს, რომ გამოცდები გაეუქმებინათ; ვრცელ, მზიან, ყვავილებით სავსე დარბაზებში და გარეთ ცოცხალ ბუნებასთან კავშირში მიმდინარე სასწავლო პროცესი მთლიანად ბავშვების ჰარმონიულ განვითარებას ემსახურებოდა. ასე, და მსგავსად იყვნენ ჩართულნი ევროპული ჰუმანიზმის მესიტყვეები: მწერლები, პედაგოგები, მოაზროვნეები და სხვები იმ ეპოქის დაჩქარების პროცესში, რომელსაც ქალის უფლებების გარდა ბავშვის უფლებებიც უნდა ეღიარებინა და დაეცვა; რომელსაც ბავშვის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა, მისი ღირსება, მისი როგორც პიროვნების პატივისცემა უმაღლეს ღირებულებად უნდა დაესახა. (რასთან უხდებოდა და უხდება ბრძოლა ყოველგვარი სახის ჰუმანიზმსა და სულიერ აზროვნებას ინდუსტრიული, პროფანული, მატერიალისტურ-კომერციული ცივილიზაციის სინამდვილეში, სადაც რაღაც ახალი ფასეულობით წარმოქმნილი მოძრაობა მალევე ვარდება უკიდურესობაში, - ეს სხვა საკითხია და ახლა ამაზე ვერ შევჩერდებით).
მოკლედ, 1987 წელს ეს წერილი იმიტომ გამოვაქვეყნე, რომ საბჭოთა იმპერიას უკვე წყალი ჰქონდა შემდგარი და ბევრს გვეგონა, ახალ ცხოვრებას ნამდვილად ავაშენებდით. მაგრამ, მალევე გამოჩნდა და ზოგმა იმთავითვე იცოდა, რომ რეალურად ამისათვის არანაირად არ ვიყავით მზად და საჭირო იყო, დაუყონებლივ შევდგომოდით ინტელექტუალურ სამზადისს, ჩვენი ცოდნის განახლება-გამდიდრებას, ყველა დარგის, უპირველეს ყოვლისა კი აღზრდა-განათლების სისტემის თავიდან აწყობას და ეკოლოგიური ცნობიერების დანერგვას. ამიტომ წერილის დასასრულ გამოვთქვამდი აზრს, რომ გარდა მთელი რიგი სასიცოცხლოდ აუცილებელი წიგნებისა, სასწრაფოდ უნდა დაგვეწყო ევროპული პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის და ა. შ. მნიშვნელოვანი ნაშრომების (მათ შორის ელენ კეის „ბავშვის საუკუნის“) თარგმნა. მთარგმნელთა კოლეგია - პროფესიული მთარგმნელობითი ინსტიტუცია - ჯერ კიდევ არსებობდა, შეეძლო სახელმწიფოსთან შეთანხმებით შედგომოდა ამ საქმეს და ჩვენც შემართებით ვიყავით სავსე. ახალი ცხოვრება: „ ჩვენი კარგი ქვეყანა“ შორს სულაც არ გვეჩვენებოდა.
დღეს ეს ქვეყანა საერთოდ აღარ ჩანს. იგი გაქრა: ომების სისხლსა და ბოლში, უცოდინარობის ქედუხრელ ზრდაში, მილიონობით მანქანის გამონაბოლქვში, ნამემკვიდრევ ყოფით სიბინძურეში, უკიდეგანო სიღატაკის სივალალეში, გაჩეხილ პარკებსა და ბაღებში, დაგუბებულ და დასაგუბებელ მდინარეებში და რაც მთავარია: ადამიანობის ყველა ფორმის, ღირსების ყველანაირი ნიუანსის მეთოდურ განადგურებაში, რაც ნაციონალურმა ხელისუფლებამ 9 წლის მანძილზე განახორციელა.
და ბავშვი?
ეს რაღა საკითხავია! ასეთი რამ შეიძლება დაუშვას და დაიმართოს, ასეთი ყოფა შეიძლება მოიწყოს ხალხმა, რომელსაც ისტორიული უიღბლობების, უკანასკნელ ხანებში ენერგიის ფუჭად კარგვის, ღრმა დაღლილობისა და ათასი ჯერ კიდევ შეუცნობელი მიზეზის გამო ფარული სუიციდის ინსტინქტი სტანჯავს და მაშასადამე, ბავშვი: ახალი სიცოცხლე: სიცოცხლის პატარა დილა და გაზაფხული, სიცოცხლის უწყვეტობის უძვირფასესი გამოხატულება, - ქვეცნობიერად ეზედმეტება. საერთოდ დაუკარგავს მგრძნობელობა მის მიმართ.
მსოფლიოს ყველაზე ღატაკი, ყველაზე ანტისანიტარიული, ყველაზე ანტიეკოლოგიური ქვეყნების რიგებში ჩამდგარი საქართველოს დღევანდელი ცხოვრება თითქოსდა ხელმძღვანელობს წიგნით „როგორ დავღუპოთ ბავშვები“. მითქვამს და ვიმეორებ: საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გამოხატული ანტიბავშვური ქვეყანა, თუნდაც იმიტომ, რომ იგი მკვეთრად ანტიეკოლოგიურია.
ვიცი, როგორ აღშფოთდება ყველა, ვინც ქართველების განსაკუთრებული მაღალბუნებოვნებით, ასევე: ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით ამაყობს ტრადიციულად და პანდორას პირთამდე დატენილი ყუთები სულ უცხო სივრცეებში ეგულება. მე სულაც არა ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენს საერთო-ეროვნულ არსებას უმაღლესი ზნესრულობით აღბეჭდილს ვხედავდეთ, რის შესაძლებლობასაც ნამდვილად გვაძლევს ჩვენი დიდი პიროვნებების საკმაოდ გრძელი გალერეა, ან ქართველებისთვის დამახასიათებელი ცალკეული ძალიან კარგი თვისებები, რაც სიხარულს გვანიჭებს და გვემშობლიურება. მაგრამ იმის წინააღმდეგი ვარ, ამ დიდ პიროვნებებს დახვეულ პარაზიტებად ვიქცეთ და მათი დამსახურება ჩვენად ჩავთვალოთ. ჩვენ ისინი ვართ, ვინც აი, ასეთი ქვეყანა ააშენა და ასეთი ცხოვრების წესი დაამკვიდრა, ისეთი, ყველანაირი იდეალებისა და სიმაღლეების სასაფლაოზე, სუსტი და დაუცველი არსებების მიმართ სრული უგრძნობლობიდან რომ შეიძლებოდა აღმოცენებულიყო მხოლოდ.
და აქ შემეძლო უბრალოდ სტატისტიკისათვის მიმემართა და გამეხსენებინა, რომ საქართველოს უჭირავს ერთ-ერთი პირველი ადგილი ბავშვთა სიკვდილიანობის, ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების, შიმშილისა და გაუნათლებლობის მხრივ და საქმე ამით დამემთავრებინა.
მაგრამ ეგებ სჯობდეს, ბავშვის კანში შევძვრეთ და მის გზას გავუყვეთ, გავიაზროთ ბავშვის ბედი და შანსები საქართველოში. ეს გზა კი, როგორც ცნობილია, დაფარული სივრციდან იწყება.
დედის სხეული
როგორც ბოლოს და ბოლოს ჩვენც ვიცით, უკვე იმ პერიოდიდან, როცა ბავშვს ჯერ კიდევ ნაყოფი ჰქვია, მასზე ყველაფერი მოქმედებს, რაც მოქმედებს დედაზე, და სამუდამო ნიშანს ასვამს. ხოლო დედა სტრესებით დახუნძლული, გაგიჟებული, საარაკოდ უსუფთაო ქვეყნის შვილია. ან სამარშრუტო მიკრო-ავტობუსშია შეჭყლეტილი, და გამწარებული მგზავრების აგრესიული ველის ნაწილი ხდება, უარყოფითი ემოციებით იტვირთება და მერე ქუჩაზე გადასვლისათვის იბრძვის მანქანების ნაკადში, რომელთაგან 70 პროცენტი სიცოცხლისათვის ყველანაირად სახიფათოა. ან თვითონ დაჰყავს მანქანა. და ფეხმძიმე მძღოლი ისევე როგორც მძღოლი ქალების დიდი ნაწილი იგინება, ილანძღება, ნერვებს იწყვეტს უწესო მძღოლების სიველურის გამო, რასაც ყოველ ნაბიჯზე ეჯახება... მერე სამსახური, თუ ასეთი რამ არსებობს: არსად სიმყარის შეგრძნება, რომ ხვალაც იმუშავებ, არსად დაცულობა და წესრიგი. არამედ: დაძაბულობა, სიჩქარე, შიში ... კომპიუტერი, ინტერნეტი: საშუალო სტატისტიკური ახალგაზრდა ქალაქელი ქალი სავარაუდოდ მთელ თავისუფალ დროს ვირტუალურ სამყაროშია. მაშასადამე, გაუთავებელი ჯდომა, სამსახურში, მანქანაში თუ ბაზრობაზე. ბავშვი თან მოჭყლეტილია, თან შიშებითა და დაძაბულობით ივსება. ჩვენი ცხოვრების ყველა სეგმენტი ყოველწამიერად აფრქვევს უარყოფით ემოციებს. ქვეყანა და ადამიანი ძლივსღა მიათრევენ თავს მარცხიდან მარცხამდე, დანაკარგიდან დანაკარგამდე.
საკვები ფეხმძიმესთვის - რაც მოიძევება ირგვლივ: გენმოდიფიცირებული სუპერმარკეტული სიუხვე, ხშირად ხელახლა შეფუთული ვადაგასული პროდუქტებით, დატენილი კონსერვანტებით, ემულგატორებით; ქუჩაში გამოფენილი საკვები პროდუქტები, რომლებსაც მანქანების გამონაბოლქვი და მტვერი ეფინება. არ არსებობს არანაირი სტანდარტი, არანაირი ნიშანი ეკოლოგიურად ვარგისი საკვებისა - არავინ იცის, ახლო თუ შორეული ქვეყნებიდან შემოტანილ, ან საქართველოში მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს რა რაოდენობით აქვს შეწოვილი შხამქიმიკატები: პესტიციდები, ჰერბიციდები და ათასი რამ... რაც მე მინახავს ჩემი თვალით, იმდენი შხამი ეფრქვევა პომიდორს, ატამს, კარტოფილს, ყურძენს, რომ იმას არავინ და მით უმეტეს ფეხმძიმე ქალი პირში არ უნდა იდებდეს. ახლა ვენახებში ისეთი შხამქიმიკატები იხმარება, შეწამვლიდან რამდენიმე დღის მანძილზე ახლოს გაკარება რომ არ შეიძლება, ერთი კვირის მანძილზე კი შიგ შესვლა. მაგრამ ეს ნორმებიც ირღვევა და დემოკრატიულ საქართველოში გაბატონებული ახალი მოჯამაგირეობის წესები მუშებს, ძირითადად ქალებს, მათ შორის ფეხმძიმეებს არაფრისაგან არ იცავს: ახალი ფერმერები თუ პლანტატორები დროზე ადრე უშვებენ ვენახებში სამუშაოდ და მასობრივად ვრცელდება მძიმე სიმპტომები: ყელის გასიება და ტკივილი, თვალების წვა... ახლა ვენახებში სარეველა ბალახი აღარ ითოხნება, პირდაპირ მიწას ესხმება შხამი, რომელიც ბალახს ადნობს, მიწაში მიჟონავს და ვაზის ფესვებით შეიწოვება, ხშირად ალბათ გრუნტის წყლებამდეც აღწევს... („შენ ხარ ვენახი...“). აი, ასეთ ყურძენს გვთავაზობენ დიდი ფერმერები (ასეთ ღვინოს ვინ მიიღებს ნეტავ!). ამას მიირთმევენ ფეხმძიმე ქალები... (ამიტომ ეძებეთ გლეხი, რომელსაც თავის საკვებად მოჰყავს პროდუქტი და არა გასაყიდად, ეგებ ცოტა მაინც შეიძინოთ რაიმე მისგან თუნდაც ბავშვისთვის)... ჰო, მგონი დამეთანხმებით, რომ საერთოდ მთელი ეს ხანი ბავშვზე ვლაპარაკობ, კერძოდ, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებაზე.
მერე ფეხმძიმე ქალის საღამოები. მაინც რამდენს გაასეირნებენ სუფთა ჰაერზე. ან რამდენი პარკი და ბაღიღა დარჩა ჩვენს დედაქალაქში! ძირითადად ალბათ ტელევიზორით უნდა გამოიკვებოს გული და გონება: ჰოო, აქ კი მისი სულიერი მოწამვლა, ამ შემთხვევაში გამოფიტვა დაგვირგვინდება, თუ დიდხანს არ ეძება რაიმე ნორმალური, დამამშვიდებელი და ადამიანური რომელიმე არხზე, რადგან ჩვენი ტელევიზიები რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, და საერთოდაც, ნაციონალური კატასტროფაა, ამაზე მგონი შეთანხმებულები ვართ. გამოთაყვანების, უგემოვნობისა და ნერვების დაგლეჯის სრული სერვისი... წერტილოვანი გამონათებები საქმეს ვერ შველის...
მასობრივი სიღატაკე და უმუშევრობა ნიშნავს: შიმშილს, დაძაბულობას, ჩხუბს ურიცხვ ოჯახში; ნერვიულობა, ყვირილი, ღრიალი, ხმაური - ყველაფერი აღწევს დედის სხეულში განაბულ არსებამდე და თავზარს სცემს მას. როგორც ამბობენ ყველანაირი შიშის დროს ისინი სახეზე ხელებს იფარებენ. (აღარაფერს ვამბობ ჩვენი დროის დიდ სიახლეზე: იმ ”ნაყოფებზე”, რომლებსაც ცხრა თვის მანძილზე მხოლოდ გასაყიდ საქონლად აღიქვამს ე. წ. დედა. ვის შეუძლია ამ არსების შეგრძნებები წარმოიდგინოს, მას რომ შეუცნობელ და მტანჯველ საგზლად გაჰყვება მთელი ცხოვრება? ).
და თავად სახელმწიფო? რამდენად მგრძნობიარეა ფეხმძიმე ქალის მიმართ? განა ყველა ნორმალურმა, მით უფრო ერთ-ერთმა უძველესმა ქრისტიანულმა ქვეყნამ, ხელისგულზე არ უნდა ატაროს ეს ცოცხალი სასწაული და სრული ბუნებრივი დაუცველობა - ფეხმძიმე ქალი? ან მერე მეძუძურ დედას, პატარა ბავშვისა თუ ბავშვების დედას არ უნდა შეუწყოს ხელი, რომ მშვიდად გაზარდოს შვილები? თუნდაც დეკრეტულ შვებულებას ვგულისხმობ. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ამ მხრივაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ტლანქ ქვეყნებს განეკუთვნება, სადაც ფული ჩინოვნიკების ჯიბეებისთვის მუდამ ულევად არის, სოციალური კეთილშობილებისთვის კი - არასოდეს.
და იბადება ბავშვი უკვე მოწამლული, რადგან მან ეს ყველაფერი - მთელი ფიზიკურ-ზეფიზიკური სინამდვილე,- დედის წყლებში რომ ტივტივებდა, - კარგად შეიწოვა. და გაჯერდა მისი პატარა სხეული და გამოუცნობი სული ყველანაირი შხამით. ამის დამადასტურებელი უამრავი ცდა და ცოდნაა დაგროვილი. მხოლოდ ერთს გავიხსენებ, რომელიც ერთი ცნობილი ამერიკელი პასტორისაგან გავიგონე, თავის მრევლს რომ მოუწოდებდა, არ მიეღოთ ეკოლოგიურად საეჭვო საკვები. იგი ამბობდა, რომ ერთ-ერთ შტატში ათ ახალშობილს ჭიპლარიდან აქერცლილ მასაზე ჩაუტარეს ქიმიური ანალიზი. მათ ორგანიზმში აღმოჩნდა ძალიან საშიში მძიმე მეტალები, რომლებსაც შეიცავდა სასუქები, ამერიკაში 20 წლის წინ რომ აკრძალეს. ესე იგი, ამ სასუქებით მოყვანილ საკვებს იღებდა დედა ან, შეიძლება, ბებია, ვიდრე შვილს გააჩენდა, და რადგან ისინი ორგანიზმიდან არ გამოდის, გადაეცა ბავშვს. ადამიანის სხეული, მოლოდინების საწინააღმდეგოდ, ვერაფერს შეეჩვია არაბუნებრივს. მას ელემენტარულად სჭირდება სუფთა ჰაერი, სუფთა საკვები და სუფთა წყალი. მას სჭირდება წაუბილწავი ბუნება. და პასტორი მოუწოდებდა მრევლს, დიდი სიფრთხილით მოკიდებოდა საკუთარ ჯანმრთელობას, ამავე დროს ებრძოლა ბუნების დასაცავად და ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისათვის. ისევე როგორც საქართველოს პატრიარქი მოუწოდებს მრევლს სოფლად კარ-მიდამოების შეძენისა და ტრადიციული სოფლის მეურნეობის აღორძინებისკენ.
მაშასადამე, უკვე დედის მუცელში დაავადებული ბავშვი იბადება ქვეყანაში და ცხოვრებაში, სადაც მისი სულისა და სხეულის დაზიანება გარდაუვალად გაგრძელდება.
ბავშვის მოვლა
ახალგაზრდა დედები და მით უმეტეს, მამები, როგორც წესი, მზად არ არიან ბავშვის გასაზრდელად. არ მახსოვს, ვისთვისაც კი მიკითხავს, რაიმე წიგნი ჰქონოდეთ წაკითხული ფეხმძიმობის, ბავშვის მოვლისა და კვების, საერთოდ, ოჯახის შესახებ. ჰქონოდეთ რაიმე ცოდნა საწინააღმდეგო სქესის ფსიქოლოგიის, ბიოლოგიის და ა.შ. თაობაზე. ახალგაზრდა დედების უმეტესობამ არ იცის ბავშვის წესიერად მოვლა, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს მის კვებაზე, არ იცის საჭმლის მომზადება. დედების უმეტესობამ არ იცის, რომ დრო შეიცვალა და ეკოლოგიური კრიზისის ეპოქაში უწევს ბავშვის გაზრდა, როცა უამრავი ინფორმაციის ფლობა და წესის დაცვაა საჭირო, რათა ბავშვს რამდენადმე მაინც აარიდო საფრთხე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ჩასაფრებულა. ამ მხრივ ხომ ძალიან დიდი განსხვავებაა ევროპელი ახალგაზრდებისაგან, რომლებიც ფრიად შეგნებულად უდგებიან ქორწინებისა და ბავშვის გაჩენის საქმეს. სოციალური და ეკოლოგიური შეგნებაც ბევრად უფრო განვითარებული აქვთ. ოჯახს ქმნიან მაშინ, როცა უკვე ფეხზე დგანან და თავის რჩენა შეუძლიათ, და არა მშობლების იმედზე და კისერზე. საშუალოდ კულტურული მშობლებიც კი პატარა ბავშვს არასოდეს ჩასვამენ მანქანაში სპეციალური სავარძლის გარეშე, რომელიც მტკიცედაა დამაგრებული სკამზე, რათა უეცარი დამუხრუჭების შემთხვევაში ბავშვი არ დაშავდეს. ხოლო ჩვენთან ცოტას მიაჩნია ეს საჭიროდ. და იმასაც კი ნახავთ, მძღოლი კალთაში რომ ისვამს ციცქნა ბავშვს და სწრაფად მიმავალი მანქანის საჭეზე აკიდებინებს ხელებს. ასე გამოუხატავს განსაკუთრებულ სიყვარულს, ართობს თუ ერთობა, ვერ გაიგებ. უამრავ ნასვამ თუ მთვრალ მძღოლს არაფრად მიაჩნია ბავშვის ჩასმა მანქანაში. ალბათ ამიტომაც იღუპება ამდენი ბავშვი ავტო-საგზაო კატასტროფებში. იგივე ევროპელი მშობლები ახალშობილს, მაგალითად, შაქარს არ აძლევენ, აჩვევენ რძის პროდუქტისა თუ ხილის ბუნებრივ გემოს. თუ ხმარობენ, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა შაქარს, საერთოდ, ბავშვისთვის მაინც მხოლოდ (ბევრად უფრო ძვირ) „ბიოპროდუქციას“ იძენენ, ეს ეხება არა მხოლოდ საკვებს, მედიკამენტებს, არამედ სარეცხ ფხვნილებს და საბავშვო კრემებსაც. რადგან ცნობილია, რომ კიბოს გამომწვევი ე. წ. კანცეროგენული ნივთიერებების დაახლოებით 30% კოსმეტიკური საშუალებებით ხვდება ადამიანის ორგანიზმში. ჩვენთან ამას ძალიან ცოტა მშობელი აქცევს ყურადღებას. მაგალითად, სარეცხი ფხვნილები და სითხეები. ახალშობილისა და პატარა ბავშვების თეთრეული და ტანსაცმელი, როგორც ცნობილია, ქიმიური საშუალებებით არ უნდა გაირეცხოს, ამ წესს, რამდენადაც ვიცი, დედების გარკვეული ნაწილი იცავს და ამ მიზნით საბავშვო საპონს იყენებს. მაგრამ ეს ეხება აგრეთვე ჭურჭლის სარეცხ საშუალებებსაც. ამას კი თითქმის აღარავინ ანიჭებს მნიშვნელობას. არადა, 15 ლიტრი წყალი უნდა დასდინდეს ერთ თეფშს, რომ ქიმიური სარეცხი საშუალების კვალი არ დარჩეს ზედ. ვინ გარეცხავს ერთ თეფშს ამდენ ხანს? მით უფრო უწყლო სოფლებში, სადაც კვირაში ერთხელ მოდის წყალი, ან საერთოდ არ მოდის? ცივ წყალში? ზემძლავრი სარეცხი ფხვნილებისა თუ სითხეების კვალი ჭურჭელზე რჩება და ორგანიზმში ხვდება. ზრდის პროცესში მყოფი ბავშვის ნაზი ორგანოები კი განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ასეთი უცხო სხეულების მიმართ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ რეცხვისას ეს საშუალებები ხელების კანიდან შეიწოვება და თავად უფროსებისთვისაც საზიანოა. ამიტომ იყენებენ გონიერი დიასახლისები ტრადიციულ სარეცხ საშუალებებს: სარეცხის საპონს, საჭმელ სოდას ან სამკურნალო თიხას და შესანიშნავად რეცხავენ ყველაფერს. ეს თიხა მრეცხავის ხელებისთვისაც სასარგებლოა, ამაგრებს ფრჩხილებს, ანაზებს კანს, და ათას რამეს უხდება. მაგრამ ასეთი დიასახლისი, რომელსაც თავისი შვილების ჯანმრთელობა აწუხებს და არა ის, თუ რა არის უფრო მოდური და პრესტიჟული, სულ ერთი ორი ვიცი. მგონი უკვე გამოიკვეთა საფრთხეთა ის ალყა, რომელშიც თანამედროვე, მით უფრო ჩვენნაირი ბედკრული ქვეყნის ბავშვი ექცევა, ალყა, როგორიც ყველაზე უფრო ბოროტ ზღაპარშიც კი არ მოგვლანდებია:
საკვები
ჩინური ანდაზაა, სნეულების მიზეზი თეფშის ფსკერზე ეძებეო. დღეს უკვე ცნობილია, რომ დაავადებათა 60 -70 % არაჯანსაღი კვებითაა გამოწვეული.
გენმოდიციფირებული პროდუქციის უმდიდრესი სპექტრი: ცოცხალი კალმახიდან დაწყებული, ყველანაირი „ჩიპსებითა“ თუ „პოპკორნით“ დამთავრებული. ამ უკანასკნელმა ხომ ასე ძლევამოსილად გააძევა ეკოლოგიურად სუფთა ქართული ბატი-ბუტი (საგანს თავისი აღმნიშვნელი, ეს მშვენიერი სიტყვაც მიჰყვა და ბევრმა ბავშვმა აღარც იცის, რას ნიშნავს იგი). განსაკუთრებით დაბინძურებულია ნახევარფაბრიკატები, საზიანოა ყველაფერი შემწვარი (მწვადს არ ეხება) და მოხრაკული. კანცეროგენულია შემწვარი, დამწვარი ცხიმები. მაგრამ განა რამდენი შესძლებს არ აჭამოს ბავშვს შემწვარი კარტოფილი და ხორცი? ხორცი - გენმოდიფიცირებლი საკვებით დასუქებული ქათმები; ჰორმონებით დასიებული ძროხები სასაკლაოზე, სადაც მხოლოდ ასეთი დასიების შემდეგ იკვლება საქონელი.
სხვათა შორის, ერთი ცნობილი გერმანელი ეკონომისტი, ბუნდესტაგის წევრი მწვანეთა ფრაქციიდან, გერჰარდ შიკი თავის წიგნში „ძალაუფლების ეკონომიკა? არა, გმადლობთ“ ასაბუთებს, რომ დასავლეთში საბაზრო ეკონომიკა კი არა, „ძალაუფლების ეკონომიკაა“ გაბატონებული: კონცერნების ბრძოლა ერთმანეთთან მოსახლეობის საზიანოდ. და ამის დამამტკიცებელ საბუთად მოაქვს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო თავის მოსახლეობას სთავაზობს ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქციას. რაღა შორს წავიდეო, წერს ავტორი, ჩემი ფანჯრიდან ვხედავ, დასაკლავ საქონელს როგორ ასუქებენ მთელი თვეები ჰორმონებით და შემდეგ მთელ მოსახლეობას ამ ხორცს სთავაზობენო. ამას უკვეთავს ხალხი თავის მთავრობას, რაიმენაირად მომწამლეო? მაგრამ თუ განვითარებულ ქვეყნებში რაღაც ზომა და სტანდარტი მაინც არსებობს, ჩვენნაირ ქვეყნებში ვისაც რა და რამდენი მოეპრიანება, ისე იყენებს ჰორმონებს თუ ქიმიურ სასუქებს და გულმშვიდად სთავაზობს მთელს დედაქალაქს: ბავშვებს და დიდებს...
ჰაერი
ის, რაც ყველამ იცის: თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი მანქანა მოძრაობს, ამათგან უმეტესი გაუმართავია და გაზის საწვავზე მუშაობს. იხმარება ყოვლად უხარისხო ბენზინი ტყვიის დიდი შემცველობით. ასეთი ტიპის გამონაბოლქვი ათეულობით მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს. მთებით გარშემორტყმულ, ისედაც ქვაბში ჩავარდნილ ქალაქს ჰაერის ბუნებრივი სადინარები დაუხშეს სამშენებლო კომპანიებმა, ელემენტარული სივრცე რომ აღარ დაგვიტოვეს და ყველა ჯურის ურდოები გაახუნეს სიცოცხლეზე თავიანთი გამანადგურებელი იერიშით. ისედაც მინიმალურად გამწვანებულ ქალაქში მწვანე საფარის, პარკებისა და ბაღების ხელყოფა განუხრელად გრძელდება. ქალაქი იოტისოდენადაც ვეღარ ნიავდება. პატარა ბავშვების გაყვანა ქუჩებში დღის ყველა მონაკვეთში ძალიან საშიშია. მაგრამ ძალიან ბევრი დედა აუღელვებლად დაასეირნებს ჩვილს ეტლით, თუ პატარა ბავშვს ფეხით, პიკის საათის დროს ქალაქის ყველაზე უფრო გადატვირთულ, საცობებით სავსე პროსპექტებზე, სადაც ჩიტი თუ მოხვდა მანქანებთან ახლოს, - მათი გამონაბოლქვი სიცოცხლეს გამოასალმებს. მტვრიან ქუჩებში მოწყობილი კაფეები მწარე ღიმილს იწვევს.
ხოლო ის, რაც შეიძლება ყველამ არ იცის: თბილისში ელექტრო-მაგნიტური ველი 500 ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამოსხივება აქვს ყველაფერს: მობილურ ტელეფონებს, ტელევიზორებს, კომპიუტერებს, ანძებს (ფიჭური კავშირგაბმულობის უზარმაზარი ანძები პირდაპირ დასახლებულ ადგილებში, ხშირად ბაღ-ბოსტნებშია ჩადგმული), დაპრესილ ხეს, ე.წ. დიქტს (”ხის ბურბუშელოვანი ფილები გამოჰყოფს კანცეროგენულ ფორმალდეგიდს, რომელიც აორთქლებისას იწვევს ავთვისებიან დაავადებას”, ”საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფცია”) მეტალო-კერამიკის კარ-ფანჯრებს... ხოლო სარდაფების კედლები (სადაც ამდენი მაღაზია თუ კაფე-რესტორანია მოწყობილი), შეიწოვენ რადიაციულ ნივთიერებას - რადონს, რომელიც განსაკუთრებით უხვად არის იქ, სადაც თერმული წყლებია: საბურთალოზე, სოლოლაკში... ) მშობლებმა უნდა იცოდნენ ეს და მაქსიმალურად მოარიდონ ბავშვი ყველაფერ ამას. რაც შეიძლება ხშირად უნდა გაანიავონ ოთახი, გაბერტყონ და გაამზეურონ ბავშვის ქვეშაგები (სადაც ურიცხვი უხილავი საშიში მიკროორგანიზმები გროვდება), გამოცვალონ თეთრეული, იზრუნონ ეკოლოგიურად სუფთა საკვების შოვნაზე...
ნუ მოვიტყუებთ თავს: ქალაქი თბილისი ადამიანის საცხოვრებლად აღარ გამოდგება. იგი მოკვდა. აქ ბავშვებს ჯანმრთელობას ვეღარ შევუნარჩუნებთ. გინახავთ თბილისელი ლოყაწითელი ბავშვი? ნაცრისფერი ადევთ, გაცრეცილები არიან ... მართლაც და: „ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი...“ დღეს, ვისაც შეუძლია, ქალაქგარეთ ან სოფელში უნდა გაიყვანოს ბავშვები საცხოვრებლად. ბავშვის ჯანმრთელობასთან შედარებით ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მდიდრები, როგორც ვიცით, თბილისის შემოგარენში, ან მის თავზე ცხოვრობენ.
სასმელი წყალი
ონკანის წყალი სახიფათოა. არ არსებობს მყარი რწმენა, რომ ნაყიდი წყაროს წყალი ნამდვილად წყაროსია. ქლორიანი წყლის მაშინვე ადუღება არ შეიძლება. ითვლება, რომ ის კანცეროგენული ხდება. საჭიროა წყლის საკმაო ხნით დაყენება თავღია ჭურჭელში, ან მისი იონიზაცია. ამას თითქმის არავინ აკეთებს. აუცილებელია ფილტრები ონკანებზე.
სივრცე ბავშვებისათვის
სუფთა, ნათელი, მოვლილი, მწვანე, ლამაზი ადგილები თითქმის აღარ არსებობს. რჩება ბინძური სადარბაზოები და ეზოები. ისე, როგორ არ რცხვენიათ მილიონობით დედას და ბებიას, თავიანთი ბავშვების გულისთვისაც რომ არ ასუფთავებენ სადარბაზოებსა და ეზოებს? რა არსებებთან გვაქვს საქმე?
ეზოები მანქანებით და ავტოფარეხებით არის გატენილი. თაგვი კუდს ვერ მოიქნევს. ბავშვებს სამოძრაო და სათამაშო ადგილი არა აქვთ. ტროტუარზეც ვეღარ გაუვლიათ მშვიდად, ისინიც მანქანებმა დაიპყრეს. ასეთ რამეს დაუშვებს ბავშვების მოყვარული ხალხი? განა რაიმეს მოფიქრებას არ შეეცდება? განა არ არჩევს, მანქანიანი უფროსები შეაწუხოს ბავშვების შეწუხებას? მთაწმინდის პარკი მოვლილია, მაგრამ ბავშვს ატრაქციონებზე უარს ხომ ვერ ეტყვი, ეს კი ძვირია, ისევე როგორც პარკში ასვლა, და მაშასადამე, ბავშვს იქ ყოველდღე ვერ წაიყვან. ვაკის პარკის ერთ შესასვლელში რესტორანი ჩადგეს, შუაგულში დიდი შენობა, გვერდით გოლფის კლუბი იყო, მერე რაღაც ააშენეს, მეორე ბოლოდან მრავალსართულიანი სასტუმროს შენება წამოიწყეს. გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ რამდენი დრო და ენერგია შეალიეს ბუნების დამცველებმა, მოქალაქეებმა, მათ შორის ბავშვებმა ამ დანაშაულებრივი პროექტის ალაგმვას. სამაგიეროდ, თავისი გაიტანა რიგითმა ბარბაროსმა კუსტბის ასახვევში და (სანიმუშოდ უგემოვნო) რესტორანი წამოჭიმა შიგ მწვანე ზოლში, იქვე ახლოს ბავშვების სათამაშო ადგილთან, „ციყვების“ სახელით რომ არის ცნობილი. ესეც არ იკმარა, მეორე მხარესაც შემოღობა ადგილი. ერთი პატარა მწვანე კუნჭულიც კი არ დაუტოვეს ბავშვებს! თვითონ კუს ტბა, თავისი უნიკალური მდებარეობით ბუნებრივ სამკურნალო ადგილს რომ წარმოადგენს, სხვადასხვა მესაკუთრეებმა სხვადასხვანაირად დააზიანეს. “მზიურის“ ტერიტორიის საკმაო ნაწილი კერძო კორპუსებმა მიიტაცეს და მაშასადამე, ხედი და ჰაერი ჩახერგეს, აღარაფერი დარჩა ნოდარ დუმბაძის ოცნებიდან, შეექმნა ქართული დისნეი-ლენდი ჩვენი ბავშვებისათის, რასაც საბჭოთა ხელისუფლება უჭერდა მხარს. გრძელდება დიღმის ტყე-პარკის შემუსვრა. ეს უნიკალური ტყე-პარკი, თავიდან 200 ჰექტარს რომ მოიცავდა, სტალინისა და ბერიას გაშენებული ყოფილა. ახლა 20 ჰექტარიც აღარ არის დარჩენილი. თანდათან იყიდებოდა კერძო ნაკვეთებად და ბოლო ოც წელიწადში აქ მიწის დატაცებამ, რა თქმა უნდა, თბილისის მერიის კურთხევით, რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია. ბოლშევიკებს ესმოდათ მწვანე საფარის მნიშვნელობა და უზარმაზარ ტყის მასივებს აშენებდნენ, „დემოკრატებმა“ კი, მათ შორის ხელისუფლებაში მოკალათებულმა „მწვანეებმა“, ყველაფერი გააცამტვერეს. შეადარეთ დასავლეთს - ბაღნარებში, ტყე-პარკებში ჩაძირულ მოვლილ ქალაქებს! დიდ ქალაქებში ყველა უბანში თითო დიდი პარკია, წყნარი დასვენების ადგილი, ხასხასა მდელოებით. ბერლინის ერთ გარეუბანში ყანაც კი ბიბინებს. ყველა კორპუსს ან რამდენიმეს ერთად დიდი ეზოები და მოედნები აქვს ბავშვებისათვის, სასრიალოებითა და სხვა სათამაშოებით. და ეს მიკვირს და გამკვირვებია: ეს ჩვენი ჩინოვნიკები და დეპუტატები ამდენს რომ დამოგზაურობენ ევროპა-ამერიკაში ხალხის ხარჯზე და იმ ქალაქების სილამაზესა და მოვლილობას ხედავენ, სურვილი რატომ არ უჩნდებათ, რატომ ვერ გრძნობენ სასიცოცხლო აუცილებლობას, გადმოიტანონ ეს თავიანთ სამშობლოში, თავიანთი შვილებისათვის? თუ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებიდან არ გამოდიან? და რა სჭირთ? რა ჰქვია ამ დაავადებას? სიჩლუნგე? ნეკროფილია? არ ვიცი.
ადრე ვწერდი: მთელი საქართველო ლუარსაბ თათქარიძის ეზო-კარს დაემსგავსა, რომელზედაც ავტორი ამბობს, ისეთი უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გულიო. ტყეს ვეღარ ნახავთ და მდელოს, გადატეხილი ბოთლები და ნაგვის სხვა ნაირსახეობა, ძირითადად პურმარილების ხრწნადი ნაშთები, რომ არ ავსებდეს, უმეტესად იმ მოწაფეებისა თუ სტუდენტების ექსკურსიების ნაკვალევი, „სამშობლოს გასაცნობად“, „ბუნებით დასატკბობად“ თუ „ეკლესია-მონასტრებისთვის პატივის მისაგებად“ რომ გაემგზავრებიან ხოლმე თავიანთ მასწავლებლებთან ერთად. ერთხელ მივწერე განათლების მინისტრს ა.ლომაიას: რაიმენაირად მიეხედა ამ საქმისათვის და გაეხმოვანებინა მაინც სკოლების პრობლემა, რომლებიც ბავშვის ადამიანად აღზრდის ელემენტარულ უნარს ვერ ამჟღავნებენ, რაც იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ ასეთი სკოლების მასწავლებელ-ხელმძღვანელები თავადაც გარემოს დამბინძურებელთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. რა თქმა უნდა, პასუხი არ მიმიღია. და როდესაც „კავკასიური სახლის“ საკვირაო სკოლის ბავშვები მიგვყავს ექსკურსიებზე, როგორც წესი, ჯერ იმ მიდამოს დასუფთავებას ვუნდებით ხოლმე ბავშვებთან ერთად, სადაც გაჩერებასაც ვაპირებთ. სხვა წესიერი ადამიანებიც ასეთ დღეში არიან. ამ პრობლემის მოვლა სწრაფად შეიძლება კომპლექსური ღონისძიებებით, ხელისუფლებას ელემენტარულად რომ აწუხებდეს. ჰოდა მერამდენედ ვკითხულობ: სად წავიყვანოთ ბავშვები? ან თვითონ ხელისუფალთ და მდიდრებს სად დაჰყავთ? ყველას კერძო, დახურული პარკები და ბაღები აქვს?
ქუჩის ბავშვები
როდემდე შეიძლება გრძელდებოდეს ამდენი ბავშვის უპატრონოდ დაყრა ქუჩებში? ბავშვების მათხოვრობა? ძალმომრეობა ბავშვებზე? ბავშვებით ვაჭრობა? საზარი გულცივობა ამდენი ჩაკლული, გამწარებული, დაჩლუნგებული და ღირსებააყრილი ბავშვის მიმართ? კატის კნუტებივით ყრიან ქუჩებში, პირდაპირ ასფალტზე ჩვრებში მძინარე ჭუჭყიანი ბავშვები. ეს არ უნდა ისჯებოდეს? პირველ რიგში ბავშვთა სახლებს არ უნდა აშენებდეს სახელმწიფო? ამისათვის საჭირო პედაგოგებს არ უნდა ამზადებდეს? თუ ჩვენ ერთი მუჭა გაზულუქებული მდიდრებისა და მათ მიტმასნილ მავანთა კვალად საბოლოოდ უნდა ავიღოთ ხელი უანგარო ქველმოქმედებაზე, შებრალებაზე, საერთოდ, ადამიანობასა და ქრისტიანობაზე? არ გვეშინია მაინც ამ ათასობით მშიერი და გაველურებული ბავშვის, რას იზამენ, როცა გაიზრდებიან?
ბავშვები ეკოლოგიური კატასტროფის ზონებში, გეტოებში და ტყე-ღრეში
რა ეშველებათ მდინარე მაშავერას ხეობის ბავშვებს, სადაც ოქროს ბარბაროსულად მოპოვების შედეგად მდინარე მოწამლულია ციანიდებით და სხვა უაღრესად საშიში მძიმე მეტალებით, შესაბამისად, მთელი ბუნება: მიწა, მცენარე გაჯერებულია მომწამვლელი ნივთიერებებით? და ავადხსენებული კომპანია კიდევ იქით ამადლის თავის თავს განწირულ მოსახლეობას, რომ სამუშაოს აძლევს. სამუშაო ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად? ან ის კომპანია უნდა დაისაჯოს და მის მიერ განადგურებული მთელი სასიცოცხლო სივრცის აღდგენა დაეკისროს, ან იმ მოსახლეობის ევაკუაცია და მათი ყველანაირი უზრუნველყოფა უნდა მოხდეს. თუ არა და, შესაძლებელი რომ იყოს, თავად ეს ველური კომპანია და ხელისუფლება უნდა ჩაასახლო იქ თავიანთ შვილებიანად. მაშინ მოიფიქრებდნენ რადიკალურ ცვლილებებს, რადგან არაარსებითი ცვლილებები ამ ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფის ზონას ვერ უშველის. (იმაზე აღარაფერს ვამბობ, მაშავერას წყლით რომ ირწყვება ბოსტან -ბაღები და მძიმე მეტალებით მოწამლული ის ხილ-ბოსტნეულ-მწვანილეული მერე თბილისის ბაზრებში იყიდება).
რაჭა-ლეჩხუმში ღიად დაგდებული დარიშხანის საბადოებიდან წვიმას რიონში ჩააქვს დარიშხანი და იწამლება ბუნება მდინარის მთელ გაყოლებაზე. იქაური ბაშვების ჯანმრთელობას აკვირდება ვინმე?
ან ზესტაფონის ბავშვებს ვინ დაიფარავს, რომელი ანგელოზი? წარმოგვიდგენია, რა ჩადის ამ ბავშვების ფილტვებში?
ან აჭარის იმ სოფლებში როგორ ცხოვრობენ ბავშვები, რომელთა ძირშიც საქართველოს გენიალურ ენერგეტიკულ პოლიტიკას გვირაბები გაჰყავს და პირდაპირი აზრით ძირს უთხრის ცოცხალ ადამიანთა სამყოფელს, ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ ეს სოფლები მოზვავდება და ძირს ჩამოიქცევა? სოფლებში, სადაც აფეთქებებისაგან სახლები ირყევა და იბზარება?
ან ვინ უშველის სოფელ ხაიშის ბავშვებს, რომლებსაც ენერგეტიკის სამინისტრო გადასახლებით ემუქრება, რადგან ამ მართლა დაწყევლილი ხუდონჰესის აშენებაზე ოცნებობს? 1989 წლიდან მოყოლებული ბავშვების რამდენი თაობა გაიზარდა ამ მუდმივი მუქარის ქვეშ, უწყვეტი სტრესის მდგომარეობაში, მომავლის კოშმარული სურათების წინაშე, რომლებზედაც მათი სახლები და სასაფლაოები წყლის ფსკერზე მოჩანს? (დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს გადარჩენა და აღორძინება უწერია, როდესმე ეს სამინისტრო, და ცხადია, არა მხოლოდ ის, კრიმინალურ სტრუქტურად გამოცხადდება). და ამდენი ხანი განგებ არ არემონტებენ სოფელ ხაიშის სკოლის შენობას, როგორც ჩასაძირად გამზადებულ ნაგებობას. შეგვიძლია წარმოდგენა, მაინც რა შეგრძნებებს უნდა იწვევდეს ბავშვებში ასეთ სკოლაში სწავლა? ან ვინ ფიქრობს სამეგრელოსა და სვანეთის ბავშვებზე, ენგურჰესის წყალობით უზომოდ გაზრდილ ტენიანობაში რომ უწევთ ცხოვრება და ახლა ხუდონჰესისა და სხვა ათეულობით დაგეგმილი ჰესის შედეგად გამოწვეული კლიმატური ცვლილებები მთლად რომ შეიწირავს მათ ჯანმრთელობას?
და ბევრს ახსოვს წინა ხელისუფლების ისტორიული დანაშაულის შედეგად შიდა ქართლის გადამწვარი სოფლებიდან, როგორც მანამდე აფხაზეთიდან, აყრილი, ერთ დღეში ლტოლვილებად ქცეული ათასობით ბავშვი, შემდეგ დანგრეულ, ჭუჭყიან შენობებსა თუ სხვადასხვა ტიპის გეტოებში რომ ამოყვეს თავი? სადღაც ჩაიკარგა მათი გაუსაძლისი ცხოვრება, სავსე ცრემლით, შიმშილით, დამცირებულობის განცდით, დაკარგული სახლ-კარის აუტანელი მონატრებით და თანამდევი კოშმარებით, მაგალითად ასეთით: რომ როცა სახლკარი იწვოდა, კურდღლების გალია ჩაკეტილი ან ლეკვი დაბმული დარჩათ. და იყო კიდევ უარესი ტრამვა, რომელსაც არ ელოდნენ: შემდეგ დედაქალაქის სკოლებში გადანაწილებულებს დამხვდური, ანუ თბილისელი ბავშვებისაგან დამამცირებელი ცხვირის აბზუება, ზემოდან ყურება რომ უნდა აეტანათ. „კავკასიური სახლის“ შაბათ-კვირის სკოლა დევნილი ბავშვებისათვის არის განკუთვნილი და კარგად ვიცით ეს პრობლემები. თუნდაც მხოლოდ ეს ფაქტი გიჩვენებს, როგორ ბავშვებს ზრდიან თბილისის სკოლები და ოჯახები.
და არიან ბავშვები, რომლებიც სადღაც ტყეში და ღრეში ცხოვრობენ, ლამის ახალი დროის მაუგლები. მაგალითად, თინა ტაბატაძე თავის ორ ობოლ შვილიშვილთან ერთად კოჯრის ტყეში ცხოვრობს. ტყიდან გზამდე ასვლას ლამის ერთი საათი სჭირდება... როგორი წარმოსადგენია ტყეში მცხოვრები ჯანგატეხილი ბებია და ორი შვილიშვილი, რომელთაგან ერთი, 20 წლის გიორგი უნარშეზღუდულია. რა ეშველებათ ამ ბავშვებს, ბებიას მთლად რომ უღალატოს ჯანმრთელობამ? ასეთი მოვლენებითაა დახუნძლული ჩვენი კურთხეული აწმყო.
და მთის სოფლებში მცხოვრები ბავშვები? ლამის 5 ან 7 კილომეტრს რომ გადიან სახლიდან სკოლამდე და თან ხშირად ისეთი გზით, სადაც ზამთარში შეიძლება მგელს ან დათვს გადააწყდნენ? და განათლების სამინისტროს საჭიროდ არ მიაჩნია, რომ აღადგინოს ინტერნატები, ბავშვთა საერთო საცხოვრებლები, სადაც ბავშვები მთელ კვირას ცხოვრობდნენ და მხოლოდ კვირის ბოლოს უხდებოდათ შინ წასვლა. სხვათა შორის, სწორედ ეს საბჭოთა დროის ინტერნატებიუწყობდა ხელს, რომ მაღალმთიანი სოფლები, საზღვრისპირა რეგიონები საბოლოოდ არ დაცლილიყო. მაგრამ დემოკრატიულ მთავრობებს ეს ნაკლებად ადარდებთ და არც ის მიაჩნიათ საჭიროდ გაარემონტონ სავალალო მდგომარეობაში მყოფი მათი სკოლები, სადაც ხშირად ბავშვი კი არა, ძაღლიც არ შეიშვება.
აღზრდა-განათლება
ოჯახი. დედები
ამდენი ბავშვი რომ უდედოდ იზრდება, ეს ნამდვილი სოციალური კატასტროფაა. დედები მიდიან უცხოეთში, რათა შვილები არჩინონ, მაგრამ ყველაზე მთავარს ართმევენ მათ და საკუთარ თავს, იმდენად მთავარს, რომ ამასთან შედარებით შიმშილი და გაჭირვება მეორეხარისხოვანია. ეს არის ერთადყოფნის ბედნიერება. ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში ეთოლოგიამ თუ ფსიქოლოგიამ დაადგინა, რომ დედასთან სოციალური კონტაქტის არარსებობა, ისეთ ფსიქიკურ ზიანს აყენებს ბავშვს, რომელიც თანდაყოლილი ნაკლის ტოლფასია და არაფრით აღარ გამოსწორდება.დედები შორს, უცხოეთში, დედები ტელეფონში, დედები ფოტოებზე, დედები სკაიპში, და არა შინ, გვერდით. რა სახლია უდედო სახლი? თუმცა, იმ დედების დიდ ნაწილს , რომლებიც ბავშვებთან რჩებიან, მაგრამ მათ სარჩენად მძიმე ჯაფა უწევთ, - შვილებთან ნორმალური ურთიერთობის თავი აღარა აქვთ. და ბავშვებს, თუკი ოჯახს ამის შესაძლებლობა აქვს, და როგორც ჩანს, ბევრს აქვს, ზრდიან გაურკვეველი ცოდნის, კულტურის, უნარისა და მიდრეკილებების ძიძები. ჯერ მათი ქართული უნდა მოისმინო! ამხელა მოთხოვნილებაა ძიძებზე და ძიძების მოსამზადებელი ელემტარული სკოლა თუ კურსები არ არსებობს! შაბათ-კვირას პარკებში ბავშვებს ვერ ნახავთ, რადგან ძიძები ისვენებენ, და ... დედებიც. მათხოვარი ბავშვების უდიდესი ნაწილი კი საკუთარ დედებს არჩენს.
ახლანდელი ახლგაზრდა მშობლები თვითონ წარმოადგენენ იმ თაობას, რომელიც ქვეყნის ქაოსში, სისხლიან კონფლიქტებში, უშუქობასა და უპურობაში გაიზარდა, როცა დაეცა განათლება, კულტურა და ზრდილობა და აზვირთდა უიდეალობა, ნარკომანია და ალკოჰოლიზმი. ასე რომ, მშობლებისა და შვილების დიდ ნაწილს ერთი და იგივე პრობლემები და უაღრესად გართულებული ურთიერთობები აქვთ. საერთოდ, ნორმალური ოჯახი, დედ-მამა, შვილები; ნორმალური ოჯახური ურთიერთობები სანთლით საძიებელი გახდა. უხეშობა, გინება და ნერვების გლეჯვაა ურიცხვ ოჯახში დამკვიდრებული. არადა, ადამიანს არასოდეს არაფერი არ გაჰყვება უფრო ნათელ მოგონებად და საგზლად, ვიდრე ის, როცა ყველა შინ იყო და სახლში თბილი, წყნარი, სიყვარულით გაჯერებული ატმოსფერო სუფევდა. გავა დიდი დრო და არაფერი არ მოენატრება უფრო მეტად ვიდრე დედა, მამა და და-ძმა, ეს მშობლიური კერა, თუ ის არსებობდა... და თუ არ არსებობდა, ამ სიცარიელეს თურმე ვერაფერი ავსებს...
საბავშვო ბაღები.
ეს მგონი მართლა უპატრონო ზონაა. რას და რატომ ასწავლიან ბავშვებს, რას აჭმევენ, როგორ ექცევიან, მართლა არ გაიგება. უკვე აქ იწყება სუსტების ჩაგვრა ძლიერებისა და მდიდრების მიერ. უკვე აქ იწყება ტრამვების საუფლო ბავშვისათვის. მასწავლებლები მსგავს რამეს უმეტესად ვერ ამჩნევენ, ან თავადვე ქმნიან ტლანქ და უბირ ატმოსფეროს. მხოლოდ ერთი მაგალითი: ვაკის ერთ პრესტიჟულ, ძვირ კერძო ბაღში, აბაშიძის ქუჩაზე, ერთი მდიდარი ოჯახის ბავშვი თავის თანატოლს სისტემატურად უსვამდა ჭიანჭველებს თვალებში, როცა ეზოში თამაშობდნენ... მაგრამ აღმზრდელები, ჩვეულებრივ, ბევრად უფრო მომთმენნი არიან მდიდარი ბავშვების უზრდელობების მიმართ. უამრავი მაგალითის მოხმობა შემეძლო, მაგრამ ამის საშუალება აქ არ არის. უმეტეს საბავშვო ბაღში უგემოვნოდ შერჩეულ ლექსებს მექანიკურად აზეპირებინებენ; არ უხსნიან ლექსის აზრს, არ ასწავლიან შრომას, ზრდილობას, რაიმეს მოვლას. მე და ჩემი თანამშრომლები ჩვენი სამსახურის ფანჯრიდან ვხედავთ ერთ საბავშვო ბაღს. გარდა იმისა, რომ ერთი „აღმზრდელი“ ხშირად სცემდა ბავშვებს, მთელი სწავლის შინაარსი ამოიწურება „გამოსაშვები კონცერტით“, რომლისთვისაც მთელი წელი ემზადებიან, აზუთხინებენ ლექსებს, ამღერებენ და ა.შ. ამ დროს მათი ეზო ჯაგებად არის ქცეული. განა არ შეიძლება ეზო ბავშვებთან ერთად მოასუფთავონ და ბავშვებს რაიმე დაათესინონ, მერე იმ მცენარის მოვლა ასწავლონ, საერთოდ, ასწავლონ რაიმეს კეთება, შეაყვარონ შრომა, რომ ამდენი ზარმაცი, უსაქმური და მუქთახორა არ ჰყავდეს ქვეყანას? ყოველ შემთხვევაში მსგავსი აღზრდის შედეგი არის ის, რომ მოზარდების 80 პროცენტს შრომაც სძულს და ლექსებიც.
მერე: განსაკუთრებულად პრესტიჟულად ითვლება „ინგლისური“, „ფრანგული“, „რუსული“ საბავშვო ბაღები, მაშინ როდესაც ბავშვის სულიერი წყობა დედაენის საფუძველზე უნდა ყალიბდებოდეს, მაშინ როდესაც ჩვენს ხელში სულს ღაფავს ათვალწუნებული და ყველანაირად დამახინჯებული ქართული ენა. და ამ საქმეში ყველაზე დიდ ავტორიტეტებს (ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს, პოეტებს, მეტალინგვისტებს თუ პედაგოგებს, მათ შორის იაკობ გოგებაშვილს) თუ დავუჯერებთ, უცხო ენის მეთოდურად სწავლის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როცა მშობლიური ენა ბავშვის ცნობიერებაში ფესვს გაიდგამს. ეს კი უფრო დაწყნარებულ ეპოქაში მხოლოდ 7 წლის ასაკში ხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეითდება ბავშვის შემოქმედებითი ძალები, იბზარება მისი ფსიქიკა. მაგრამ ამას ვიღა დაგიდევს! მთავარია „პრესტიჟულობა“! აუცილებელია დაზუთხული ინგლისური სპექტაკლი წლის ბოლოს, თუნდაც ეს პიესა რომელიღაც სხვა ენიდან იყოს საცოდავად გადმოინგლისურებული, მაგალითად, „ლურჯი ფრინველი“... არიან, რა თქმა უნდა, კარგი პედაგოგები, და ალბათ ერთი-ორი კარგი ბაღიც, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის. ჩემს თვალსაწიერზე ვალდორფის სკოლის საბავშვო ბაღი საუკეთესოა, რომელიც სამწუხაროდ, ბავშვებს ვეღარ იტევს.
სკოლა
სკოლას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დიდი, გამწვანებული ეზო და სპორტული კომპლექსი ეს უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნა. აურაცხელი ბავშვი ვერ მისდევს სპორტს, ან უსახსრობის, ან უდროობის, ან სიზარმაცის გამო. ამიტომ სკოლამ უნდა აიღოს თავის თავზე ბავშვების გაკაჟება.
სრული ბარბაროსობაა ხუთი წლის ბავშვის სკოლაში გაშვება და მისთვის კომპიუტერის ხელში მიცემა! ამას გეტყვით ყველანაირი სიბრძნე, რაც დღეს კიდევ არსებობს. ამას დასავლეთშიც აკრიტიკებს გონიერი ხალხი, მაგრამ ხალხი უკვე უძლურია უსულგულო პრაქტიციზმის წინააღმდეგ: ბავშვებმა რაც შეიძლება ადრე უნდა დაამთავრონ სკოლა და უმაღლესი, რათა ადრე დაიწყონ მუშაობა და არჩინონ პენსიონერები. ყველაფრის უკან ფინანსური სტრატეგიებია. მაგალითად, მართლა ღრმა მსოფლმხედველობაზე დაფუძნებულმა ვალდორფის სკოლამ იცის, რომ ბავშვი, გამომდინარე მისი სულიერი და ფიზიკური აგებულების სპეციფიკიდან, მხოლოდ 7 წლისა შეიძლება შევიდეს სკოლაში. და 7 წლის ბავშვიც თავიდან მხოლოდ სამი საათი შეიძლება დარჩეს იქ. ეს დრო თანდათან უნდა გაიზარდოს. ბავშვის ფსიქიკა ვერ იტანს დიდხანს უცხო, ხმაურიან ადგილას, ბევრ ხალხში ყოფნას, დიდხანს სწავლას, გინდაც თავად ვერ აცნობიერებდეს ამას. ის იღლება,მისი ბავშვურად გენიალური აღქმა ბლაგვდება, ინდივიდუალური საწყისი ითრგუნება, ყურადღება იფანტება.რაც მთავარია: გარდაუვალია მხედველობის დასუსტება, ხერხემლის გამრუდება ( სკოლიოზი) და ნევროზი. ბავშვობის სივრცის ოკუპაცია, მისი შემცირება დიდი ბოროტებაა. ამ ასაკის ბავშვს სჭირდება თამაში, კოტრიალი, ბუნებაში ყოფნა. ბავშვი ყველაზე მეტად ბავშვობით იზრდება. ნუთუ თავად დედებს ისე მოუბლაგვდათ ინსტინქტი, რომ ვერ გრძნობენ ამას? ან რატომ არ აპროტესტებენ იმას, რომ ბავშვები იძულებულნი არიან საშინლად მძიმე ჩანთები ათრიონ? ეს ხომ მათ სუსტ ხერხემალს უდიდეს ზიანს აყენებს?
საერთოდ, საქმე ძირითადად ასეა: ან ბავშვი არაფერს აკეთებს, არც სპორტს მისდევს, არც კითხულობს და არც სწავლობს, ან სნობი მშობლები გამოთაყვანებამდე დაათრევენ შვილებს ათასგვარ მასწავლებლებთან, ათასგვარ წრეებზე და ამდენი სიჩქარით, გადატვირთულობითა და ცუდი კვებით სიცოცხლის დღეებს უმოკლებენ მათ. ოქროს შუალედი, როგორც ყველგან, აქაც იშვიათია.
კომპიუტერი, ინტერნეტი, ტელევიზია
კომპიუტერით ხბოს აღტაცება, ჩანს, ჩვენში დიდხანს გაგრძელდება და მის დიდ საზიანოობაზე ლაპარაკი დაიგვიანებს, რადგან ბიზნესს კომპიუტერი აკვნიდან აწყობს; ხელისუფლებას, განათლების სამინისტროს, არანაირი მართლა სასარგებლო იდეები და ინოვაციები რომ არ გააჩნიათ, განათლების არსებით პრობლემაზე - მის შინაარსზე რომ არ ფიქრობენ,- აწყობთ; მშობლებს, ბავშვებისთვის დრო და მათ აღზრდა -განათლებაზე ფიქრის თავი რომ არა აქვთ, -აწყობთ; მოწყენილ ბავშვებს, რომლებისთვისაც არავის სცალია, და რომლებსაც ჩვეულებრივ არა აქვთ ნამდვილი კონტაქტი უფროსებთან, - აწყობთ. ძალებს,რომლებსაც ბავშვების გამოთაყვანება უნდათ და არა მათი ფიზიკურ-სულიერი სისაღე (თუ ასეთები არსებობენ) - აწყობთ. კომპიუტერ-ინტერნეტის უკონტროლო გამოყენების შედეგები: ყველა 5-6 წლის ასეთი ბავშვი ორ-სამჯერ მაინც არის მოხვედრილი პორნოსაიტებზე; ბავშვის ფსიქიკა დაშლილია ძალიან დაბალი სინჯის, საშინლად ხმაურიანი, მჭახე, აგრესიული ანიმაციური ფილმების ზღვა პროდუქციით; უცხოური ანიმაციური ფილმები ტრადიციულად ძალიან ცუდად ითარგმნება და ხმოვანდება ქართულად, თავს ვერსად დააღწევ გამხმოვანებელთა პროვინციულ ინტონაციასა და კილოს; ტელევიზიასა და ინტერნეტს ლომის წილი მიუძღვით იმაში, ძალიან სწრაფად რომ ვრცელდება ბავშვთა ნევროზი, შიშები; მხედველობის დაქვეითება, ბადურის ჩამოშლა,ხშირად სიბრმავე; სამყაროს დამახინჯებული აღქმა; სისასტიკე და სიტლანქე; აბსოლუტური გაუცხოვება ცოცხალი ბუნებისაგან და ა. შ.
სკოლაში ძალიან ადრე იწყებენ უცხო ენის სწავლებას და ერთდროულად ორ უცხო ენას ასწავლიან. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ეს ძალზე დესტრუქციული და საზიანოა: უცხო ენის სწავლება უნდა დაიწყოს დედაენის დაუფლების შემდეგ. მეორე უცხო ენა კი მხოლოდ მას შემდეგ რაც პირველ უცხო ენა გაიდგამს ფესვს მოწაფის ცნობიერებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არა ადამიანს , რომელსაც აზროვნება და შემოქმედებითი უნარები აქვს განვითარებული, არამედ რამდენიმე ენაზე მორატრატე რობოტებს (არ მახსოვს, რომელი ენათმეცნიერი ამბობს, რომ ორი ენა ისე ეჯახება ერთმანეთს ბავშვის ცნობიერებაში როგორც ორი გალაქტიკა, და ბზარავს მას, ოღონდ ეს პროცესი არ არის შეგრძნებადი, ხილული. იგულისხმება მეთოდური სწავლება და არა ბუნებრივი ორ - თუ სამენოვნება ოჯახში). სახელმძღვანელოებს რაც შეეხება, უამრავი საშინლად მოსაწყენია. საერთოდ, განათლება დღევანდელი, სულიერ გზას აცდენილი ცივილიზაციისათვის დიდ პრობლემად არის ქცეული. და განვითარებულ დასავლეთში სულ უფრო ხშირად ხდება ასეთი რამ: დიდი ფირმები ათავისუფლებენ ახლად მიღებულ ახალგაზრდა თანამშრომლებს, საუკეთესო უნივერსიტეტები რომ აქვთ დამთავრებული წარჩინებით: მართალია, კარგი დიპლომები აქვთ, მაგრამ დამოუკიდებელი აზროვნება უჭირთ, ჩვენ კი ახალ-ახალი ნოვაციებისთვის ფანტაზია და შემოქმედებითი უნარი გვჭირდებაო.
არა ათასი ინფორმაციით თავგამოტენილი, ავტომატიზებული არსებების, არამედ დამოუკიდებლად მოაზროვნე, შემოქმედი ადამიანის აღზრდა იყო და არის ყველანაირი განათლების დღეს უკვე განსაკუთრებით ძნელად მისაღწევი მიზანი. სწორედ ასეთი ადამიანების უკიდურესი დეფიციტი განსაზღვრავს ჩვენი ეპოქის, პირველ რიგში, ჩვენნაირი ქვეყნების უღრმეს კრიზისს. ფრიდრიჰ ნიცშე წერდა: მე არ ვეძებ ბედნიერ ეპოქებს, არამედ ისეთ ეპოქებს, დიდ პიროვნებებს რომ წარმოქმნისო. ჩვენი სინამდვილე კი თან უბედურია და თან მწირი: მას დიდი პიროვნებების მოთხოვნილება არა აქვს და არც წარმოქმნის მათ. („ქვეყანა მცირე, ცხოვრება მცირე, დაჯექ იტირე, იტირე, ნანა“- გალაკტიონი).
დაბადების დღეები
თბილისში დამკვიდრებული ტრადიციით ბავშვების დაბადების დღეებს საგანგებო „ცენტრებში“ უხდიან, სადაც უამრავი ბავშვია დაპატიჟებული. თითქმის ყველაფერი, რაც მე ასეთ წვეულებებზე მინახავს, ბავშვისთვის საზიანოა: საკვები, მოღრიალე მუსიკა, ჭრელი განათების ანთება-ჩაქრობა, ანუ „სინათლის ეფექტები“, და წამყვანების: რაღაც კლოუნების მსგავსი არსებების მდარე ხუმრობები და წივილ-კივილი.
თეატრი
ჩვენი სცენა ტრადიციულად ძალიან ხმაურიანი იყო. ყვირილი, ზედმეტად ხმამაღალი ლაპარაკი და სიცილი.... ახლა ეს ყველაფერი ზენიტშია. სიცარიელე ხმაურს წარმოშობს. რამდენჯერ გამოვიყვანე პატარა ბავშვი სპექტაკლიდან სცენაზე ათარეშებული სიტლანქისა და ყვირილის გამო. მაყურებლის დონე ძალზე დაქვეითდა და ხშირად რეჟისორი და მსახიობები ცდილობენ მას შეესაბამონ. მიმართავენ იაფფასიან ხუმრობებს, ტლანქ მოძრაობებს. და მუსიკა ხომ ლამის თავზარდამცემ როლს ასრულებს. ისე დაიჭექებს და დაიღრიალებს ხოლმე მოულოდნელად, რომ ბავშვს შეძლება ყურის აპკები გაუსკდეს. ცირკზე აღარაფერს ვამბობ. საერთოდ საშინლად ხმაურიანი და არამყუდროა ჩვენი ქვეყანა. ხომ უნდა გავიგოთ, რომ ბავშვების ნევროზის და საერთოდ, ადამიანის სწრაფი დაბერების ერთ-ერთი მიზეზი ხმაურია. სადღაც მაინც არ უნდა იყოს მშვიდი და ლამაზი ადგილი?
წიგნები
ვირტუალურ სივრცეში გადასახლებულ, დამატებით საშინლად ქაოტური, აუწყობელი ქვეყნის ბავშვებს სულ უფრო უჭირთ წიგნის კითხვა. სულ უფრო მატულობს მეხსიერების დაქვეითება და ყურადღების კონცენტრაციის შეუძლებლობა, ვრცელდება გაფანტული ყურადღება (კარგი იქნება, ბავშვებს აუდიოდისკებზე გადატანილ ლიტერატურას თუ მივაშველებთ). მდარეს გარდა გამოიცემა უამრავი შესანიშნავი საბავშვო წიგნი, საგანმანათლებლო ლიტერატურა, მაგრამ ძვირია, და მისი შეძენა, ჩვენში გამეფებული სიღატაკიდან გამომდინარე, ცოტას შეუძლია. ცალკე საკითხია, რაგვარი საბავშვო ლიტერატურა იქმნება ქართულ ენაზე. მაგრამ ამას შესწავლა სჭირდება.
ასე, დედის მუცლიდან სკოლამდე ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება ძირითადად ავადმყოფობას და უმსგავსობას სთავაზობს ჩვენს ბავშვებს: მოწამლული საკვების, ჰაერის, წყლის, უსივრცობის, ანტისანიტარიული სადარბაზოების, ლიფტების, ეზოების, ქუჩების, უხარისხო აღზრდისა და სწავლის და ა.შ. სახით, რითაც დამაჯერებლად ამბობს, რომ აქ ბავშვის ადგილი არ არის.
ჰოდა, ელენ კეი რომ მოუწოდებდა ევროპას, გაეცნობიერებინა თავისი დანაშაული ბავშვის წინაშე და მეოცე საუკუნე ბავშვის საუკუნედ, ანუ ბავშვის უფლებების საყოველთაო აღიარების საუკუნედ გადაექცია, - ამდენი სახის დანაშაულს, რაც აქ ჩამოვთვალე, კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ დალანდავდა, თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ ატომური და კომპიუტერული ერა შორს იყო, და ჩვენს ცივილიზაციას, რომელმაც ამასობაში სრულიად დაკარგა სული და სირცხვილი, ჯერ არ წამოეწყო ერთიანი შეტევა ბავშვისა და ბავშვობის წინააღმდეგ. (თუნდაც ეს: ბავშვის, მოზარდის სექსუალობის ნაადრევი გაღვიძება ხომ ჩვენი დროის ერთერთი უმთავრესი დანაშაულია. „ნუ გააღვიძებ ნაადრევად სიყვარულს“- გვასწავლის ერთი უძველესი ტექსტი).
ჩვენ კი? არაფერზე გვეტყობა, რომ ჩვენთან ერთად ამ მიწაზე ბავშვებიც ცხოვრობენ.( მე მაგალითად, სხვა რამეს ვიღა ჩივის, ახლა სულაც იმაზე მისკდება გული, ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი არაადეკვატური პოლიტიკით კიდევ არ დაგვატეხოს თავზე სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის მხრიდან და წინამორბედივით არ დაგვიბაროს დანა-ჩანგლით შებრძოლება ჯართან და ტანკებთან. ჩვენს ბავშვებსაც ხომ არ შევუძინოთ პატარა, სპეციალური დანა-ჩანგალი?).
1989 წელს პირველ ეკოლოგიურ მიტინგზე ვთქვი: ეკოლოგიური მოძრაობა პირველ რიგში დედათა მოძრაობა უნდა იყოს, და ჩვენ ყველამ თავი უნდა გადავდოთ იმ მიზნისა და ოცნების განსახორციელებლად, რომელსაც „მწვანე საქართველო“ ჰქვია მეთქი. ახლა როგორც არასდროს ისე შორს ვართ ამ იდეალისაგან. (წესით, ქვეყანაში, სადაც ეკოლოგიური თვალსაზრისით ასეთი კატასტროფული ვითარებაა, საგანგებო მდგომარეობა უნდა ცხადდებოდეს).
მაგრამ თუ საერთოდ გვინდა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გადარჩენა, თუ საერთოდ მართლა გვინდა, რომ არ აღვიგავოთ პირისაგან მიწისა (რისი რეალური პროგნოზიც არსებობს, და რაც ფაქტობრივად უკვე ხდება) - მაშინ ეს მოძრაობა თავიდან უნდა დაიწყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვის მოყვარესაზოგადოება უნდა შეებრძოლოს ყველა ჯურის ადამიან-რობოტებს, გაუნათლებელ ტექნოკრატებს, ხეპრე მდიდრებს და უმდიდრესებს, მტაცებლებსა და მძარცველებს, ხელისუფლებაში და ყველგან მოთარეშე უსულგულო საქმოსნებს, რომლებიც ანადგურებენ ხედებსა და ლანდშაფტებს, ბაღნარებსა და პარკებს, გიგანტურ წუმპეებად აქცევენ მდინარეებს, სპობენ ჩვენი კულტურის უძველეს ძეგლებს, ახრჩობენ ადგილობრივ წარმოებას და ეკოლოგიურ სოფლის მეურნეობას, რათა მდარე იმპორტით გამდიდრდნენ....ეს უმძიმესი ბრძოლა იქნება, ჩვენ ვხედავთ რა ძალისხმევად და წვალებად უჯდებათ ჩვენს გარემოს დამცველებს ბრძოლა ამა ქვეყნის ძლიერებთან საყდრისის, ვაკის პარკისა თუ სვანეთისა და აჭარის გადასარჩენად... და თუ საზოგადოებას ბრძოლა არ უნდა, მაშინ უნდა აღიაროს, რომ თავადვეა თავისი ბავშვების ბედისწერის უმთავრესი მოკავშირე და ვეღარავის დააბრალებს, ყოველწლიურად სიმსივნის 7000 ახალ შემთხვევას, ბავშვთა სიკვდილიანობას, ლეიკემიას, ფსიქიურ თუ რევმატიულ დაავადებებს...
დასასრულ მინდა გავიხსენო, რომ რისი სწავლაც ჩვენ, უფროსებს, ბავშვებისგან შეგვიძლია, ის მთავარია, და რისი სწავლაც მათ შეუძლიათ ჩვენგან - მეორეხარისხოვანი, რადგან როგორც ორი ათასი წლის წინათ ითქვა: ბავშვებისნაირებისაა ცათა სასუფეველი, და თუ ბავშვებივით არ გავხდებით, არ გვეღირსება ის, რაც მთავარია ამ სამყაროში და რასაც ვერც ფულით და ვერც განსწავლულობით ვერ შეიძენ: დიადი, მარადიული ნათელი.
სტატია ქვეყნდება საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით