(ინკარნაციის მისტერია და ჩვენი დროება)
ერაყში ვიზიტს დიდი მოუთმენლობით ველოდი. როგორც იქნა ამის შანსი გამოჩნდა და შიიტი მეგობრების თავაზიანი მოწვევით ჩემს თბილისელ მეგობრებთან - მეუფე ილიასთან, ჰაჯ-ფაიღთან და გელა გუნიავასთან ერთად - წმიდა ქალაქ ნაჯაფში აღმოვჩნდი. აქ ჩვენ ჩამოვედით ირანის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომელიც ნაჯაფისა და ქარბალას შიიტური სიწმინდეების მოსალოცად და ალ-ღადირის დღესასწაულზე დასასწრებად იყვნენ ჩამოსული. (ალ-ღადირის დღესასწაული აღნიშნავს ალის არჩევის დღეს მუჰამედ წინასწარმეტყველის საქმის გამგრძელებლად). დელეგაციაში იყვნენ პოლიტიკური მოღვაწეები და სასულიერო პირები (ირანში, როგორც წესი, ეს ორი რამ ერთმანეთისგან არ განირჩევა), ჭარმაგი აიათოლები, მათ შორის ისინი, ვინც აიათოლა ჰომეინის თანამესანგრეები და მეგობრები იყვნენ ისლამური რევოლუციის დროს.
უკვე ჩამოღამებული იყო, როცა ჩვენი თვითმფრინავი კომფორტულად დაეშვა ნაჯაფის გარეუბანში. საგანგებოდ მომზადებულ დარბაზში მიგვიყვანეს, უზარმაზარ მოოქროვილ სავარძლებში ჩაგვსხეს, წყალი და ყავა შემოგვთავაზეს...
აეროპორტიდან რომ გამოვედით, კბილებამდე შეიარაღებული ჯარი დაგვხვდა და ნაჯაფის ცენტრისკენ ესკორტით გამოგვაცილა. თითოეულ მანქანას წინ და უკან თეთრტყვიამფრქვევიან პიკაპებზე ამხედრებული, ღამის ხილვის მოწყობილობებით აღჭურვილი ჯარისკაცები მოაცილებდა.
უსაფრთხოების დაუჯერებელი ზომები იყო მიღებული, გვითხრეს 10 000 ჯარისკაცი გვყავსო მობილიზებული. მაგრამ კიდევ უფრო დაუჯერებელი ის იყო, რომ ამ ესკორტმა მეც და ჩემი თბილისელი მეგობრებიც დაგვკარგა! ჩვენთვის სრულებით მოულოდნელად, პომპეზური VIP დახვედრის შემდეგ, ძალიან უცნაურ სასტუმროში აღმოვჩნდით. აქ ჩვენ არავინ გველოდა. ჩვენთვის ოთახები არ იყო დაჯავშნული. თავი ვინუგეშე, ეს არაფერი, არც იოსებისა და მარიამისთვის იყო-მეთქი ადგილი ბეთლემის სასტუმროში.
კარგა ხნის ლოდინისა და ჯაჯღანის შემდეგ, ოთახები მოგვცეს. ჩვენი ტვირთი ჯერ კიდევ არსად ჩანდა. ცხელოდა. ოთახში ფანჯარა გამოვაღე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფანჯრები აგურით იყო ამოშენებული, ცხადია, უსაფრთხოების გამო. ვიფიქრე შხაპს მაინც მივიღებ გასაგრილებლად-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა რომ პირსახოცი არ იყო სასტუმროში. წავედი პირსახოცის საძებრად, ხან ვის ვკითხე, ხან ვის. ყველა დაბნეული მიყურებდა ხელებს ასავსავებდა, არავინ იცოდა, სად უნდა ყოფილიყო პირსახოცი. ბოდიალ-ბოდიალში ჩემს თანამგზავრებს გადავაწყდი. ისინიც ჩემს დღეში იყვნენ.
პირსახოცი არ არის ჩემს ოთახში, - ვეუბნები მეუფე ილიას.
არც ჩემთან არის! - მპასუხობს მეუფე.
ჩანთები მოიტანეს? - ვეკითხები ჰაჯ-ფაიღს.
არა, არსადა ჩანს, - მპასუხობს შეწუხებული ხმით ჰაჯ-ფაიღი. გელა ჩუმად არის, ეშმაკურად იღიმება. ოთხივენი დაბოღმილები ვართ, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხთ. ვცდილობთ ერთმანეთი ოხუნჯობით გავამხნევოთ... საჭმელი არაფერია ირგვლივ. ქუჩაში გასვლა არ შეიძლება უსაფრთხოების გამო... რამდენიმე საათის შემდეგ, ჩვენმა მასპინძლებმა მოგვაგნეს დაკარგულებს, თუმცა ჩვენ არ ვიცოდით რომ დაკარგულები ვიყავით. გადაგვიყვანეს ჩვენს სასტუმროში, სადაც უკვე მიტანილი ჰქონდათ ჩვენი ჩანთები და შეწუხებული მასპინძლები გველოდებოდნენ.
ჩვენი ვიზიტი ცუდად კი დავიწყეთ, მაგრამ მერე ძალიან კარგად გაგრძელდა. სადაც მივდიოდით ყველგან ავტომატებით შეიარაღებული ორი-სამი ჯარისკაცი დაგვდევდა თან. იმამ ალის საფლავზე მივიდოდით ნაჯაფში თუ იმამ ჰუსეინის საფლავზე კარბალაში, ყველგან მოწიწებით გვღებულობდნენ. ხოლო, როცა ხედავდნენ, რომ მათ სალოცავში ვლოცულობდი, ლოცვის დამთავრებისთანავე გარს გვერტყმოდნენ და კითხვას კითხვაზე გვესროდნენ: "ქრისტიანები ხართ?" "აქ შეიძლება თქვენთვის ლოცვა?" "თქვენ პატივსა სცემთ იმამ ალის?"
ჯოტო. შობა.
ქარბალაში, სადაც იმამ ჰუსეინის საფლავია, დაუვიწყარი თავგადასავალი გადაგვხდა. არსად და არასდროს მენახა მანამდე ათასობით ქვითინით მტირალი ადამიანი: ქალები, კაცები, მოხუცები და ჯეელები - ყველანი იმამ ჰუსეინის მხეცურად მოკვლას გლოვობდნენ. როდესაც ჩვენი დაკუნთული დაცვა გზას საფლავისკენ მიგვიკვლევდა, ყურში მესმოდა „მასიჰი, მასიჰი!!“ (არაბულად „ქრისტიანი, ქრისტიანი!“). ეს საკმაოდ თვალშისაცემი იყო, მე და მეუფე ილია ანაფორებში ვიყავით შემოსილი, მე კიდევ კუნკულ-ბარტყული მეხურა თავზე. შიიტების ერთ-ერთ ყველზე წმიდა ადგილზე, სადაც გაცილებით მეტი მლოცველი ჩადის, ვიდრე მექაში, ჩვენ მიგვიღეს, როგორც თავისიანები. არა მარტო მიგვიღეს, არამედ ამ წმიდა ადგილას, მლოცველებმა ჩვენგან დალოცვა ითხოვეს. ერთხანს ვყოყმანობდი, ვფიქრობდი, როგორ გავკადნიერდე და მე როგორ დავლოცო ეს ხალხი, როცა ირგვლივ ამდენი აიათოლლა და მოლაა-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უარის თქმა არ შემეძლო. ჩემი და ყველა იქ მყოფის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დასალოცად მოსულ ხალხს ქალებიც შეუერთდნენ. არადა, ამ ჰარამში, სადაც ათასობით მომლოცველი ტრიალებს, საგანგებოდ გამორჩეული ხალხი ჰყავთ, რომელთაც ხელში ბუმბულებიანი ჯოხები უჭირავთ და ხალხს აფრთხილებენ, რომ ქალები და კაცები უნებლიეთ ერთმანეთს არ შეეხონ ტანსაცმლით. ჩემთან კიდევ ქალები ხელდასმით ლოცვას ითხოვდნენ.
ნაჯაფში იმამ ალის ჰარამის ახლოს მდებარე დარბაზში ვსადილობდით ხოლმე. გრძელი მაგიდები იყო გაშლილი უზარმაზარი დარბაზის მთელ სიგრძეზე. დარბაზი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული შიიტი მომლოცველებით იყო ხოლმე ყოველთვის სავსე. მომლოცველებს ეხალისებოდათ ქრისტიანების ნახვა თავიანთ წმიდა ადგილას. მოდიოდნენ, ხელს გვართმევდნენ, პატივისცემის ნიშნად გულზე ხელს იდებდნენ. ერთხელ ამ დარბაზში შიიტი მომლოცველების გუნდი შემოგვეხვია. ჩვენი სალამ-ქალმის გაცვლა ხალისიან საუბარში გადაიზარდა. შუა საუბარში ვართ მე და მეუფე ილია და ვხედავთ ამ ხალხის წრე შუაზე იპობა და ჩვენკენ ერთი შავგვრემანი ერაყელი კაცი მოდის.
სალამ ალეიქუმ, - გვითხრა ათლეტური აღნაგობის შავგვრემანმა თმაშეთხელებულმა კაცმა და ხელი ჩამოგვართვა.
ალეიქუმ ას-სალამ, - ჩვენც თავაზიანად დავუბრუნეთ მოკითხვა.
მე ვარ ისა ბინ მარიამ, - ამაყად გვითხრა ერაყელმა შიიტმა და გულზე დაიდო ხელი. მე და მეუფე ილიამ თვალები დავაჭყიტეთ.
ბოდიშით, თქვენი სახელი? - გაკვირვებით ვკითხე კაცს.
ისა ბინ მარიამი, - გაიმეორა კაცმა. ანუ ეს კაცი გვეუბნება, მე იესო მარიამის ძე ვარო და მოდი და ნუ გაგიკვირდება!
მე და მეუფე ილია ოდნავ დავიბენით, არ ვიცოდით რა გვეთქვა. ქრისტიანობაში მიღებული არ არის, რომ ბავშვს იესო დაარქვა. ისლამში იესო ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველია. ბავშვისთვის წინასწარმეტყველის სახელის დარქმევა ჩვეულებრივი ამბავია.
დაბნეულობის განცდა რომ გაგვეფანტა, მეუფე ილიამ მოიფიქრა და იკითხა:
- კი მაგრამ მამათქვენს რა ქვია?
- არ, გინდა, მეუფე მაგას ნუ ეკითხები. - ქართულად ვეუბნები მეუფეს, - დედამიწის ამ მხარეში უმამოდაც ხდება ხოლმე ეგეთი ამბები.
ორივეს სიცილი წაგვსკდა ჩემს "მკრეხელურ" ხუმრობაზე. იესო მარიამის ძე გაკვირვებული გვიყურებდა, ალბათ, ფიქრობდა, ნეტა რას იცინიან ეს ქრისტიანები ან რას ხედავენო ჩემს სახელში სასაცილოსო.
ამ საშობაო წერილში ნამდვილ ისა ბინ მარიამზე უნდა ვისაუბროთ. იესოს შობას ქრისტიანულ თეოლოგიაში ინკარნაცია ჰქვია. ქართულში მისი შესატყვისი ტერმინია "განკაცება", მაგრამ მე მირჩევნია ამ წერილის ფარგლებში "განკაცების" ნაცვლად მაინც ტერმინი "ინკარნაცია" (ხორცშესხმა) გამოვიყენო და არა ქართულში დამკვიდრებული "განკაცება", რომელიც არც ინკლუზიურია და არც თეოლოგიურად გამართლებული. ინკარნაციის მთავარი აზრი ის არის, რომ ღვთის სიტყვა გახდა ადამიანი. აქცენტი მის ადამიანობაზე უნდა გაკეთდეს და არა მის გენდერზე (როგორც ეს გან-კაც-ებაშია).
ინკარნაციის მისტერიის შესახებ ოთხი სახარებიდან ყველაზე ვრცლად და გამოწვლილვით მოგვითხრობს ლუკა მახარობელი. ლუკას მონათხრობი უკვე საუკუნეების განმავლობაში შთააგონებს მხატვრებს, მოქანდაკეებს, დრამატურგებს, საკვირაო სკოლის ბავშვებსა და მასწავლებლებს.
ერთ ძველ სირიულ ხელნაწერში შემონახულია აზრი, რომ მღვდელი უნდა იყოს "მხატვარი", რომელიც მსმენელს სიტყვით დაუხატავს მაცხოვრის სახარებას. ლუკა მახარებელი სწორედ ასეთი მხატვარია, იგი დიდი ოსტატობით გადმოგვცემს იესო ქრისტეს შობის ამბავს. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ქრისტიანული ტრადიცია ლუკას პირველ იკონოგრაფად მიიჩნევს.
ლუკა "გვიხატავს", როგორ აღმოჩნდა ქალწული მარიამი სულიწმიდის მოქმედების შედეგად დაფეხმძიმებული; როგორ მიიღო იგი იოსებმა, მისმა საქმრომ; როგორ აღმოჩნდნენ ფეხმძიმე მარიამი და იოსები ქალაქ ბეთლემში იმისათვის, რომ აღწერაში მიეღოთ მონაწილეობა; როგორ დარჩნენ ისინი უცხო ქალაქში, სადაც მათთვის სასტუმროში ადგილი არ აღმოჩნდა და იძულებული გახდნენ თავი გომურისთვის შეეფარებინათ; როგორ დაიბადება სამყაროს მაცხოვარი გომურში; როგორ იზეიმებს ანგელოზთა დასი მის შობას და როგორ ახარებენ ანგელოზები უბრალო მწყემსებს იესოს შობის ამბავს. ეს უბრალო ამბავი, ბრალიანი ხდება, როდესაც ჩვენ გავიაზრებთ, თუ რა სახის მოვლენასთან გვაქვს საქმე.
რეფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეოლოგი, ჟან კალვინი წერდა, რომ ინკარნაციის ნარატივში ღმერთი ჩვენ "ბავშვის ენით" გველაპარაკება, რათა ჩვენი ადამიანური ლიმიტაციების გამო, შევიმეცნოთ ის, ვისი შემეცნებაც შეუძლებელია.
ინკარნაციის საიდუმლო ძალიან ჰგავს კაზიმირ მალევიჩის "ყვითელ მართკუთხედს", რომელიც სუპრატივიზმის პრინციპებზეა შექმნილი. მართკუთხედის ერთ მხარეზე კარგადა ჩანს მისი კონტურები, ხოლო მეორე მხარეზე მართკუთხედის კონტურები იკარგება და უკიდეგანო კოსმიური სივრცის ნაწილი ხდება.
ზუსტად ასევეა შობის ნარატივის საქმეც. ლუკას სახარებაში ჩვენ ვხედავთ ინკარნაციის კონტურებს, რომელიც "ბავშვის ენაზე" გადმოგვცემს იმ ამბავს, რომლის სრული საზრისის გადმოცემაც შეუძლებელია და მისი უფრო ღრმად წვდომა, მხოლოდ კონტურების მიღმა არსებულ სივრცეშია შესაძლებელი.
კაზიმირ მალევიჩი. სუპრემატიული ფერწერა (1918).
იესო ნაზარეველი დაახლოებით ორიათასი წლის წინათ განადამიანდა, მისი ისტორია ამ ორი ათასი წლის განმავლობაში წარმოადგენს იმ კონტურებს, რომელზედაც ჩვენ შეგვიძლია შედარებით გაბედულად ვილაპარაკოთ. მაგრამ იესო, როგორც ღვთის ძე, მარადიული ლოგოსი ჩვენთვის ცნობილი ისტორიული კონტურების ფარგლებს სცილდება. ქრისტე არის კოსმიური მოვლენა, რომელიც ინკარნაციამდე, ანუ განადამიანებამდე არსებობდა ღმერთში.
კოსმიური ქრისტეს ხატება ახლადაღმოჩენილი მოვლენა არ არის. უბრალოდ მოდერნიზმისა და გვიანდელი მოდერნიზმის (პოსტმოდერნიზმის) გამოწვევებმა და ინტერელიგიური დიალოგის მძაფრმა აუცილებლობამ აიძულა ქრისტიანული თეოლოგია უფრო მკაფიოდ დაენახა ის, რაც ჯერ კიდევ ადრექრისტიანულ ეპოქაში იქნა დანახული.
მარკოზის სახარება, რომელიც ოთხი სახარებიდან ყველაზე ადრე დაიწერა, თავის თხრობას იესოს ნათლობით იწყებს, სადაც გამომჟღავნდება, რომ იესო ღმერთის "საყვარელი ძეა". მათეს სახარება იწყება იესოს გენიალოგიისა და იოსების ეჭვების გადმოცემით. ლუკა სახარებას იმის თხრობით იწყებს, თუ როგორ გამოეცხადება ანგელოზი ჯერ ზაქარიას, იოანე ნათლისმცემლის მამას, მერე მარიამს და მერე ბეთლემელ მწყესებს.
იოანეს სახარება განსხვავდება ამ სამი სინოპტიკური სახარებისაგან. იგი სახარების დასაწყისში პოეტური ენით მოგვითხრობს ქრისტეზე, როგორც ღმერთის მარადიული სიტყვის (ლოგოსის) ინკარნაციაზე.
"დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი...სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე" (იოანე 1:1,14).
ქრისტე კოსმიური მოვლენაა, გვეუბნება იოანე მახარებელი, და ვიდრე ხილული სამყარო შეიქმნებოდა, ქრისტე მანამდე არსებობდა ღმერთში, როგორც ლოგოსი.
ქრისტეს კოსმიური განზომილება ყურადღების მიღმა არ დარჩენია მოციქულ პავლესაც. პავლე ქრისტეში ხედავს დემიურგს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ხილული სამყაროს შექმნაში:
"[ქრისტე] არის უხილავი ღმერთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით [ქრისტეთი]შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი... ყველაფერი მის მიერ [ანუ ქრისტეს მიერ] და მისთვის [ანუ ქრისტესთვის] არის შექმნილი" (კოლას. 1:15-16).
მოციქულთა ეპოქიდან ქრონოლოგიურად ოდნავ დაშორებული დიდი მოღვაწე, იუსტინე მარტირი (100 – 165 წწ.), მიიჩნევდა, რომ ღმერთის სიტყვა, ვიდრე ის ხორცს შეისხამდა იესო ქრისტეში, მოქმედებდა სამყაროს მთელი ისტორიის მანძილზე, როგორც მარადიული ლოგოსი. მისი აზრით, მთელ ადამიანურ ცივილიზაციაში რაც კი რამ სიკეთე ყოფილა, რაც კი რამ კარგი თქმულა და გაკეთებულა, ყველაფერი ღვთის მარადიული სიტყვის დამსახურებაა, რომელიც მოქმედებდა ქრისტეს განადამიანებამდე.
ამიტომ არის, რომ იგი გაბედულად აცხადებს: "რაც კი რამ სწორედა თქმულა მთელ კაცობრიობაში, ყველაფერი არის ჩვენი, ქრისტიანობის, კუთვნილება". ასე კოხტად დაუსაკუთრა იუსტინემ ქრისტიანობას მთელი ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა, პლატონისა და სოკრატეს ჩათვლით. მისი აზრით, პლატონი და სოკრატე ქრისტიანები იყვნენ მანამდე, ვიდრე ქრისტე დაიბადებოდა.
იუსტინე კიდევ შორს მიდის და სოკრატეს აღსასრულში, რომელსაც ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლის გამო სიკვდილი მიუსაჯეს ათენში, ქრისტემდე 400 წლით ადრე, რაღაცნაირად ქრისტეს სიკვდილის ალუზიას ხედავს. წარმართებთან პოლემიკისას იგი ამბობს:
"ვისაც თქვენ თაყვანსა სცემთ, სინამდვილეში ღმერთები კი არ არიან, არამედ ავი სულები. სოკრატე, ჭეშმარიტი სიტყვის (ლოგოსის) მეშვეობით ცდილობდა ადამიანები ავი სულებისაგან ღმერთისაკენ შემოებრუნებინა, მაგრამ ავმა სულებმა შეიპყრეს იგი და მოკლეს, როგორც უღმერთო და ღვთისმგმობელი. ახლა ისინი ჩვენც იმავეს გვიკეთებენ, ქრისტიანებს. თუ ეს სიტყვა (ლოგოსი) მოქმედებდა ბერძნებს შორის და სოკრატეში, იმავე სიტყვამ ფორმა შეიძინა და განადამიანდა ებრაელებს შორის და ეწოდა იესო ქრისტე".
იუსტინეს თეოლოგიური კონცეფციის გამზიარებელთა შორის იყო ჟან კალვინიც, რომელიც მიიჩნევს, რომ აბრაამი, რომელიც ქრისტემდე რამდენიმე საუკუნით ადრე ცხოვრობდა, გამოსყიდული იქნა იმავე სიტყვის მეოხებით, რომელიც ქრისტიანებსა სწამთ, მიუხედავად იმისა, რომ აბრაამმა არც იცოდა და ვერც ეცოდინებოდა იესოს სახელი.
ინკარნაციის თეოლოგიის საფუძვლიანი განვითარება დაკავშირებულია ათანასე ალექსანდრიელის სახელთან. იგი ცხოვრობდა იმ ეპოქაში, როდესაც თეოლოგიური დებატები პოლიტიკურ დატვირთვას იძენდა - მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.
გრიგოლ ნაზიანზელი ათანასე ალექსანდრიელს დამსახურებულად უწოდებს "ეკლესიის ბურჯს". ათანასეს ყველაზე ცნობილი თეოლოგიური ოპუსია Dე Iნცარნაციონე, ანუ "სიტყვის ინკარნაციისათვის, რომელიც არის ღვთაებრივი ლოგოსი, რომელმაც შეისხა ხორცი და გახდა ჩვენი მსგავსი ჩვენს სახსნელად".
ამ ნაწარმოებში იგი ავითარებს აზრს, რომ ღვთის სიტყვა "გახდა ადამიანი, რათა ჩვენ, ადამიანები, ღმერთი გავმხდარიყავით. მან თავი გაგვიმჟღავნა სხეულში, რათა ჩვენ უხილავი მამის საზრისი გაგვეგო… მან ადამიანებისგან აბუჩად აგდება დაითმინა, რათა ჩვენ უკვდავება დაგვემკვიდრებინა".
ათანასე ალექსანდრიელის ეს აზრი უფრო მარტივად აქვს გადმოცემული მეოცე საუკუნის ბრიტანელ მწერალს კლაივ ლუისს, რომლის მიხედვითაც "ღვთის შვილი გახდა ადამიანი, რათა ადამიანები ღვთის შვილები გამხდარიყვნენ".
მარიამის და იესოს უძველესი, მეორე საუკუნის ფრესკა. პრისჩილას კატაკომბები. რომი.
ჩვენ ზუსტად არასოდეს გვეცოდინება რა გააკეთა ქრისტემ ადამიანისთვის თავისი შობით და სიკვდილზე გამარჯვებით, ისევე როგორც ჩვენთვის ძნელია ზუსტად წარმოვიდგინოთ რა არის მალევიჩის ზღუდემორღვეული ყვითელი მართკუთხედის მიღმა. როგორც ათანასე ალექსანდრიელი ამბობს, "გინდა იმის დანახვა გიცდია სრულად, რაც ქრისტემ გააკეთა და გინდა ზღვის ტალღების დაგითვლია. ეს იგივეა".
მართალია, ათანასე დიდი მიიჩნევს, რომ ინკარნაციის მთელი საიდუმლოს დანახვა შეუძლებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანისთვის მიუწვდომელია. ღმერთი ადამიანისთვის მიწვდომადია ქრისტესთან თანაზიარების მეშვეობით. ეს არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელია, რომ ადამიანი შეხვდეს თავის კოსმიურ მეუფეს.
სიმონე ვეილი, მეოცე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი და მისტიკოსი, მიიჩნევდა და რომ კოსმიური ქრისტე, იმის გამო, რომ ის სიყვარულია, თავად ცდილობს, რომ ადამიანი ღმერთს შეახვედროს და მასთან დაახლოვდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ, ადამიანები, ღვთის სიყვარულზე უარს ვამბობთ, მაშინ "ღმერთი მათხოვარივით არ იშლის ჩვენთან მოსვლას [ჩვენ ვაგდებთ და ის მაინც მოდის]".
ბუნებრივია იბადება კითხვა, როგორ შეიძლება შეხვედრა კოსმიურ ქრისტესთან? შარდენ დე ტეიარის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი თეოლოგის აზრით, ქრისტესთან შეხვედრა შესაძლებელია ევქარისტიის საკრამენტის მეშვეობით. როდესაც მორწმუნე ეზიარება ევქარისტიულ პურსა და ღვინოს იგი ქრისტეს ინკარნაციის "გაგრძელება" ხდება. ანუ ადამიანი მოზიარე ხდება იმ მისიისა, რომელიც ქრისტეს განადამიანებას, ანუ ინკარნაციას ჰქონდა.
გარდა ევქარისტიისა ადამიანს შეუძლია შეხვდეს ქრისტეს არა მარტო საკრამენტებში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ეს იმის გამო, რომ ინკარნაციის გამო ყველაფერი უბრალო ბრალიანი გახდა. სიმონე ვეილს სჯეროდა, რომ ღმერთის სიყვარულის ინკარნაცია ხდება თითოეულ ჩვენგანში, როდესაც ჩვენ სხვებს ვუთმობთ ყურადღებას, როცა ჩვენს სიყვარულს სხვას ვუზიარებთ.
შესაბამისად ქრისტესთან შეხვედრა შეიძლება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, რომელსაც ჩვენ „უბრალოდა“ ვთვლით. განკაცებული ლოგოსი სწორედაც რომ უბრალო ცხოვრებაში არის "დამალული". უბრალოებაში შეიძლება ვიპოვოთ დამალული ღმერთი.
მისი პოვნა კი ფასეულია, რადგან ღვთის განადამიანებულ სიტყვასთან შეხვედრა ადამიანს ათავისუფლებს სულიერი, კულტურული და მენტალური ტვირთისაგან, რომელიც მას თრგუნავს და ანადგურებს. ამიტომ ამბობს ეფრემ ასური თავისი საშობაო საგალობლის ანტიფონში: "კურთხეულია თავისუფლების მომტანი!" (15:5). ეფრემისთვის, რომელიც მეოთხე საუკუნის უაღრესად მნიშვნელოვანი ჰიმნოგრაფი და თეოლოგია, ინკარნაცია ადამიანის თავისუფლების წყაროა.
ინკარნაცია ადამიანს ათავისუფლებს ნაციონალური, ეთნიკური, კულტურული, სუბკულტურული და გენდერული ბორკილებისგან. ადამიანს ენიჭება თავისუფლება - მიიღოს და შეიწყნაროს მისგან განსხვავებული. სწორედ ამიტომ არის, რომ შობის მისტერიას არასდროს გასვლია ყავლი და, ვფიქრობ, არც არასდროს გაუვა, ვიდრე ამქვეყნად საჭირო იქნება სიყვარული, შენდობა, მშვიდობა და სამართალი.
ინკარნაცია მარტო ლამაზი იდეა არ არის ღვთის მიერ ადამიანის უპირობო სიყვარულის შესახებ. მას აქვს მკაფიოდ გამოხატული პრაქტიკული ხედვა და დანიშნულება. ინკარნაციული თეოლოგია (Iნცარნატიონალ თჰეოლოგყ), ერთი მხრივ, იმას ადასტურებს, რომ იესო ქრისტე განკაცებული ღვთის ძე და მარადიული ლოგოსია, მეორე მხრივ კი, გულისხმობს, რომ ის, ვინც იესო ქრისტეს მიმდევარია, იგი განკაცებული ღვთის სიტყვის წარმომადგენელია როგორც ადამიანების, ასევე მთელი სამყაროს წინაშე.
ღმერთის განკაცებული სიტყვის ნამდვილი წარმომადგენლობა შეუძლია იკისროს ისეთმა ადამიანმა, რომელიც პირადად შეხვედრია განკაცებულ ლოგოსს. მხოლოდ ამ შემთხევაში შეუძლია ადამიანს იზრუნოს მოყვასზე და იზრუნოს მტერზე, დახმარების ხელი გაუწოდოს შინაურსა და გარეულს, თანაგრძნობა და ემპათია გამოხატოს არა მარტო ადამიანების, არამედ ღვთის მიერ შექმნილი მთელი სამყაროს მიმართ.
განკაცებულ ლოგოსთან შეხვედრაზე ერთი იგავი არსებობს მეუდაბნოე ბერების ტრადიციიდან. ერთ მოხუც ბერს ახალგაზრდა მორჩილი ეწვია და ჰკითხა, რატომ იყო, რომ ვინც ღვთის გზას ადგებოდა, მათგან ზოგი რჩებოდა ამ გზაზე და ზოგი ტოვებდა.
ამის პასუხად მოხუცმა ბერმა მორჩილს ასეთი ამბავი უამბო:
- გუშინ დილას ჩემმა ძაღლმა კურდღელი დაინახა და ყეფით გაეკიდა. ჩემი ძაღლის ხმაზე ირგვლივ ძაღლები აწკავწკავდნენ და კარში გამოცვივდნენ. ძაღლებმა მთელი დღე ყეფით აიკლეს არემარე. თანდათანობით ძაღლებს მობეზრდათ და დაანებეს დევნას თავი. ჩემი ძაღლის გარდა, ყველა შინ დაბრუნდა, ჩემმა კი გააგრძელა დევნა და ძებნა. ახლა მიხვდი, რატომ ტოვებს ადამიანი ღვთის გზას?! - იკითხა მოხუცმა და ყმაწვილკაცს თვალი თვალში გაუყარა.
- ვერაფერსაც ვერ მივხვდი! - ალალად თქვა ყმაწვილმა.
ჩემმა ძალღმა კურდღელი თვითონ დაინახა, დანარჩენი ძაღლები მის ხმას აჰყვნენ. რაკი თვითონ არ დაენახათ კურდღელი, ამიტომაც მობეზრდათ დევნა. ჩემმა ძაღლმა კი თავი არ დაანება ძებნას.
არაფერი ისე საშიში არ არის, როგორც მოდას აყოლილი რელიგიურობა. არ ღირს ადამიანმა რელიგიურობა და მოწმინდარობა დაიბრალოს, სხვისა ფეხის ხმას აჰყვეს მაშინ, როცა თავად არასდროს განუცდია განკაცებულ ლოგოსთან შეხვედრის ძალა.
დღევანდელ საქართველოში რელიგიის ფეხის ხმას უამრავი ადამიანია აყოლილი, მაგრამ ისინი, ვინც მართლა დაინახეს განადამიანებული ღვთის ძე, ძალიან ცოტანი ჩანან. ეს საიდანა ჩანს? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანობას იბრალებს. მაგრამ მოდით დავაკვირდეთ, როგორი შურისძიებისა და უმეცრების სულისკვეთება ბობოქრობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორ უსაზღვროდ გაიზარდა სოციალური სტრესი, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს წამლავს და ანგრევს, როგორ მასშტაბებს მიაღწია საშინაო ძალადობამ, როგორ შეუწყნარებლობას ვიჩენთ განსხვავებულების მიმართ, რელიგიური, ეთნიკური, კულტურული და სექსუალური უმცირესობების მიმართ... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?!
განადამიანებულ ლოგოსთან შეხვედრამ ადამიანს ხელი უნდა შეუწყოს ისწავლოს არა მარტო განსხვავებული ადამიანის, არამედ მთელი სამყაროს სიყვარული. სამყაროსი, რომლის შემოქმედიც თავად ღმერთის სიტყვაა, რომლის გარეშეც "არაფერი შექმნილა, რაც შექმნილა" (იოანე 1:3). ყველაფერი, რაც ამ სამყაროშია შექმნილი მისი შემოქმედების ნაყოფია. და თუ ეს ასეა ამქვეყნად ყველაფერი მოწიწებულ დამოკიდებულებას იმსახურებს ადამიანისგან.
ბრაიან კერშისნიკი. შობა (2006).
უკვე თხუთმეტი წელი მისრულდება, რაც ფრანცისკანელთა ორდენის წევრი ვარ. ფრანცისკანული დამოკიდებულება სამყაროს მიმართ იყო ის, რამაც თავიდანვე მომხიბლა და აღტაცებაში მომიყვანა. ჩემი უფროსი ძმა, ფრანცისკე ასიზელი, სამყაროს ელემენტებს ლამის ადამიანის თანასწორ მოვლენად მოიაზრებდა. მისთვის მანათობელი მზე ძმაა; მოლივლივე და მოციმციმე მთვარე და ვარსკვლავები - დები; ონავარი ქარი - ძმა; დინჯი და თავმდაბალი წყალი - და; ცეცხლი - ძმა; ჩვენი მარჩენალი დედამიწა - და; სიკვდილი, რომლისგანაც თავს ვერა სულიერი ვერ დაიძვრენს - და.
ინკარნაციის თეოლოგია ადამიანს ეხმარება, დაინახოს ღმერთი ყველასა და ყველაფერში - ყველა ადამიანში, მიუხედავად მისი რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობისა, მიუხედავად რელიგიური, კონფესიური ან თუნდაც ათეისტური მსოფლმხედველობისა, გენდერული განსხვავებულობისა და სექსუალური ორიენტაციისა. ეს იმიტომ, რომ განკაცებულ ლოგოსთან შეხვედრის წყალობით ადამიანი ლოგოსის ელჩი ხდება ცისქვეშეთში, თუ ადამიანებთან, თუ ბუნებასთან, თუ ცხოველ-ფრინველთა სამყაროსთან მიმართებაში. თუ ადამიანს არ შეუძლია ყველა სხვა მისგან განსხვავებულ და თუნდაც ყველასგან ათვალწუნებულ ადამიანში დაინახოს ღმერთი, ის ღმერთს ვერასდროს დაინახავს.
გასულ კვირაში ერთი დიდი საეკლესიო მოღვაწე გვყავდა სტუმრად თბილისში. შევხვდი, ძველ თბილისში გავატარ-გამოვატარე, მერე სადილზე დავპატიჟე კოპალაში, საიდანაც თბილისის უმშვენიერესი ხედი იშლება. კარგად ვისაუბრეთ თეოლოგიაზე, რელიგიურ საკითხებზე, პოლიტიკაზე. პარასკევი დღე იყო და საღამოს წირვაზე მოვიწვიე. პროტესტანტებში ქადაგება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ლიტურგიისა. პატივისცემით ნიშნად ქადაგებაც ვთხოვე. წირვაზე დაესწრო, საღმრთო წერილის საკითხავები მოისმინა, მერე იქადაგა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე ევქარისტიულ ანაფორას (პურისა და ღვინოს კონსაკრაციის ლოცვის ტექსტს) არ მივადექით. აქ სტუმარი ელდანაკრავივით წამოხტა სკამიდან და ტაძრიდან გავარდა. მე შუა წირვაში ვიყავი და ამიტომ ვერ გავეკიდებოდი თან, ვერც ვერავის დავადევნებდი.
წირვა რომ გავასრულე, სტუმრის საძებრად გავიქეცი. სადიაკვნეში დამიხვდა, ხელში აიპადი ეჭირა და რაღაცას წერდა.
- რა მოხდა, ცუდად ხომ არა ხართ? - შეწუხებულმა ვკითხე სტუმარს.
- ცუდად არა ვარ, ძალიან კარგად ვარ, - მიპასუხა აშკარად გაღიზანებულმა სტუმარმა ისე, რომ აიპადიდან თავია არ აუღია.
- აბა, რა მოხდა რატომ გამოვარდით ტაძრიდან? - ახლა მე ვუთხარი გაღიზიანებულმა.
- მე ვერ მივიღებ ისეთ ზიარებაში მონაწილეობას, სადაც სხვა რელიგიის ადამიანებთან ერთობაზე ლოცულობენ! - მითხრა ახლა უკვე გაკაპასებულმა სტუმარმა და თავისი აიპადი განზე გადადო.
ჩვენ არა მარტო სხვა ადამიანებთან ერთობისთვის, არამედ მთელი სამყაროს ერთობაზე გვავალია ლოცვა, - აღარც მე დავუთმე.
- ერთობა მხოლოდ ქრისტეს წინამძღოლობით ვიცი მე, - მომიგო აღშფოთებულმა სტუმარმა. გული დამწყდა. მივხვდი მასთან კოსმიურ ქრისტეზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. არც საერთოდ ლაპარაკს ჰქონდა აზრი.
გასული პარასკევის ინციდენტმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ საშობაო წირვის დაყენება (გინდა 25 დეკემბერი იყოს და გინდა 7 იანვარი), ნაძვის ხის ლამაზად მორთვა, საშობაო სუფრის გაშლა ადვილია, მაგრამ კოსმიური ქრისტეს დანახვა, რომელიც ყველგან და ყველაფერშია, ძნელია. ამ დროს მინდა ვიყვირო: ამ შობას მაინც მოდი "თავისუფლების მომტანო" და ყველანი გვაზიარე ნამდვილ თავისუფლებას.