ქართველი მწერლები და საბჭოთა პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა, რადგან იყო დრო, როდესაც ეს ორი, ერთი შეხედვით აბსოლუტურად განსხვავებული რამ - ერთ კონტექსტში განიხილებოდა.
იყო დრო, როცა, როგორც კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია რაიმე დადგენილებას მიიღებდა, მწერლები, ფაქტობრივად იმავე დღეს, აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდნენ და საკუთარი აზრი გამოეთქვათ მის შესახებ. მწერლების აზრი ხომ ხალხისთვის იყო მნიშვნელოვანი!
ჟურნალისტური ენით, გაზეთებში დაბეჭდილი ბოლშევიკების აზრი პირდაპირი ინსტრუქცია იყო, ხოლო შინაარსს, პოეტურობას და ხალხთან მიტანის ფორმებს საბჭოთა მწერლები უზრუნველყოფდნენ.
ეს პროცესი ერთბაშად არ დაწყებულა, მაგრამ რეპრესიების გაძლიერებასთან ერთად მწერლები თანდათანობით დაექვემდებარნენ „მოთვინიერებას“ (როგორც აკაკი ბაქრაძე იტყოდა) და რაკი სხვა გამოსავალს ვერ ხედავდნენ, ჯერ უხალისოდ ჩადგნენ პროპაგანდის სამსახურში, შემდეგ კი ზოგიერთმა მათგანმა ამ საქმეში განსაკუთრებული მონდომებაც გამოიჩინა. ერთი-ორი გაიქცა და ისე უშველა თავს, დანარჩენები კი ნელ-ნელა ეფლობოდნენ საბჭოთა ჭაობში. ოფიციალური პროპაგანდისთვის ისინი უკვე დიდი პოეტები, დიდი პროზაიკოსები და კრიტიკოსები კი არა, უბრალოდ, „ამხანაგები“ გახდნენ.
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე
საბჭოთა პოლიტიკასთან ქართველი მწერლების კავშირს ყველაზე კარგად 30-იანი წლების პრესა ასახავს.
ავიღოთ, თუნდაც, ლიტერატურული ჟურნალი „მნათობი“ ყველაზე მძიმე, 1937 წელს.
ჟურნალის პირველ ფურცლებზე ვლადიმერ მაიაკოვსკის პოემა „ლენინია“ დაბეჭდილი, იმიტომ, რომ ლენინი 21 იანვარსაა გარდაცვლილი და ნებისმიერი წლის, ნებისმიერი ჟურნალისა თუ გაზეთის იანვრის ნომერში აუცილებლად უნდა ყოფილიყო პროლეტარიატის ბელადი.
ამას მოჰყვება უმძიმესი მასალა, რადგან ქართველ კომუნისტთა რიგებმა უდიდესი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა (მაშინ ასე ითვლებოდა) ამხანაგი სერგო ორჯონიკიძე. ამ ინფორმაციას საკავშირო კომუნისტური პარტიის ბოლშევიკების ცენტრალური კომიტეტი გვამცნობს და პრესის ფურცლებზე მიდის ორჯონიკიძის გამოტირება.
ეს ყველაფერი ჯამში ლიტერატურული ჟურნალის 30-მდე გვერდს იკავებს, რის შემდეგაც ვკითხულობთ საქართველოს საბჭოთა მწერლების მიმართვას ამხანაგ ლავრენტი ბერიასადმი.
მიმართვა იწყება სიტყვებით: „ძვირფასო ამხანაგო ლავრენტი!“ და ამას მოჰყვება უსაზღვრო „აღშფოთების გრძნობა, რომელმაც მოიცვა საქართველოს საბჭოთა მწერლების მთელი კოლექტივი, საბჭოთა სასამართლოს წინაშე გაშიშვლებულად წარმდგარი ფაშიზმის სისხლიანი აგენტების, გაცოფებული ბანდიტებისა და დივერსანტების უსაზიზღრეს მოღალატურ ბოროტმოქმედებათა გამო“.
საქმე ისაა, რომ ამ პერიოდში შედგა რამდენიმე ხმაურიანი პოლიტიკური სასამართლო პროცესი „საბჭოთა კავშირის დაუძინებელი მტრების“ წინააღმდეგ, ჩვენი ქართველი მწერლები კი, მთელი გულითა და სულით აღნიშნავენ, რომ „ჩვენი დიდი სამშობლოს ხალხმა ლენინის, სტალინის, პარტიის მეთაურობით, მთელი მშრომელი კაცობრიობის უსაყვარლესი მასწავლებლისა და გენიალური ბელადის - დიდი სტალინის წინამძღოლობით, ააგო სოციალიზმის გიგანტური შენობა, მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფო, მაგრამ ამ სახელმწიფოს მტრები ჰყავს“ და ამ მტრების მხილებაში არა მარტო სასამართლოა ძალიან ძლიერი, არამედ ქართველი მწერლები თავის მოვალეობად მიიჩნევენ, რომ ჩაერთონ საქმეში და გამოეხმაურონ ყველაფერს, რაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.
„სოციალიზმის მშენებელი ქვეყნის ძლევამოსილებით გაცოფებულნი, იუდა ტროცკის ხალხისგან უსაზღვროდ შეზიზღებული კონტრრევოლუციური ხროვა დაადგა სისხლიანი ტერორის, ჯაშუშობის, მავნებლობისა და ღალატის უსაზიზღრეს გზას!“
მიაქციეთ ყურადღება, რა ტერმინოლოგიით საუბრობენ ქართველი მწერლები, სად გამოიყენება მხატვრული სიტყვა და რა დონეზეა ის აყვანილი, როგორ ვლინდება მწერლობის ოსტატობა ამ კოლექტიურ წერილში და ეს ყველაფერი კი ერთ, საერთო საქმეს ემსახურება.
„ტროცკის გესტაპოს ეს ავაზაკური აგენტურა“, - წერენ ქართველი მწერლები, - „თავის შავ-ბნელი ზრახვების განსახორციელებლად არ ერიდება არავითარ ბოროტმოქმედებას. ისინი ღვრიან მუშებისა და კოლმეურნეთა სისხლს. ისინი მზად არიან მიჰყიდონ ჩვენი ბედნიერი სამშობლოს მიწა-წყალი კაპიტალისტურ სახელმწიფოებს და თავისი სისხლიანი ხელები აღმართონ ჩვენი ხალხის უსაყვარლესი ბელადისა და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ. საბჭოთა ხალხის ერთსულოვანმა რისხვამ გააცამტვერა ზინოვიევ-კამენევის ბანდა, რომელმაც მუხანათურად მოუკლა საბჭოთა ხალხს საუკეთესო შვილი - პროლეტარული რევოლუციის მგზნებარე ტრიბუნი - სერგეი კიროვი“.
შეიძლება ქართველმა მწერლებმა იციან კიროვის სიკვდილის გარემოებები, შეიძლება ისიც იციან, რომ ეს ამბავი სხვაგვარად მოხდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი წერენ:
„დღეს კი საბჭოთა ხალხის სამსჯავროს წინაშე წარმდგარა უვერაგეს ბოროტმოქმედებაზე დაჭერილი სისხლიანი დივერსანტებისა და მავნებლების, კაპიტალიზმის რესტავრატორების ხროვა...“.
აქ ერთი მთავარი ამბავია, რამაც, როგორც ჩანს, განსაკუთრებით აღაშფოთა ქართველი მწერლები:
„ხალხის მტრებისა და ჯალათების ამ გარეწართა ხროვაში აქტიური მონაწილეობა მიუღიათ ტროცკისტ-ზინოვიელთა ქართველ ნაძირლებსაც, ხალხის მოსისხლე მტრისა და გამოუსწორებელი კონტრრევოლუციონერი ტროცკისტის, ბუდუ მდივნის მეთაურობით. ხალხისადმი მტრობით გაბოროტებულ ადამიანთა ეს გახრწნილი ბანდა“, - ლექსიკას მივაქციოთ ყურადღება, „ცდილობდა სასიკვდილო მახვილი აღემართა ჩვენი ბედნიერი ცხოვრების შემოქმედის დიდი სტალინის და მის თანამებრძოლთა წინააღმდეგ და მათ შორის ისინი სასიკვდილოდ გიმიზნებდნენ თქვენც!“, - ამის ატანა უკვე არ შეუძლიათ ქართველ მწერლებს, რომ თვით ლავრენტი ბერიასაც კი უმიზნებდნენ სასიკვდილოდ - „ჩვენი ორდენოსანი რესპუბლიკის სახელოვან ხელმძღვანელს, დიდი სტალინის უერთგულეს და გამობრძმედილ მოწაფეს, ქართული საბჭოთა მწერლობისა და ხელოვნების დაუღალავ მოამაგეს!
ხუთ წელიწადზე მეტია, რაც თქვენ, ამხანაგო ლავრენტი, სათავეში ჩაუდექით საქართველოს ბოლშევიკების მებრძოლ შტაბს და ეს ხუთი წელი წარმოადგენს ჩვენი რესპუბლიკის უდიდეს ისტორიულ წარმატებათა და გამარჯვებათა ბრწყინვალე პერიოდს ყველა ფრონტზე...“.
ლავრენტი ბერიას ქება და დიდება ისედაც არასდროს აკლდა, მაგრამ აქ განსაკუთრებულია, რადგანაც, ამ ქების ფონზე, „უმწეოა გველური გესლით გაჟღენთილი კონტრრევოლუციონერი არამზადების მუხანათური განზრახვა, ხელი აღმართონ თავისუფალი და ბედნიერი საბჭოთა ხალხის უსაყვარლესი ბელადის და მის სახელოვან თანამებრძოლთა წინააღმდეგ, რომელთა რკინის კოგორტაშიც დამსახურებულად დგახართ თქვენც, ამხანაგო ლავრენტი!“
ახლა კოგორტაზე მინდა გითხრათ - „კოჰორტა“ ლათინური სიტყვაა, მაგრამ აქ „გ“ შემთხვევითი ამბავი არაა, აქ „გ“ საბჭოთა კავშირის მთავარი ნიშანია, იმიტომ, რომ ეს „კოგორტა“ ლათინური სიტყვა კი არ არის, ამათთვის ეს რუსული სიტყვაა, იმიტომ, რომ სწორედ „კოგორტა“ უნდა იყოს, რათა მასში ამხანაგი ლავრენტი იდგეს! კოჰორტაში ბერიას ადგილი არ არის...
„ჩვენ, საქართველოს საბჭოთა მწერლები, სიტყვას გაძლევთ ამხანაგო ლავრენტი, კიდევ უფრო გავაძლიერებთ რევოლუციურ სიფხიზლეს, კიდევ უფრო შევმჭიდროვდებით ლენინ-სტალინის დიადი დროშის ქვეშ და მთელ ნიჭსა და ენერგიას, მთელ ჩვენს სიცოცხლეს დაუღალავად მოვახმართ მას და ა.შ. და ა.შ. გაუმარჯოს გამობრძმედილ სტალინელს! ქართველი ხალხის სახელოვან ხელმძღვანელს, ამხანაგ ლავრენტი ბერიას!“.
ასე მთავრდება ქართველი მწერლების მიმართვა ლავრენტი ბერიასადმი, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმი.
ამის შემდეგ მოდის ახალი მასალა - „ვუერთდებით მილიონების ძლევამოსილ ხმას - მწერალთა მიტინგი კონტრრევოლუციური ტროცკისტული ცენტრის საქმეზე განაჩენის გამოტანის გამო“. ამ სტატიაში ქართველი მწერლები მოითხოვენ კონტრრევოლუციური ტროცკიზმის ქართველი ნაბოლარების - ბუდუ მდივნისა და სხვათა, მუშათა კლასის დიქტატურის მახვილით აღგვას!
იწყება მწერალთა აღლუმი და აღშფოთებული ქართველი მწერლების გამოსვლა:
„უსაზღვროა მთელი ქართველი ხალხის კმაყოფილება ამ ერთადერთი სამართლიანი განაჩენის გამო“, - ამბობს პაოლო იაშვილი, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ, სწორედ იმის გამო, რომ ამ საქმეებში ჩაერთო და ასეთ საშინელებაში მიიღო მონაწილეობა, მწერალთა სახლში მოიკლავს თავს. თუმცა, მანამდე, საშინლად ამხელს ბუდუ მდივანს, მალაქია ტოროშელიძეს და სხვებს - „ზიზღი და კრულვა შევუთვალოთ მათ და მოვითხოვოთ დასჯა ისე, როგორც ხალხის დაუძინებელ მტრებს და სამშობლოს მოღალატეებს შეეფერება“.
დაამთავრა რა გამოსვლა პაოლო იაშვილმა, სიტყვით გამოვიდა პოეტი ილო მოსაშვილი. თურმე, მას კახეთის სოფლებში მოუხდა მოგზაურობა, სადაც კოლმეურნეები მოღალატეთა დასჯას მოითხოვდნენ. კოლმეურნეები თუ მოითხოვდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ პოეტი რას იზამდა?!
ილო მოსაშვილის შემდეგ, ამხანაგ ტიციან ტაბიძის ჯერია:
„საბჭოთა სასამართლომ გამოუტანა სამართლიანი განაჩენი მავნებლების, ჯაშუშებისა და კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ბანდას. სასამართლოს განაჩენი განაჩენია ხალხისა, რომელიც დაუნდობელია თავის მოსისხლე მტრების, სოციალისტური სამშობლოს გამცემლების და ა.შ.“. ერთი სიტყვით, ასეთი ლექსიკა გვხვდება.
ტიციან ტაბიძეს სიტყვა არა აქვს დამთავრებული, ამხანაგი ვალერიან გაფრინდაშვილი რომ გამოდის ავანსცენაზე:
„ტროცკისტები ლამობდნენ მოესპოთ საბჭოთა კავშირის მშრომელთა ყველა მონაპოვარი!“ - ამხანაგმა გაფრინდაშვილმაც, რა თქმა უნდა, ხალხის მტრების, მოღალატეების, ადამიანთა სიცოცხლით მოვაჭრეების და ომის გამჩაღებლების, ცოფიანი ძაღლების დასჯა მოითხოვა და დასძინა, რომ მათ მხოლოდ სამარე თუ გაასწორებს!
აღნიშნულ სტატიაში გვხვდება ამხანაგ სიმონ ჩიქოვანისა და ამხანაგმა ალექსანდრე აბაშელის მწარე სიტყვებიც, თუმცა, ყველაფერს „მძიმე არტილერია“ - გიორგი ლეონიძე აგვირგვინებს:
„დაე იცოდნენ ფაშისტებმა, კარგად დაიმახსოვრონ ჩვენი ხალხის დაუძინებელმა მტრებმა, ომის გამჩაღებლებმა, რომ ჩვენი ქვეყნის მშრომელნი შეკავშირებულნი და შედუღებულნი არიან ერთი ნებისყოფით, ერთი მისწრაფებით - განაგრძონ სოციალისტური ძმობა და ხალხის მოსისხლე მტრები, ბუდუ მდივნის მეთაურობით, უნდა განადგურდნენ.
და ბოლოს და ბოლოს, არ შეგვიძლია ქართველ მწერლებს არ აღვნიშნოთ, უდიდესი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ფხიზელი დარაჯის, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, რომელსაც ამხანაგი ეჟოვი ხელმძღვანელობს, რომელმაც ნიღაბი ჩამოგლიჯა ხალხის მოღალატეთა საზიზღარ ბანდას“. (მერე, როცა უკვე ეჟოვს ჩამოგლეჯენ ნიღაბს, ქართველი მწერლები უკვე ეჟოვის საგინებლად დგებიან რიგში...).
დასასრულ, ქართველ მწერალთა მგზნებარე სიტყვები მწერალთა კავშირის მდივანმა, ამხანაგმა ბესო ჟღენტმა შეაჯამა, რომელმაც ისიც კი დასძინა, რომ კონტრრევოლუციური ტროცკიზმის უბადრუკი აგენტები ცდილობდნენ „ნიღილისტურად გაებიაბურებინათ ჩვენი ლიტერატურის კლასიკური მემკვიდრეობა“; თურმე ამის გამო კლავენ ამ ხალხს!
ბუნებრივია, დღევანდელი გადმოსახედიდან ეს საოცრად სახალისო ვერსიაა...
რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიაა, ტრაგედიაა, რომ 1937 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ჟურნალში მხოლოდ მეორმოცე გვერდზე ჩნდება ლიტერატურული მასალა, ისიც პუშკინის დაღუპვის 100 წლის თავისადმი მიძღვნილი სტატია და პუშკინისავე ლექსები.
არანაკლებ ტრაგიკულია გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ 1937 წლის 12 აპრილის ნომერი. სხვადასხვა პოლიტიკურ მასალასთან ერთად, გაზეთის ფურცლები ასეთ შესანიშნავ ინფორმაციასაც იტევს - „საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას გამომცემლობამ, „ზარია ვოსტოკამ“, გამოსცა ქართულ და რუსულ ენებზე წიგნი - ქართული ლექსები და სიმღერები სტალინზე. წიგნში დაბეჭდილია შემდეგი ლექსები და სიმღერები:
ა. აბაშელი - „ფოლადაური“, შ. აფხაიძე - „სტალინი“, დ. გაჩეჩილაძე - „სტალინი“, ვ. გაფრინდაშვილი - „ოცნება ბელადზე“, „ოქტომბრის სტრიქონები“, „ჩემო ქვეყანავ“, ვ. გორგაძე - „სიმღერა ბელადზე“, ს. ეული - „დედის ნახვა“, პ. იაშვილი - „სტალინ“, „სიმღერა სტალინზე“, ს. ისიანი - „სვანური სიმღერა სტალინზე“, ლ. კვიცინია - „ჩემი სტალინი“, გ. ლეონიძე - „სიმღერა ბელადზე“, სტალინს“, „სიმღერა სტალინზე“, ნ. მანიძე - „სტალინის მზე“, ა. მაშაშვილი - „სამშობლო ბელადისა“, ნ. მიწიშვილი - „სტალინ“, „პრომეთეოსი“, ი. მოსაშვილი - „ბელადს“, „სიმღერა სტალინზე“, ვ. ჟურული - „სტალინი“, გ. ტაბიძე - „სტალინი“, ტ. ტაბიძე - „სტალინის სამშობლო“, „კახელი გლეხის თქმა სტალინზე“, „სტალინი“, ა. ქუთათელი - „სტალინი დედასთან თბილისში“, ი. ყიფიანი - „სტალინი“, ს. შანშიაშვილი - „იოსებ სტალინს“, ს. ჩიქოვანი - „სიმღერა სტალინზე“, „ბელადის თვალი“, კ. ჭიჭინაძე - „სტალინისადმი“ და ა.შ.
ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი მწერლების აქტივობა და დამოკიდებულება 1938 წელს, სრულიად საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არჩევნებთან დაკავშირებით.
ნიშანდობლივია ირაკლი აბაშიძის ლექსი - „ხმას ვაძლევ“:
„მე ხმაც და ენაც, ჩემი არჩივი,
მომცა საბჭოთა მზემ და ყანებმა,
მას შევეზარდე მე მხრებგაშლილი,
მან დამიმტკიცა სრულწლოვანება“.
აქვე გვხვდება ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „არჩევნებისკენ“, აკაკი ბელიაშვილი კი წერს იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია მწერალთა მობილიზაცია არჩევნებისთვის, რომ ვინმემ ხმა არ დააკლოს ჩვენს რომელიმე ბელადს, მაგალითად - სტალინს, რომელზეც აბაშიძის ზემოხსენებულ ლექსში შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ:
„მისი ოლქია მდიდრად გაშლილი, გზები, ხმელეთი, ზღვაც და პოეტიც, მისი ოლქია ხალხთა კავშირი, ჩვენი ერები და საბჭოეთი“.
აი ასე მონაწილეობდნენ პოლიტიკაში ქართველი მწერლები. ყველამ ვიცით, რომ, რა თქმა უნდა, ეს გულწრფელი არ იყო, ისიც გვესმის, რომ ამ მონაწილეობით სასიკეთო არაფერი გაკეთებულა.
საშინელი პერიოდი იყო და საშინელი ამბები ხდებოდა. პრობლემა მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ქართულ ლიტერატურასაც, ისევე როგორც ყველაფერ ქართულს მაშინ თავი მოეჭრა, პრობლემა ისიც იყო, რომ ქართული ლიტერატურა გადაგვარდა, სერიოზული ლიტერატურა თითქმის აღარ იწერებოდა. გამსახურდიამ თავს ისტორიაში გაქცევით უშველა, თუმცა სამტომიანი „ბელადიც“ ჩაიფიქრა, რომელიც, მადლობა ღმერთს, თვითონ სტალინს არ მოეწონა და პირველი ტომის შემდეგ აღარ გამოცემულა. გალაკტიონმა შედევრების წერა თითქმის ოცი წლით გადადო, ჯავახიშვილს „ქალის ტვირთმაც“ ვერ უშველა, მაინც დახვრიტეს; ცისფერყანწელების უმეტესობა გაანადგურეს...
და დღეს, იმ მილიონობით ადამიანთან ერთად, რომლებიც კომუნისტურმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა შეიწირა, უნდა გავიხსენოთ ის ათასობით შედევრიც - ლექსი, პოემა, მოთხრობა, რომანი, პიესა, რომლებიც ჩანასახშივე მოკლეს, რომლებიც ვერ დაიწერა, არ დაიწერა ან დაწერამდე დაიხვრიტა.
პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი