Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ პირობებში სწავლობენ ახალი მამუდლოს სკოლაში - “ზამთარში აქ ძალიან ცივა, ღუმელისთვის შეშა ჩვენ თვითონ მოგვაქვს სახლიდან”

12 ივლისი 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ მამუდლოში მცხოვრები 78 ბავშვი ავარიულ სკოლაში სწავლობს.

ახალ მამუდლოში ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. სოფელში არსებული სკოლა გასული საუკუნის 50-60-იან წლებშია აშენებული. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია: რამდენიმე ოთახში იატაკი საერთოდ არ არის, კედლები დახეთქილია, სახურავიდან კი წვიმის დროს წყალი ჩამოდის.

ახალი მამუდლოს სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე რამიზ ჯავადოვი ამბობს, რომ საკლასო ოთახებში ზამთარში ძალიან ცივა: „ცუდი პირობების გამო მარტო ჩვენი კლასიდან ორი მოსწავლე გადავიდა სხვა სკოლაში. სხვა მოსწავლეებსაც უნდათ წასვლა. ზამთარში აქ ძალიან ცივა, ღუმელისთვის შეშა ჩვენ თვითონ მოგვაქვს სახლიდან. ყველას უნდა, რომ კარგ სკოლაში სწავლობდეს.“

სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი აცხადებს, რომ ახალი მამუდლოს სკოლა 2010 წლიდან სოფელ არაფლოს სკოლის ბალანსზე გადაიტანეს და ამჟამად ის არაფლოს საშუალო სკოლის დამხმარე შენობის სტატუსით ფუნქციონირებს: „ამ სკოლაში სწავლობს 78 მოსწავლე. სკოლის იმ ნაწილს, რომელიც ავარიულია, არ ვიყენებთ. აქ ბავშვები მე-8 კლასის ჩათვლით სწავლობენ. ისინი, ვინც მაღალ კლასებში სწავლობენ, არაფლოში დადიან. მათთვის სპეციალური ავტობუსია გამოყოფილი. ყველა კლასის არაფლოში გადაყვანა შეუძლებელია, რადგან იქ ამდენი ბავშვი არ ეტევა.“

დირექტორის თქმით, სკოლას რემონტი სჭირდება: „სკოლა თუ შეკეთდება, ძალიან კარგი იქნება. თუმცა, გარკვეულ დრომდე ამ შენობის გამოყენება მაინც შესაძლებელია. ზოგიერთ ოთახში იატაკის პრობლემა გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია.“

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქანან ომაროვი აცხადებს, რომ რაიონში ბევრი გასარემონტებელი სკოლაა და მოკლე დროში ყველა მათგანის შეკეთება შეუძლებელია: „ვერ ვიტყვით, რომ ახალი მამუდლოს სკოლა ძალიან კარგ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. შენობა აშენებულია 50-60-იან წლებში, მაგრამ იქ გაკვეთილის ჩატარებისთვის საჭირო პირობები არის. ოთახები, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაშია, დაკეტილია ან საწყობად გამოიყენება. მარნეულში 74 სკოლაა. ბევრი მათგანი გასარემონტებელია. 74 სკოლას ერთ წელში, უცებ ვერ გავარემონტებთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში 25 სკოლა შეკეთდა, აქედან 5 - წელს.”

ქანან ომაროვის თქმით, სკოლების შეკეთებისა და კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება და ახლო მომავალში ყველა სკოლა გარემონტდება.

 ნურანა მამმადი


სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^