Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასწრაფო დახმარება დაგვიანებით

17 დეკემბერი 2014

“სასწრაფოს დაგვიანების მიზეზი ძირითადად არამიზნობრივი გამოძახებებია. არსებობენ ისეთი პაციენტები, რომლებიც დღეში 5-ჯერ, ან 6-ჯერ გვიძახებენ. ეს ხდება ყოველდღე. ვერაფერს ვიზამთ, უნდა მივიდეთ. ზოგჯერ წნევის აპარატის შემოწმება უნდათ ღამის 4 საათზე, ან სიცხის საზომი არ აქვთ და მეზობელს ვერ აწუხებენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც "112"  რაციაში გაჰკივის, რომ ავარიაა, მანქანა გადავარდა მტკვარში, სასწრაფოდ სჭირდებათ თავისუფალი ბრიგადა... და ჩვენ ვსხედვართ და  პაციენტს სიცხეს ვუზომავთ.”  

“ყვირილი და კარზე მძლავრი ბრახუნი გავიგე. გარეთ რომ გავედი, ჩემი მეზობელი დავინახე. მუხლებში იყო ჩაკეცილი, ვერ ლაპარაკობდა და ფეხზე ვეღარ დგებოდა. სახლში შემოვიყვანეთ, წნევა გავუზომეთ, ჰქონდა 220/160. მაშინვე სასწრაფოში დავრეკეთ. გვითხრეს, რომ 15 წუთში მოვიდოდა. ნახევარი საათის შემდეგ გვაცნობეს, რომ თავისუფალი ბრიგადა  არ იყო. იძულებულები გავხდით, წამალი თვითონ მიგვეცა. 55 წუთის შემდეგ მეზობელს, მარინას, ისევ აკანკალებდა, საკუთარი შვილის ტელეფონის ნომერს ვერ იხსენებდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა 1 საათისა და 45 წუთის დაგვიანებით მოვიდა.” - გვიყვება ელენე დოხნაძე, მარინა კუჭავას მეზობელი.

მარინა კუჭავამ 29 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე თავი ცუდად იგრძნო. როგორც თავად ამბობს, ინსულტის ნიშნები ჰქონდა. დასახმარებლად მეზობლებს დაუძახა. მათ მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და წნევა გაუზომეს:

“ძალიან ცუდად ვიყავი, 200-ზე მეტი მქონდა წნევა. საერთოდ დაბალწნევიანი ვარ და ეს ჩემთვის ძალიან მაღალი იყო. სასწრაფოში ჩემმა მეზობელმა 5-ჯერ დარეკა, წამლებიც მან დამალევინა. მეზობელი რომ არ ყოფილიყო…”

ზარი თავდაპირველად საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიან ცენტრში (112) შედის. ოპერატორი არკვევს პაციენტის მდგომარეობას და ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს გადასცემს. საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარება - თბილისის მერიის. სასწრაფოს ხელმძღვანელი შალვა ბრაჭული მიიჩნევს, რომ ბრიგადის დაგვიანება დისპეჩერიზაციის პრობლემაა:

“ვისი პრობლემაა რომ ბრიგადა არ არის თავისუფალი? რატომ არის ეს სასწრაფო დახმარების პრობლემა?! ვინმე აჩერებს ბრიგადებს?!” - აცხადებს შალვა ბრაჭული.

“112”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო მიქაუტაძე შალვა ბრაჭულის განცხადებას ალოგიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ინფორმაციას შემოსული ზარის შესახებ მომენტალურად, 2-3 წუთში გადაცემს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს:

“დისპეჩერიზაცია რა შუაშია?! ჩვენ გადავეცით ინფორმაცია და რამდენ ხანში მივა სასწრაფო დანიშნულების ადგილას, 112-ის თემა არ არის.”

შოთა ინასარიძე 12 წლის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი იყო. 2 თვის წინ მან სამსახური დატოვა. მიიჩნევს, რომ 1 საათით და 45 წუთით დააგვიანებს ბრიგადა, თუ 3 საათით, ეს არც “სასწრაფოს” პრობლემაა და არც “112”-ის. შოთა ინასარიძის აზრით, 80 ბრიგადა მილიონნახევრიან ქალაქს ფიზიკურად ვერ მოემსახურება:

“სასწრაფოს დაგვიანების მიზეზი ძირითადად არამიზნობრივი გამოძახებებია. არსებობენ ისეთი პაციენტები, რომლებიც დღეში 5-ჯერ, ან 6-ჯერ გვიძახებენ. ეს ხდება ყოველდღე. ვერაფერს ვიზამთ, უნდა მივიდეთ. ზოგჯერ წნევის აპარატის შემოწმება უნდათ ღამის 4 საათზე, ან სიცხის საზომი არ აქვთ და მეზობელს ვერ აწუხებენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც "112"  რაციაში გაჰკივის, რომ ავარიაა, მანქანა გადავარდა მტკვარში, სასწრაფოდ სჭირდებათ თავისუფალი ბრიგადა... და ჩვენ ვსხედვართ და  პაციენტს სიცხეს ვუზომავთ.”  

სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანება საცობების ბრალიცაა და, უმეტესად მძღოლები გზას არ უთმობენ:

“ხმოვან სიგნალს როდესაც ვაძლევდით მძღოლებს, ყოფილა შემთხვევა, ჩამოუწევიათ ფანჯარა და უთქვამთ ჩვენთვის: “ე, ბიჭო, ჩემზე მეტად შენ გეჩქარება?!”

ექიმ შოთა ინასარიძის თქმით, დაბალია იმის ალბათობა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმებს ის დახვდებათ, რაც გადმოსცეს. იხსენებს შემთხვევას, როდესაც მიიღო ინფორმაცია, რომ პაციენტს სიცხე ჰქონდა. როცა მივიდა, ადგილზე გვამი დახვდა. აღმოჩნდა, რომ ონკოლოგიური პაციენტი იყო.  შოთა ინასარიძე საუბრობს პაციენტების და მისი ოჯახის წევრების აგრესიულ დამოკიდებულებაზე. ამბობს, რომ მის ინტერესში ჯდება, -დანიშნულების ადგილზე სწრაფად მივიდეს, რადგან თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა:

“ჩემს ინტერესში ჯდება, რომ მივიდე მალე, ჩემივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. იქ შეიძლება ვინმემ გვესროლოს (ყოფილა ასეთი შემთხვევები.). სიტყვიერ შეურაცხყოფას რაც შეეხება, ეს მისალმებასავით არის.”

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის 2011-2012 წლების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში საუბარია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროულ რეაგირებასა და მომსახურებაში არსებული პრობლემებზე. აღნიშნულია, რომ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოძახებებზე დაგვიანებაა.

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ თბილისში სასწრაფო დახმარება ჯამურად გამოძახებების მხოლოდ 17.30%-ში ახდენს დაუყოვნებლივ (0-8 წუთში) რეაგირებას.  ხოლო დიდ ბრიტანეთში, 8 წუთში ადგილზე შემთხვევების 75%-ის დროს მიდიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^