Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"შშმ პირთა განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია"

19 დეკემბერი 2014

მალე ერთი წელი გახდება, რაც საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ახალი ვალდებულებები აიღო. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებას წინ სხვადასხვა პროცესი უძღოდა: შშმ ადამიანების და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების აქციები, დახურული კულუარული შეხვედრებები, გაჭიანურებული პროცესები და ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. საბოლოოდ, აქტივიზმმა შედეგი გამოიღო და გარკვეული დათმობების ხარჯზე (მთავრობამ ფაკულტატური ოქმის ხელმოწერაზე უარი თქვა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეროს შესაბამის კომიტეტში ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის საშუალებას მისცემდა) საქართველო საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები წინაა. მედიის წარმომადგენლებს კონვენციის სახით დიდი “სამუშაო დოკუმენტი”გვიდევს წინ, რომელიც იმპლემენტაციის პროცესზე დაკვირევების საშუალებას გვაძლევს.

რა შეიცვალა კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი მთავრობა და როგორ მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სრულყოფილ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის პროცესი?

ამის შესახებ “ლიბერალი” გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილ სკოტს ესაუბრა.

- ერთი წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების წინაშე საქართველომ ახალი საერთაშორისო ვალდებულებები აიღო. გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის პრაქტიკაში განხორცილება კი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. თქვენი აზრით, რა ძირითადი პრობლემების წინაშე დგანან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა?

- კონვენციის რატიფიცირება თავისთავად კარგი ფაქტია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 122 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, თუმცა არაოფიციალურად ეს რიცხვი შესაძლოა მეტი იყოს. ჩემი აზრით, ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილ შესრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა. ქვეყანა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტს შეუერთდა, ბევრს საუბრობენ ევროპულ სტანდარტების დანერგვაზე, თუმცა ეს ძალიან გრძელი პროცესია. ბევრი განვითარებული ქვეყანაც კი ამ გზას წლების განმავლობაში გადიოდა. თუმცა, თუ ვისაუბრებთ საქართველოს მთავრობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და საბაზისო საკითხებით უნდა დავიწყოთ. ესაა ხელმისაწვდომობა გარემოზე, ინფრასტრუქტურაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ჯანსაღ სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობასა და დასაქმების უფლებაზე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი სწავლაც სხვა ქვეყნებისგან შეგვიძლია, დამოკიდებულებები და სოციალური მიმართებებია. ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერება თუ არ ამაღლდება, სხვა ყველაფერი არაეფექტური იქნება. სწორედ დისკრიმინაციული დამოკიდებულებები ქმნიან შეზღუდულ შესაძლებლობებს. 

- საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები სიღარიბის მაღალი რისკის ქვეშ არიან. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ რისკის შესამცირებლად?

- საქართველოში სხვადასხვა, ე.წ. მოწყვლადი ჯგუფია, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ძალიან უჭირთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, იძულებით გადაადგილებულებს და სხვა. ამიტომ სწორი არ იქნებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იზოლირებულად საუბარი. ყველა მოწყვლადი ჯგუფი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას. ეს პრობლემები უკავშირდება არა იმდენად შემოსავლების არათანაბარ განაწილებას, რამდენადაც შემოსავლების სიმცირეს ან უქონლობას. ბოლო დროს საქართველო ვითარდება და ჩვენ ვხედავთ მაგალითად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს. ეკონომიკური ზრდა და განვითარება საბოლოო ჯამში ყველა მოწყვლად ჯგუფზე აისახება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც.

- არის თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დასაქმება ეკონომიკური და, შესაბამისად, სოციალური განვითარების ერთ-ერთი გზა?

- დასაქმება ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ყველაზე რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა. აუცილებელია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ამ მხრივ თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ. საქართველომ მიიღო კანონი "დისკრიმინაციიის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ ამ შემთხვევაშიც საუბარი არაა მხოლოდ შშმ ადამიანებზე. პრობლემას უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. წელს გაერომ და საქართველოს სახალხო დამცველმა ჩაატარეს რამდენიმე კვლევა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ შშმ ქალები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. სწორედ ასეა უმუშევრობის საკითხიც. თუ ქვეყანაში ზოგადად უმუშევრობაა პრობლემა, ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრებას უფრო მეტად ამძაფრებს. დაბოლოს, უნდა ვიმუშაოთ თავად დამსაქმებლებთანაც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დისკრიმინაციულად არ მიუდგნენ და რეალური და ადეკვატური სამსახური ჰქონდეთ.

- ახლა რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ

- ზოგადად საქართველოში დგას რეგიონების განვითარების პრობლემა, რაც, რა თქმა უნდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების წინააღმდეგ მუშაობს. თუ ვსაუბრობთ, მაგალითად, ტრანსპორტის არაადაპტირებაზე, გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე, რეგიონებში ეს კიდევ უფრო მძაფრადაა გამოხატული. წლების წინ დიდ ბრიტანეთშიც იყო რეგიონების იზოლირების პრობლემა, შესაბამისად ეს შშმ პირებზეც აისახებოდა. თუმცა, როგორც კი რეგიონებში მოგვარდა ტრანსპორტის პრობლემა, მოგვარდა ადაპტირებული ტრანსპორტის საკითხიც.

- რაც შეეხება გენდერულ ასპექტს, არიან თუ არა შშმ ქალები ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი, რაზეც სახალხო დამცველის კვლევებიც საუბრობს?

- ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. შშმ ქალები ხშირად არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ასევე შშმ ქალთა 50% სიღარიბის ზღვარს მიღმაა, რაც ძალიან დამაფიქრებელი ფაქტია.

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რამდენიმე წელია ინკლუზიური განათლების სისტემა დანერგა, თუმცა, ზოგადად, შშმ პირთა განათლების დონე არასახარბიელოა.

- ინკლუზიური განათლება კიდევ ერთი რთული საკითხია. ამისთვის საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები ჯერჯერობით მზად არ არიან. პირველ რიგში, მოსაგვარებელია შეზღუდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ზოგადი განათლების პრობლემა. არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოების დეფიციტია, მაგალითად აუდიო და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და ა.შ. ეს საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგია. შშმ პირებს მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით აღიქვამდნენ, მათ სოციალურ ინტეგრაციაზე არავინ ზრუნავდა. ასეთი დამოკიდებულება შესაცვლელია, საზოგადოებამ ეს პროცესი უნდა გაიაროს და მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შშმ ადამიანთა განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხია.

- ჩამოთვლილი პრობლემების მიუხედავად, ახლა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები აკისრია და ამაზე ზრუნვა ნაბიჯ-ნაბიჯ მოუწევს. თქვენი აზრით, რა პრიორიტეტები უნდა გამოიყოს იმპლემენტაციის პროცესში?

- რა თქმა უნდა, იმპლემენტაციის პროცესი ნელი იქნება. ეს ბუნებრივია, მაგრამ შედეგს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მივაღწევთ - თუ დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება წარიმართება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პარალელურად. გაეროს რეკომენდაციაა, არ მოხდეს შშმ პირთა იზოლირება და სახელმწიფომ საზოგადოების გაძლიერებაზე სწორედ შშმ პირთა ჩართულობით იზრუნოს. მნიშვნელოვანია ნეგატიური სოციალური კლიშეების პოზიტიურით შეცვლა, მხოლოდ ასე დაიძვრება ყინული. ჰკითხეთ შშმ პირებს და თავად დარწმუნდებით, რომ მათ არ სურთ, საზოგადოებამ უყუროს, როგორც განსხვავებულებს. მათ უნდათ და უფლება აქვთ, რომ დანარჩენების თანასწორები იყვნენ.

- რა გეგმები აქვს გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში ამ მხრივ?

- ჩვენი საქმიანობა ძირითადად, პოლიტიკურ საქმიანობასთან ასოცირდება, თუმცა გაერო აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში. აქტიურად ვუჭერდით მხარს კონვენციის რატიფიცირებას. ამჯერად ვაკვირდებით და ხელს ვუწყობთ იმპლემენტაციის პროცესს. პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობასთან ერთად, ხშირად პრაქტიკულ პროექტებსაც ვახორციელებთ. მაგალითად, ვთანამშრომლობთ გადაუდებელი დახმარების სამსახურთან (112), ვეხმარებით, რომ მათი მომსახურება ხელმისწვდომი გახდეს სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. ეს პრობლემა ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მივხვდი, რომ არასდროს დავფიქრებულვარ, როგორ უკავშირდებოდნენ სმენადაქვეითებული ადამიანები გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზს. ძალიან მნიშვნელოვანია ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ ვეხმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შემოქმედებით ჯგუფებს, მაგალითად “საქართველოს ყრუთა კავშირის” ანსამბლებს. დღეს სწორედ მათი ღონისძიება მიმდინარეობს მარჯანიშვილის თეატრში. ძალიან მიხარია ამ ადამიანების წარმატება.

ქართველები თანაგრძნობით სავსე ხალხია, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ რთული ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნების პროცესშია. ამ ვითარებაში საზოგადოებამ უნდა მიაღწიოს ბალანსს, რომელიც ყველა სოციალურ ჯგუფს შესაძლებლობას მისცემს, მონახოს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. დისკრიმინაცია დაუშვებელია და ჩვენ ამაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ.


დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^