Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მართვის შეზღუდული უფლება

26 დეკემბერი 2014

თუკი სმენის პრობლემების მქონე ადამიანი სასმენ აპარატს ან კოხრეალურ იმპლანტს არ იყენებს, მას მართვის მოწმობის აღება  ეზღუდება. ავტომობილის მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნათა ჩამონათვალში მითითებულია, რომ ადამიანს არ აქვს უფლება მართოს  ნებისმიერი ტიპის ავტომობილი, თუ ჩვეულებრივ საუბარს ვერ აღიქვამს არანაკლებ 3 მეტრის, ხოლო ჩურჩულს არანაკლებ 1 მეტრის დისტანციაზე, ორივე ან ერთი ყურით.

32 წლის ფარხად აბასოვი სმენადაქვეითებულია. სასაუბროდ ჟესტურ ენას იყენებს.  დაოჯახებულია, ჰყავს შვილები. მას და მის ოჯახს ქალაქში გადასაადგილებლად  მანქანა სჭირდებათ. 2008 წელს მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მას მერე მანქანას მართავს. რამდენიმე თვის წინ  მართვის მოწმობა გაუტყდა და  გამოცვლა გადაწყვიტა.  ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს, ე.წ. „ფსიხო“, მაგრამ  ვერ მიიღო.  ამბობს, რომ მისი მდგომარეობის გამო უარი უთხრეს, თუკი სასმენი აპარატი ექნებოდა ცნობას მისცემდნენ.

„არ მესმის, სასმენ აპარატსაც არ ვიყენებ,  მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მანქანის მართვა არ შემიძლია. რამდენიმე წელია მანქანით დავდივარ, კარგი მძღოლი ვარ, ვიცი წესები, თავის დროზე გამოცდებიც ჩავაბარე. მანქანას ნიშანი აქვს, რომ საჭესთან სმენადაქვეითებული ზის, არასდროს შემქმნია პრობლემა, თუკი რამეს დავარღვევ წერილობით ვიღებ ჯარიმებს“, -გვიხსნის ფარხადი.

ის მისი მეგობრის შემთხვევასაც იხსენებს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ქუთაისიდან ჩამოვიდა. ფარხადის მეგობარიც სმენადაქვეითებულია. ავტომობილის მართვა იცის,  თეორია ისწავლა, გამოცდისთვის მოემზადა.  როგორც ფარხადი ამბობს, ყველანაირი სამედიცინო შემოწმება გაიარა, თუმცა რადგან ოპერაცია არ აქვს გაკეთებული და დამხმარე სასმენ აპარატს ან კოხრეალურ იმპლანტს  არ იყენებს, ჯანმრთელობის ცნობა არ მისცეს. შესაბამისად, გამოცდაზეც ვერ გავიდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი 2012 წლის ბრძანებით  მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებია განსაზღვრული.  მოთხოვნათა სია ვრცელია და ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დარღვევას, ძირითადად, მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. თუმცა ამ ჩამონათვალში  სმენის არმქონე ადამიანებისთვის დაწესებული შეზღუდვაც მოხვდა.  მათთვის აკრძალულია ყველა კატეგორიის ავტომობილის მართვა, გარდა „B” კატეგორიისა, თუ  არ შეუძლიათ ჩვეულებრივი საუბრის აღქმა არანაკლებ 3, ხოლო ჩურჩულით-არანაკლებ 1 მეტრიდან ორივე ან ერთი ყურით.  აქვე მითითებულია, რომ დამატებითი ფუნქციონალური შედეგების მიღწევის შემთხვევაში (ოპერაციული ჩარევა, პროტეზირება, კორექცია,  და ა.შ. ) საკითხი ინდივიდუალურად წყდება.

ბრძანების მიხედვით, დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობა ავტომობილის მართვისთვის საჭირო  ჯანმრთელობის  მდგომარეობის მოთხოვნებთან სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტების მიერ დგინდება.

„საქართველოს ყრუთა კავშირში“ მიიჩნევენ, რომ  ბრძანებაში ამგვარი ჩანაწერი დისკრიმინაციულია და სმენის არქონე ადამიანების უფლებებს ლახავს.  ისინი ამ  ნორმის ამოღებას ითხოვენ, რომელიც მათი თქმით,  2012 წელს გაჩნდა და მანამდე ასეთი ჩანაწერი არ არსებულა.  

„მოვითხოვთ შეიცვალოს ეს ნორმა. ყრუებს სასმენი აპარატები არ უკეთიათ, ხშირად მას სმენადაქვეითებულებიც არ იყენებენ და ეს მათი არჩევანია. ამ დროს კი სამედიცინო დაწესებულებაში იმისათვის, რომ გამოცდაზე გასასვლელი ჯანმრთელობის ცნობა მიიღონ, ყურებს უმოწმებენ, აქვთ თუ არ ოპერაცია გაკეთებული ან სასმენი აპარატი, ეს ძალიან დამამცირებელია“, - ამბობს „ყრუთა კავშირის“ დირექტორი მაია მეტონიძე.

კავშირიდან არაერთხელ მისწერეს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, აუდიოლოგიის ცენტრს და მსოფლიო ყრუთა ფედერაციას.

ჯანდაცვის სამინისტროდან ივლისში მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ  სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია  საკითხის განხილვა დაინტერესებული სამთავრობო სტრუქტურების, ყრუთა კავშირისა და ექიმთა შესაბამისი დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენელთა ჩართულობით მოხდეს. „მხოლოდ ყველა მხარესთან კონსესუსის  მიღწევის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი აღნიშნული ნორმატიული აქტის გადახედვა“.

მეორე წერილი სამინისტროდან  „ყრუთა კავშირში“ ორი კვირის წინ მიიღეს. წერილში ვკითხულობთ, რომ  „ამ ეტაპზე მიმდინარეობს შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ბრძანების პროექტის განხილვა ექიმთა შესაბამისი დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობით. შესაბამისად, თქვენს წერილში დასმული პრობლემა ამ  დოკუმენტზე მუშაობის პროცესში განიხილება“.

აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს ცენტრის დირექტორი ზურაბ ქევანიშვილი აწერს, ნათქვამია, რომ ცენტრის პერსონალი ყურად იღებს ევროპულ/გერმანულ პრაქტიკას და  მიიჩნევს, რომ სმენადაქვეითებულ, მათ შორის, IV ანუ უმძიმესი ხარისხის სმენის დაქვეითების მქონე  პირებზე ავტომანქანის მართვის მოწმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაიცეს, თუ პირი, ავტომანქანის მართვის პროცესისას სასმენ აპარატს/კოხრეალურ იმპლანტს რეგულარულად იყენებს. 

თუმცა „ევროპულ/გერმანულ“ გამოცდილებაზე მსოფლიო ყრუთა ფედერაციის წერილში არაფერია ნათქვამი. ფედერაცია მხარს უჭერს, რომ სმენის პრობლემების მქონე ადამიანებს საქართველში ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვის სრული უფლება ჰქონდეთ.

„მათი უფლებაა გადაადგილდნენ ნებისმიერი მიმართულებით, სადაც სურთ, მაგალითად, შეხვდნენ მეგობრებს, ნათესავებს, იარონ გაკვეთილებზე, საჯარო შეხვედრებზე, შორ მანძილზე. ნებისმიერი ტრანსპორტის მართვის უფლება მჭიდროდ უკაშირდება სმენის პრობლემების მქონე ადამიანების დასაქმებას, რადგან ძალიან ბევრი სმენადაქვეითებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ავტომობილის მექანიკოსად მუშაობს. ამ საქმიანობისთვის კი მანქანის მართვის ცოდნა აუცილებელია. ასევე, მსოფლიოში ბევრ სმენადაქვეითებულ ადამიანს  სატვირთო  ტრანსპორტის მართვის ლიცენზია აქვს.

მსოფლიო ყრუთა ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს სმენადაქვეითებულებს, რომ აღიარონ მათი უფლება, მართონ ყველა ტიპის ტრანსპორტი. ეს დაეხმარება სმენადაქვეითებულებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, მნიშვნელოვანია მოხდეს  მათი ყველა უფლების რეალიზაცია“, - ნათქვამია ყრუთა მსოფლიო ფედერაციის წერილში, რომელიც საქართველოს „ყრუთა კავშირში“ ოქტომბერში მიიღეს.

ფედერაცია იმ  ჩანაწერში, რომელშიც სახელმწიფოს ვალდებულებებს ეხება, ყურადღებას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მეხუთე მუხლზე ამახვილებს, სადაც დისკრიმინაციის აღმოფხვრაზეა საუბარი. „სახელმწიფო სტრუქტუტებმა უნდა აკრძალოს ყველა სახის დისკრიმინაცია შშმ პირების მიმართ და უნდა უზრუნველყოს შშმ პირების კანონიერი დაცვა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ნებისმიერ სფეროში“.

მსოფლიო ყრუთა ფედერაცია (WFD)  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც  ხელს უწყობს დაახლოებით 70 მილიონი სმენის პრობლემების მქონე ადამიანის უფლებების დაცვას მსოფლიოს მაშტაბით. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშშიცაა საუბარი. მაშინ სახალხო დამცველს რამდენიმე შშმ პირმა მიმართა, რომლებიც არსებულ კანონმდებლობას  და იმ მოთხოვნათა ჩამონათვალს აპროტესტებდნენ, რომელიც მათ მართვის მოწმობის აღებაში უშლიდა ხელს.

სახალხო დამცველმა ჯანდაცვისა და შსს-ის მინისტრებისთვის რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი, არამედ პირის ფუნქციონალური შეზღუდვის ინდივიდუალური შეფასება; ასევე, სამედიცინო დიაგნოზზე დაფუძნებული მიდგომის ნაცვლად დაინერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სოციალური მიდგომა, რომელიც გაითვალისწინებს ამ პირების საჭიროებებსა და ფუნქციონალურ შესაძლებლობებს.

დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ. 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

1 / 6
^