სანზონის რაიონში, გუდამაყრის #2-ში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ყოველდღე გამოსახლების შიშში ცხოვრობს. ყოფილი მე-8 საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ შენობაში, ე.წ. შეჭრილები ცხოვრობენ - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით უბინაოდ დარჩენილები. აქ მცხოვრებთა თქმით, კორპუსის დასაცავად გამაგრებული დაცვის თანამშრომლები მათ ყოველდღე ავიწროებენ. შეშის, საწოლისა თუ სხვა ნივთების ბინაში შეტანის საშუალებას არ აძლევენ.
ბელა ინჯგია კორპუსის ყველაზე აქტიური ბინადარი ჩანს. “ლიბერალის” რედაქციაში სხვადასხვა პრობლემით რამდენჯერმე რეკავს. “მოდით, თქვენი თვალით დარწმუნდებით, რომ აქ გაუსაძლის ყოფაში ვართ და აქედანაც გაგდებას გვიპირებენ”, - გვეუბნება ინჯგია.
ბელას ყოფილ მე-8 საავადმყოფოსთან ვხვდებით და მათ ამჟამინდელ საცხოვრებელ კორპუსამდე ფეხით მივდივართ. შეხვედრისთანავე საკუთარი ისტორიის მოყოლას იწყებს. წლების წინ მისმა ოჯახმა სახლი დააგირავა და დაკარგა. მას მერე ნაქირავებში ცხოვრობდნენ, რომლის გადასახადს სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარებით ფარავდნენ. 2 წლის წინ აღნიშნული დახმარება მოუხსნეს და ბელა მეუღლესთან და 1 წლის შვილთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა. “გავიგეთ, რომ ამ კორპუსში შეჭრილები ცხოვრობდნენ და ჩვენც აქ შემოვეხიზნეთ. სხვა გამოსავალი არ გვქონდა”, - ამბობს ინჯგია.
მისი თქმით, დაცვის წევრები მცხოვრებლებს ყოველდღე ავიწროებენ. ღუმელის დასანთებად გარეთ შეგროვებული ფიჩხისა და მუყაოს ყუთების შეტანის საშუალებასაც არ აძლევენ. ვერც საწოლები შეაქვთ, ბავშვებს პირდაპირ იატაკზე სძინავთ.
შენობა, რომელსაც უსახლკაროდ დარჩენილები აფარებენ თავს, გარედან დიდი ხნის მიტოვებული სახლივით გამოიყურება. ძნელად თუ იფიქრებ, რომ აქ ხალხი ცხოვრობს. ფანჯრების უმრავლესობას არ აქვს მინა, არ მოჩანს სინათლე, არც გასაშრობად გაფენილი სარეცხი ჰკიდია სადმე. პირველ სართულზე, ხელმარჯვნივ, დაცვის სამსახურისთვის განკუთვნილი კაბინა დგას. მისი თანამშრომლებიც იქვე ტრიალებენ.
ბოლო სართულზე, ბელას საცხოვრებელ ბინაში ავდივართ. პირველი, რაც თვალში გვხდება შეულესავი, ბეტონით ნაშენი კედლები და ცემენტის იატაკია. ოთახის ცენტრში მრგვალი მაგიდა დგას. მარჯვენა კუთხე ძველისძველ დივანს უკავია. იქვეა დანთებული ღუმელიც. ქურთუკგაუხდელად ვსხდებით. ბელა გათბობის პრობლემაზე იწყებს საუბარს.
“რამდენი ხანია ვითხოვთ შეშას, მაგრამ ჩვენზე არავინ ზრუნავს. რომც ვიყიდოთ, კორპუსში ვერ შემოგვაქვს. დაცვასთან პრობლემები გვექმნება. ცდილობენ იმ ზომამდე მიგვიყვანონ, რომ ჩვენ თვითონ გავიდეთ აქედან, მაგრამ წასასვლელი არ გვაქვს და აქედან ფეხს არ ვდგამთ”, - ამბობს ინჯგია.
ბელამ აქ მცხოვრები ყველა ოჯახის ისტორია იცის, ვინ რა მდგომარეობაშია, ვის როგორ უჭირს.
“წავიდეთ, ახლა თამართან ჩაგიყვანთ. ორი შვილის დედაა. სოციალური დახმარება ამათაც მოუხსნეს და ძალიან უჭირთ”, - ამბობს ინჯგია.
მეხუთე სართულის უზარმაზარი, ბნელი დერეფანი დიდი ზომის კედლის ჩამონაშალი ნატეხებითაა სავსე. სადარბაზოში შემოჭრილი ქარი ირგვლივ მტვრის კორიანტელს აყენებს. ამ სართულზე ორ პატარა ოთახს თამარ თანდაშვილი და მისი მეუღლე ორ შვილთან ერთად ინაწილებს. შესასვლელ კარს საკეტის ნაცვლად დიდი ღრიჭო აქვს. კარი არ იკეტება. ოთახში ახლადშესული სიცივეს მაინცდამაინც ვერ გრძნობ. რამდენიმე საათიც და ხელ-ფეხი გეყინება. შიგნითაც ისე ცივა, როგორც გარეთ. თამარი ღუმელთან ზის, ხელში 2 წლის გოგონა უჭირავს, აძინებს. ხმადაბლა ამბობს, რომ ბავშვს ყელ-ყურის ჩირქოვანი ანთება აქვს. ექიმმა წამლები გამოუწერა, მაგრამ უფულობის გამო ვერ ყიდულობს. თამარის მეუღლეს სიმსივნე აქვს. წამლების ყიდვას ვერც მისთვის ახერხებენ. სოციალური დახმარება არც თანდაშვილებს აქვთ.
ოჯახს ამ კორპუსში შემოსახლება 2 წლის წინ მოუწია. გაჭირვების გამო საკუთარი საცხოვრებელი ფართი იპოთეკით დატვირთეს, რომლის გამოხსნა ვეღარ შეძლეს და თავი გუდამაყრის #2-ს შეაფარეს.
თამარიც ბელას მსგავსად ამბობს, რომ გაუსაძლისი ყოფა დღითიდღე მძიმდება - არ აქვთ გაზი, ელექტროენერგია, კანალიზაცია.
“ერთი თვეა, რაც წყალი გვაქვს, თორემ ცალ ხელში ბავშვი მეჭირა და მეორით წყალი ამომქონდა ხოლმე. ხან 15-ჯერ ჩავსულვარ და ამომიტანია. არც ელექტროენერგია გვაქვს. თუ მეზობელი კორპუსებიდან ვინმემ ნება დაგვრთო, მათ დენს ვჭიმავთ კაბელით. საღამოს ერთი წერტილის განათების უფლება გვაქვს”, - ამბობს თამარი.
თანდაშვილის თქმით, ოღონდ ერთი ოთახი მაინც გამოუყონ და სულერთია, სად იცხოვრებს. სხვა შემთხვევაში, აქედან არ გავა.
თამარის შემდეგ ნინო კავთუაშვილის ბინას ვსტუმრობთ, რომელსაც თავის ორ ვაჟთან ერთად საცხოვრებლად მოკრძალებული ფართი აურჩევია. რადგან ოთახი პატარაა, სხვების საცხოვრებლებთან შედარებით, აქ ყველაზე მეტად თბილა. ხელმარცხნივ, ორსართულიანი საწოლის ზედა სართულზე მოკალათებული ნინოს შვილები ინტერესიანი სახეებით ინტერვიუს ზემოდან აკვირდებიან.
“აი, ამ საწოლის შემოტანაზეც დიდი ომი გადავიტანეთ. ჩემმა დამ ფული შეაგროვა და ბავშვებს უყიდა, რომ იატაკზე არ წოლილიყვნენ. დაცვის წევრები ზემოთ ამოტანის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ბოლოს ჩემმა დამ იჩხუბა და ძლივს შემოვიტანეთ”, - ამბობს ნინო.
ყოფილი მე-8 საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2013 წლის მაისიდან ცხოვრობს.
“ზამთარში აქ ყოფნა კატასტროფაა. ახლა კიდევ ისეთი ქარი არ არის და არაუშავს, როცა ძლიერი ქარია, გაჩერება შეუძლებელია”, - ამბობს კავთუაშვილი.
ნინო შვილებს მარტო ზრდის. მეუღლე ციხეშია. თავისუფლებამდე წელიწადი და 3 თვე დარჩა. მისი თქმით, მუშაობის დიდი სურვილი აქვს, თუმცა სამსახურში მთელი დღით ყოფნას ვერ შეძლებს. უმცროს შვილს ეპილეფსია აქვს და თვალყურის დევნება სჭირდება. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.
“სხვა თანადგომა არ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან. შეშა მოვითხოვე და უარი მივიღე. არც კანალიზაცია გვაქვს, არც დენი, არც გაზი. ამის მეტი რაღა უნდა გვიქნან, არ ვიცი”.
ნინო ამბობს, რომ საცხოვრებელ ადგილზე გართულება არ აქვს. ყველგან წავა - ქალაქსა თუ სოფელში.
“ოღონდ ჩვენი ერქვას და ყოველდღე შიშში არ გვიწევდეს ცხოვრება, რომ დღეს გაგვაგდებენ და ყველგან წავალთ”, - ამბობს კავთუაშვილი.
ლატავრა ლურსმანაშვილი და მაია მიქელაძე დები არიან. ამ კორპუსში ბინა ორივეს აქვს, თუმცა დროის უდიდეს ნაწილს ერთად ატარებენ. მაიას საცხოვრებელს ფანჯრები არ აქვს და ყინვაში დასთან ან რომელიმე მეზობელთან ათევს ღამეს. საცხოვრებელი პირობების შესახებ, ისინიც იმავეს ყვებიან, რასაც სხვები. შეშის ნატეხებს სათითაოდ, ჩუმ-ჩუმად ეზიდებიან, რომ დაცვის წევრებმა არ შენიშნონ.
“ნარმანიამ თქვა, ვისაც შეშა არ აქვს, დაუყოვნებლივ დაურიგეთ ყველასო. მუნიციპალიტეტში მივიტანე განცხადება, მაგრამ ეტყობა ჩვენ ვერც ამ სიაში მოვხვდით. აქამდე არავის არაფერი მოუტანია”, - ამბობს მიქელაძე.
“გუშინწინ კიდევ გამგეობაში ვიყავით მისულები. მათ წარმომადგენელს შევხვდით. ვუთხარით, რომ კანალიზაციის არქონის გამო, დაბნელებას ველოდებით, რომ ტუალეტისთვის სადმე გავიდეთ. ეს რომ მოისმინა, დაცინვა დაგვიწყო. საიდანაც წამოხვედით, ისევ იქ წადითო. რა უნდა ელაპარაკო”, - ამბობს ლურსმანაშვილი.
ქალბატონი ლატავრა 4 შვილის დედაა. მისი ნაბოლარა ქალიშვილი ოჯახში ყველაზე საამაყოდ ითვლება - კარატეში საქართველოს ჩემპიონია. მწვრთნელმა მათი ოჯახის გასაჭირი იცის და ნახევარი წელია, რაც უფასოდ ამეცადინებს. უფროსი ქალიშვილები კოლეჯში ჭრა-კერვას სწავლობენ. მათ სახელმწიფო აფინანსებთ.
როგორც ლურსმანაშვილი ყვება, ერთ დროს უზარმაზარი სახლ-კარი ჰქონდათ, თუმცა მეოთხე ბავშვის ავადმყოფობის გამო სახლი გაყიდეს. 10 წელია, რაც უბინაოდ დარჩნენ. თავიდან ნათესავებმა შეიფარეს გორში. 2008 წლის ომის დროს მათი საცხოვრებელი დაიბომბა და იძულებული გახდნენ, თბილისში წამოსულიყვნენ. თავიდან ქირით ცხოვრობდნენ.
“ბინის ქირაობაც ჭირდა, რადგან ოთხი ბავშვით არავის სურდა ჩვენი მიღება. მეუღლე აფხაზეთის ომის მონაწილე მყავს. კუჭი ორჯერ გაუსკდა. მუშაობა ვეღარ შეძლო და ბინის მეპატრონემ გარეთ გამოგვაგდო. ბოლოს გავიგე, რომ ხალხი ამ შენობაში შემოდიოდა და ჩვენც აქ დავსახლდით. აქედანაც ჩვენი გაგდება უნდათ. როგორც გვეუბნებიან, ვინმე გოგიჩაიშვილის არის ეს შენობაო. არადა, როგორც ვიცით, ოფიციალურად სახელმწიფოს ეკუთვნის. რა უნდა იმ გოგიჩაიშვილს, რატო გადაგვეკიდა, ვერ გავიგეთ”, - ამბობს ლურსმანაშვილი.
საუბარში ლატავრას და, მაია მიქაძე ერთვება და ყველაზე მწარედ იმ პერიოდს იხსენებს, როცა შენობა დაცვის პოლიციის ნაცვლად კერძო დაცვის სამსახურის “მგლების” თანამშრომლებს ებარათ.
“სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. კარის დაკეტვის საშუალებას არ გვაძლევდნენ, წიხლებით ანგრევდნენ და მამაკაცებს საჩხუბრად იწვევდნენ, რომ მერე კიდევ შარში გავხვეულიყავით. როცა ამას ვიხსენებ, მგონია, სიზმარში ხდებოდა ყველაფერი”, - იხსენებს მიქაძე.
საუბრის ბოლოს დასძენს, რომ თუ საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილებენ, დიდ მიტინგებს გამართავენ. ტერიტორიას მაინც არ დათმობენ.
“თავს შევაკლავთ. ისედაც მათხოვრებად ვართ ქცეულები. ეს არის ცხოვრება?” -ამბობს მიქაძე.
მარტოხელა ტყუპი შვილის დედა, ნათია გიგაური, სოციალურად დაუცველის სტატუსის გარეშეა დარჩენილი. მათ ოჯახს აღნიშნული დახმარება მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოუხსნეს. გიგაურს არც მარტოხელა დედის სტატუსი აქვს.
“ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვების უმამობის პენსიაა. სულ 200 ლარი. ამის გარდა, თვალის ბადურა მაქვს ჩამოშლილი და სახელმწიფო კიდევ 100 ლარს მიმატებს, მაგრამ იმდენი წამალი მიგროვდება საყიდელი, ამ თანხით თვიდან თვემდე ძალიან გვიჭირს თავის გატანა. ნახევრად ვერ ვხედავ. სასწრაფო ოპერაცია მჭირდება, თუმცა არაფრის საშუალება არ მაქვს”, - ამბობს ნათია.
შეშის მოთხოვნით განცხადება გიგაურმაც დაწერა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. მასაც ყველაზე მეტად ზამთრის ყინვების ეშინია.
“ახალი წელი მოდის, მაგრამ ჩვენთვის ეს დღესასწაული დიდი ხანია აღარ არსებობს. ელემენტარულს ვითხოვთ, რომ გვქონდეს გათბობა და ოდნავი ყურადღება მაინც მოგვაქციოს სახელმწიფომ, მაგრამ დღეები ისე გადის, არაფერი იცვლება”, - გვეუბნება გიგაური.
“ლიბერალი” ნაძალადევის გამგებლის მოადგილეს, ციალა ჯელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუდამაყრის #2-ში მცხოვრები ოჯახების პრობლემებს იცნობს და გამგეობა მათ გადაჭრას ეტაპობრივად ცდილობს.
ჯელაძის თქმით, აღნიშნული კორპუსი კერძო საკუთრებას წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, მერიას და გამგეობას უფლება არ აქვს, კერძო პირებს ხალხის მუდმივად ამ კორპუსში ყოფნა მოსთხოვოს.
“ეკონომიკის სამინისტროში დაყენებული გვაქვს საკითხი, რომ ფართების გარკვეული ნაწილი, რომელიც სამინისტროს ინტერესებში არ შედის, გადმოგვეცეს ჩვენ, რომ შევძლოთ ამ ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა. გვინდა, რომ ამ ხალხს მივცეთ ფართები მუდმივ სარგებლობაში, მაგრამ არა საკუთრებაში”, - ამბობს ნაძალადევის გამგებლის მოადგილე.
მისივე თქმით, ოჯახების გამოსახლების საკითხი ახალ წლამდე არ დგას.
პრობლემა, რომლის გადაჭრაზეც დღეს მუშაობენ, ელექტროენერგიის გაყვანაა. ჯელაძის თქმით, “თელასთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ საახალწლოდ ისინი სინათლის გარეშე არ დარჩნენ. რაც შეეხება გათბობას, მისი თქმით, შეშაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და იანვრის შუა რიცხვებამდე ყველა ოჯახს დაურიგდება.