Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარჩენები ახალ სამართლებრივ ჩარჩოში

30 დეკემბერი 2014

დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ნარჩენების მართვის კოდექსი დაამტკიცა, რომელიც ძალაში 15 იანვრიდან შევა. თუმცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოდექსი ვერაფერს შეცვლის, სანამ მისი აღსრულების მექანიზმები არ ამოქმედდება.

კოდექსის მიხედვით, ნარჩენი არის ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, აპირებს მოშორებას ან ვალდებულია მოიშოროს. საყოფაცხოვრებო ნარჩენები კი -  საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენებია.

კანონი განმარტავს რეციკლირებისა და სეპარირების ტერმინებსაც. რეციკლირება იმ აღდგენით ღონისძიებებს მოიცავს, რომელთა საშუალებითაც, ნარჩენები გარდაიქმნება მეორად პროდუქტად,  მასალად ან ნივთიერებად, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას თავდაპირველი ან სულაც სხვა მიზნით. სეპარირებული შეგროვების დროს კი ნარჩენების ნაკადები განცალკევებულია სახეობების და თვისებების მიხედვით, მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობის მიზნით.

კომპეტენციები

ახალი კოდექსი ნარჩენების მართვის სფეროში საჯარო უწყებების კომპეტენციებს მიჯნავს.

ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავებისა და ხელახალი გამოყენების, გადამუშავების ღონისძიებების ხელშეწყობა გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციებში კი არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა შედის. სამინისტრო ამას მის დაქვემდებარებაში მყოფი შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მეშვეობით განახორციელებს. მუნიციპალური ნარჩენების მართვა კი ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქცია იქნება.

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებში რამდენჯერმეა განმარტებული, რომ ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება უნდა განხორციელდეს ნარჩენების სახეობებისა და შემადგენლობის მიხედვით, რათა შესაძლებელი იყოს მათი შემდგომი გადამუშავება. თუმცა, დამატებით ვალდებულებებსა და კონკრეტულ მოთხოვნებს სეპარირებასთან დაკავშირებით კანონი არ აწესებს.

ჯარიმები

რაც შეეხება დანაგვიანებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ ჯარიმებს:

მუნიციპალური ნარჩენებით (საყოფაცხოვრებო, აგრეთვე, სხვა ნარჩენები, რომლებიც მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია) გარემოს დანაგვიანებითვის ჯარიმა 80 ლარიდან 1500 ლარის ოდენობით არის გათვალისწინებული.

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით დაისჯება. საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა-ნაგებობებიდან ჩადენილი იგივე ქმედება კი - 100 ლარით. ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გადმოგდების დროს კი მძღოლი ან დამრღვევი (საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში) 120 ლარით დაჯარიმდება.

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანებისთვის - 150-ლარიანი ჯარიმა დაწესდება, ხუთი ან მეტი საბურავისთვის კი - 500 ლარი.

2 კგ-მდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, მათ შორის შუშის ნამსხვრევების, ლურსმნებისა და მსგავსი ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 100 ლარით დაისჯება.

რაც შეეხება სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებას, ამ შემთხვევაში მასალის ოდენობის მიხედვით, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 200-დან, იურიდიული პირებისთვის კი 500 ლარიდან იწყება.

ძაღლის ან შინაური ცხოველის მცირე ოდენობით ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურების შემთხვევაში პირი 50 ლარით დაჯარიმდება. პასუხისმგებლობა ძაღლის ან შინაური ცხოველის მეპატრონეს იმ შემთხვევაში არ დაეკისრება, თუ იგი დაბინძურებულ ტერიტორიას დაუყოვნებლივ მოასუფთავებს. ფეკალური მასებით, ოდენობის მიხედვით, და კანალიზაციის ნარჩენებით  ტერიტორიის დაბინძურებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ჯარიმების ოდენობა განსხვავდება. ის 150-დან 2000 ლარამდე მერყეობს.

მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მხრიდან დარღვევების გამოვლენა საპატრულო პოლიციისა და გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქცია იქნება.

ნაგავსაყრელები

ნაგავსაყრელები კოდექსის მიხედვით 3 კატეგორიად დაიყოფა: სახიფათო ნარჩენების, არასახიფათო ნარჩენებისა და ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელებად.

რაც შეეხება უკვე არსებულ ნაგავსაყრელებს, კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ არსებული ნაგავსაყრელი მოქმედებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობს, თუ მას აქვს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა ან თუ სამინისტრო შეათანხმებს ნაგავსაყრელის შესაბამისობაში მოყვანის გეგმას.

თუკი ნაგავსაყრელს შესაბამისი ნებართვა არ აქვს, მისი ოპერატორი ვალდებულია მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიღებიდან 6 თვეში სამინისტროს ნაგავსაყრელის შესაბამისობაში მოყვანის გეგმა შეუთანხმოს. ამ პერიოდში ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს.

იმ შემთხვევაში, თუკი ნაგავსაყრელი სერიოზულ რისკს შეიცავს გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ოპერატორის მიერ ამ რისკის თავიდან აცილება შეუძლებელია, ასეთი ნაგავსაყრელები უნდა დაიხუროს კოდექსის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 4 წლისა.

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

კანონის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრო ვალდებულია, შეიმუშაოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია, რომელმაც მომავალი 15-წლიანი პერიოდისთვის საქართველოში ნარჩენების მართვის ეროვნული პოლიტიკა და მიზნები უნდა განსაზღვროს.

ყოველ 5 წელიწადში ერთხელ კი სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს ნარჩენების მართვის 5-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიღებულ უნდა იქნას 2015 წლის 31 დეკემბრამდე.

5-წლიანი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაონ მუნიციპალიტეტებმაც. თუმცა მათთვის ვადა უფრო ხანგრძლივია: მათ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა ეროვნული გეგმის მიღებიდან ორი წლის ვადაში უნდა დაამტკიცონ.

რაც შეეხება კერძო კომპანიებს, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც წელიწადში წარმოქმნიან 200 ტონაზე მეტ არასახიფათო ნარჩებს, 5 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს ან 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ნარჩენს, ვალდებულნი არიან, შეიმუშაონ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა, რომელსაც 3 წელიწადში ერთხელ განაახლებენ. მართვის პირველი გეგმა კი 2016 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შემუშავდეს.

სიახლეა ისიც, რომ კოდექსს შემოაქვს გარემოსდაცვითი მმართველის ცნება და პოზიცია. ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ზემოთაა ნახსენები, ვალდებულია ჰყავდეს გარემოსდაცვითი მმართველი, პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება-განახლებაზე, გეგმის შესრულების ორგანიზებაზე და ნარჩენების მართვის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლზე.

თუმცა კანონის მოთხოვნები კერძო სექტორის მიმართ ამით არ შემოიფარგლება. კოდექსი „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ პრინციპსაც ამკვიდრებს, რაც გულისხმობს რომ: ისეთი პროდუქტის (შეფუთვა, ზეთები, საბურავები, ბატარეები, აკუმულატორები, ელექტრომოწყობილობები) უშუალო მწარმოებლებმა და ბაზარზე განმათავსებლებმაც, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება,  უნდა იზრუნონ, რომ პროდუქტს მიეცეს ისეთი ფორმა,  რასაც გარემოზე ნაკლები ნეგატიური გავლენა ექნება და შესაძლებელი გახდება ნარჩენების შემდგომი აღდგენა და განთავსება.

ეს ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ისეთი პროდუქტის წარმოება და ბაზარზე განთავსება, რომელიც განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის, ტექნიკურად გამძლეა, მისგან წარმოქმნილი ნარჩენები ხელსაყრელია აღდგენისთვის და უსაფრთხოა გარემოში განსათავსებლად. თუმცა ამ მიმართულებითაც, მთავრობამ დამატებით კანონქვემდებარე აქტები და დადგენილებები უნდა  გამოსცეს, რომლებიც კონკრეტულ ვალდებულებებს ჩამოაყალიბებს.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ნარჩენების მარეგულირებელი კანონმდებლობა კვლავ ნაკლოვანი იქნება, სანამ არ მომზადდება ეროვნული სტრატეგია და გეგმა. მისი თქმით, მანამდე ახალი კანონი ვერაფერს შეცვლის და მდგომარეობაც იგივე დარჩება.

თუკი საჭირო კანონქვემდებარე აქტებიც დროულად არ მომზადდა, აღსრულებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. როგორი მართვის გეგმები უნდა შეიქმნას მუნიციპალიტეტებისა და კომპანიების მიერ და ბევრი სხვა რამ, სამოქმედო გეგმით უფრო ნათელი უნდა გახდეს“, - ამბობს ჩხობაძე.

გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი ამბობს, რომ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე სამინისტროში მუშაობა დაწყებულია, ევროკავშირის  ნარჩენების მართვის თვინინგის პროექტის ფარგლებში შემუშავებულია პირველი ვარიანტიც, თუმცა ბევრი რამ ადგილობრივ რეალობაზე მოსარგები და შესაცვლელია.

„ვეცდებით,სტრატეგიასა და გეგმაზე მუშაობა მალე დასრულდეს. გეგმა იქნება კონკრეტული და დეტალური“, -ამბობს ჩანქსელიანი.

მუნიციპალიტეტები

ამ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების მზაობას ასახელებენ. უფრო სწორად კი იმას, რომ რეგიონებში კანონის აღსრულება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ რთული იქნება. რადგან ინფრასტრუქტურისა და არსებული სისტემის მოწესრიგებას, არარსებულის შექმნა-მოწყობის პრობლემაც ემატება.

შეკითხვაზე, როგორ მოხდება ნარჩენების მართვა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის შექმნილი საჭირო ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ამბობს, რომ განისაზღვრება გარკვეული გარდამავალი პერიოდები იმ სოფლებისა თუ რაიონებისთვის, რომლებიც კანონის მოთხოვნებისა და სანქციების ამოქმედების პერიოდისთვის, ჯერ კიდევ ვერ მოახერხებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა-მოწესრიგებას. ამ პერიოდის განმავლობაში ნარჩენების შესახებ კანონის დარღვევისთვის ისინი არ დაჯარიმდებიან. მინისტრის თქმით, მუნიციპალიტეტებმა რეგიონული ფონდიდან, რომელიც 2015 წლისთვის 250 მილიონ ლარს შეადგენს, ნარჩენების მართვისთვის აუცილებელი ფინანსები უნდა გამოითხოვონ.

ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სოფლების ნახევარი ნარჩენების შემგროვებელი სისტემის მიღმაა დარჩენილი, ხარჯი შესაძლოა საკმაოდ დიდი იყოს, საბოლოოდ კი სისტემის გამართვას საფრთხე შეექმნას:

„ვაწყდებით სიტუაციას, რომ არცერთ მუნიციპალიტეტს, რომლებმაც კანონის მოთხოვნები უნდა შეასრულონ, არ აქვთ ნარჩენების მართვის გეგმა, არ იციან რა უნდა გააკეთონ. საჭიროებებიც ბოლომდე არაა შეფასებული. სოფლების ნახევარზე მეტში  ნაგვის შემგროვებელი მანქანაც კი არ მიდის. კანონის აღსრულება ვერ მოხდება მანამ, სანამ ადამიანებს უბრალოდ არ ეცოდინებათ სად წაიღონ ეს ნარჩენები. კარგი იქნებოდა, ნარჩენების მართვის გეგმები და სტრატეგია კანონის თანადროულად მომზადებულიყო და კანონიც უფრო დეტალური ყოფილიყო“, - ამბობს ჩხობაძე.

USAID-ის პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ წარმომადგენელი კახა რუხაია მიიჩნევს, რომ შეგროვების სისტემის აწყობას ცოტა დრო არ დასჭირდება, რადგან შეგროვების შეზღუდული არეალის გარდა,  პრობლემაა კონტეინერების ნაკლებობა, მანქანა-დანადგარების დიდი ნაწილი ამორტიზებულია, ცოტაა თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდი მანქანები და ა.შ.  მწვავე პრობლემად რჩება სტიქიური ნაგავსაყრელებიც.

„ქვეყანაში პრაქტიკულად არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელები. სტიქიური ნაგავსაყრელებიდან კი ხდება ნიადაგის, ჰაერისა და გრუნტის წყლების დაბინძურება. ხდება ნარჩენების თვითაალება და ხშირად ხელოვნური წვაც, რათა შემცირდეს ამ ნარჩენების რაოდენობა და ნაგავსაყრელმა უფრო დიდხანს გაძლოს. ამ წვის შედეგად კი ატმოსფეროში არანაკლებ მავნე ნივთიერებები გამოიყოფა“, - ამბობს რუხაია და დასძენს, რომ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი რეალურად საით მიდის ქვეყანა: სურს მას ნაგავსაყრელების მოწყობა-მოწესრიგება თუ ნარჩენების გადამუშავებაზე იმუშავებს. „აუცილებელია დაითვალოს ნარჩენების რაოდენობა, შემადგენლობა, რა ტიპის რამდენი ნარჩენი გვაქვს, რისი გადამუშავების პოტენციალი გვაქვს და ა.შ. სად და როგორი ნაგავსაყრელები უნდა განვათავსოთ, სად გვჭირდება ნაგავგადამტვირთავი სადგურები და ა.შ.“ - ამბობს რუხაია.

დაახლოებით რა რესურსია საჭირო კანონის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად? გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, თამარ ლოლაძე ამბობს, რომ ეს უკვე სტრატეგიის შემუშავების შემდეგ გახდება ცნობილი, რადგან ნარჩენების ინვენტარიზაცია 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, ამიტომ სამინისტროში ჯერჯერობით არ იციან, დაახლოებით რა თანხებია საჭირო იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებმა კანონის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ნარჩენების მართვის კოდექსის კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ წინასწარი გათვლით, 10-წლიან პერიოდში სავარაუდოდ საჭიროა 370 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც მოიცავს ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას (108 მლნ), 90 ნაგავგადამტვირთავი სადგურების მოწყობას (35 მილიონი), ძველი ნაგავსაყრელების დახურვას (44 მლნ), კომპოსტირების საწარმოების მოწყობას (10 მლნ), ნარჩენებისა და ტრანსპორტირებისათვის კონტეინერების, მანქანებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების შეძენის კაპიტალურ ხარჯებს (173 მლნ.).

კახა რუხაიას აზრით, კანონის კიდევ ერთი ხარვეზი ისაა, რომ კანონი არ განსაზღვრავს ნარჩენების სახელმწიფო ფასს, რაც მუნიციპალიტეტებს შემდგომ მოქმედებებს გაუადვილებდა. ექსპერტი ნარჩენების გატანა-მომსახურების ტარიფის სავარაუდო ცვლილებაზე საუბრისას ამბობს, რომ ეფექტური სისტემის შექმნა იაფი არ იქნება და საბოლოოდ მოსახლეობას მოუწევს ამ სისტემის შესაბამისი საფასურის გადახდა. თუმცა ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამარ ლოლაძის აზრით, ეს ყველაფერი ნელ-ნელა განხორციელდება და მოქალაქეების ჯიბეს ერთბაშად არ დააწვება და ამ ეტაპზეც გადასახადის გაძვირება არ იგეგმება.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარის თქმით, კი კანონის კიდევ ერთი ნაკლოვანება ისაა, რომ ის მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და ნაწილობრივ სახიფათო ნარჩენებს ეხება და მასში პრაქტიკულად არაა საუბარი სამთო-მოპოვებითი მრეწველობიდან მიღებული ნარჩენებისა თუ სამშენებლო ნარჩენების განთავსების საკითხებზე და ა.შ.

„თბილისშიც კი, სადაც მეტ-ნაკლებად აწყობილია ეს სისტემა, ლამის ყველა ხევში სამშენებლო ნარჩენები ყრია. სახიფათო და სამშენებლო ნარჩენების პოლიგონი ქვეყანაში არ არსებობს“, - ამბობს ჩხობაძე.

ექსპერტები აუცილებლად მიიჩნევენ ნარჩენების მართვის სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებასაც.

„ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახური სულ 7 ადამიანითაა დაკომპლექტებული.  სამი საერთაშორისო კონვენციის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ამ ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება სწორედ ამ ადამიანების ფუნქციაა. თუკი ეს რგოლი არ გაძლიერდა, კიდევ დიდხანს ვიქნებით იმავე ადგილას გაჩერებულები“, - ამბობს კახა რუხაია.

მისი განმარტებით, ეს განსაკუთრებით მიუღებელია იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებდა, სამინისტროს გამზადებულ ინფორმაციას მიაწვდიდა და მათ მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევდათ. შესაბამისად მისი თქმით, 7 ადამიანისგან ამ სფეროს ეფექტური მართვა წარმოუდგენელია.

„რა თქმა უნდა, კანონის და პოლიტიკის ზოგიერთ ნორმასთან დაკავშირებით, პრობლემების რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მთავარია არა ქაღალდზე გადატანილი პოლიტიკური ნება, არამედ  აღსრულება და სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების აქტიური მოქმედება იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს ეს სფერო კანონის მოთხოვნების ჩარჩოებში მოექცეს“, - ამბობს კახა რუხაია.

Funded by the U.S. Embassy in Georgia

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^