Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაერთიანებული სამოქალაქო მოძრაობა ახალი ურბანული წესრიგისთვის

16 იანვარი 2015

ეკოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივად დაუპირისპირდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

„პარტიზანული მებაღეობა თბილისში“, „ტფილისის ჰამქარი“, „იარე ფეხით“, ასევე სხვა ჯგუფები და აქტივისტები აპირებენ, რომ დღის წესრიგში დამდგარი პრობლემების წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლონ.

„ბოლო პერიოდში თბილისზე ტოტალური შეტევა მიმდინარეობს, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ურბანულ გენოციდამდე. ეს რომ არ მოხდეს, გამოვდივართ ერთიანი ფრონტის შექმნის იდეით. ამის შემდეგ ყველა პრობლემას, პანორამა თბილისი იქნება ეს, ვაკის პარკში მშენებლობა თუ რუსთაველის N12-ში დაგეგმილი მშენებლობა, არა ცალკეული ორგანიზაციები, არამედ ერთობლივად გავაპროტესტებთ“, - ამბობს ცირა ელისაშვილი, „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი.

ელისაშვილის თქმით, ისინი კიდევ ერთხელ საჯაროდ სთავაზობენ ხელისუფლებას თანამშრომლობას.

„თუ ეს თანამშრომლობა არ შედგა, ჩვენ გვრჩება ორი გზა: სასამართლო და ქუჩის აქციები“.

დღევანდელი ბრიფინგის მთავარი თემა კი სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა იყო. პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და ქალაქის მერმა არ შეასრულეს წინასაარჩევნო დაპირება, რომ პარკში სასტუმრო არ აშენდებოდა და დღეს ისინი ტერიტორიის მფლობელ კომპანიას ეხმარებიან. ინვესტორი კი  უახლოეს დღეებში გეგმავს მშენებლობის განახლებას.

„ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ ისევ ადამიანური რესურსით მოგვიწევს  პარკის დაცვა. მოგიწოდებთ, გაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება შინაარსით „follow partizanebi” ნომერზე  40404 . რის შემდეგაც, განგაშის შემთხვევაში მიღებული მესიჯის შემდეგ ადამიანები მოვლენ და დაგვეხმარებიან პარკის დაცვაში. რადგან ამ საკითხზე სასამართლო მარტამდე გადაიდო, მანამდე მათ მშენებლობის გაგრძელების ყველანაირი უფლება აქვთ“,  - ამბობს ფერაძე.

პარტიზანი მებაღის თქმითაც, ისინიც დღეიდან გამწვანებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების გარდა,  სხვა ორგანიზაციებთან ერთად თბილისში ქალაქგეგმარებითი წესების დასაცავად იბრძოლებენ.

ერეკლე ურუშაძე, როგორც ამ მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ამბობს, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე მკაფიო პასუხების დაფიქსირებაა აუცილებელი. მისი თქმით, როდესაც ინვესტორი ამტკიცებს, რომ მშენებლობა ვაკის პარკში არ მიმდინარეობს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ასე არ არის, რადგან სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ადგილი პარკის ცენტრალური შადრევნიდან თითქმის 300-ითაა დაშორებული. იმ ფარგლებშია, რა ფარგლებშიც პარკი თავდაპირველად გაშენდა. ნაკვეთი ყოველი მხრიდან პარკის ტერიტორიითაა შემოსაზღვრული.

ურუშაძემ პარკის გასხვისებასთან დაკავშირებულ ეჭვებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნაკვეთი სავარაუდოდ კორუფციული პრივატიზების შედეგად 1995 წელს გადავიდა პრეზიდენტ შევარდნაძის  ნათესავების მფლობელობაში, შემდეგ კი რამდენჯერმე გაიყიდა.

„ისიც, რომ სასტუმრო რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილას შენდება, ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სასტუმრო, რომელიც 1300 კვადრატულ მეტრზე უნდა განთავსდეს, ლამის სამჯერ დიდია რესტორანზე, რომელიც 480 კვადრატული მეტრის ფართს იკავებდა. თანაც, კორუფციული პრივატიზების შედეგად კერძო საკუთრებაში 2800 მეტრი გადავიდა. ორსართულიანი რესტორნის ადგილას კი 7-სართულიანი სასტუმრო უნდა აშენდეს“, - ამბობს ურუშაძე.

მისი განმარტებით, სასტუმროს ტიპის ნაგებობა შეუთავსებელია ვაკის პარკთან  და ნებისმიერ პარკთან.

„ამ გაბარიტებით, ზომითა და ფუნქციით, თავისი ინფრასტრუქტურული საჭიროებებით ეს ნაგებობა პარკის ზოგად სურათში არ ეწერება“, - ამბობს ურუშაძე და დასძენს, რომ ფუნქციის თვალსაზრისით, პარკში მხოლოდ რეკრეაციულ მიზნებთან დაკავშირებული ნაგებობების აშენებაა ნებადართული. სასტუმროს კი, რომლის ასაშენებლადაც, სპეციალური ზონალური შეთანხმება გაფორმდა და ნებართვაც, მათი აზრით, კანონდარღვევით გაიცა, ეს ფუნქცია ვერ ექნება.

გარდა ამისა, ურუშაძე ამბობს, რომ სასტუმრო ბევრად მეტ ზიანს მიაყენებს პარკს, ვიდრე მხოლოდ იმ ტერიტორიის გაჩეხვაა, სადაც შენობა უნდა იდგას.

„სასტუმროს მშენებლობის პროცესშიც და შემდეგაც ექნება ინფრასტრუქტურული საჭიროებები. კანალიზაცია, წყალმომარაგება, გაზგაყვანილობა, განსაკუთრებით კი სატრანსპორტო კომუნიკაციები. ერთადერთი გზა, რომელიც ამ ადგილამდე მიდის, არის ბილიკი, სადაც ადამიანსა და ავტომობილსაც კი უჭირს ერთმანეთისთვის გვერდის აქცევა. ამიტომ ის სატრანსპორტო ნაკადი, რომელსაც სასტუმროს მშენებლობა და ფუნქციონირება მოითხოვს, არ შეესაბამება პარკის ფუნქციას“.

რამდენიმე თვის წინ მერიაში პრობლემურ მშენებლობათა შემსწავლელი კომისია შეიქმნა. ერთ-ერთი საკითხი სწორედ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა იყო. ქალაქის მერი დავით ნარმანია კი აცხადებდა, რომ კომპანიას ადგილმონაცვლეობას შესთავაზებდნენ.

ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ ამ კომისიის ფარგლებში რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არავის მიუღია, შედგა შეხვედრები მერიისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის, რომელსაც საზოგადოების წევრები არ ესწრებოდნენ და ფაქტია, რომ შეთანხმება ვერ შედგა. „თუმცა რა შესთავაზა მერიამ, რამდენად ადეკვატური იყო ეს შეთავაზება, ამის შესახებ არაფერი ვიცით“.

გასულ კვირას კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის“ წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ამბობდნენ, რომ ფიზიკური წინააღმდეგობის შემთხვევაში, შსს-ს მიმართავდნენ. რას აპირებენ პარტიზანები თუკი პოლიციის ძალით მოუწევთ ტერიტორიის დატოვება, ამ კითხვაზე ნატა ფერაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან კონსულტაციების შედეგად, მათი პროტესტი იურიდიულ კანონიერ ჩარჩოში იქნება მოქცეული.

„პროტესტის ყველა ფორმაზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ წინააღმდეგობა იქნება ძალიან მტკიცე და კანონიერი“, - ამბობს ფერაძე.

ორგანიზაციის „იარე ფეხით“ წარმომადგენელი ელენე მარგველაშვილი ამბობს, რომ ვაკის პარკის შემთხვევაში დათმობა დაუშვებელია, რადგან ის საზოგადოებრივი სივრცეა და მასზე უფლება თითოეულ მოქალაქეს აქვს. „ჩვენ არ უნდა დავუთმოთ პარკის ნაწილი პრივილეგირებულ ჯგუფს. ქალაქს ისედაც თითქმის აღარ დარჩა საზოგადოებრივი სივრცეები. ჩვენ კი გვინდა, რომ ქალაქი ეკუთვნოდეს მოქალაქეებს“, - ამბობს მარგველაშვილი.

საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ დროა ქალაქის მოსახლეობამ უკარნახოს „ფულიან ხალხს“ პირობები და არა პირიქით.

„მოსახლეობამ უნდა გვაიძულოს საკრებულოსა და მერიას ურბანული წესებისა და კანონების ჩამოვაყალიბება. ამასთან ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმ მწვავე ამბებისკენ, რაც პარალელურად ხდება, ვაკის პარკი, პანორამა თბილისი და ა.შ.“, - ამბობს ელისაშვილი და განმარტავს, რომ მთავარი პრობლემების მასშტაბურობის გააზრებაა.

„მთელი ქალაქი უნდა გაერთიანდეს და ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს პრობლემა მასთანაც მივა, მისი კორპუსის წინაც გაიჩეხება სკვერი და იქვე, 3 მეტრში, ააშენებენ ახალ კორპუსს, თუკი არ ვიქნებით სოლიდარულები, არ იქნება ყველას გაერთიანებული ძალისხმევა, ვინც ქალაქის ბედისა და მომავლის მიმართ გულგრული არაა“, - ამბობს ალექსანდრე ელისაშვილი.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^