Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურიკელები, ლიმონები და მოთეთრო ბაირაღები

20 ივლისი 2018

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალი - პერიფერიული მღელვარებანი და სამომავლო  პერსპექტივები

როგორც ჩანს, გურულების მთავარი კულტურული ტრენდი მაინც ნოდარ დუმბაძეა, რომლის სამწერლო მასშტაბი, ჰუმანისტური პათოსი და ცხადია, იუმორი, თავის დროზე მისივე სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების მიზეზი გახდა. 2016 წელს პირველი ფესტივალი ოზურგეთის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრში გაიმართა, რომლის  სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელია კულტურის სამინისტროსთან ერთად.
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციები (როგორც ქართული, ისე უცხოური), საკმარისი, მაგრამ არააუცილებელი პირობაა, რათა მაყურებელმა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თეატრის სცენაზე ზურიკელები, ბებიები, დიდროები და ლიმონები იხილოს. თუმცა დუმბაძის პროზისადმი თეატრის დამოკიდებულებისა და უკვე გვარიანად გაცვეთილი სცენური ფორმების თუ კლიშეების შესახებ ოდნავ ქვემოთ...

ოზურგეთმა ფესტივალს მხოლოდ გახსნის დღეს უმასპინძლა, ისიც თეატრის თაღების ქვეშ და იქვე მიმდებარე მოედანზე, სადაც საზეიმო და თეატრალიზებული ცერემონია გაიმართა. ფესტივალის გახსნას უამრავი სტუმარი დაესწრო, ხოლო მისასალმებელი სიტყვა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად, დღეებდათვლილი კულტურის სამინიტროს თავკაცმაც წარმოთქვა, რომლის როლიც გურიაში ასეთი მასშტაბის ფესტივალის დაარსებაში უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ თეატრის შენობაში უკვე დაიწყო მასშტაბური სარემონტო სამუშაოები, რომელიც მის საფუძვლიან რეკონსტრუქციას უკავშირდება. ასე რომ, 2020 წლის შემოდგომიდან სრულიად განახლებული და გალამაზებული თეატრი (სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს) მაყურებელსა და მომავალ ფესტივალს ისევ უმასპინძლებს.

წელს ოზურგეთის თეატრის დაარსების 150 წლის იუბილე და ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 წლისთავი 2017 წელს ერთდროულად აღინიშნება, რამაც ფესტივალს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა, ხოლო ფესტივალის მონაწილეთა და სტუმართა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ორი წლის წინათ. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, ფესტივალის დღეებში გაბროვოს (ბულგარეთი) საერთაშორისო ფესტივალსა და ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს შორის გაფორმდა მემორანდუმი მომავალი თანამშრომლობის შესახებ.

ოზურგეთის თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მოვლენების ეპიცენტრში ამჯერად, ჩოხატაურის ახალი კულტურის სასახლე მოექცა, რომელიც თითქმის ათი დღის განმავლობაში მასპინძლობდა თეატრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. ფესტივალი 5 ივლისს გაიხსნა ოზურგეთის თეატრის  150 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთგვარი სპექტაკლი-კოლაჟით „მონატრება“ (რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე), რომელიც მოდერნიზებული ლიტერატურული თეატრის გაცოცხლების მცდელობაა. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის სხვადასხვა ნაწარმოებებსა („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე ვხედავ მზეს“, „ბოშები“, „სისხლი“,  „მარადისობის კანონი“) და ოზურგეთის თეატრის თითქმის მთელ დასს აერთიანებს. სულ ფესტივალში 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობდა.

საქართველო წარმოდგენილი იყო თბილისის, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა, ქუთაისის, ახალციხის, ჭიათურის, რუსთავის, თელავის, ცხინვალისა და დმანისის პროფესიული თეატრებით. ფესტივალს ასევე სტუმრობდნენ  დელეგაციები  ბელორუსიიდან, რუმინეთიდან, ლიტვიდან და ბულგარეთიდან.

„Hellados“ - რეჟისორი: ირადა გეზალოვა

ჯერ სტუმრების შესახებ: განჯის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგენა ძალიან აქტუალური და გამართული რეჟისორული კონცეფციის სპექტაკლი „Hellados“, რომელსაც საფუძვლად ამავე სახელწოდების ცნობილი მოთხრობა დაედო. ახალგაზრდა რეჟისორმა ირადა გეზალოვამ სპექტაკლის ჟანრის სრულიად ახლებური გააზრება შემოგვთავაზა და მას „ტრაგიკული რეტროსპექცია“ უწოდა. დუმბაძის ამ მოთხრობის სხვადასხვა  საინტერესო სცენური ვერსიების ფონზეც კი განჯის ახალგაზრდული დასის სპექტაკლი ბევრად თანამედროვე, მტკივნეული და პოლიტიკურად აქტუალურია. თითოეული სცენური დეტალი, მეტაფორა მკაფიოდ დატვირთული და სიცოცხლისუნარიანია და რაც მთავარია, სამშობლოსთან გამოთხოვების, მისი დაკარგვის თემა მოთხრობისგან განსხვავებით, სრულიად სხვაგვარად არის დანახული თუ წაკითხული. ასე რომ, ნამდვილად მადლობა ეკუთვნის რეჟისორსა და მთელ დასს ასეთი ემოციური, გულწრფელი და შთამბეჭდავი წარმოდგენისთვის.

მოსკოვის თეატრმა „ნიკიტას კარიბჭესთან“ („У Никитских ворот“) ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ პროფესიულად გამართული, მაგრამ კლიშეებითა და გროტესკული ეპიზოდებით დამძიმებული თუ გაჯერებული ვერსია შესთავაზა მაყურებელს (რეჟისორი არნოლდ კაცი). სიმსუბუქესა და ანეკდოტურობას შორის ჩაიკარგა  ნაწარმოების მთავარი ლირიკულ-ჰუმანისტური პათოსი, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი საპროგრამო ბუკლეტში „ნამდვილ ატმოსფერულ თეატრზე“ აკეთებს აქცენტს. თუმცა სპექტაკლში ბებია ოლღას შემსრულებელი, რუსეთის სახალხო არტისტი - რაიონა პრაუდინა სესილია თაყაიშვილის სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. რაც შეეხება პერმის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლს სახელწოდებით „უ მოსტა“: ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა შეეცადა სპექტაკლში „ზურიკელა“ (ცხადია, ისევ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ორიგინალური ვერსია) რუსულ ტელევიზიებში დამკვიდრებული კავკასიური აქცენტით მაინც არ ელაპარაკათ პერსონაჟებს სცენიდან და შედარებით სადა სცენოგრაფიით, ზუსტად გათვლილ-გამოკვეთილი მიზანსცენებითა და თავშეკავებული იუმორით მოეთხრო ზურიკელას და გურიის სოფლის ამბავი.

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ - რეჟისორი: არკადი კაცი

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ მეტ-ნაკლებაად საინტერესო ექსსაბჭოთა თეატრალურ ფონზე, გაცილებით უცნაურად და მოძველებურად გამოიყურებოდა ქართული თეატრი, რომელსაც ნოდარ დუმბაძის დადგმის დიდი და საფუძვლიანი ტრადიციები აქვთ. საკმარისია გავიხსენოთ გიგა ლორთქიფანიძის, რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის სპექტაკლები. გამონაკლისი მხოლოდ თბილისის, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრია, რომლის დაახლოებით ორსაათიანი წარმოდგენა „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“ (რეჟისორი და ინსცენირების ავტორი გოგა თავაძე) გაცილებით გემოვნებიან  და თანამედროვე შთაბეჭდილებას ტოვებს.

მიუხედავად ტრადიციული კოლაჟური ფორმისა, როდესაც ერთ სპექტაკლში ნოდარ დუმბაძის რამდენიმე მოთხრობა ერთიანდება, რეჟისორმა მოახერხა სხვადასხვა მოთხრობების პერსონაჟთა მოულოდნელი გადაკვეთით, ზუსტად შერჩეული მსახიობებით (ბესო მეგრელიშვილი, ქეთი ჩაჩუა, პაატა კიკვაძე, ანი მღებრიშვილი) და კარგად „აგებული“ სივრცით (სცენა რამდენიმე კარითაა გაყოფილი, რომლებიც თითქოს დროსა და სივრცეში განვითარებულ ამბებს ანაწევრებენ ერთმანეთისგან) მოეთხრო თეატრის რეტროსპეტივაზეც და თანამედროვე ფორმებზეც. თითქოს „ატმოსფერული თეატრი“ და ბრეხტის „გაუცხოებაც“ ერთი მთლიანობაში მოექცა.

„მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“ - რეჟისორი: გიორგი თავაძე

კოლაჟურ-მონტაჟურ თხრობას ეყრდნობა ცხინვალის, ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრის სპექტაკლიც „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიც“, თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა მისთვის „მე ვხედავ ბებიასა და ილიკოს“ ან „ზურიკელა და მარადისობის კანონი“ გვეწოდებინა. სცენების მონტაჟური მონაცვლეობა და მსახიობთა დაუსრულებელი, ვიტყოდი „სტიქიური აპარატები“ ვნებს როგორც თხრობას, ისე სპექტაკლის რიტმს. ცალკე მსჯელობის საგანია მუსიკალური გაფორმება და ყვირილი სცენაზე, რომელსაც ალბათ, ემოციური გამძაფრებისა თუ პედალირების ფუნქცია აქვს. მსახიობთაგან მაინც ლელა მახნიაშვილს (ბებია) და მამუკა პავლიაშვილს (ილიკო) გამოვარჩევთ, რომლებიც უფრო ზუსტად გრძნობენ რეჟისორის ამოცანას და საერთოდ, სპექტაკლის რიტმს, რომლის ჟანრი რეჟისორს განსაზღვრული აქვს, როგორც „ლირიკული კომედია“.

ქუთაისის (ლადო მესხიშვილის სახელობის), რუსთავის (გიგა ლორთქიფანიძის სახელობის) და თელავის (ვაჟა ფშაველას სახელობის) თეატრებმა „თეთრი ბაირაღები“ წარმოადგინეს, თუმცა ეს სპექტაკლები ისე გავდნენ ერთმანეთს, გეგონება რეჟისორები, მსახიობები და სცენოგრაფები შეთანხმდნენ, რომ ოცდაათი-ორმოცი წლის წინანდელი პროვინციული თეატრის ვრცელი ჩანახატები გაეკეთებინათ. არც ჩვენს დროსთან ოდნავ მიახლოებული თანამედროვე რეჟისურა, არც ფორმის სიახლის გააზრება, არც სათქმელის სიმძაფრე და პუბლიცისტურობა... თითქოს დიდი ხნის ნანახ, სამ ერთნაირ თეატრალურ სიზმარს უცქერ, რომელიც გინდა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

უცაურია, რომ ლიმონების, ტიგრანებისა და ნაკაშიძეების „ბაირაღები“ ისევ საბჭოთა საქართველოს დაღეჭილ ამბებს გვიყვება, რომელსაც ვეღარაფერი აცოცხლებს. არადა, რა კარგად და თანამედროვედ მოახერხა ეს ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა რეჟისორმა, რომელმაც ლამის მთელი დარბაზი აატირა სპექტაკლით „Hellados“. ვფიქრობ, რეჟისორებს საკუთარი შესაძლებლობებისა და მიზნების სერიოზული გააზრება მართებთ, რათა არა მხოლოდ ნოდარ დუმბაძის პროზა, არამედ ზოგადად ქართული პროზა (და ცხადია, დრამატურგიაც) დღევანდელ სცენურ ფორმას როგორმე მოარგონ, დღევანდელობა „თარგივით“ გამოჭრან და აქტუალური, კონცეფციით დატვირთული რეჟისურა დაგვანახონ და არა წარსულის უსახო აჩრდილები.
დაახლოებით ამავე კონტექსტში შიძლება განვიხილოთ ჭიათურის, აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის სპექტაკლი „დიდრო“ (რეჟისორი კახა გოგიძე), ზინა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის თეატრის „სისხლი“ (რეჟისორი გეგა ქურციკიძე) და ჩოხატაურის თეატრის „მზიანი გული“, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც სახალხო თეატრის კრიტერიუმით უნდა განვიხილოთ და ვერც მკაცრად შევაფასებთ იმ საყოველთაო დაძველება-დახავსების ფონზე, რაც ფესტივალზე ვიხილეთ.

„დიდრო“ - რეჟისორი: კახა გოგიძე

თუ როგორი იქნება ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალი - ისევ პერიფერიულად მღელვარე, ძველებურად მაამებლური თუ მომავლის ფორმებსა და პერსპექტივაზე მორგებული, ამას შორეული 2021 წელი გვიჩვენებს. მით უმეტეს, რომ დუმბაძის სახელობის ფესტივალი უკვე სრულიად ქართული „მწერლობის მოთვინიერებას“ შეეცდება. ფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, მომავალში ფესტივალი სწორედ ქართული პროზის სცენური ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს რეჟისორებს, მსახიობებსა და სცენოგრაფებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^