Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალის საქმე - პროფესიები გენდერულ ჭრილში

27 იანვარი 2015

25 წელიწადია, რაც მევლუდ ლაშაური ავჭალის 120-ე საჯარო სკოლის პედაგოგია. მათემატიკის, უსაფრთხოებისა და სპორტული აღზრდის მასწავლებელი მამაკაცთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს განეკუთვნება, რომელმაც საკუთარი საქმიანობა სკოლას დაუკავშირა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა პროფესიით ერთი დღეც არ უმუშავია.

“სკოლა ჭაობივითაა - ერთი თუ შეგისრუტა, მერე რთულია შეელიო. წლების წინ კომკავშირის მდივნად ვმუშაობდი და სამსახურიდან გამომდინარე სკოლასთან მიწევდა ურთიერთობა. ბავშვებთან მუშაობა ისე მომეწონა, რომ 1984 წიდან პროფტექნიკურ სასწავლებელში დავიწყე მუშაობა. აქედან მოყოლებული სხვა სამსახურზე აღარც მიფიქრია. 25 წლის წინ აქ, 120-ე სკოლაში გადმოვედი სამუშაოდ. მას მერე დავრჩი და დავრჩი”, - ამბობს პედაგოგი.

დღეს ლაშაური მასწავლებლობასთან ერთად, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორობასაც ითავსებს. გავრცელებულ აზრს, რომ მასწავლებლობა დაუფასებელი პროფესიაა, არ ეთანხმება.

“წლების მერეც კი, როცა ჩემი ყოფილი მოსწავლეები მხვდებიან და გულთბილად, დიდი სიყვარულით მომიკითხავენ, მეტ ძალას მმატებს. ამ დროს ხვდები, რომ ტყუილად არ გიშრომია. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს”.

120-ე საჯარო სკოლაში 48 პედაგოგი მუშაობს, ამათგან მამაკაცი მხოლოდ ოთხია. მევლუდ ლაშაური სკოლაში მომუშავე მამაკაცების სიმცირეს იმით ხსნის, რომ ეს პროფესია დაბალანაზღაურებადია.

“ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მამაკაცი იქნებოდა დღეს სკოლის მასწავლებელი, ანაზღაურება რომ მაღალი ყოფილიყო. ყველაზე აუნაზღაურებელი პროფესიაა და უმეტესობა არ ირჩევს, რადგან ოჯახის რჩენა მასწავლებლის ხელფასით რთულია. პედაგოგობას ალბათ უფრო ისინი ირჩევენ, ვისაც ბავშვების დიდი სიყვარული აქვს”, - ამბობს ლაშაური.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013-14 წლების მონაცემებით, პედაგოგთა რაოდენობა მთლიანობაში 67 152-ს შეადგენს. აქედან ქალ მასწავლებელთა რიცხვი 57 370-ია, მამაკაცთა რაოდენობა კი - 9 782-ი.

საჯარო სკოლებში 51 000-მდე ქალი და 9 000-მდე მამაკაცი მუშაობს. 921 მამაკაცი მუშაობს კერძო სკოლაში მაშინ, როცა იმავე კერძო სკოლაში ქალ მასწავლებელთა რაოდენობა 6 000-ს აღემატება.

სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით და საქართველოში დაკვიდრებული სტერეოტიპების თანახმად, პედაგოგობა, ე.წ. ქალის პროფესიად მიიჩნევა. “გაეროს” კვლევის მიხედვით, “ქალის საქმედ” მასწავლებლობასთან ერთად კიდევ რამდენიმე პროფესია დასახელდა: ფარმაცევტი, ექიმი (პედიატრი), ჟურნალისტი, ბანკის ოპერატორი, ხელოვნება (დიზაინერი, მკერავი, მუსიკოსი), მცირე ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი და მომსახურების სფერო.

გაეროს თვისებრივი კვლევის მიხედვით, “პედაგოგიკა ქალისთვის უფრო შესაფერისად მიიჩნევა, ვიდრე კაცისთვის, რადგან „ქალი უფრო ამტანია“ და უფრო უძლებს სკოლაში სწავლების რეჟიმს. ამასთან, პედაგოგიკა ქალისთვის ოპტიმალურად მიიჩნევა, რადგან მას არ უწევს მთელი დღის სამსახურში გატარება. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებრივი აღქმის დონეზე პედაგოგი ქალი მომავალი თაობის აღმზრდელია, შესაბამისად, რაღაც კუთხით იგი ახდენს ოჯახში საკუთარი როლის გადმოტანას უფრო ფართო მასშტაბებში”.

“მგონია, რომ ქალი მაინც ოჯახში უნდა იყოს, ქალს შეუძლია ჰქონდეს სხვა სამსახური, უფრო კულტურული. ჩემი აზრით, სჯობს, ჰქონდეს ცოტა ნაკლები შემოსავალი,  რომ კაცმა არჩინოს ოჯახი”, - ამბობს გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე კახეთიდან.

გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ქალის დასაქმება მომენტალურად უარყოფით შინაარსს იძენს მაშინ, როცა ქალი მის გამო ოჯახს ნაკლებ დროს უთმობს. ამას მოწმობს გამოკითხულთა უმრავლესობის (77%) მოსაზრება - სკოლამდელი ბავშვისთვის უმჯობესია, რომ მისი დედა არ მუშაობს. ასევე, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაოჯახებისა და შვილების ყოლის შემდეგ ქალი უმჯობესია ნახევარი განაკვეთით მუშაობდეს.

 “საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის” მონაცემებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ ქალი ბიზნესკომპანიების მხოლოდ 20%-ს ხელმძღვანელობს.

 გენდერის საკითხთა ექსპერტის, ეკა აღდგომელაშვილის თქმით, არსებული რეალობა ორი ძირითადი მიზეზით შეიძლება აიხსნას.

“როდესაც ლაპარაკობენ შრომით სეგრეგაციაზე, გულისხმობენ ორგვარ სეგრეგაციას - ჰორიზონტალურსა და ვერტიკალურს. ჰორიზონტალური სეგრეგაცია გულისხმობს სწორედ, ე.წ. პროფესიულ სეგრეგაციებს. ამის ორი მიზეზი არსებობს - ერთი, ე.წ. “ქალური პროფესიების” დაბალანაზღაურებადობა და, მეორე, მისი ნაკლებადპრესტიჟულობა. ეს არის საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ნორმები. ე.წ. ქალის პროფესიებად, ძირითადად, ის საქმიანობა მიიჩნევა, რაშიც მეტად მჟღავნდება ქალის როლი, იქნება ეს ბავშვების აღზრდა თუ ხელსაქმე”, - ამბობს გენდერის საკითხთა ექსპერტი.

მისივე თქმით, გამონაკლისს ექიმის პროფესია წარმოადგენს, რომელიც ევროპაში დღემდე “კაცურ პროფესიად” მიიჩნევა.

აღდგომელაშვილი თვლის, რომ ყველაზე დიდი სხვაობა მაღალანაზღაურებად სამსახურებში გვხვდება. მას მაგალითად ფინანსურ სფერო მოჰყავს. 

“ასეთი ტიპის სამსახურებში ქალები ნაკლებად გვხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი კვალიფიკაცია აქვთ და ზოგ შემთხვევაში, თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით, ქალები ჯაბნიან კიდეც მათ, რაც უფრო მაღალანაზღაურებადია სამსახური, მეტად იკლებს ქალების რიცხვი. აქ უკვე მეორე ძირითად საკითხს მივადექით, რომელსაც ვერტიკალური სეგრეგაცია ჰქვია”.

აღდგომელაშვილის განმარტებით ვერტიკალური სეგრეგაცია გულისხმობს, რომ დასაქმებულ ქალთა რაოდენობა ერთსა და იმავე სფეროში შეიძლება მამაკაცებთან შედარებით გაცილებით მეტი იყოს, თუმცა ისინი მხოლოდ დაბალანაზღაურებად სამუშაოზე ნაწილდებიან. სწორედ ამგვარი მიდგომა ახდენს გავლენას ნომინალური ხელფასების სხვაობაზე.

“ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობა რეალურად დიდია. მაგალითად, საქსტატის მონაცემებით,  2008 წლისთვის ხელფასებს შორის საშუალო მაჩვენებელი 54 %-ს შეადგენდა, ვგულისხმობ ერთმანეთთან ფარდობას. 2011 წელს მაგალითად, კაცის ხელფასის  59%-ს იღებდა ქალი. 2012-ში, მამაკაცის ხელფასის 60%-ს იღებდა ქალი, 2013-ში კი 63%-ს. მაინც დიდი სხვაობაა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ქალებს პროფესიული თვალსაზრისით ხშირად უფრო მაღალი კვალიფიკაცია აქვთ ხოლმე”, - ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის წარმომადგენელი, უფლებადამცველი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ როდესაც საზოგადოებრივი კვლევები ჩატარდა, გამოიკვეთა, რომ ქალები ხშირად ისეთ საქმეზეც არ ამბობენ უარს, რაზეც მამაკაცები არასდროს თანხმდებიან იმ მიზეზით, რომ ეს მათთვის ჯეროვანი სამსახური არაა. არგანაშვილის თქმით, ხშირად სწორედ ქალები ითავსებენ ოჯახში, ე.წ. შემომტანის ფუნქციას და მათ არ აქვთ ფუფუნება ელოდონ, როდის დასაქმდებიან უკეთეს სამსახურში.

გარდა ზემოთ მოყვანილი მაგალითისა, არგანაშვილი ქალისთვის ხელის შემშლელ სხვა ბარიერებზეც საუბრობს.

“ზოგადად, დადასტურებულია,რომ რაოდენობრივი თვალსაზრისით უმაღლესი განათლება უფრო მეტ ქალს აქვს მიღებული, თუმცა გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე მეტწილად მაინც კაცები არიან დასაქმებული. ქალს მეტი ბარიერის გადალახვა უხდება”.

არსებული რეალობის საილუსტრაციოდ, ანა არგანაშვილი საკუთარ მაგალითს იშველიებს და ამბობს, რომ სწავლობს, მუშაობს და ზრდის ორ შვილს. მისი თქმით, უმაღლესი განათლების სისტემა ხელს არ უწყობს, რომ სწავლასთან შეათავსოს დანარჩენი საქმე.

“დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, სადაც მოქნილი სასწავლო სისტემაა, ჩვენთან ყველაფერი პირიქით მუშაობს. საქართველოში, თუ ოჯახური ვალდებულებები გაქვს აღებული, ყველაფერი შენს საწინააღმდეგოდაა. პირდაპირ გეუბნებიან ხოლმე, რომ თუ ოჯახი და შვილები გინდოდა, სახლში უნდა დარჩენილიყავი. ორივე საქმის კეთების სურვილი ჩვენს ქვეყანაში შეუთავსებელია”.

არგანაშვილი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი ქალების ბრძოლასა და დაუმორჩილებლობაშია. მისი აზრით, მეტი მოქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ ევროპული მაგალითების გათვალისწინება დავიწყოთ.

“ევროპაში ფაქტობრივად არ დარჩა პროფესია, სადაც შეიძლება იგრძნობოდეს, რომ უპირატესობა რომელიმე სქესს ენიჭება. დღეს იმგვარადაა ტექნოლოგია განვითარებული, რომ მხოლოდ ფიზიკური ძალის კონცენტრაციაზე არ არის დამოკიდებული ჩვენ მიერ რაიმე საქმის შესრულება. ყველა სხვა პარამეტრი თანასწორია. ვერცერთ სხვა სამსახურში ვერ ეტყვიან ქალს დასაქმებაზე უარს. მაგალითად, შვედეთში სულ ახლახან გაუქმდა კიდევ ერთი აკრძალვა სპეციფიკურ სამხედრო პოზიციასთან დაკავშირებით, რომელსაც ქალები არ იკავებდნენ ხოლმე. აღმოჩნდა, რომ სწორედ სტერეოტიპების გამო ხდება კაცების ან ქალების მიერ სამსახურების დაკავება”, - ამბობს ანა.

არგანაშვილი ამბობს, რომ გარდა ამისა, ქალების თანასწორი დასაქმება და შრომითი უფლებების დაცვა მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვისთვის არ არის საჭირო. როდესაც ნახევარზე მეტი მოსახლეობა არათანაბრადაა დატვირთული, შედეგი პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

არსებული სიტუაციიდან გამოსავალს, გენდერის საკითხთა ექსპერტი ეკა აღდგომელაშვილი მთავრობის მხრიდან სწორ რეაგირებაში ხედავს. მისი თქმით, როდესაც მთავრობა უმუშევრობის დაძლევის კუთხით იწყებს მუშაობას, იქნება ეს სიღარიბის დაძლევისა და თუ სხვა პროგრამები, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის პროგრამები გენდერულად სენსიტიური იყოს.

“თუ გვინდა, რომ გადავჭრათ პრობლემა, ჯერ უნდა ვაღიაროთ, რომ ის არსებობს. პრობლემის მოგვარება მისი აღიარებით იწყება. სხვა შემთხვევაში, ვერასდროს დავძლევთ მას”, - აცხადებს ეკა.


მასალა დაფინანსებულია საქართველოში აშშ_ის საელჩოს მიერ 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^