გიორგი მაკარიძე ფოცხანაურის ჯიშის ყურძენზე დამზადებულ ბიო ღვინოს მე-5 წელია, იაპონიაში ყიდის. ერთი ექსპორტირებული ბოთლის ფასი 10 ევროა. საქმის წარმოება მარტომ დაიწყო. დროთა განმავლობაში ვენახის გაფართოების მიზნით საქმეში მეგობრებიც ჩართო და კოოპერატივი შექმნა.
„ბავშვობიდან ამ საქმეში ვარ ჩართული. ჯერ კიდევ ბაბუაჩემმა დაიწყო ვენახის გაშენება. მას მერე ყველაფერში ვღებულობდი მონაწილეობას და ბოლოს, მათი დაწყებული საქმე მე გავაგრძელე. რაც ევროკავშირის პროგრამას გავეცანით, კოოპერატივად ჩამოვყალიბდით და ახლა უფრო დიდი მიწის ფართობი გვაქვს, მეტ ღვინოს ვაწარმოებთ. ENPARD - ისგან 80 000 ლარის გრანტი მივიღეთ, რომლის ფარგლებშიც საჭირო ტექნიკა გადმოგვეცემა, რაც ჩვენს საქმეს მნიშვნელოვნად წაწევს წინ“, - ამბობს მაკარიძე.
ევროკავშირის მიერ წამოწყებული პროგრამით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტიპის კოოპერატივების შექმნას ისახავს მიზნად, მაკარიძის მსგავსად სხვა წვრილი მეწარმეებიც დაინტერესდნენ.
ოთარ გიორგაძემ კალმახების მომრავლება საკუთარ ეზოში 2005 წლიდან დაიწყო. საქმეს ხელი მარტომ მოჰკიდა. როდესაც ევროკავშირისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ პროგრამას გაეცნო, კოოპერატივის ჩამოყალიბების იდეა გაუჩნდა.
“თავიდან ცოტა რაოდენობის კალმახი მყავდა. შემდეგ რამდენიმე კაცი გავერთიანდით და ახლა 8 000 მეტრ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 12 ტონამდე თევზი მოვამრავლეთ. მომავალი წლიდან კიდევ ვაპირებთ გაფართოებას. ENPARD-ის მიერ მიღებული გრანტი ჩვენთვის დიდი დახმარებაა. ეს პროგრამა თევზის რეალიზაციაში გვეხმარება“, - ამბობს საკალმახე მეურნეობის წარმომადგენელი ოთარ გიორგაძე.
კიდევ ერთი წარმატებული წვრილი მეწარმე გოდერძი შავგულიძეა, რომელსაც კოოპერატივის სხვა წევრებთან ერთად ცერეცო მოჰყავს და სარეალიზაციოდ აზერბაიჯანში, რუსეთსა და ბელურსიაში გააქვს. გოდერძი ამბობს, რომ როდესაც კოოპერატივი შექმნეს და საგრანტო პროექტი დაწერეს, გამარჯვებას არ ელოდნენ.
ENPARD -მა მისი კოოპერატივი 80 000 ლარით დააჯილდოვა. შავგულიძემ ამ თანხით მწვანილის შესანახი სპეციალური მაცივრის აშენება გადაწყვიტა.
“სამაცივრე თითქმის დასრულებულია. ევროკავშირმა ყველა ის წვრილი ტექნიკა - დანადგარი შეგვიძინა, რაც აუცილებლობიდან გამომდინარე გვჭირდებოდა. თუ საქმე კარგად წავიდა, ჩვენი კოოპერატივი გაფართოვდება და ცერეცოს გარდა ნესვსა და წიწაკას მოვიყვანთ”, - ამბობს მეწარმე.
„ევროპის სამეზობლო პროგრამა საქარველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის“ (ENPARD) ევროკავშრის მიერ 52 მილიონი ევროთი დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც საკვების წარმოების ხელშეწყობასა და სოფლად არსებული სიღარიბის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ENPARD -ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში 160 ზე მეტმა კოოპერატივმა მიიღო ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.
წამოწყებულ პროგრამას საქართველოს მასშტაბით ოთხი კონსორციუმი ახორციელებს: Oxfam (დიდი ბრიტანეთი), Care (ავსტრია), People in Need და Mercy Corps (შოტლანდია). ამ პროცესში 16 ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ასოციაციები და აკადემიური დაწესებულებები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსის, გორგი მიშელაძის თქმით, ENPARD ის ფარგლებში გათვალისწინებული პროგრამა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ადამიანების ინტერესებზეა მორგებული.
“გლეხებს, რომელთაც მცირე მიწები აქვთ, საშუალება ეძლევათ, კოოპერატივის ფარგლებში გააერთიანონ თავიანთი ქონება. ENPARD -ის მიერ გამოყოფილი თანხა აღნიშნულ გაერთიანებებს მიწის დამუშავებასა და ნაყოფის რეალიზაციაში ეხმარება”.
27 იანვარს ქალაქ ქუთაისში მცირე ფერმერული კოოპერატივისთვის გრანტის გადაცემის ცერემონია გაიმართა. გრანტი იმ 35 ფერმერულ კოოპერატივს გადაეცა, რომლებმაც წარმატებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო კონკურსის ბოლო რაუნდში მიაღწიეს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ხუან ეჩანოვეს თქმით, აღნიშნული ღონისძიება სიღარიბესთან ბრძოლის წინაპირობაა.
„ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი „ენპარდის“ ოჯახისთვის. მიხარია, რომ კოოპერატივები ბიზნესზე ორიენტირებული კომპანიები ხდდებიან. კოოპერატივების მიზანს მოსავლის ერთობლივი ძალებით შენახვა წარმოადგენს, ნაკლები დანახარჯით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კოოპერატივს არანაირი კავშირი არ აქვს კოლმეურნეობასთან. ეს არის გაერთიანება მშრომელი ფერმერებისთვის. მიხარია, რომ მცირე ფერმერების ცოდნა ამ კუთხით დღითი დღე იზრდება. დღეს გრანტი საუკეთესოებმა მიიღეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ წარმატებული პოტენციალის მქონე მეწარმეებს, რომ მისაბაძი მაგალითები გახდნენ სხვებისთვის“, - აღნიშნა ეჩანოვემ.
საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის მიერ წამოწყებულ პროგრამას დადებითად აფასებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩიც, რომლის თქმით, სამომავლოდ სოფლის მეურნეობის დარგის გასავითარებლად კიდევ რამდენიმე მილიონი ევროს გამოყოფა იგეგმება.