ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის, ვახტანგ ლომჯარიას მოსაზრებით, ქალაქში მიუსაფარი ძაღლების მომატებული რაოდენობის პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ღონისძიება უნდა გატარდეს. ერთ-ერთი მათგანი ქვეყნის მასშტაბით სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამების გაშლაა, ხოლო მეორე - ცხოველთა გამრავლების გაკონტროლება და შესაბამის ლიცენზიებსა და ნებართვებს დაქვემდებარება.
„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თუკი მხოლოდ ძაღლსაშენები იქნება ადგილი, სადაც ცხოველები გამრავლდებიან, ეს იქნება რეალურად ისეთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც შეამცირებს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობას ქუჩაში. პარლამენტში უკვე მიმდინარეობს შინაური, ბინადარი ცხოველების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა, რომლის ფარგლებში ეს საკითხიც განიხილება“,- განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
მისი შეფასებით, სტერილიზაცია-კასტრაცია პოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდია და ამით ცხოველთა უფლებები არ ილახება. ლომჯარიას ინფორმაციით, ასეთ დროს ცხოველი 2-4 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობს. ასევე მცირდება სიმსივნური დაავადებების გაჩენის რისკები.
რაც შეეხება ქალაქში ძაღლების ხროვას, ასეთ შემთხვევაში ლომჯარია მოქალაქეებს 112-ში დარეკვისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, ინდივიდუალურად ცხოველს შეიძლება ძალიან კარგი ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ხროვაში აგრესიული გახდეს. ამიტომ ცხოველთა მონიტორიგის სააგენტოს პრიორიტეტია, თბილისში არ იყოს ცხოველთა ხროვები.
„ჩვენი მიზანია, რომ ხროვა დავშალოთ, თუმცა ეს დაშლა არ გულისხმობს ცხოველის გაქრობას. ხროვების დაშლას ხელს შეუწყობს სტერილიზაცია-კასტრაციაც. ამ პროცედურის შემდეგაც ცხოველები ნაკლებად ინტერესდებიან ხროვაში გადაადგილებით“,- აღნიშნა ლომჯარიამ.