წითელი ხალიჩა, ვარსკვლავები, ჩვენებები, ფოტო-კამერების წინ პოზირება, პრეს- კონფერენციები - ამ ყველაფრის მიღმა ბერლინის კინოფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქმიანი შეხვედრებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. მთელი მსოფლიოდან ჩამოსული კინოპროფესიონალები აქ 10 დღის განმავლობაში ხვდებიან ერთმანეთს და საჭირო და სასარგებლო ინფორმაციებს ცვლიან.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ინფორმაციის მისაღებად და კონტაქტების დასამყარებლად, ევროპული კინოს ბაზრობაა (Europian Film Market), რომელიც ორ შენობაშია გადანაწილებული.
უკვე მეცხრე წელია ბერლინის კინოფესტივალის მარკეტზე, სხვა ქვეყნების გვერდით ქართული სტენდიც არის წარმოდგენილი. ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები აქ ყოველდღე, 10-დან 6 საათამდე იმყოფებიან და დაინტერესებულ ვიზიტორებს ქართული კინოს შესახებ ინფორმაციას აცნობენ. წელს სტენდზე 3 დიდ პოსტერს ნახავთ: გიორგი ოვაშილის - "სიმინდის კუნძული", ზაზა ურუშაძის - "მანდარინები" და ლევან თუთბერიძის - "ცხრა მთას იქით".
ყველა ეს ფილმი გასულ წელს გამოვიდა. თუმცა, ვინაიდან წელს ბერლინალესთვის ყველა ახალი ქართული ფილმი დაუსრულებელი იყო, აქცენტი ისევ 2014 წლის ნამუშევრებზე გაკეთდა. თანაც "მანდარინებისა" და "სიმინდის კუნძულის" ჯერ კიდევ მიმდინარე წარმატებასა და ჯილდოებს თუ გავითვალისწინებთ, ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ 65-ე ბერლინალეზე, შარშანდელისგან განსხვავებით, ახალი ქართული ფილმები არ არის წარმოდგენილი, ქართველი კინოპროფესიონალებისთვის წლევანდელი ფესტივალიც მნიშვნელოვანი შეხვედრებითა და ღონისძიებებით არის დატვირთული. მაგალითად, "გრძელი ნათელი დღეების" რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი ბერლინალეს კო-პროდუქციის მარკეტზე ახალ პროექტს წარადგენს, რაც ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების საუკეთესო საშუალებაა. რეჟისორის პროექტმა სახელწოდებით"ჩემი ბედნიერი ოჯახი" - უკვე მოიპოვა კინოცენტრის ნაწილობრივი დაფინანსება საქართველოში. ახლა ის დამატებით სპონსორს ეძებს. გარდა ამისა, ბერლინის კინოფესტივალის სექციაში "Berlinale Talents" , რომელსაც ადრე "Talent Campus" ერქვა, სამი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი მონაწილეობს: დეა კულუმბეგაშვილი, შორენა თევზაძე და მარიამ ხაჭვანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კინოპროფესიონალებს შეხვდებიან და მათ საკუთარ პროექტებსა და იდეებს გააცნობენ, დაესწრებიან ვორქშოფებს, შეხვედრებს და ა.შ. შორენა თევზაძე, რომელიც აქ დოკუმენტური ფილმის პროექტითაა ჩამოსული, ამბობს, რომ მის გამოცდილებაში ეს ფესტივალი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა სამომავლო პროექტების რეალიზებისა და საჭირო კონტაქტების დასამყარებლად: "ყოველდღე უამრავ ადამიანს ხვდები, ბევრ რამეს სწავლობ.. გარდა ამისა, სხვა ვორქშოფებზე გაცნობილ პროდიუსერებთან, სეილს აგენტებთან, ტრენერებთან აქ შეხვედრების შემდეგ ბევრად უფრო სერიოზულად აღიქმები. ასევე, ნახულობ Berlinale Talents-ის ძველი მონაწილეების ფილმებს და ამ ყველაფრის შემდეგ ბევრად უფრო მოტივირებული ხდები.
ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, ნანა ჯანელიძის თქმით, ეს წელი მასალების დაგროვების წელიწადია და აქცენტი პროექტებზეა გაკეთებული: "იმედი მაქვს ჩვენი რეჟისორები და პროდიუსერები ამ ეტაპს წარმატებით გაივლიან და მომავალ წელს უკვე ახალი, დასრულებული ფილმებით ვიქნებით წარმოდგენილი". როგორც ჯანელიძე ამბობს, "მანდარინებისა" და "სიმინდის კუნძულის" წარმატებამ ბევრად გაზარდა ინტერესი ქართული კინოს მიმართ და, შესაბამისად გაიზარდა შანსიც, რომ უცხოელი პროდიუსერები ახალი ქართული პროექტებით დაინტერესდებიან: "ბევრი ადამიანი მოდის, აინტერესებთ რა ხდება ჩვენთან, როგორი პირობებია საქართველოში გადასაღებად, რა ლოკაციები გვაქვს, ვინ მუშაობს ამ სფეროში და ა.შ. ასევე არის დაინტერესება ფილმების შესყიდვასთან დაკავშირებით, რაც ბოლო წარმატებული პროექტების დამსახურებაა, ამიტომ იმედით ვუყურებთ მომავალს" . აღსანიშნავია, რომ "სიმინდის კუნძული" და "მანდარინები" ბერლინალეს ყოველწლიურ საქველმოქმედო გალაშიც მოხვდა. "კინო მშვიდობისთვის"- ასე ჰქვია დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც 2002 წლიდან იმართება და სხვადასხვა ნომინაციებში წარადგენს ფილმებს. გიორგი ოვაშვილის ფილმი აქ Green Film Award-ზე იყო წარდგენილი, ზაზა ურუშაძის კი - Award For Justice-ზე. თუმცა ამჯერად გამარჯვებულები სხვა ფილმები გახდნენ.
ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები, ქართულ სტენდთან თუ მის მიღმა, თითქმის ყოველდღე მართავენ შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებისა და კინოკომპანიების წარმომადგენლებთან. უკვე გადაწყდა, რომ აპრილში ნიონის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე (საფრანგეთი) ერთ-ერთი ფოკუსი საქართველო იქნება და იქ 15 ქართული ფილმი და 6 პროექტი იქნება წარდგენილი. მასშტაბური რეტროსპექტივა იგეგმება მარტშიც სოფიას კინოფესტივალზეც (ბულგარეთი). პოლონეთის დელეგაციასთან შეხვედრისას კი, ასევე მარტში, დაიგეგმა პოლონური კინოს მნიშვნელოვანი წარმომადგენლების თბილისში ჩამოსვლა და პრეზენტაციები. რაც შეეხება აქ ჩამოსულ ქართველ რეჟისორებს, რამდენად წარმატებული იქნება მათთვის წლევანდელი ბერლინალე და დაბრუნდებიან თუ არა უკან კონკრეტული შედეგებით, ამას ფესტივალის ბოლოს გავიგებთ.