Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობეინი კადრს მიღმა, ახალი ფილმი უნიკალური კადრებით

13 თებერვალი 2015

როკმუსიკის ისტორიაში ალბათ ძნელად მოიძებნება მუსიკოსი, რომლის შესახებაც იმდენი ფილმია გადაღებული, რამდენიც კურტ კობეინზე. თუმცა, ფილმი, რომელიც წლევანდელ ბერლინის კინოფესტივალზე ვნახეთ, სრულიად განსხვავდება სხვა ნამუშევრებისგან და მუსიკოსის თაყვანისმცემლებისთვის მისი ნახვა ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

ამერიკელი რეჟისორის, ბრეტ მორგენის ფილმი “ჯოჯოხეთური მონტაჟი”(Montage of Heck ), რომელიც HBO-ს მიერ არის წარმოებული, შეიძლება ითქვას, კურტ კობეინის ავტობიოგრაფიაა. ეს სრულიად უნიკალური მასალაა ოჯახის არქივიდან: კობეინის ბავშვობისდროინდელი ვიდეოები, მისი აუდიო და ტექსტური ჩანაწერები, ნახატები, მუსიკოსის და მისი მეუღლის, კორტნი ლავისა და მათი ქალიშვილის ურთიერთობის ამსახველი კადრები, Nirvana-ს რეპეტიციები და ა.შ. ეს ასევე პირველი ფილმია, სადაც კობეინის ოჯახის წევრები მასზე საუბრობენ. ფილმზე მუშაობა რეჟისორმა 2007 წელს დაიწყო. მას თავად კორტნი ლავი დაუკავშირდა და აქამდე ყველასთვის უცნობი მასალების გასაჯაროება შესთავაზა. კორტნის მანამდე მისი ერთ-ერთი ფილმი ჰქონდა ნანახი, რომელიც ძალიან მოსწონდა და გადაწყვიტა, რომ ეს სწორედ ის რეჟისორი იყო, ვინც ამ ყველაფერს კარგად გაართმევდა თავს. მოგვიანებით პროექტში კობეინისა და ლავის 22 წლის ქალიშვილი, ფრენსის ბინ კობეინიც ჩაერთო და საბოლოოდ ფილმის მთავარი პროდიუსერი გახდა, რამაც პროექტისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და რეჟისორს სპონსორების მოძიებაშიც დაეხმარა. მორგენმა 8 წელი იმუშავა მასალების კვლევასა და დაფინანსების მოპოვებაზე და მხოლოდ ახალხან შეძლო ნამუშევრის დასრულება. ფილმის მსოფლიო პრემიერა 24 იანვარს, სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. ევროპაში კი პირველი ჩვენება ბერლინალეზე, სექცია „ პანორამაში“ გაიმართა. ბერლინში მაყურებელი ფრენსისსაც ელოდებოდა, თუმცა ის აქ არ გამოჩენილა. პრემიერას რეჟისორი და კორტნი ლავი დაესწრნენ. ლავს თან REM-ის ვოკალისტი, მაიკლ სტაიპი ახლდა, რომელიც ფრენსისის ნათლია და ოჯახის დიდი ხნის მეგობარია. 50 წლის კორტნი ლავი გრძელ ლურჯ კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინეთ, რომ მას დიდი ხნის მანძილზე ნარკოტიკებთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც ამ ყელაფერს თავი დააღწია. ლავს წითელ ხალიჩაზე ოვაციებით შეეგებნენ. უკვე ფოტოგრაფებიც კი მისი ავტოგრაფების მოპოვებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ფილმის პრემიერა „კინო ინტერნაციონალში“ გაიმართა. „ბერლინალე პალასისგან“ განსხვავებით, სადაც საკონკურსო ჩვენებები და მთავარი პრემიერები ეწყობა, ეს ადგილი მოშორებით მდებარეობს და ნაკლებ პომპეზურია. ამის გამო, აქ ფილმის ავტორებთან მიახლოვება და ფოტოების თუ ვიდეოს გადაღებაც შედარებით უფრო ადვილია.

 ფილმი კობეინის დედის, ვენდი ოკონორის მოგონებებით იწყება, სადაც ის 60-იანი წლების ამერიკას და აბერდინს იხსენებს - ქალაქს, სადაც კურტი დაიბადა; ყვება მისი ოჯახის ისტორიას და იხსენებს მუსიკოსის პირველ, ყველაზე ბედნიერ წლებს. ამ დროს კი ეკრანზე ვხედავთ, როგორ ცდილობს დაბადების დღის ტორტზე სანთლის ჩაქრობას ორი წლის კურტი, როგორ თამაშობს ეზოში, როგორ დადის გიტარით ხელში... კადრები, რომლებიც აქამდე არავის უნახავს, მართლაც ძალიან შთამბეჭდავი და ემოციურია. მალე კადრში მუსიკოსის და კიმი და მათი მამა, დონალდ კობეინიც ჩნდებიან. ისინიც არაერთ საინტერესო დეტალს იხსენებენ წარსულიდან.

 მოგვიანებით უკვე კობეინის თინეიჯერობის პერიოდის იშვიათ კადრებს და აქამდე უცნობ აუდიოჩანაწერებს ვეცნობით. ერთ-ერთ ასეთ აუდიო კასეტას, როგორც რეჟისორი ამბობს, “Montage of heck” ეწერა და ფილმის სახელწოდების ინსპირაციაც სწორედ ეს გახდა. კურტი აქ ღიად საუბრობს საკუთარ განცდებსა და გამოცდილებებზე: ბავშვობა, ოჯახი, სიყვარული, მეგობრები, სკოლა, ნარკოტიკები... იხსენებს, როგორ გაუტეხა გული მშობლების დაშორებამ, როგორ ვერ პოულობდა საერთოს თანაკლასელებთან და როგორ აღმოაჩინა მისთვის ახლობელი სამყარო ანდერგრაუნდ სუბკულტურებში და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულ ახალგაზრდებში. ამ ყველაფრის ილუსტრაციისთვის რეჟისორი ანიმაციას იყენებს. ცნობილი ანიმატორის, სტეფან ნადელის ნამუშევრები, გარდა იმისა, რომ ტექნიკურად ძალიან პროფესიულადაა შესრულებული, კარგად ჯდება ფილმის საერთო ესთეტიკაში და მახვილი იუმორითაც არის გაჯერებული. მუსიკოსის ჩანაწერების გაცნობისას ასევე საინტერესო გრაფიკულ ილუსტრაციებს ვხვდებით: ეკრანზე კობეინის დღიურები ჩანს, სადაც უკვე არსებული ტექსტი თავიდან იწერება და გიჩნდება შეგრძნება, რომ ამ პროცესის თანამონაწილე ხდები. ფილმში ვისმენთ კურტ კობეინის პირველი მეგობარი გოგონას, ტრეისი მერენდერის ინტერვიუსაც, რომელიც ყვება, როგორ გაიცნეს ერთმანეთი და როგორი დაუცველი და მგრძნობიარე იყო კობეინი მუსიკალური კარიერის დასაწყისში. მოგვიანებით ეკრანზე კორტნი ლავიც ჩნდება და ახლა უკვე ის საუბრობს მისი და კურტის ურთიერთობასა და ნარკოტიკებზე, რითიც იმ პერიოდში ორივე გატაცებული იყო. 

 აქ უნიკალური კადრების მეორე ნაწილი იწყება: კურტი და კორტნი სახლში, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, Nirvana-ს რეპეტიციაზე, მათი სასაცილო დიალოგები და  ირონიული კომენტარები აბაზანაში, სადაც ორსული კორტნი კამერის წინ მკერდს იშიშვლებს და ამაყად აცხადებს: "შეხედეთ, როგორი დიდი და არაჩვეულებრივი მკერდი მაქვს"... მოგვიანებით კადრში მათი ახალშობილი ქალიშვილიც შემოდის და კობეინს უკვე მოსიყვარულე მამის ამპლუაში ვხედავთ. აქვე ვკითხულობთ ჩანაწერს არქივიდან, სადაც კურტი ამბობს, რომ ფრენსისი ერთადერთი ადამიანია, ვისთვისაც ყველაფერს დათმობდა და ვის გამოც შეუძლია მუსიკასაც კი დაანებოს თავი, თუ ამის საჭიროება დადგა. 

 ფილმის ბოლო სცენა, სადაც კადრში კობეინი ჩანს, ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონცერტიდან, Unplugged in New York -იდანაა. აქ რამდენიმე ისეთ ეპიზოდსაც ნახავთ, რაც საბოლოო ჩანაწერში არ მოხვედრილა. ამ კონცერტიდან 5 თვეში კურტ კობეინი გარდაცვლილი იპოვეს სიეტლში, საკუთარ სახლში. ის 27 წლის იყო. მორგენი მისი სიკვდილის დეტალებს აღარ უღრმავდება, რადგან, როგორც თავად ამბობს, უნდოდა ეს ფილმი სიცოცხლეზე ყოფილიყო და არა სიკვდილზე.

 Nirvana-ს წევრებიდან ფილმში კობეინზე მხოლოდ კრის ნოვოსელიჩი საუბრობს. რეჟისორს ფილმის შემდეგ დარბაზში შეკითხვაც დაუსვეს - რატომ არ იყო აქ დეივ გროლი - რაზეც მორგენმა უპასუხა, რომ დეივი ფილმის გადაღებების პერიოდში დაკავებული იყო და თანაც მას დიდად არ სჭირდებოდა ჯგუფის ორი წევრის კომენტარები, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კრისი კურტს უფრო ადრეული პერიოდიდან იცნობდა. არაა გამორიცხული ყველაფერი მართლაც ასე ყოფილიყო, მაგრამ ეს ამბავი ბევრისთვის მაინც აჩენს შეკითხვებს, რადგან კორტნი ლავისა და დეივ გროლის უთანხმოებებზე პრესაში არაერთხელ დაწერილა.

 ასეა თუ ისე, ფილმი, იმ ინტერვიუებით და მასალებით, რაც მასში მოხვდა, უდავოდ საინტერესო და უნიკალურია. ის კურტ კობეინს ძალიან ახლო ხედით, სრულიად განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს. ფილმი 2 საათზე მეტ ხანს გრძელდება და 1 წუთითაც არ გიჩნდება საათზე დახედვის სურვილი. პირიქით, დასრულებისას კიდევ გინდა, რომ რაღაც კადრები თავიდან ნახო და უფრო კარგად გაანალიზო.

მოკლედ, როგორც ჟურნალმა Rolling Stone-მა დაწერა, ეს ფილმი უფრო მეტია ვიდრე "must-see" კურტ კობეინის მოყვარულებისთვის. HBO ფილმის სატელევიზიო პრემიერას 4 მაისს გეგმავს და მისი ნახვის შესაძლებლობა უკვე ყველას მიეცემა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^