2014 წლის 31 დეკემბერს ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ სოციალურად დაუცველ ნათია ბენიაშვილს სახლის გასაღები საზეიმო ვითარებაში გადასცა და პირობა დადო, რომ ბენიაშვილის ოჯახს მერია ბინის ქირის საფასურს იმდენ ხანს გადაუხდიდა, რამდენიც საჭირო იქნებოდა.
მარტოხელა დედის პრობლემის შესახებ საზოგადოებამ ახალ წლამდე ორი კვირით ადრე “ინფო 9”-ის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყო, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მძიმე წარსულისა და გაუსაძლისი ყოფის შესახებ ყვებოდა.
ბენიაშვილები დღეს სან-ზონის რაიონში ოროთახიან ბინაში ცხოვრობენ. როგორც ნათია ამბობს, მას გააზრებული აქვს, რომ მერიამ მათ აღნიშული ფართი კეთილი ნების საფუძველზე გამოუყო და არ იცის, რა იქნება ერთი წლის შემდეგ.
“უსახლკაროდ დარჩენის შიში ნამდვილად მაქვს. შეიძლება ერთი წელი შემდეგ ისევ იმავე პირობებში მომიწიოს ყოფნა. სამსახურში მიღებული 500-ლარიანი ხელფასით ერთდროულად ბინის ქირის გადახდას და ბავშვებზე ზრუნვას ნამდვილად ვერ შევძლებ. იმედი მაქვს, რომ ამავე პირობებში არ მომიწევს ცხოვრება”.
ორი მცირეწლოვანი შვილის დედა წლების წინ ოჯახიდან მოძალადე მეუღლეს გამოექცა.
“16 წლის ვიყავი როცა გავთხოვდი. მეუღლე თავიდანვე ძალადობდა - ჯერ ფსიქოლოგიურად, შემდეგ ეს ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. იმ წლების გახსენება აღარც მინდა. სახლიდან წამოსული რამდენჯერმე უკან დავბრუნდი, თუმცა არაფერი შეცვლილა. საბოლოოდ მაინც წამოვედი სახლიდან”, - ამბობს ბენიაშვილი.
ნათიას თქმით, მერიამ მას დასუფთავების ცხელ ხაზზე ოპერატორის ვაკანსია გამოუნახა. ამ ეტაპზე პრაქტიკას გადის და იმედი აქვს, რომ ხელშეკრულებასაც მალე გაუფორმებენ. ბენიაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი შეღავათი მაინც ბინაა, რადგან აღებული ხელფასით ბავშვებზე ზრუნვას შეძლებს.
ნათია ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომელმაც თავშესაფრის დატოვების შემდეგ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო შვილებისთვის ადეკვატური გარემოს უზრუნველყოფა ვერ მოახერხა.
საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციისთვის „ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ არსებობს. ფონდის მიზანს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და გაძლიერება წარმოადგენს. ცენტრის დირექტორის, მარიამ მესხის თქმით, იმ სამი თავშესაფრის გარდა, რომელიც თბილისში, გორსა და ქუთაისში არსებობს, მეოთხე სახლის გახსნა კახეთშიც იგეგმება.
თავშესაფარში მხოლოდ მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები ხვდებიან.
„მსეხვერპლის სტატუსის მინიჭება ორი გზით ხდება - როდესაც პოლიცია გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და როდესაც დამცავ ორდერს გასცემს სასამართლო;
“პროცედურის დროს ივსება კითხვარი, რომლის საფუძველზეც მეტ-ნაკლებად ტყუილის გამორიცხვის საშუალება გვაქვს”, - ამბობს მესხი.
პროგრამით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 12 თვითაა განსაზღვრული. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის შინაგანაწესის მიხედვით, იქ ყოფნის დროს მსხვერპლი დაცული უნდა იყოს. თავშესაფრის ადმინისტრაციამ ასევე უნდა უზრუნველყოს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციაც.
ფსიქოლოგს ევალება ბენეფიციართა ემოციური, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების იდენტიფიკაცია, აკეთებს შეფასებას და ახორციელებს პრობლემების ანალიზს; ეხმარება ბენეფიციარებს სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციაში; მუშაობს ბენეფიციართა თვითმოვლის პროცესში დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
სოციალური მუშაკი ხელს უწყობს ბენეფიციარებს აუცილებელი სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მოძიებასა და შეგროვებაში; ბენეფიციართა ასაკის გათვალისწინებით მათ ჩართვას სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში, ასევე კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში; დასაქმებაში.
ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიაში ვკითხულობთ, რომ ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე, რის გამოც, შესაძლოა, ქალი მაინც დარჩეს მოძალადე მამაკაცთან. ამიტომ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გასაძლიერებლად საჭიროა სპეციალური პოლიტიკის შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
„ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში“ თავშესაფრიდან გასული ქალების დასაქმების სტატისტიკა არ აქვთ. ცნობილი არც ისაა, როგორ აგრძელებენ ქალები დამოუკიდებელ ცხოვრებას. მარიამ მესხი ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ქალების დასაქმების კუთხით აქტიურად მუშაობს.
“მათი უნარების მიხედვით სოციალური მუშაკი ადგენს, რის გაკეთება სურს ბენეფიციარს. ზოგს ქსოვა და ქარგვა ეხერხება, ზოგს გამოცხობა. არიან ადამიანები, ვინც სალონში მუშაობის სურვილს გამოთქვამს. ამ ადამიანებს ვუწყობთ ხელს, რომ გაიარონ შესაბამისი კურსები და დასაქმდნენ. მაგალითად, გორის თავშესაფარში მსხვერპლთა 80 პროცენტი ჩვენი თავშესაფრის ადმინისტრაციის დასაქმებულია”, - აცხადებს მესხი.
თავშესაფრის ხელმძღვანელი აქვე დასძენს, რომ მსხვერპლთა რეინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სამუშაო ალტერნატივის შექმნას ენიჭება.
“ხშირად, მსხვერპლი მოძალადეს ვერ შორდება იმიტომ, რომ მასზე ეკონომიურადაა დამოკიდებული. თუ მსხვერპლს მეტი დასაქმების საშუალება ექნება, ეს მათ მეტ თავისუფლებას მისცემს. ვისურვებდი, რომ მთავრობის ყურადღება ამ კუთხით მეტად გამახვილდეს”, - ამბობს მესხი.
ქალთა უფლებების დამცველის, ბაია პატარაიას თქმით, თავშესაფარში მოხვედრის შემდეგ ყველაზე სერიოზული პრობლემა ქალების სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციას უკავშირდება:
„როცა ქალების თავშესაფარში ყოფნის ვადა იწურება, სახელმწიფო ამ ქალებს საერთოდ აღარ ეხმარება. იმ რამდენიმე შემთხვევაშიც, როცა სახელმწიფო ფონდმა ქალების დასაქმებას შეუწყო ხელი, ამას სრულფასოვან დასაქმებას ვერ ვუწოდებთ, რადგან მათ მიზერული ხელფასი დაენიშნათ".
დასაქმების გარდა, პატარაია პრობლემას მსხვერპლთა საცხოვრისის არქონაშიც ხედავს. ამბობს, რომ სახელმწრიფოს არ გააჩნია სპეციალური პროგრამა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვრპლს ბინის პრობლემას მოუგვარებს.
„მე ვიცნობ ისეთ შემთხვევებს, როცა ქალები იძულებული არიან შვილები ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებში ჩააბარონ, რადგან ვერ ინახავენ მათ და მხოლოდ შაბათ-კვირას ნახულობენ შვილებს. თუ რეალურ დახმარებაზე ვსაუბრობთ, თავშესაფარი გამოსავალი არ არის. სახელმწიფო არ ინტერესდება, თუ რა მოსდით თავშესაფრიდან გასვლის შემდეგ ამ ქალებს“.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად რეაგირება ძირითადად, მხოლოდ მწვავე სიტუაციებზეა ორიენტირებული და სახელმწიფო მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როცა ძალიან დაგვიანებულია. ამავე დროს, სახელმწიფო სერვისები დროზე ადრე წყდება და მსხვერპლს არ აძლევს საშუალებას სრულ რეაბილიტაციას მიაღწიოს. მისივე თქმით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხშირად თვითონ ამბობს უარს სახელმწიფო თავშესაფრის დახმარებაზე, რადგან მასში ყოფნის ვადა შეზღუდულია და ფაქტობრივად, ის დრო, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მსხვერპლს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალმა დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჯოჯოხეთის გამოვლის შემდეგ, მსხვერპლი იძულებულია, დაბრუნდეს ისევ იქ, საიდანაც წამოვიდა, რადგან დამთავრდა ამ თავშესაფრის მომსახურება. თუ მან ამ მოკლე ხანში ანუ 6 თვეში ვერ შეძლო დასაქმება, რასაც ხშირად წინ უძღვის განათლების მიღება, ბავშვების ზრუნვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოთავსება, ვერ გადაჭრა ბინისა და სხვა პრობლემები, მაშინ ერთადერთი ადგილი, სადაც დაბრუნება შეუძლია, მოძალადის სივრცეა. ხშირად მსხვერპლის ფსიქოლოგიური ტრავმა იმდენად რთულია, რომ მის რეაბილიტაციას რამდენიმე წელი სჭირდება. თუ თავშესაფარში აღარაა, ის სახელმწიფოსგან ფსიქოლოგიური დახმარების სერვისს ვერ იღებს. მსხვერპლს სჭირდება გაცილებით ხანგრძლივ დროზე და პერსპექტივაზე გათვლილი სერვისები თავშესაფრის გარეთ, რომ გახდეს დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ადამიანი. სახელმწიფოს მხარდაჭერა ასევე უნდა ვრცელდებოდეს დასაქმების, სოციალური დაცვისა და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებზე. არ შეიძლება, ქალი მსხვერპლის პოზიციაში დარჩეს და შემდეგი 20 წელი სხვების დახმარების იმედზე იყოს ამ სტატუსის გამო. ის უნდა გახდეს დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი და სახელმწიფომ ამაში უნდა შეუწყოს ხელი და არა მსხვერპლად და უმწეოდ დარჩენაში“, - აცხადებს არგანაშვილი.
სახელმწიფო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიაზე მუშაობს. აღნიშნულ სტრატეგიაში, რომელის სამუშაო ვერსიაც მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა წერია, რომ „აუცილებელია სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად გააძლიერონ მიზანმიმართული პოლიტიკა მსხვერპლის მხარდასაჭერად. ამის მიღწევა შესაძლებელია მათთვის ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი საგანმანათლებლო კურსების, ასევე, გარკვეული პროფესიების შესწავლის ორგანიზებით. ამგვარად ხელი შეეწყობა მსხვერპლთა დამოუკიდებლობას“.
ანა არგანაშვილის სტრატეგიაზე მუშაობის ფაქტს დადებითად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ სტრატეგიის ეფექტური იმპლემენტაციისთვის ყველა მნიშვნელოვანი უწყების ჩართვა და კოორდინაციაა საჭირო.
„რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო შეხვედრა, სადაც ოჯახში ძალადობის საკითხები განვიხილეთ. უნდა ვთქვათ, რომ შსს-ში ამ კუთხით გარკვეული პოზიტიური დინამიკა არის, თუმცა ამ შეხვედრას ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ვერ მისდევენ ამ სიახლეებს. მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა ეფექტურად დაიცვას მსხვერპლი ერთმა სტრუქტურამ, თუ სხვა უწყებებიც არ ჩაერთვნენ პროცესში, ყველაფერი წყალში გადაყრილი გამოვა“, - ამბობს არგანაშვილი.