Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტერორისტების ქვიშის საათი

17 თებერვალი 2015

მსოფლიო ალბათ ვერასდროს დაივიწყებს 2011 წლის 22 ივლისს. ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ აღიარებულ ნორვეგიაში, ოსლოს ცენტრში და შემდეგ კუნძულ უტოიაზე 32 წლის ანდრეს ბრეივიკის ორგანიზებულ თავდასხმას 77 ადამიანი ემსხვერპლა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა აღიარეს, რომ მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რომ არა ლოჯისტიკური და კოორდინაციის პრობლემები. მარტივად რომ ვთქვათ, პოლიციამ კუნძულზე ჩასვლა დააგვიანა და დამნაშავეს მეტი დრო მისცა. სასამართლო დარბაზში ბრეივიკმა ჩადენილი აღიარა, თუმცა განაცხადა რომ უდანაშაულოა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ის მარტო მოქმედებდა.

თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ტერორიზმში ბრალდებულმა ინტერნეტით მანიფესტი გაავრცელა. ვიდეორგოლში სახელწოდებით "2083: ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაცია" ბრეივიკი ევროპის ისლამიზაციის საფრთხეზე საუბრობს და ევროპელებს "ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის" დაწყებისკენ მოუწოდებს. ის მიიჩნევს, რომ 2083 წელს, ვენის ბრძოლიდან 400 წლის შემდეგ, ევროპას სათავეში კვლავ "პატრიოტები" ჩაუდგებიან.

ნორვეგიაში მომხდარი ტრაგედიიდან 4 წლის შემდეგ ტერაქტების საფრთხე ევროპაში უკიდურესად მაღალია. 7 იანვარს პარიზში ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმისა და, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გაძლიერების ფონზე ევროპა და მთელი მსოფლიო კვლავ "მარტოხელა მგლების" სამიზნე ხდება.

"მარტოხელა მგლები"

ტერორიზმის "ახალი ფორმის" ჩამოყალიბების ნიშნები მთელ მსოფლიოში წლების წინ გაჩნდა. მაგალითისთვის 2009 წელს აშშ-ში ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ტრაგედია გამოდგება. 39 წლის ექიმმა ნიდალ მალიკ ჰასანიმ ცეცხლი უიარაღო ჯარისკაცებს გაუხსნა. დაიღუპა 13 სამხედრო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰასანი თანამებრძოლებთან პირად საუბარში, ერაყსა და ავღანეთში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების გამო, აშშ-ის მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა. ფსიქიატრი 2014 წელს სიკვდილით დასაჯეს, ხოლო კორპუსი, რომელსაც თავს დაესხა, დაანგრიეს.

შემდეგ იყო 2012 წლის მკვლელობათა სერია საფრანგეთის ორ ქალაქში - ტულუზასა და მონტობანში. ალჟირელი მიგრანტების ოჯახში დაბადებულმა მუჰამედ მერამ რამდენიმე დღის განმავლობაში 3 ფრანგი ჯარისკაცი მოკლა. შემდეგ კი ებრაულ სკოლაში გახსნა ცეცხლი.

პოლიციამ 3 ბავშვისა და ერთი პედაგოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილს რამდენიმე დღის შემდეგ მიაგნო. "ალ ქაედასთან" დაკავშირებული მერა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს. საინტერესოა, რომ ქეთრინ ეშტონმა, საგარეო და უსაფრთოხების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საფრანგეთში მომხდარი ტრაგედია, ნორვეგიაში ანდრეს ბრეივიკის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ღაზის სექტორში ებრაული ავიაციის იერიშის დროს პალესტინელი ბავშვების სიკვდილს შეადარა. ამ განცხადებას მაშინ ისრაელის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ეშტონის პრესსამსახურმა კი მედია ბარონესას სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა. ერთი წლის შემდეგ საზარელი მკვლელობის თვითმხილველები უკვე ლონდონელები გახდნენ. რადიკალური ისლამის ორმა მიმდევარმა ახალგაზრდა ბრიტანელი სამხედრო, ლი რიგბი ქუჩაში, მოქალაქეების თვალწინ, მაჩეტეებით აჩეხა.

ასევე, 2013 წელს, ამჯერად უკვე აშშ-ში, ბოსტონის მარათონზე ძლიერი აფეთქება მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩეჩენმა ძმებმა აამოქმედეს. დაიღუპა სამი და დაიჭრა 280 ადამიანი. ტამერლან ცარნაევი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. მისი ძმა ჯოხარი კი დააპატიმრეს. სასამართლო პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.

ყველა ამ ტერაქტის გამოძიებამ აჩვენა, რომ დამნაშავეები მარტო მოქმედებდნენ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან, რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევის გარდა, კონტაქტი არ ჰქონიათ.

 "შარლი ებდო"

ევროპაში "მარტოხელა მგლების" უმეტესობა ღარიბი მიგრანტების ოჯახებში გაზრდილი ახალგაზრდები იყვნენ. ისევე როგორც ძმები კუაშები. ფრანგული ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმამდე 32 წლის საიდ კუაში პიცის ადგილზე მიტანის სერვისში მუშაობდა. ის ძმასთან, შერიფთან ერთად ბავშვთა სახლში გაიზრდა, რომელიც "შარლი ებდოს" ოფისის მახლობლად მდებარობს. მართალია, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ალ ქაედას" არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედმა ფრთამ აიღო, თუმცა ნათლად გამოჩნდა, რომ ტერორისტების სტრატეგია რადიკალურად განსხვავებული იყო. დამნაშავეები აღარ ცდილობენ მასობრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების მოწყობას ან კარგად დაცული სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში მძევლების აყვანას.

იანვარში სიდნეიში ერთ-ერთ პატარა კაფეზე მომხდარი თავდასხმა, ბელგიაში ქალაქ ვერვიეში სამართალდამცველების მიერ ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაცია, ესპანეთსა და გერმანიაში რადიკალური ისლამის მიმდევართა ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული რეიდები ადასტურებს, რომ სირიიდან დაბრუნებულ "მებრძოლებთან" ერთად, "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი, საკუთარი ინიციატივით მოქმედი ტერორისტების თავდასხმის საფრთხე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში რეალურია.

"ისლამური სახელმწიფოს" "ექსპანსია"

ლიბია, ეგვიპტე, ალჟირი, საუდის არაბეთი, პაკისტანი და ავღანეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ჯგუფები უკვე ღიად მოქმედებენ.

ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე, ნავთობით მდიდარ ლიბიაში მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ დაწყებული სამოქალაქო ომი და ქაოსი, ერაყსა და სირიაში მოქმედ ექსტრემისტებს ამ ქვეყანაში პოზიციების გამყარებაში დაეხმარა. ამას 27 იანვარს ტრიპოლიში მდებარე სასტუმროზე განხორცილებული თავდასხმაც ადასტურებს. ლიბიაში "ისლამური სახელწმიფო" სამ პროვინციას აკონტროლებს. აშშ-ის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი პიტერ ჰოკესტრა აღნიშნავს, რომ თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, "არ არის გამორიცხული ლიბია, სომალის მსგავსად, ტერორისტებისათვის უსაფრთხო თავშესაფრად იქცეს".

ეგვიპტეში რადიკალური ისლამის მიმდევრებს მხარდაჭერა სინას ნახევარკუნძულზე მოქმედმა დაჯგუფებამ გამოუცხადა. 30 იანვარს აქ სხვადასხვა პროვინციაში თავდასხმას 36 ჯარისკაცი ემსხვერპლა და ეგვიპტის ლიდერმაც განაცხადა, რომ მზადაა ტერორისტებთან ხანგრძლივი ომისათვის.

მიუხედავად ამისა, ლიბიასა და ეგვიპტეშიც "ისლამური სახელმწიფოს", ე.წ. იდეოლოგიის პროპაგანდა აქტიურად გრძელდება. ექსტრემისტები ინგლისურენოვანი ჟურნალის ერთ-ერთ ბოლო ნომერში იმასაც ამტკიცებენ, რომ მათ "ერთგულება" ნიგერიაში, ფილიპინებსა და კავკასიაში მოქმედმა სხვადასხვა ჯგუფებმაც შეჰფიცეს.

"ისლამური სახელმწიფოს" კიდევ ერთ მნიშვნელოვან "წარმატებად" ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო რაიონებში მხარდამჭერთა რიცხვის ზრდაც ითვლება, რადგან ამ რეგიონებში ტრადიციულად "თალიბანისა" და "ალ ქაედას" გავლენა საკმაოდ დიდია.

ექსტრემისტების გაძლიერების ფონზე კი ევროკავშირისა და აშშ-ის სტრატეგია ჯერ კვლავ ბუნდოვანია.

"ახალი სტრატეგია და ძველი პრობლემები"

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის ერთადერთ წარმატებად მხოლოდ თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარე ქალაქ ყობანის გათავისუფლება შეიძლება ჩაითვალოს. გამანადგურებლებმა აგვისტოს შემდეგ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე ათასობით ავიაიერიში განახორციელა; მიუხედავად ამისა, სირიელი უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ექსტრემისტები დღეს უფრო დიდ ტერიტორიებს აკონტროლებენ, ვიდრე ეს სამხედრო-საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე იყო.

დასავლეთის სამხედრო სტრატეგიას თურქეთში კვლავ აკრიტიკებენ. პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ პარიზში არ ჩასულა, ხოლო მსოფლიო ლიდერების აქციაზე ისრაელის პრემიერის გამოჩენის შემდეგ დასავლეთი ფარისევლობასა და ისლამოფობიის გაღვივებაშიც კი დაადანაშაულა მიიჩნევს, რომ ავიაიერიშების გზით ტერორისტების დამარცხება შეუძლებელია. ნატო-ს წევრი თურქეთს არც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან თანამშრომლობა სურს, რომელმაც თავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ვაშინგტონთან ერთადაც კი იბრძოლოს.

ანკარას პოზიციას, როგორც ჩანს, ნაწილობრივ იზიარებენ პენტაგონში. აშშ-ის სამხედრო უწყების ჯერ მოქმედმა ხელმძღვანელმა ჩაკ ჰეიგელმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა არ გამორიცხა. უახლოეს კვირებში ჰეიგელს თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ეშტონ კარტერი შეცვლის. ერაყსა და სირიაში მოქმედ ექსტრემისტებთან ბრძოლის "ახალ სტრატეგიას" მისგან პირველად "რესპუბლიკელების" კონტროლირებად კონგრესში მოისმენენ.

უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას ევროპა. ის უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდისკენ ისედაც მოუწოდებს. ევროპულ დედაქალაქებში ტერორისტული თავდასხმების საშიშროება კი შიდა უსაფრთხოების გაძლიერებას ითხოვს. ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაზრდილი ხარჯები მოქალაქეების უკმაყოფილებას, "პოპულისტური" პარტიებისა და ანტიისლამური მოძრაობების პოპულარობის ზრდას იწვევს. აშშ-სა და ევროპას შორის, ედვარდ სნოუდენის მიერ გავრცელებული ცნობებით გაჩენილი უნდობლობის გამო, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაც პრობლემად რჩება.

ევროკავშირში 19 იანვარს განაცხადეს, რომ ორგანიზაციას რამდენიმე მუსლიმურ ქვეყანასთან ანტიტერორისტულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება სურს. მათ შორის დასახელდა თურქეთი, ეგვიპტე და სპარსეთის ყურის ქვეყნები.

29 იანვარს რიგაში გამართულ შეხვედრაზე კი ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, მუსლიმი ახალგაზრდების ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანების თავიდან აცილების მიზნით, ინტერნეტით ექსტრემისტული შინაარსის მასალების გავრცელებაზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს. ძალოვანი უწყებების პირველი პირები შენგენის ზონაში გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვების დაწესებასა და ევროპაში თვითმფრინავით გამგზავრების მსურველთა ბაზის შექმნაზეც შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა შარშან უკანასკნელი ინიციატივა ჩააგდო. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეთა გადაადგილების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ყველა ამ წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, თუნდაც ისეთ საკითხზე, როგორიც ტერორიზმია, ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში დღეს სულ უფრო მეტ ძალისხმევას და დროს მოითხოვს.

დრო კი, როგორც ნორვეგიელი ტერორისტის, ანდრეს ბრეივიკის თავდასხმის დროს გამოჩნდა, ექსტრემისტების სასარგებლოდ მუშაობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^