Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“– ნანა ექვთიმიშვილის ახალი პროექტი ბერლინალეზე

19 თებერვალი 2015

ბერლინის კინოფესტივალზე პროექტების დაფინანსებისა  და პოტენციური სპონსორების მოძიებისთვის ერთ–ერთი საუკეთესო ადგილი კო–პროდუქციის მარკეტია. აქ ყოველწლიურად ასობით პროექტიდან რამდენიმე ათეულს არჩევენ და მათ ავტორებს საშუალება ეძლევათ პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ დამოუკიდებელი კინოს ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან წარმომადგენლებს.

წელს აქ შერჩეულ ნამუშევრებს შორის ქართველი რეჟისორის, ნანა ექვთიმიშვილის ახალი პროექტიც მოხვდა.

გთავაზობთ ინტერვიუს რეჟისორთან:

ბერლინალეს კოპროდუქციის მარკეტზე იმ ახალი პროექტით იყავით წარმოდგენილი, რომელმაც კინოცენტრის ნაწილობრივი დაფინანსება უკვე მოიპოვა. რა თემაზე იქნება ეს ფილმი?

ახალ ფილმს „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ჰქვია, მოქმედება თანამედროვე საქართველოში ხდება და ერთი ქართული ოჯახის ისტორიას შეეხება. მთავარი გმირი 52 წლის მანანაა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს ოჯახი მიატოვოს. ფილმი სამი თაობის ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.

კოპროდუქციის მარკეტზე მოხვედრა ძალიან კარგი შანსია ფილმის სპონსორების მოძიებისთვის, როგორი იყო შერჩევის პროცესი და რა პერსპექტივებს უხსნის ფილმის ავტორს აქ მოხვედრა?

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ჩვენ უკვე რამდენიმე ფესტივალზე წარვადგინეთ პროექტის განვითარების სექციაში. პროექტი სარაევოში დაიძრა, რადგან იქ სინელინკის პროგრამაში (Cine Link) 200 პროექტიდან 17-ში მოხვდა, ხოლო აქედან კი პირველი ადგილი და ევრიმაჟის კო-პროდუქციის დაფინანსების ჯილდო მოიპოვა.

შემდეგ ვიყავით  ბუსანში და მონპელიეში, სადაც ასევე ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პროექტისთვის. განვითარების ჯილდო მონპელიეშიც მოვიპოვეთ და საბოლოოდ ბერლინალეზე წარვდექით, სადაც, შეიძლება ითქვას, ჩვენი ფილმის მთავარი პარტნიორები უკვე გამოიკვეთა, იქნებიან ეს კო-პროდუსერები, პარტნიორები ტელევიზიიდან თუ მსოფლიო გაქირავება.

კო-პროდუქციის ბაზრობაზე წელს 600 პროექტიდან 36 აირჩიეს და ერთ-ერთი ჩვენი პროექტი იყო. ასეთ პროგრამებში მონაწილეობა ძალიან სასარგებლოა. აქ იმ პროფესიონალებს შეგიძლია შეხვდე, სადაც სხვაგან ვერ შეხვდები. ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. თუ შენც მომზადებული ხარ, მაშინ შეხვედრებს უდავოდ მოაქვს შედეგი.

ჩვენი პროექტი ბერლინის კო-პროდუქციის ბაზრობის სექციაში “ბერლინალეს რეჟისორები” მოხვდა. ამ სექციაში წელს სამი პროექტი აირჩიეს. აქ მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ ბერლინალეზე პროქტის რეჟისორს უკვე ჰქონდა ფილმი წარდგენილი და ბერლინალე მას ხელს უწყობს მომდევნო ფილმის შექმნასა და სპონსორების მოძიებაში. პროექტის დაფინანსება უკვე დაიძრა, რადგან პროექტმა გასულ თვეში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა.

როგორ ჩაიარა შეხვედრებმა და ვისგან იყო უფრო მეტი დაინტერესება?

დაინტერესება გვქონდა საპროდუსერო კომპანიებიდან სხვადასხვა ქვეყნიდან, მსოფლიო გაქირავებიდან და კინოფონდებიდან.

თქვენი პირველი ფილმის"გრძელი ნათელი დღეების" წარმატების შემდეგ გაადვილდა თუ არა კონტაქტების დამყარება პროდიუსერებთან და პოტენციურ სპონსორებთან?  და ზოგადად, მოახდინა თუ არა გავლენა  ქართული კინოს ბოლოდროინდელმა გამოცოცხლებამ ახალი პროექტებისადმი ინტერესის ზრდაზე?

 „გრძელ ნათელ დღეებზე“ რომ ვმუშაობდით, მაშინ დამფინანსებლები საქართველოს ხსენებაზე გულგრილები იყვნენ... არ იცოდნენ რა ეფიქრათ... ძალიან უინტერესოდ ჟღერდა ქართული ამბავი. ახლა პირიქითაა. პირველი ფილმის დაფინანსება ძალიან დიდი შრომისა და ბრძოლის ფასად შევძელით. ახლა შეიძლება ითქვას, რომ „გრძელმა ნათელმა დღეებმა“ გზა გაგვიხსნა. სჯერათ მომდევნო ფილმის წარმატების, რომ ფილმი ფესტივალებზე იქნება ნაჩვენები და კომერციულ პოტენციალსაც დადებითად აფასებენ. თუმცა, ამ კითხვაზე ალბათ მაშინ შეგვეძლება უკეთესად პასუხის გაცემა, როცა ფილმის დაფინანსება დასრულდება.

საქართველოს ახლა ძალიან დიდი შანსი აქვს, ყველგან ელოდებიან ახალ ქართულ ფილმებს, დაიწყეს საუბარი ახალ ქართულ ტალღაზე... შეუძლებელია კინომ მცირე დაფინანსებით იარსებობს. თუ წინა წლებში სახელმწიფო კინოს შანს აძლევდა, ახლა შანსზე აღარ არის საუბარი, ახლა უკვე პოლიტიკაა და ცნობიერი გადაწყვეტილება: ან იარსებებს ახალი ქართული კინო, ან ისევ ჩაცხრება ეს ეიფორია ქართული კინოს გარშემო და მსოფლიოს კინოფესტივალები ყურადღებას სხვა, უფრო ამბიციურ და მონდომებულ ქვეყანას მიაპყრობენ.

როგორ ფიქრობთ, სად არის თანამედროვე ქართული კინოს ყველაზე სუსტი წერტილი? რა მიმართულებით არის საჭირო  ყველაზე მეტი მუშაობა?

სუსტი წერტილი პოლიტიკის არარსებობაა. ქართული კინოს შედევრებით სიამაყე კარგია, მაგრამ ეს არაფერს მოიტანს. საჭიროა ახალი ფილმები. რაც არ უნდა მდიდარი კინოწარსული ჰქონდეს ქვეყანას, ახალი  ფილმების გარეშე არაფერი ხდება. გარდა ამისა, ვიღაცას შეიძლება სცენარის განვითარებაში სჭირდება დახმარება, ვიღაცას პროდუქციაში, ვიღაცამ შეიძლება მზა ფილმი ვერ მიიტანოს მაყურებლამდე... ყველა ეტაპზე საჭიროა სტრატეგიის შემუშავება. დღეს კინოპოლიტიკა არ არსებობს. მთელი კინოპოლიტიკა ცალკეული რეჟისორებისა და პროდუსერების ენთუზიაზმზეა დაფუძნებული.

 რა ეტაპზეა ამჟამად თქვენი ახალი პროექტი და თუ გაქვთ გადაწყვეტილი, ვინ ითამაშებენ მთავარ როლებს?

არსებობს სცენარი, თითქმის გადასაღები ვერსია, რომელიც ცხადია გადაღებამდე უფრო სრულყოფილ ფორმას მიიღებს. მალე კასტინგს დავიწყებთ, თუმცა კასტინგი, წინასწარ ვიცით, რომ დიდხანს გასტანს. სიჩქარე არ ვარგა. ამ პროცესის დაწყებას ყველა სიხარულით ველოდებით. გვიხარია მსახიობებთან შეხვედრა და მათთან ერთად იმ დიდ მორევში გადაშვება, რომელსაც დიდი შრომა და თავგანწირვა ჰქვია.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^