თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ვარაზისხევში ქვაფენილი ასფალტით უნდა შეიცვალოს. კალაძის თქმით, ქვაფენილი ხშირად ზიანდება, აზიანებს მიწისქვეშა კომუნიკაციებსაც და ამიტომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას სთავაზობს, რომ ვარაზისხევში ქვაფენილი ასფალტით შეიცვალოს.
„ვარაზისხევში დღეს არის ქვაფენილი, რომელიც ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი მის ნაცვლად გაკეთდეს თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი. ვკითხოთ მოსახლეობას. იქ არის დიდი ხმაური, მტვერი, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. მას არ აქვს ისტორიული ღირებულება და მგონია, რომ პრობლემა არ უნდა იყოს“, - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე.
ვარაზისხევის აღმართი და ქვაფენილი თბილისში 50-იან წლებში მდინარე ვერეს ერთ-ერთი ხეობის ამოვსების შემდეგ გაკეთდა.