Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

veni, vidi, non legi, ანუ შეწყვეტილი წიგნები

24 თებერვალი 2015

ნამდვილად ვიცი, არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვა აუცილებელია, მაგრამ „მივედით, ვნახეთ და ვერ წავიკითხეთ“, რადგან ეს ამბავი იოლი საქმე არ არის. ასეთი შემთხვევები თავადაც მქონია და, ამას გარდა, როგორც მასწავლებელს, როგორც ლექტორს, რომელსაც სტუდენტებისთვის დამივალებია ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა, მშვენივრად მომეხსენება, რომ ყველა წიგნის წაკითხვა არ არის იოლი. ვიცნობთ წიგნებს, რომლებსაც იწყებენ და არ ამთავრებენ, ისეთებიც ვიცით, რომ ვერ იწყებენ და შესაბამისად ვერც ამთავრებენ, მაგრამ წიგნები, რომელთაც იწყებენ და არ ამთავრებენ - საერთო ნიშნებს ატარებს.

მოსაზრება, რომ თუკი კითხვას ვიწყებ და შემდეგ ვწყვეტ, ესე იგი, ეს წიგნი ცუდია, არ მგონია ნაყოფიერი. ერთი დიდი ფრანგის ნათქვამი მახსენდება - „ყველა წიგნი, რომელმაც რაიმე მომცა, საშინელი წასაკითხი იყო“. ალბათ ბევრს, მათ შორის მეც მქონია ასეთი შემთხვევები, როდესაც წიგნი ძალად წამიკითხავს და მას ჩემთვის ძალიან ბევრი მოუცია, მაგალითად, კანტის წიგნებს, რომლებიც პირადად ჩემთვის ძნელი წასაკითხი აღმოჩნდა; ვისთვის რა არის რთული, თორემ ისეთ ადამიანებსაც ვიცნობ, კანტი „ერთი ამოსუნთქვით რომ ჩაუკითხავთ“.

ასეთი შემთხვევების დროს გამუდმებით ერთ-ერთი ფრანგული ფილმის, „შინაბერას“ ეპიზოდი მახსენდება. ორი შესანიშნავი მსახიობია: ფილიპ ნუარე და კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მსახიობი, რომელსაც ბედმა პირადადაც კი შემახვედრა - ანი ჟირარდო. ანი ჟირარდოს გმირი ლოგინში წევს და პოლიციურ რომანს კითხულობს. იქვე, საწოლის გვერდით, უდევს წიგნი, რომელსაც „საშინელი“ სახელი - პრუსტი აწერია. ტელეფონი რეკავს, ანი ჟირარდოს გმირი მრავალმნიშვნელოვნად ამბობს, რომ პრუსტს კითხულობს, მაგრამ მისთვის ძილის წინ პრუსტის კითხვა შეუძლებელია.

კაცობრიობის დიდი ნაწილი ასე ფარისევლურად ცხოვრობს და მარსელ პრუსტი ერთ-ერთი პირველთაგანია იმ მწერალთაგან, რომელსაც იწყებენ და ვერ ამთავრებენ, ან არც კი იწყებენ, მაგრამ ამბობენ, რომ წაკითხული აქვთ. ჩვენ, ქართველებს, ამ მხრივ დიდი თავისუფლება გვაქვს, რადგან პრუსტი მშობლიურ ენაზე არ გვაქვს თარგმნილი, და რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას ისე ვკითხულობ, რომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ მწერალს წასაკითხ ავტორთა სიაში ვერ ვახვედრებ. ამბობენ ეს საშინელება მალე გამოსწორდება და პრუსტი ქართულადაც გვექნებაო. ესე იგი, ახალი განსაცდელი ელის ჩვენს საზოგადოებას - იმის თქმა, ქართულად არ გვაქვს და ვერ ვკითხულობ, მალე შეუძლებელი იქნება.

ახლა იმ წიგნებსაც შევეხოთ, მსოფლიო აღიარებით, დაწყებად და არწაკითხვად წიგნებს რომ მიაკუთვნებენ. მათგან სამი განსაკუთრებულად გამორჩეულია: უპირველეს ყოვლისა, დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია", ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“, (რომელიც ქართველებმა არ იცოდნენ რამხელა წიგნია მოცულობით, იმიტომ რომ ხუთიდან მხოლოდ 2 წიგნი იყო თარგმნილი და ხუთივე ტომს ან თუნდაც ქართულად გამოცემულ ორ უზარმაზარ წიგნს ერთად რომ შეხედო, ნებისმიერი ადამიანი ცუდად გახდება; ისიც კი წაიქცევა, ვისაც ერთ წიგნად გამოცემული „ჯადოსნური მთა“ უნახავს), და მესამე - ჯეიმს ჯოისის "ულისე".

ამ თვალსაზრისით „ულისე“ მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. მწერლებიც კი ხუმრობენ - მაგის წაკითხვა როგორ შეიძლებაო. ცნობილია ისიც, რომ ერთ-ერთმა გამორჩეულმა, მკითხველმა, მწერალმა ხორხე ლუის ბორხესმაც კი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორიც კი იყო, და რომლის მსგავსი ნაკითხი კაცი კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება, თქვა, რომ „ულისეს“ წაკითხვა შეუძლებელია.

და მაინც, რატომაა ეს მისია შეუსრულებელი? იმიტომ, რომ დიდია? არა, მოცულობით „ჯადოსნური მთა“ უფრო დიდია; ქართველებმა მოვახერხეთ და ორივე ნაწილი თითო-თითო წიგნად გამოვეცით, მაგრამ ესენი ფაქტობრივად ბროშურებია მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებასთან“ შედარებით - მისი შვიდივე ტომის ერთ წიგნად გამოცემა შეუძლებელია. რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით 3-4 „ჯადოსნური მთის“ ან 6-7 „ულისესხელა“ იქნება. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე არსებობს ხალხი, რომელსაც ის წაკითხული აქვს.

მესმის, რას ამბობს ბორხესი. საქმე ისაა, რომ არსებობს წიგნები, რომელთა თავიდან ბოლომდე წაკითხვა შეიძლება არც არის საჭირო. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ყველა ვიცნობთ ერთ ასეთ წიგნს, რომელსაც თავიდან ბოლომდე არავინ კითხულობს და არც უნდა წაიკითხოს, ისევე როგორც არ უნდა წაიკითხო ტელეფონების ცნობარი. ეს ბიბლიაა. თავიდან ბოლომდე ბიბლიას არავინ კითხულობს, თუმცა აქაც ვხვდებით გამონაკლისებს. ბიბლია უამრავი ამბის შემცველი წიგნია და ადამიანმა სერიოზულად შეიძლება ისაუბროს გენეზისზე ისე, რომ დანიელის წიგნი წაკითხული არ ჰქონდეს. ამით არაფერი დაშავდება.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ბიბლია კი არა, „ვეფხისტყაოსანიც“ კი არ აქვს თავიდან ბოლომდე წაკითხული. ისიც იმ წიგნების თაროზე დევს, რომელთა კითხვასაც, მაგალითად სკოლაში სწავლის დროს იწყებენ, შემდეგ ითვლება, რომ წაკითხული აქვთ და აღარ უბრუნდებიან. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენი ადამიანია ბედნიერი და „მისალოცი“.

რაც შეეხება იმ ორ წიგნს, რომლებიც ზემოთ ვახსენე; იქ უფრო რთულადაა საქმე. „ულისეს“ იმიტომ ვერ კითხულობენ, რომ ძალიან რთული ტექნიკითაა დაწერილი, ზოგიერთი გულს ვერ უდებს, ნაწილისთვის კი ამ წიგნში არაფერი ხდება. ეს ძალიან ჰგავს შემთხვევას, რაც ერთხელ გადამხდა:

თბილისში, ოფიცერთა სახლში ანდრეი ტარკოვსკის „სარკე“ გადის. ჩემ წინ რუსი ცოლ-ქმარი ზის, საერთოდაც, ფილმის დაწყების შემდეგ მგონი მხოლოდ ჩვენ სამნი შემოვრჩით დარბაზში, ყველა მიხვდა, ვერავის მოატყუებ იმით, რომ ტარკოვსკი ხარ. ცოლ-ქმარი ადგილიდან არ იძვრის:

ცოლი: Вставай, уходим.

ქმარი: Подождем, может еще что-то будет.

ფილმი დამთავრდა.

ცოლი: Говорила же, ничего не будет.

ქმარი: Такого не ожидал, я его маму...

და მე შემრცხვა, რომ ბოლო დავრჩი დარბაზში... მომეწონა ეს ფილმი, თუმცა ამის თქმა მაშინ სნობობად და ქაჯობად ითვლებოდა, იმიტომ რომ „გამოსულმა“ ხალხმაც კი თქვა - „არა, არ ვარგა, მაინც არ ვარგა“.

ჯოისის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „დუბლინელების“ შემდეგ, რომელიც შეუძლებელია არ წაიკითხო, მან დაწერა შესანიშნავი რომანი სტივენ დედალუსის ახალგაზრდობაზე, „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“, დაწერა „ულისე“, რომლის დაწყება შეიძლება და დამთავრება - არა (ზოგიერთისთვის). მაგრამ ჯოისი ამაზე არ შეჩერებულა - „ულისეს“ სიდიადე მან შექმნა იმით, რომ დაწერა „ფინიგანის ქელეხი“, რომლის წაკითხვა მართლაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ამბობდნენ ინგლისურადაც კი ისეთია, რომ დედოფალი ვერ კითხულობსო და ახლა დანარჩენების რა გითხრათ. ამ წიგნმა ალიბი შეუქმნა „ულისეს“, მან თქვა, რომ თუ წაუკითხავი წიგნი გნებავთ, აი აქაა, ახლა მიდით და იკითხეთ „ულისე“. მგონი, ასე გადაარჩინა ჯოისმა „ულისე“.

ახლა ვნახოთ რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“. ჯერ ერთი ეს უზარმაზარი წიგნია, რომელიც ყველაფერს მოიცავს და, შესაბამისად, უკვე რთული წასაკითხია. როდესაც ასეთი წიგნი თამაშის ენითაა დაწერილი, როცა ხვდები, რომ ავტორი გეხუმრება, დიდი ზომიერებაა საჭირო. ჩვენ ორი ქართული თარგმანი გვაქვს და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ორივე კარგია, თუმცა რაბლეს წაკითხვას არცერთი არ უწყობს ხელს. პირველი, ელისაბედ ბაგრატიონის თარგმანი, უაღრესად აკადემიური და სწორია, მაგრამ კითხვისას გრძნობ, რომ სავარაუდოდ რაბლე ასე არ წერდა. მეტისმეტად გამართული ქართულია, ყოველგვარი დიალექტებისა და „უბედურების“ გარეშე - ტექსტი და ფორმა, სიტყვები და შინაარსი აშკარად დაშორდა ერთმანეთს. ერთგვარად პოლიციურ პროტოკოლს ჰგავს, აი სიტყვა ტრაკის ხსენება რომ არ შეიძლება და უნდა დაიწეროს უკანა ტანი. მოკლედ, ეს თარგმანი ევფემიზმებით არის სავსე და მისი „ზეციურობით“ ორიგინალს შორდება, ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდის მის წაკითხვას.

მეორე თარგმანი კი კახური დიალექტითაა თარგმნილი. შესანიშნავი იქნებოდა, რომ იყოს ერთი, ორი, სამი თავი, მაგრამ ამხელა წიგნი, ამ ენით და ამდენი მახვილგონიერებითა და ჩახუჭუჭებით... უნიჭიერესი თარგმანია, მაგრამ მთლიანობაში წიგნის წაკითხვა უკვე შეუძლებელი ხდება. არადა, რამდენად დიდია რაბლე!

გადავიდეთ კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ წიგნზე, რომელიც უდიდესი კლასიკაა და ამიტომაც ყველაზე ნაკლებად კითხულობენ, ანუ „ვეფხისტყაოსნის“ ბედს იზიარებს. ყველამ იცის, რომ არსებობს ასეთი ნაწარმოები და იციან მისი მოკლე შინაარსიც. ჩვენთან შესაძლოა თქვან, რომ ეს თარგმანის გამო ხდება, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანი საკმარისად კარგია იმისთვის, რომ ეს წიგნი წაიკითხო. რაც მთავარია, მზადდება „ღვთაებრივი კომედიის“ ახალი თარგმანი და ის გაცილებით იოლი წასაკითხი იქნება, თუკი ვინმეს მეოცე საუკუნის დასაწყისის ენა არ მოსწონს.

რა პრობლემა აქვს დანტეს? დანტემ სამნაწილიანი წიგნი დაწერა. „ღვთაებრივი კომედიის“ ერთი ნაწილი მეტ-ნაკლებად აღქმადი და გადამუშავებადია ადამიანის გონებისთვის. დიახ, ადამიანებს შეუძლიათ წარმოიდგინონ ჯოჯოხეთი, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რასაც ყოველდღე ვხედავთ. ამიტომაცაა, რომ იოლად წარმოვიდგენთ, ამიტომაცაა, რომ ამ წიგნის კითხვას ვიწყებთ - ჯოჯოხეთში უნდა შესვლა ცოცხალ კაცს - არ უშვებენ, აქ გამოჩნდება კეთილისმყოფელი და შეიყვანს. აი, დაწყება კარგია, ბევრი იწყებს ხოლმე დანტეს იმიტომ, რომ კარგად, პირდაპირ საქმის შუაგულში იწყება - „ამ ცხოვრების ნახევარგზაზე შემომაღამდა“ და არ მიშვებს ლომი, არ მიშვებს მგელი, არ მიშვებს ლეოპარდი, მაგრამ გამოჩნდა ვერგილიუსი და შემიყვანა. მკითხველები პირველ წრესაც მეტნაკლებად „გადიან“ და სწორედ აქედან ტოვებენ წიგნს - მეორე, მესამე, მეცხრე წრიდანაც კი. ამის შემდეგ კი იწყება კატასტროფა, კატასტროფა, რომელიც მთელი მსოფლიოს მკითხველებს აერთიანებს.

დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ სამი წიგნისგან შედგება: ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე. თუკი ვინმეს წაკითხული აქვს, 99% ჯოჯოხეთით შემოიფარგლება და როგორც კი იწყება განსაწმენდელი, მომენტალურად მოკლე შინაარსების ძებნას იწყებს, იმიტომ რომ შეუძლებელია, იმიტომ, რომ არ გვჯერა! არადა, ამის შემდეგ ამ წიგნის მთავარი ნაწილი - სამოთხე იწყება და ის თითქმის არავის აქვს წაკითხული. ეს ამბავი კაცობრიობას ძალიან აღარიბებს. ბიბლია, „ღვთაებრივი კომედია“ და „ფაუსტი“ ამ სამი წიგნის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება. მე სპეციალურად არ ვასახელებ „დონ კიხოტს“, რომელსაც ავად თუ კარგად კითხულობენ, თუმცა იქაც კი გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც იტყვიან, რომ პირველი ტომი კი, მაგრამ მეორე მაინც რამ დააწერინა სერვანტესსო და ა.შ.

დანტეს ყველაზე მაგარი ნაწილი ჩვენი წარმოსახვის მიღმაა. არ ვიცი, რანაირად ფიქრობდა დანტე სამოთხეზე, ჯოჯოხეთი - კი ბატონო! ის პოლიტიკური პარტიის წევრი იყო, ფლორენციიდან გააძევეს და ჯოჯოხეთი საკუთარი თვალით ნახა. მაგრამ სამოთხე? ეს „ღვთაებრივი კომედიის“ ყველაზე იოლად წასაკითხი ნაწილია, ლამაზი ფანტაზიაა. თუკი ვინმე დანტეს ნაწილობრივ წაკითხვას გეგმავს, გირჩევთ, პირველი ორი წიგნი გამოტოვოთ და „სამოთხე“ წაიკითხოთ.

დაბოლოს, ორი სიტყვა ერთ-ერთ ყველაზე მაგარ წიგნზე, რომლის პირველ ნაწილს ვინც იწყებს ამთავრებს კიდეც, მეორე ნაწილს კი არავინ კითხულობს, მით უმეტეს, რომ ქართველებს „ფაუსტის“ მეორე ნაწილის წესიერი თარგმანი არც გვაქვს და სანამ დათო წერედიანი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, მანამდე საკმაოდ ბედნიერები დავდივართ.

„ფაუსტი“ ძალიან ბევრისთვის მხოლოდ პირველი ნაწილია, ანუ ფაუსტი, გრეთჰენი, მეფისტოფელი, ვალპურგის ღამე - ესაა ყველაფერი, და შვიდმილიანი ჩექმები, სიყვარული მსოფლიოს ულამაზესი ქალის მიმართ (რომელსაც სხვა ქალებმა ნაკლი მაინც უპოვეს, ჰელენეს უპოვნეს ნაკლი - თავი სხეულთან შედარებით პატარა აქვსო. აბა რას იზამდნენ დედა ენაცვალოთ, როგორ დატოვებდნენ შეფასების გარეშე). მოკლედ ის ნაწილი, რაც ყველაზე ფაუსტური ფაუსტია: მისი დაბრმავება, მისი სიკვდილი, მისი სიტყვები - „შეყოვნდი წამო, მშვენიერი ხარ“, როდის, რასთან დაკავშირებით ითქვა, არავინ იცის, იმიტომ, რომ იქ, წინ, დამთავრდა ყველაფერი.

გრეთჰენის სული რომ გადარჩა, იმ ქალის სული, რომელმაც შვილი მოკლა, დედა მოკლა, ძმა შეიწირა, ყველაფერი ჩაიდინა, მაგრამ მაინც გადარჩა - ეს ეტყობა ისეთი დამრტყმელი ძალის ლიტერატურული ამბავი იყო, რომ მთელ მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ეს იყო ფაუსტი და ის ამით უნდა დამთავრებულიყო. არ დაეთანხმნენ გოეთეს, რომელმაც ამით არ დაამთავრა. ამ შემთხვევაში მე გოეთესკენ ვარ. აქაც იგივე შემიძლია ვთქვა - „ფაუსტის“ პირველი ნაწილის წაკითხვა მხოლოდ იმისთვის ღირს, რომ მეორე ნაწილი წავიკითხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ წიგნის კითხვას აზრი არ აქვს.

კი ბატონო, არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვა ობიექტურად ჭირს, არსებობს რთულად დაწერილი წიგნები, წიგნების მთელი წყება, რომლებსაც ყიდულობენ და არასდროს კითხულობენ; ერთი სიტყვით, წინასწარგანწირული წიგნები. მაგრამ არის წიგნები, რომელთათვისაც ღირს ბრძოლა. ამ სამი წიგნის გამო დიდი ომი გვაქვს გადასატანი და ეს ომი სახლში, „ვეფხისტყაოსნის“ კითხვით უნდა დავიწყოთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^