Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საქათმე“ - ანუ ციხე ციხეში

24 თებერვალი 2015

წელიწადი, ექვსი თვე და სამი დღე -  ეს ის დროა, რომელიც ზურა ბუზარიაშვილმა სასჯელაღსრულების  რამდენიმე  დაწესებულებაში - ე.წ. „საქათმეებში“ გაატარა.

დასუფთავება, ნაგვის გატანა, საპირფარეშოების დალაგება - ზურა იხსენებს, რომ  ის და მისი თანამესაკნეები ყველაზე მძიმე, შავ სამუშაოს ასრულებდნენ.

სექსუალური ორიენტაციის გამო ბუზარიაშვილს დამცირებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ატანა ბევრჯერ მოუწია. ციხის „დაბალი კასტის“ წარმომადგენლები დისკრიმინაციას როგორც პატიმრებისგან, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებისგანაც ხშირად განიცდიან.

ზურამ ციხე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების, შესაბამისად ციხის ადმინისტრაციების ცვლილებიდან ერთ თვეში დატოვა. თუმცა მსმ (მამაკაცი, რომელსაც ჰქონია სექსუალური პრაქტიკა მამაკაცთან) პატიმრების ყოფა დიდად არც მოქმედი ხელისუფლების პირობებში გაუმჯობესებულა.

კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტი, ნინო ბოლქვაძე 2013 წლის მეორე ნახევარში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კვლევას რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა. კვლევაში ვკითხულობთ:

“საქათმე” არაოფიციალურად ეწოდება საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ იმ საკნებს ან ბარაკებს, სადაც თავსდება და სასჯელს იხდის პატიმართა გარკვეული ჯგუფი. ჯგუფში მოხვედრის მიზეზი შეიძლება იყოს:

პატიმრის სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა, როგორც ნამდვილი, ისე ნავარაუდევი;

დანაშაულის ტიპი, რისთვისაც პატიმარი იხდის სასჯელს. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII-ე თავით გათვალისწინებული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაული (მაგ. გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება);

სექსუალური პრაქტიკის ზოგიერთი სახე;

“გაფუჭება”  კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც პატიმრები „საქათმეში“ ხვდებიან. რესპონდენტთა თქმით, “გაფუჭებული” ისეთი პატიმარია, რომელსაც, ციხის დაუწერელი წესების მიხედვით, “საქათმეში” ყოფნას არ “იმსახურებს”, ვინაიდან არ მიეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას, მაგრამ “საქათმეში” მაინც ხვდება იმის გამო, რომ სხვა პატიმართან ან ციხის თანამშრომელთან კონფლიქტი აქვს და ის “გაფუჭებით”, “საქათმეში” მოხვედრით ისჯება. “გაფუჭების” გზები სხვადასხვაა. მაგალითად, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომ პატიმარი გეია ან შემჩნეულია რომელიმე კონკრეტული სქესობრივი პრაქტიკის განხორციელებაში.

რესპონდენტები “გაფუჭების” სხვა ხერხებზეც საუბრობდნენ - მაგალითად, ციხეში არსებული დაუწერელი წესის დარღვევა. ვთქვათ,  “ქათამთან” ერთად საკვების მიღება, ხელის ჩამორთმევა.

“საქათმეში” სხვადასხვა რაოდენობის პატიმარია, დაწესებულებაში მყოფი პატიმრების დაახლოებით 3-4%. თუ, მაგალითად, დაწესებულებაში 1000 პატიმარია, აქედან საქათმეში შესაძლოა 30-40 მათგანი ცხოვრობდეს“.

დაუწერელი კანონები

ამავე კვლევის მიხედვით, „სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ე. წ. “საქათმეში” მყოფ პატიმართა მიმართ არსებობს გარკვეული წესები. 

ე. წ. “ქათმები” და “კაი ბიჭები” არ შეიძლება ერთ საკანში ცხოვრობდნენ, ერთად ღებულობდნენ საკვებს ან სასმელს, გამოიყენონ ერთი ჭურჭელი, გვერდით ისხდნენ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვან და სხვ. წესების უმრავლესობა მიმართულია იმის დასაფიქსირებლად, რომ “საქათმეში” მყოფი პატიმრები განსხვავდებიან დანარჩენი პატიმრებისგან. ამასთან დაუწერელი რიგი წესებით აღნიშნული პატიმრების გადამდები დაავადებების მატარებელ ადამიანებთან გაიგივება ხდება:

რესპონდენტთა განმარტებით:

- ჩვენ არ შეგვიძლია სხვა პატიმარს, არა “ქათამს” ხელი ჩამოვართვათ, გადავკოცნოთ, არ შეიძლება სხვა პატიმრის ჭურჭელს შევეხოთ; სიგარეტის გახსნილი კოლოფი მივაწოდოთ, მხოლოდ დახურული…

- საჭმელს ვერ შეეხები, “ბალანდას” “მუჟიკები” დაატარებენ, ჩვენ ვერა…

- თუ “კაი ბიჭების” კამერას ალაგებ, მაცივარს მაგიდას და მაგიდაზე რაც დევს, ბალიშებსაც, ყველაფერს რაც სახეს, პირს ეხება არ უნდა შეეხო...

ე. წ. “ქათმებს” ეკრძალებათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა, როდესაც რაიმე მოვლენას აფასებენ, სადაც “კაი ბიჭის” სახელი ფიგურირებს. ამასთან ისინი იძულებული არიან “კაი ბიჭების” მხრიდან ითმინონ სიტყვიერი შეურაცხყოფა.

- ადრე გვაიძულებდნენ, “აბსლუგას” ფორმები ჩაგვეცვა. ახლა ფორმებს არა, მაგრამ გვთხოვენ მკლავზე “პავიაზკა” გვეკეთოს. რისთვის? ახალი შემოსული, ვინც აქაური წესები არ იცის, რომ არ შეცდეს. შემთხვევით რომ ხელი არ ჩამოგვართვას რა…

მაგიდებთან ვერ დავსხდებოდით, არ შეიძლებოდა… თუ მოასწრებდი ფანჯრის რაფაზე დადებდი საჭმელს, მაგრამ თუ დაკავებული იქნებოდა ძირს, იატაკზე ჩამოჯდებოდი და ისე შეჭამდი. რატომ? “კაი ბიჭის” გვერდით ჭამა არ შეიძლება, წესია“…

*  *  *

“სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ციხეში, არსებობენ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე მსჯავრდებულები, თუმცა მიდგომა მათდამი ისეთივეა, როგორც დანარჩენი პატიმრების მიმართ. საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველა მსჯავრდებულს თანაბრად მიეწოდება კანონით გათვალიწინებული სერვისები. ჩვენი უწყება კატეგორიულად ეწინააღმდეგება პატიმრების დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით და მათდამი მიდგომა ერთგვაროვანია“, - ეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საქმეთა სამინისტროს პოზიციაა.

ცირა ჭანტურია, პატიმრების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ხელმძღვანელი პრობლემის ორ განზომილებაზე საუბრობს.

„პატიმრების ძირითადი ნაწილისგან იზოლირება, შესაძლოა ლეგიტიმური მიზანი იყოს, და იმიტომ ხდებოდეს, რომ სხვა პატიმრებისგან არიან გარიყულნი. თუმცა, მეორე მხრივ, ციხის ადმინისტრაცია იძულებულია ამ კონიუნქტურას ანგარიში გაუწიოს და იმგვარი ღონისძიებები განახორციელოს, რომ ეს ადამიანები დისკრიმინაციას დაუქვემდებაროს, ამას გამართლება არ აქვს“, - ამბობს ჭანტურია.

საქართველოს კონსტიტუციის, ასევე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიხედვით დაუშვებელია ადამიანის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

ცირა ჭანტურიას აზრით, ადმინისტრაციის თანამშრომლების გადამზადება, მათ მიერ იმის გაცნობიერება რომ ამგვარი დისკრიმინაცია დაუშვებელია -  ეს პირველი ნაბიჯებია, რომლითაც პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყოს.

 

 

მასალა მომზადებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^