Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაუფასურებული ლარის ტვირთი

24 თებერვალი 2015

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის კურსი თითქმის ყოველდღიურად ეცემა. დღეს დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი  2,19-ია, ხოლო ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში მან 2,40- მიაღწია. ხვალინდელი კურსი კი ოფიციალურად 2,26 იქნება. ლარის კურსის ვარდნა ყველაზე მეტად რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნეს, რადგან მარკეტებსა და აფთიაქებში ადრინდელზე საგრძნობლად მეტ თანხას ტოვებენ.

“მოგონილი თემაა ეს და არანაირ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას, გარდა სააგიტაციო მანქანისა, რასაც “რუსთავი 2” ახერხებს. ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ჯანმრთელად”, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს აცხადებდა, როცა დოლარის გაცვლითი კურსი 1,99 იყო, მას მერე კი ლარმა კიდევ ბევრჯერ იცვალა კურსი.

მოქალაქეებმა ეს ოჯახისა და საკუთარ ბიუჯეტზე იგრძნეს. აქამდე თუ ყოველდღიურად საჭირო საკვებში გარკვეული რაოდენობის თანხას იხდიდნენ და იცოდნენ, საშუალოდ რამდენის დახარჯვა უწევდათ, დღეს მეტის გადახდა უწევთ. იგივე შეიძლება ითქვას მედიკამენტებზეც, რასაც ყველაზე მეტად ის ადამიანები განიცდიან, ვისაც მათი მიღება ყოველდღიურად უწვეთ.

თუმცა ლარის კურსის ვარდნით გამოწვეული პრობლემები ამით არ მთავრდება. კურსის ცვლილებამ ყველაზე მეტად მათზე იმოქმედა, ვისაც საბანკო სესხები დოლარში აქვს აღებული. მათ ლარის გაუფასურების გამო ბევრად მეტის გადახდა უწევთ.

აზა შამათავა ორი წელია, ლეონიძის ქუჩაზე ხილ-ბოსტნეულს ჰყიდის. გვიხსნის, რომ რაც თურქეთიდან შემოდის, ყველაფერი გაძვირდა. აქამდე თუ ერთ კილოგრამ კომბოსტოს 60-70 თეთრად ყიდულობდა და 80 თეთრად ჰყიდდა, ახლა მისი საბაზრო ფასი 1 ლარია, შესაბამისად გაყიდვა თვითონ 1,20 ლარად უწევს. 30 თეთრით გაძვირდა ხახვიც. ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი ბროკოლის, ბადრიჯანსა და ყვავილოვან კომბოსტოს შეეხო - მათმა ფასმა 1-დან 1,50-დან მოიმატა. მოიმატა ვაშლისა და ფორთოხლის ფასებმაც.

“ბადრიჯანი, რომელზეც მოტანამდე დიდი მოთხოვნა იყო, ახლა აღარავინ ყიდულობს, რადგან მისი ფასი 5 ლარი გახდა”.

აზა ამბობს, რომ ასეთი მაღალი ფასები არასდროს ყოფილა. ამან კი მის შემოსავალზე მნიშვნელოვნად იმოქმედა, რადგან გაზრდილი ფასების პირობებში მოქალაქეები პროდუქტს აღარ ყიდულობენ.

“ახლა მარხვაა და პირიქით, ბოსტნეული უნდა იყიდებოდეს. მაგრამ არ იყიდება. ხალხი ერთ ხახვს, სამ კარტოფილსა და ერთ სტაფილოს ყიდულობს, რომ სუპი გააკეთოს”.

აზას, შემცირებული შემოსავლის პარალელურად, გაზრდილი სესხის გადახდა უწევს, რადგან დოლარში სესხი ჯერ კიდევ მაშინ გამოიტანა, როცა ლარის კურსი 1,75 იყო.

პროდუქტებზე ფასების ცვლილება მაღაზიებს სხვადასხვაგვარად შეეხო. ფასები, ძირითადად, მცირე ზომის საუბნო მარკეტებში გაიზარდა, რომლებიც მცირე რაოდენობის პროდუქციას იღებენ. ხოლო მარკეტებში, სადაც ჯერ კიდევ ძველი მარაგი აქვთ, ფასები მეტ-ნაკლებად რეგულირდება.

სუპერმარკეტების ქსელის, “ნიკორას” ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი ქეთი ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ ფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რადგან რამდენიმე პროდუქტის მწარმოებელი, თავად “ნიკორა” ან მისი შვილობილი კომპანიაა. თუმცა ქეთი ავსაჯანიშვილი ვარაუდობს, რომ თუ ლარის კურსი არ დარეგულირდა, მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, შესაძლოა, კომპანიამ პროდუქტი გააძვიროს.

57 წლის ნანი მემანიშვილის შემოსავლის წყარო პენსია და ბინის გაქირავებით მიღებული თანხაა. თუმცა ამბობს, რომ ახლა ამ თანხით თვიდან თვემდე თავის გატანა ძალიან გაუჭირდება, რადგან პროდუქტებიცა და მედიკამენტებიც გაძვირდა. მას დიაბეტი აქვს და მედიკამენტებს ყოველდღიურად იღებს.

“პროდუქტების ფასმა 50 თეთრით რომ მოიმატა, რამდენიმე კილოგრამის ყიდვის შემთხვევაში, საბოლოო ჯამში ბევრად მეტის გადახდა გიწევს, ვიდრე ადრე. არ ვიცი, ამ თანხით თავს როგორ გავიტან”, - ამბობს “ლიბერალთან” საუბრისას ნანი მემანიშვილი.

ლარის კურსის ვარდნამ უცვლელად არც ბინის ფასები დატოვა. 35 წლის მარიამ სოფრომაძე ძიძად მუშაობს, ოჯახის ბიუჯეტი მისი საშუალოდ 500-ლარიანი სამსახური და მეუღლის ხელფასია. მარიამი გარეუბანში ქირით ცხოვრობს და ამბობს, რომ ადრე თუ ნორმალურ ბინას 300 ლარად იქირავებდი, ახლა ამის მოხერხება 400 ლარადაც შეუძლებელია.

“იმედი არ მაქვს, რომ რამე შეიცვლება, რადგან რისი იმედიც მქონდა, ხელისუფლებამ იმაშიც არ გამიმართლა”.

ლარის კურსის ვარდნით გამოწვეულ პრობლემებს ვერც ტაქსის მძღოლები გადაურჩნენ. ამბობენ, რომ მუშაობამ მკვეთრად იკლო, მგზავრები აღარ ჰყავთ და როცა ჰყავთ, მაშინაც ძალიან დაბალ ფასს სთავაზობენ.

“აქამდე თუ ვაკეში 5 ლარად მივდიოდით, ახლა 3 ლარს გვაძლევენ. მათთვის თუ დაეცა ლარის კურსი და უჭირთ, ჩვენც ხომ გვიჭირს. თანამდებობის პირებიც რომ გამოდიან და ამბობენ, ჩვენც გაგვიჭირდა, ბანკის სესხი გვაქვსო, აბა დაფიქრდნენ, იმათ თუ გაუჭირდათ, ათასები რომ აქვთ ხელფასი, ჩვენ ვისაც საერთოდ არ გვაქვს შემოსავალი, როგორ გაგვიჭირდებოდა”, - აღნიშნავს “ლიბერალთან” გიგენტი ხაჩიძე.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ნინო მოსიაშვილი განმარტავს, რომ ფასების ზრდას პროდუქტის იმპორტირება იწვევს - იმპორტიორებს შემოტანა უძვირდებათ და შესაბამისად პროდუქტსაც აძვირებენ. მისი განმარტებით, მსხვილ იმპორტიორებს ლარის კურსი მაშინაც 2-ზე ჰქონდათ გათვლილი, როცა ის ჯერ კიდევ 1,75 იყო. ახლა მათი მოგება შემცირდება და არ არის გამორიცხული, რომ კურსი არსებულთან შედარებით კიდევ უფრო აწიონ. ეს კი ფასების კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს.

ნინო მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ფასების ფიქსირება ბაზარზე ცუდად აისახება, კურსის დარეგულირებაში ხელოვნური ჩარევები კი ეკონომიკური არასტაბილურობის საფუძველი შეიძლება გახდეს, შესაბამისად ის სახელმწიფოს ზედმეტ ჩარევას არ ეთანხმება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^