23 თებერვალს “ილიანუში” ჩეხეთიდან მოწვეულმა პროფესორმა, ტომაშ ზაბრასნკიმ მსოფლიოში მარიხუანას მოხმარების პოლიტიკის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ზაბრანსკი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრისა და ნარკოპოლიტიკის დარგში ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველად მუშაობს.
საჯარო ლექციაზე ზაბრანსკიმ ჩეხეთის ნარკოპოლიტიკის ცვლილებებსა და შედეგებზეც ისაუბრა. ლექციის დაწყებამდე “ლიბერალი” ტომაშ ზაბრანსკის ესაუბრა
ბატონო ტომაშ, მოგვიყევით ჩეხეთის ნარკოპოლიტიკის შესახებ. როგორი იყო ის წლების წინ, რა ტიპის ცვლილებები განხორციელდა და როგორი პოლიტიკა გაქვთ დღეს?
ცოტა შორიდან დავიწყოთ. ჩეხეთის მთავრობამ 1989 წლის, ე.წ. “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ, სხვადასხვა კუთხით მრავალი ცვლილება მიიღო. გარკვეული ცვლილებები განიცადა კანონმდებლობამაც. გაუმქდა სხვადასხვა ტიპის კანონი, ისეთი როგორიც არის სიკვდილით დასჯა და სხვა მრავალი.
საბჭოთა პერიოდში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა იყო. კომუნიზმის დამხობის შემდეგ ცვლილებები ამ კუთხითაც დაიწყო. წამალს ხალხი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც მოიხმარდა. იმ პერიოდში ნარკოტიკული საშუალების 99,9 % მალულად, კუსტარული მეთოდით მზადდებოდა. 1990 წელს, ქვეყანამ ნელ-ნელა ნარკოპოლიტიკისადმი ჰუმანური მიდგომა დაიწყო.
როგორ შეხვდა ჩეხეთის მოსახლეობა ამ ცვლილებებს?
1990 წელს, მას შემდეგ, რაც ნარკოტიკების არალეგალური შენავხისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელი გაუქმდა, კუსტარული ნარკოტიკები, ე.წ. ვინტი და ჯეფი, ჰეროინმა ჩაანაცვლა. პრაღის ცენტრი წამლის ღია ბაზრობად გადაიქცა. ამ პროცესებმა ხალხში შიში და პანიკა გამოიწვია. ტაბლოიდები წერდნენ, რომ ჩეხეთი ნარკომოხმარებისა და გასაღების საერთაშორისო ცენტრი გახდა.
აუცილებელი გახდა რადიკალური ცვლილებების მიღება. 1998 წელს მთავრობის ინიციატივით, “ჩეხეთის ნაციონალურმა ნარკოკომისიამ” მეცნიერული შეფასებებისა და დასკვნების გასაკეთებლად მკვლევართა ჯგუფი მოიწვია. კვლევებმა აჩვენა, რომ იმ დროს არსებული ნარკოპოლიტიკა არაეფექტურად მუშაობდა და ევროკავშირთან დასაახლოვებლად, ცვლილებები უნდა განხორციელბულიყო.
ჩეხეთის მთავრობამ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის მოსამზადებლად აქტიური მუშაობა ჩემს გუნდთან ერთად დაიწყო. 2002 წელს სახელმწიფომ ჩვენ მიერ შემუშავებული ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, თუმცა მაშინ კანონში ძირეული ცვლილებები არ შესულა. რეალური ცვლილება მხოლოდ 2010 წელს მოხდა, მაშინ როცა დამტკიცდა, რომ ნარკოტიკის ქონა პირადი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლებოდა. ახალი კანონმდებლობით ქვეყანაში მოხდა გამსაღებლისა და მომხმარებლის დიფერენციაცია.
აღნიშნული რეფორმის შედეგად, წამლის განსაზღვრული რაოდენობა სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ითვლება. მაგალითისთვის, 15 გრამამდე მარიხუანაზე, 5 გრამამდე ჰაშიშზე, 2 გრამამდე მეტამფეტამინსა და 1.5 გრამამდე ჰეროინზე ადმინისტრაციული სასჯელი არ მოქმედებს. განსაზღვრულ ოდენობაზე მეტის მოხმარების შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება. ჯარიმის ოდენობა ნარკოტიკის ოდენობაზეა დამოკიდებული.
ჩეხეთის ახლანდელი კანონმდებლობა ადამიანთა ინტერესების სასარგებლოდაა მორგებული. გვჯერა, რომ ხალხი არ უნდა დაისაჯოს ავადმყოფობის გამო.
მოჰყვა თუ არა ნარკოპოლიტიკის ცვლილებას მომხმარებელთა ზრდა და როგორ აისახა შეცვლილი კანონმდებლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე?
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი მხრიდან შეხედავ ამ პრობლემას. თუ აქცენტს იმაზე გავაკეთებთ, თუ რამდენი მომხმარებელი გვყავს ქვეყანაში, რამდენი მოიხმარს მარიხუანას, მაშინ სურათი სახარბიელო ნამდვილად არ არის. მაგალითად, ჩეხეთში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა პროცენტი საკმაოდ მაღალია. თუ ამ რიცხვს იმათაც დავუმატებთ, ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს მარიხუანა, საერთო ჯამში გამოვა, რომ ჩეხეთში მოსახლეობის 40%-ი ნარკომომხმარებელია. დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებშია. მაგრამ, თუ მეორე მხრიდან შევხედავთ პრობლემას და გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ზედოზირებით, რამდენია გადამდები დაავადებებით ინფიცირებული, მაშინ ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ვართ. ჩეხეთში ნარკომომხმარებელთა მხოლოდ 20%-ია C ჰეპატიტით დაავადებული, რაც მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით. თუ გნებავთ საქართველოსთან შედარებით. რომ აღარაფერი ვთქვათ იგივე რუსეთზე, მათი არასწორი ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვნად იკლო HIV ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა. გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვიც, რომელიც ღიად საუბრობს პრობლემაზე და მკურნალობა სურს.
ძალიან ბევრია დამოკიდებული შენს ფასეულობებზეც. მაგალითად, მე, ორი შვილის მამას მირჩევნია ვიცოდე, რომ ჩემმა შვილმა გასინჯა მარიხუანა, სამაგიეროდ, არ არსებობს ზედოზირებით გარდაცვალების რისკი.
საქართველოში დეკრმინალიზაცია აქტუალური თემა იყო, როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. წინა ხელისუფლება ნულოვან ტოლერანტობას უცხადებდა ნარკომომხმარებლებს და ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნას საზოგადოებრივ აზრს უპირისპირებდა. დღევანდელი მთავრობა ნარკოპოლიტიკის ცვლილებების მოთხოვნას კრიმინალის შესაძლო ზრდის რისკს უპირისპირებს და ამბობს, რომ დეკრიმინალიზაცია მომხმარებლებს გაზრდის.
საქართველოში 2005 წლიდან ვმუშაობ. ვიცნობ თქვენს შედეგებს - რამდენი ნარკომომხმარებელი გყავთ, რამდენია გადამდები ვირუსით ინფიცირებული, რამდენი ადამიანი კვდება ზედოზირებით და ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანას ამ პრობლემის გადაჭრაში დავეხმარო. შემიძლია მოგცეთ უამრავი რჩევა, მაგრამ ეფექტური შედეგის მისაღებად ჯერ უნდა იცოდეთ, რა არის თქვენი მთავარი მიზანი.
თუკი თქვენი მთავრობა ნარკომომხმარებელთა ზრდის შიშით არ ცვლის კანონს, მე გეტყვით, რომ ეს არ არის გამოსავალი, რადგან ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც გაყიდიან წამალს, ისევე როგორც იარსებებენ ისინი, ვინც მას იყიდის და მოიხმარს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის სანქციას თუ სასჯელს დაუწესებ მათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასჯელი ისეთი მაღალი იქნება, როგორც საქართველოში. ის, რაც დღეს აქ ხდება, ჩემთვის გაურკვეველი და მიუღებელია. მიუღებელია, გაგაჩერონ ქუჩაში, წაგიყვანონ და მოშარდვა გაიძულონ. შემდეგ დაგსაჯონ.