Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰერთა აირტონის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

07 სექტემბერი 2018

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში სრულყოფილად აღვწერეთ და გავაანალიზეთ ჰერთა აირტონის სამეცნიერო მოღვაწეობა, ცხოვრება, მიღწევები, გამოგონებები და აღმოჩენები. როგორც ნაშრომის დასასრულ ითქვა, მეცნიერი 1923 წლის აგვისტოს დამლევს გარდაიცვალა: სისხლი მოუწამლა მწერის ნაკბენმა.

ჰერთა მიზოგინების სამიზნე გახდა, როცა ჰენრი არმსტრონგს სთხოვეს მისი ნეკროლოგის დაწერა (მოცულობიდან გამომდინარე, შეგნებულად არ დავურთეთ ეს მონაკვეთი სტატიას და გადავწყვიტეთ, ცალკე პუბლიკაციად შემოგვეთავაზებინა ზემოხსენებული ნეკროლოგის ანალიზი და კრიტიკა). ცხადია, არმსტრონგისათვის ასეთი თხოვნით მიმართვა მცდარი გადაწყვეტილებაც იყო და ჰერთას შეურაცხყოფაც, რამეთუ როგორც სტატიაში ითქვა, სწორედ არმსტონგი იყო ის, ვინც თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა ქალის არჩევას (სქესის გამო) ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრად. გარდა ამისა, სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებს მოუწოდებდა, არავითარ შემთხვევაში არ მიეღოთ ქალები. მისი აზრით, მდედრობით სქესს არაფერი ესაქმებოდა მეცნიერებაში.

ზემოაღნიშნული პატარა ნეკროლოგი გაზეთის ორიოდე გვერდს მოიცავს, თითქმის საერთოდ არ ახსენებს ჰერთას არცერთ პიონერულ კვლევას, არც აღმოჩენას, არც ფუნდამენტურ ნაშრომს, არც რევოლუციურ გამოგონებებს და ყველა „სიკეთესთან“ ერთად, ფაქტობრივი უზუსტობებითა და უხეში შეცდომებითაა სავსე. ამ პუბლიკაციამ აღაშფოთა წამყვანი ელექტროინჟინრები, ჰერთას კოლეგები და ინსტიტუტის წევრები. რამდენიმე მათგანმა დაწერა საპასუხო სტატია და ამხილა არმსტრონგის შეგნებული სიცრუე, მავნებლობა და უღირსობა. მოდით, ჩვენც დაწვრილებით განვიხილოთ ტყუილებით გაჯერებული ეს ტექსტი. ავტორი ასე მოიხსენიებს ჰერთას ნეკროლოგის შესავალში: ჩემი ყოფილი კოლეგის ცოლი, რომელიც ამა წლის აგვისტოში გარდაიცვალა“.

თუკი გავითვალისწინებთ არმსტრონგის მენტალობას, სულაც არაა გასაკვირი, კაცის მეუღლის სტატუსი რომ აკმარა უდიდეს მეცნიერს, რომელიც დიად აღმოჩენებამდე მივიდა, გამოგონებები დააპატენტა და ძირფესვიანად შეცვალა არაერთი დარგი. მის სექსისტურ წარმოსახვაში ჰერთა მარტოოდენ უილიამის არასრულფასოვანი დანამატი და ნეკნი იყო. „ნუთუ მეცნიერება ბოლოს მოუღებს მარად ქალურ ბუნებას?! მისის აირტონი იყო ერთ-ერთი იმ ქალებს შორის, რომლებიც ესწრაფვოდნენ იმის დამტკიცებას, რომ ქალს, ისევე, როგორც კაცს, შეუძლია, გახდეს ორიგინალური მეცნიერი და მკვლევარი. ნუთუ, მისის აირტონმა შეძლო ეს?!“,-კითხვას სვამს არმსტრონგი. რას უწოდებს „მარად ქალურ ბუნებას“? მისი აზრით, ესაა ქალი, რომელიც შორსაა ლოგიკური, რაციონალური აზროვნებისაგან; მისტიკური ბუნების, გაუაზრებელი სტიქიის ნაწილია; მისთვის „ბუნებას“ არ მიუმადლებია მეცნიერული ნიჭი და ალღო. აი, ასეთნაირად წარმოუდგენია ქალი. დაამტკიცა თუ არა ჰერთამ ის, რაც მიზნად დაისახა? რა თქმა უნდა. ცხადად და უდავოდ. მისი გამოგონებების, ნაშრომებისა და მიღწევების მოკლე ჩამონათვალიც კი სრულიად საკმარისია ამაში დასარწმუნებლად. არმსტრონგის აზრით, უილიამ აირტონს მეტად „უჩვეულო ცხოვრებისეული გამოცდილება“ ჰქონდა: მისი ორივე ცოლი აქტიური ფემინისტი იყო და თავდადებით იბრძოდა ქალთა უფლებებისათვის. რაც მთავარია, რაციონალური ქალები გახლდნენ და მეცნიერულ კვლევა-ძიებას მიუძღვნეს ცხოვრება. ცხადია, არმსტრონგის აზრით, ეს „მარად ქალური ბუნებისათვის“ შეუფერებელი იყო. ავტორი არად აგდებს იმ ფაქტს, რომ უილიამ აირტონი სულაც არ მიიჩნევდა ამას „უჩვეულო გამოცდილებად“. პირიქით: მხარს უჭერდა როგორც მატილდა ჩაპლინის, ასევე ჰერთას ინტელექტუალურ მისწრაფებებს, ფემინისტურ ანგაჟირებას და თანადგომას უცხადებდა ქალებს თანასწორობისათვის ბრძოლაში. ეს სავსებით ბუნებრივი გამოცდილება იყო მისთვის და არა „უჩვეულო და განსაკუთრებული“, როგორც არმსტრონგი ირწმუნება. ავტორი წერს: „უილიამი და ჰერთა არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს, რადგან ორივე ენთუზიაზმით იყო სავსე და საერთო ინტერესები ჰქონდათ“. საკმაოდ ბრიყვული განმარტებაა „შეუფერებელი“ წყვილისა. ენთუზიაზმი, ერთი საქმის სიყვარული, საერთო იდეები და „მონათესავე“ ინტერესები კიდევ უფრო მეტი ჰარმონიისა და ურთიერთგაგების საწინდარია. არმსტრონგის აზრით, უილიამს ჰერთას ნაცვლად უნდა შეერთო მოსაწყენი, უღიმღამო, არაფრით გამორჩეული ქალი, რომელიც ფლოსტებს მიართმევდა შინ დაბრუნებისას და გემრიელად ავახშმებდა. „ჩემი აზრით, ასე რომ მოქცეულიყო, ბევრად უფრო ხანგრძლივი, ბედნიერი ცხოვრებით დატკბებოდა და გაცილებით უფრო ნაყოფიერად იშრომებდა“, - წერს არმსტრონგი. ცხადია, იგი გვთავაზობს ტრადიციული პატრიარქალური ყაიდის ოჯახის კონცეფციას: ცოლი ქმრის მორჩილი მსახურია; მისი ერთადერთი დანიშნულება ქმრისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა; არა აქვს პრეტენზია კარიერაზე და შორსაა მეცნიერებისაგან, რომელიც მხოლოდ „კაცის საქმეა“. აი, ასეთ „დომინანტურ როლს“ და ანდროცენტრულ ოჯახს უსურვებდა არმსტრონგი უილიამ აირტონს, რომელიც არმსტრონგისა და სხვა ბევრის გასაკვირად, ქალთა ემანსიპაციას ქადაგებდა, ცოლის სამეცნიერო კვლევაშიც კი არ ერეოდა, თავს არიდებდა მასთან თანამშრომლობას და ყოველთვის დაჟინებით მოითხოვდა, საკადრისად დაეფასებინათ ჰერთას ღვაწლი.

არმსტრონგის რეტროგრადობა, სიბეცე და ინტელექტუალური ბანკროტობა აპოგეას აღწევს, როცა იგი მორჩილი, მოსაწყენი, უენო და არაფრით გამორჩეული ცოლის ყოლას მიიჩნევს კაცის უფრო ხანგრძლივი, ბედნიერი ცხოვრებისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის საწინდარად. ამ სასაცილოდ პატარა ტექსტში არმსტრონგი მხოლოდ გაკვრით ახსენებს ჰერთას ცხოვრების იმ მონაკვეთს, როცა სქესის გამო უთხრეს უარი ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრობაზე, თუმცა, არაფერს ამბობს საკუთარ უდიდეს პასუხისმგებლობაზე. „რატომღაც“, არ წერს, თავადაც რომ იყო აირტონის მოწინააღმდეგეთა რიგებში; რომ მხოლოდ სქესის გამო უარყო კანდიდატი; რომ მუდამ ილაშქრებდა ქალთა თავისუფლების წინააღმდეგ და აცხადებდა, სხვა ინსტიტუციების კარიც დახურული უნდა იყოს მათთვისო. „უმეტესობა ჩვენგანი ფიქრობდა, რომ უილიამ აირტონმა და მისი კოლეგამ, ჯონ პერიმ, უგუნურება და წინდაუხედაობა გამოიჩინეს, როცა მხარი დაუჭირეს ჰერთას მოთხოვნას და სამეფო საზოგადოებას შესთავაზეს ქალის კანდიდატურა“, - წერს არმსტრონგი. რატომ იყო უგუნურება და წინდაუხედაობა? იმიტომ, რომ ჯონ პერიმ და უილიამმა ყურადღება არ მიაქციეს ჰერთას სქესს, აღიარეს მისი უდიდესი მიღწევები, უზადო ექსპერიმენტების შედეგად მიღებული პიონერული დასკვნები, ფიზიკისა და ელექტროინჟინერიის უნაკლო ცოდნა, ორიგინალური ხედვა და განაცხადეს, რომ აირტონი იმსახურებდა ამ საზოგადოების წევრობას (სქესის მიუხედავად); იმიტომ, რომ ისინი არ იზიარებდნენ არმსტრონგის პატრიარქალურ იდეებს და მიიჩნევდნენ, რომ ქალებიც იმსახურებდნენ სამეცნიერო დაწესებულებებში შესვლას; იმიტომ, რომ უილიამი ,,ფლოსტების მოტანას“ და ,,გემრიელი ვახშმის“ მომზადებას არ ავალებდა ცოლს, არ ზღუდავდა და თავისუფლებას აძლევდა. ერთობ საინტერესო განმარტებაა ,,უგუნურების“. როგორი იქნებოდა „წინდახედული“ და „გონივრული“ საქციელი მათი მხრიდან? ცხადია, არმსტრონგივით „რუპორით“ უნდა ეყვირათ, ქალს რა ხელი აქვს მეცნიერებასთან, ოჯახშია მისი ადგილიო. არმსტრონგი წერს: „მისის აირტონი არ იყო მებრძოლი სუფრაჟისტი, თუმცა, ყოველნაირად უჭერდა მხარს ქალთა ემანსიპაციის იდეას“. ესეც ტყუილია. აირტონი სწორედ რომ მებრძოლი სუფრაჟისტი იყო და არა მხოლოდ იზიარებდა ემანსიპაციის იდეას, არამედ ფემინისტურ დემონსტრაციებში იყო ჩართული, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გახდა პოლიციელის მხრიდან და სამეფო საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლაც კი გადადო - შიშობდა, რომ მასაც ციხეში უკრავდნენ თავს სხვა სუფრაჟისტებთან ერთად.

მისტერ არმსტრონგს ან ძალიან უცნაურად ესმოდა „მებრძოლის“ მნიშვნელობა, ან საერთოდ არ სმენია ჰერთას ანგაჟირების შესახებ (არც ის, ციხიდან გამოსული ფემინისტები რომ შეიფარა თავისთან), ან შეგნებულად ცრუობს. მესამე ვარიანტი უფრო სარწმუნო ჩანს. ავტორი აგრძელებს მითებისა და ზღაპრების სერიას და წერს: „არასოდეს მჯეროდა, რომ მისის აირტონი რაიმე თვალსაზრისით ორიგინალური იყო; ვერასოდეს დავინახე ამის ერთი მიზეზიც კი“. არმსტრონგი უთუოდ დაინახავდა ჰერთას „ორიგინალობას“, ერთხელ მაინც რომ წაეკითხა მისი ფუძემდებლური ნაშრომები, სადაც აღწერილი იყო ისეთი გარდამტეხი აღმოჩენები, მანამდე რომ არავის დასიზმრებია. რასაკვირველია, იპოვიდა არა ერთ, არამედ ბევრად მეტ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა ერწმუნა მისი ,,ორიგინალობა“, რამდენიმე წუთით მაინც რომ დაეგდო ყური ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის წევრებისათვის, ან ამ დაწესებულების დირექტორისათვის, ან ჰერთას ნებისმიერი კოლეგისათვის; ერთხელ მაინც რომ ენახა მისი საჯარო ექსპერიმენტები; ნაჩქარევად რომ გადაევლო თვალი ქალის გამოგონებებისა და პატენტების ნუსხისათვის, სწორედ მისი ორიგინალობის, გამორჩეულობის ბრწყინვალე მაგალითი და ნათელი დასტური რომ იყო; არმსტრონგს ისიც ავიწყდება, ჰიუზის მედალი სწორედ „ორიგინალური აღმოჩენისათვის“ რომ გადასცეს ჰერთას. “In recognition of an original discovery”,-ვკითხულობთ ჯილდოს აღწერაში. არმსტრონგი არასოდეს დაინტერესებულა ამით; ხოლო ასეთი შეგნებული უმეცრება და მოზეიმე უტიფრობა კომენტარსაც კი არ იმსახურებს. ავტორი განაგრძობს: „მართალი გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იგი იმაზე უფრო მეტად ემორჩილებოდა ქმრის გავლენას, ვიდრე თავად მას, ან უილიამს წარმოედგინა“.

არმსტრონგის ამ სუბიექტურ აზრს და ურცხვ ტყუილს აცამტვერებს ის ფაქტიც, რომ უილიამი მუდამ არიდებდა თავს ცოლის კვლევაში ჩარევას. მეტიც: როცა მან ვერ შეძლო საადმირალოსაგან დავალებული საქმის შესრულება, ჰერთას სთხოვა დახმარება და თავად შეეშვა კვლევას. ამ უკანასკნელმა კი მალევე გადაჭრა პრობლემა. ისეთ აღმოჩენებამდე მივიდა, არა მხოლოდ პასუხი გასცა საადმირალოს მთავარ შეკითხვას, არამედ სამხედრო ფლოტის პროჟექტორებისა და საჰაერო ხომალდების საწინააღმდეგო პროჟექტორების სულ სხვაგვარი მოდელი შესთვაზა ინჟინრებს. რაც მთავარია, მისი ქმარი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა ამას და საადმირალოს მოსთხოვა კიდეც, გარკვევით აღენიშნათ ჰერთას დამსახურება. როცა უილიამმა ელექტრული რკალების შესახებ დაწერა არასრულყოფილი, ნაკლოვანი ნაშრომი და ვერავითარი გადამჭრელი დასკვნა ვერ შესთავაზა მეცნიერებს, სტატიის გადამუშავების სურვილიც კი გაუქრა და ხელი აიღო საქმეზე, ჰერთამ კი დაიწყო მუშაობა და დიდ წარმატებას მიაღწია. უილიამმა ცოლის კუზენს უთხრა: „მე და შენ შემძლე და გამჭრიახი ადამიანები ვართ, ფილიპ, ჰერთა კი გენიოსია“. არმსტრონგისდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მისტერ აირტონმა „მარადი ქალური ბუნების“ შესახებ არსებული მითებით არ გამოუჭედა თავი ცოლს; „მოსაწყენი, უღიმღამო“ ცოლის ყოლასა და პატრიარქალურ „იდილიას“ არჩია იმ მეცნიერ და გამომგონებელ ქალზე დაქორწინება, შემოქმედებითად რომ იწვოდა დღემუდამ და სრულიად თავისუფალი იყო მისი ინტელექტუალურ-მენტალური გავლენისაგან.

არმსტრონგის ლეგენდებს ანადგურებს ის ფაქტიც, რომ ჰერთა უილიამის გაცნობამდეც აქტიურად იყო ჩართული მეცნიერულ კვლევა-ძიებაში და არაერთი გამოგონება დააპატენტა. საინტერესოა (მისტერ არმსტრონგის აზრით), როგორ „განიცდიდა“ ქალი კაცის გავლენას, როცა არც კი იცნობდა მას? ტელეპათიური კავშირი ჰქონდათ, თუ უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით აწვდიდა იდეებს მომავალ თანამეცხედრეს, რომელიც თვალით არ ენახა? აღსანიშნავია ისიც, რომ ჰერთამ დაიწყო იმ სფეროს კვლევა (ჰიდროდინამიკის), რომელსაც კავშირი არ ჰქონდა ქმრის პროფესიულ პროფილთან. უილიამის გარდაცვალების შემდეგაც განაგრძო ექსპერიმენტები, სტატიების გამოქვეყნება და მრავალი გამოგონება დააპატენტა. ამ ფაქტთან დაკავშირებით რას იტყვის პატივცემული არმსტრონგი? შესაძლოა, ომახიანად ამტკიცოს კიდეც, რომ განსვენებული ინჟინერი საიქიოდან ეხმარებოდა ცოლს იმ საქმის შესრულებაში, რომლისაც არაფერი გაეგებოდა. არმსტრონგის ამ ტყუილმა ისე განარისხა პროფესორი მათერი, ჟურნალ “Nature”-ში გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება და კორექტულობისაკენ მოუწოდა კაცს. მისი თქმით, სავსებით მცდარი იყო მისი მოსაზრებები. გარდა ამისა, ავტორს შეგნებულად შეჰყავდა შეცდომაში მკითხველი. არმსტრონგი ქსოვს ზღაპრულ ქარგას: „ალბათ, ამ ქალს არასოდეს ჰქონია კარგი სამეცნიერო აღჭურვილობა და არც ძლიერი მენტალური რესურსი; მართალია, შემძლე, ჭკვიანი მშრომელი იყო და სრულფასოვანი სპეციალისტი, მაგრამ არ გააჩნდა არც ფართო თვალსაწიერი, არც გაქანება, არც სიღრმისეული ცოდნა, არც გამჭრიახობა, არც წვდომის უნარი, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რათა დაუფლებოდა საკვლევ საგანს...“.

არმსტრონგის საპირისპიროდ უნდა ითქვას: ჰერთას ყველა კოლეგა, ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის თანამშრომელი, დირექტორი, ნობელიანტი ფიზიკოსი, ლორდი რეილი და უკლებლივ ყველა მეცნიერი, რომელსაც პროფესიული ურთიერთობა აკავშირებდა მისის აირტონთან და იცნობდა მის ნაშრომებს, სწორედ მის ორიგინალურ ხედვაზე, ულევ მენტალურ შესაძლებლობებზე, ფართო თვალსაწიერზე, გაქანებაზე, სიღრმისეულ ცოდნაზე, კრეატიულობაზე, მდიდარ წარმოსახვაზე, გამჭრიახობასა და წვდომის განსაკუთრებულ უნარზე ამახვილებს ყურადღებას. მათ მტკიცებას რომ ავარიდოთ თვალი და ჰერთას სამეცნიერო მოღვაწეობას გადავხედოთ, უთუოდ დავრწმუნდებით ამაში. მიუხედავად ამისა, ერთი წამით მაინც დავუშვათ, რომ არმსტრონგი მართალია. მაშ, მისის აირტონმა, რომელსაც ზემოჩამოთვლილი უნარები არ გააჩნდა, როგორ შეძლო ესოდენ ღრმა კვალის დატოვება მეცნიერებაში? რატომ მიიჩნევა მისი ნაშრომები წამყვან, ავტორიტეტულ, პიონერულ და ფუძემდებლურ კვლევებად? როგორ მოხდა, რომ ამ „წვდომის უნარს, გამჭრიახობასა და სიღრმისეულ ცოდნას მოკლებულმა“ ქალმა ამდენი გამოგონება უსახსოვრა კაც-ქალობრიობას? როგორ მოხდა, რომ როცა აირტონმა თავისი პიონერული სტატია წაიკითხა ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის წევრთა წინაშე, ამ ამბიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ეს მენტალურად „შეჭირვებული“ და „გაქანების არმქონე“ ადამიანი აირჩიეს დაწესებულების სრულუფლებიან წევრად? როგორ მოხდა, რომ ამ „არაორიგინალურმა“ მეცნიერმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე თავისი ღრმა მეცნიერული ცოდნითა და რაც მთავარია, ინოვაციური, ორიგინალური მიდგომით? როგორც მოხდა, რომ ამ დაწესებულების მაშინდელმა დირექტორმა, ჯოზეფ სუონმა აღნიშნა: „მისი დასკვნები მიღებულია გულმოდგინე, სიღრმისეული, დეტალური, რთული, შრომატევადი სამუშაოს ჩატარებისა და უზუსტესი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგად. უცხადეს განსჯასა და ნათელ აზროვნებას ემყარება ყოველივე ეს“. როგორ მოახერხა ეს იმ მეცნიერმა, რომელსაც არ გააჩნდა „ღრმა მეცნიერული ანალიზის“ უნარი? რატომ მიანიჭა ზემოხსენებულმა ინსტიტუტმა ესოდენ „სუსტ“ კანდიდატს საგანგებო ჯილდო სტატიის საჯაროდ წაკითხვიდან რამდენიმე დღის შემდეგ? როგორ მოხდა, რომ „კრეატიულ და წარმოსახვით უნარს მოკლებულმა“ ქალმა, ჰერთამ, სწორედ გასაოცარი შემოქმედებითი უნარი გამოავლინა და უამრავი რევოლუციური გამოგონება დააპატენტა, ხოლო თვით არმსტრონგმა, ჰერთას „მენტალურ უსუსურობას“ რომ ამტკიცებდა, ერთი გამოგონებაც კი ვერ უსახსოვრა მსოფლიოს? ერთი პატენტიც კი არაა ამ ერთობ „კრეატიული“ კაცის „ანგარიშზე“.

როგორ მოხდა, რომ ინგლისის სამეფო საზოგადოებამ წუნი ვერ დასდო აირტონის ცოდნასა და უბადლო ექსპერიმენტებს, ვერც საკითხის კონცეპტუალურ, სიღრმისეულ გაგებას, მხოლოდ და მხოლოდ სქესის გამო უთხრა უარი წევრობაზე და არა კომეპტენციისა და „შემოქმედებითი უნარის“ ნაკლებობის გამო? არც კი დაუმალავთ ეს ამბავი. როგორ მოხდა, რომ „კაცის გავლენის“ ბორკილებით დაბმულმა და ხელებშეკრულმა ქალმა კაცის, ჯორჯ დარვინის, მცდარი იდეები დაამხო ქვიშის ჭავლების წარმოშობის შესახებ და თერმოდინამიკაში თქვა თავისი სიტყვა? როგორ მოხდა, რომ „უნარს მოკლებული“ მეცნიერი ქალი აღმოჩნდა მართალი, კაცი კი შეცდა? ამ კითხვებზე პასუხი არა აქვს მისტერ არმსტრონგს. იგი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, ოქსიმორონების ხლართში ეხვევა და წერს: „მისტერ აირტონი გენიოსი იყო, მაგრამ არ გახლდათ ცოლის მეცნიერული შესაძლებლობებისა და ნიჭის კარგი მსაჯული. მისი თანამშრომელი, პერი კი სოლიდური წევრი გახლდათ დაწესებულებისა“. როგორ და რა ლოგიკით იყო გენიოსი (არმსტრონგის თანახმად) ელექტროინჟინერი, უილიამი, ცუდი მსაჯული სხვა ელექტროინჟინერის მეცნიერული შესაძლებლობებისა და ნიჭისა? არმსტრონგის არათანმიმდევრული მსჯელობა ლირიკულ ბოდვას ემსგავსება. რაც შეეხება მისტერ აირტონის გენიოსობას: მეცნიერმა გარკვევით აღნიშნა, რომ თავად შემძლე და გამჭრიახი მეცნიერი იყო, ჰერთა კი გენიოსი. ესეც რომ არ გავითვალისწინოთ, არმსტრონგის თქმით, ჯონ პერი იყო „დაწესებულების სოლიდური წევრი“ და შესაბამისად, იგი უფრო კარგი მსაჯული გახლდათ ჰერთას შესაძლებლობებისა. კეთილი: ამჯერადაც გაცამტვერდა არმსტრონგის მითი, რამეთუ ჯონ პერი ყოველთვის უმაღლეს შეფასებას აძლევდა ჰერთას, აღიარებდა მის ორიგინალობას, ბრწყინვალე ნიჭს, შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წვდომის ჩინებულ უნარს. სწორედ ამიტომ სთხოვა სამეფო საზოგადოებას პერიმ, წევრად აერჩიათ ჰერთა. მის ამ ნაბიჯს კი ,,უგუნურება და წინდაუხედაობა“ უწოდა არმსტრონგმა. საინტერესოა, რატომ არ იყო უილიამ აირტონი „დაწესებულების სოლიდური წევრი“, ან რას გულისხმობს არმსტრონგი. თუ თვალს გადავავლებთ უილიამის ბიოგრაფიას, ნათელი გახდება, - არმსტრონგი ტყუის: მისტერ აირტონი ინგლისის სამეფო საზოგადოების ,,სოლიდური“ წევრი იყო, ამ დაწესებულების პრესტიჟული ჯილდო, ჰიუზის მედალიც მიიღო და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორიც გახდა 1892 წელს; იყო “City and Guilds of London Institute“-ისა და „ცენტრალური ტექნიკური კოლეჯის“ პროფესორი; ინდოეთის მთავრობამ მიიწვია ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო დაწესებულებაში და იაპონიის ხელისუფლებამ ინჟინერიის სამეფო კოლეჯის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიისა და ტელეგრაფიის კათედრა გადააბარა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთობ მძაფრ ცნობისმოყვარეობას აღძრავს ეს საკითხი: რატომ არ იყო უილიამი ,,სოლიდური წევრი“? არც ამ კითხვაზე არა აქვს პასუხი ღრმად პატივცემულ არმსტრონგს. ჰერთას ქმრის „კარგი მსაჯულობა“ არც არის რელევანტური, რამეთუ იგი ქმრის გარდა, უამრავმა მეცნიერმა, ინჟინერმა, გაერთიანებული სამეფოს საადმირალოს წევრმა, სამხედრო მაღალჩინოსანმა, ჰიდროდინამიკის შესწავლით დაკავებულმა მეცნიერმა, ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრმა, ელექტროინჟინერიის ინსტიტუტში და სხვა რესპექტაბელურ დაწესებულებებში მოღვაწე სწავლულებმა და „მსაჯულებმა“ „განსაჯეს“ და უმაღლესი შეფასება მისცეს (ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ უამრავი სექსისტური დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, სწორედ არმსტრონგის მსგავსი კაცების გამოისობით). არმსტრონგი წერს: „დასასრულ ვიტყვი: ასეთია ჩემი დასკვნა: მისის აირტონმა ვერასგზის ვერ დასძლია მარად ქალური ბუნება. ჩვენ არც უნდა ვისურვოთ ესოდენ მშვენიერი და ფასდაუდებელი რამის გაქრობა“. რას ნიშნავს „მარად ქალური ბუნების დაძლევა“? როგორც უკვე ითქვა, არმსტრონგის აზრით, მარად ქალური ბუნება ლოგიკური და რაციონალური აზროვნებისაგან შორს დგომას ნიშნავს. ესაა ქალი, რომელსაც მეცნიერული ცოდნა არ გააჩნია და მთლიანად ინტუიციას, ინსტინქტებს, გრძნობებსა და ემოციებს ეყრდნობა. ჰერთას ცხოვრება და მოღვაწეობა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. რა დასძლია ჰერთამ? პატრიარქალური სოციუმისაგან ქალებისათვის შექმნილი დაბრკოლებები; დამყაყებული მენტალობა, დრომოჭმული იდეები; გააცამტვერა ქალთმოძულეებისა და სექსისტების რეტროგრადული წარმოდგენები და მითები ქალთა სიჩლუნგისა და სიყეყეჩის შესახებ; ყველას დაუმტკიცა, რომ ქალს უთუოდ შეეძლო, დიდი მეცნიერი გამხდარიყო და ტოლი არ დაედო კაცისთვის; წყალი შეუყენა ფესვგადგმულ მიზოგინიურ მენტალობას. აი, ეს დაასამარა ჰერთამ. ხოლო, ის, რასაც პროფესორი არმსტრონგი „მარად ქალურ ბუნებას“ უწოდებს, არა ქალის ბუნება და „მშვენიერი და ფასდაუდებელი რამ“, არამედ პატრიარქალური აზრებით დამძიმებული გონების მონაჩმახია, რომელსაც ისტორიული რეალობა სპობს. ჩვენ ,,ესოდენ მშვენიერი და ფასდაუდებელი რამის გაქრობა“ კი არა, ზემოხსენებული რეგვენული აზრების გაქრობა-გადაშენება უნდა ვისურვოთ. რატომ „ემშვენიერება“ ასე ძალიან ქალურობის ამგვარი აღქმა არმსტრონგს? აი, ამიტომ: გულწრფელად აღიარებს კიდეც, რომ „მისის აირტონი კარგი ქალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული შთაგონების ათინათი დასთამაშებდა“.

იგი ერთმანეთს უპირისპირებს „კარგ ქალობას“ და „მეცნიერულ შთაგონებას“ („მიუხედავად იმისა, რომ“), ანუ მისი აზრით, ეს ორი რამ შეუთავსებელია - ქალისთვის შეუფერებელია „მეცნიერული შთაგონება“. სწორედ ამგვარი მენტალობის ბრალია ისიც, ვერაფერი რომ გაუგეს მისის აირტონის გამოგონებას („მარაოს“, სხვაგვარად, „ტკაცუნას“) და განაცხადეს, ქალი ვერ შეძლებდა ისეთი დანადგარის გამოგონებას, ჯარისკაცების სიცოცხლე რომ იხსნასო. მოზეიმე უმეცრების თვალისმომჭრელი ათინათით გაცისკროვნებულმა რამდენიმე ყეყეჩმა ისიც კი იკითხა, როგორ შეიძლება, ფრონტის ხაზზე წასულ კაცებს დაეხმაროს მარაო - ეს სიფრიფანა, უცნაური, ახლართულ-ჩახლართული ხელსაწყო, რომელსაც ქალები ატარებენო?! აღშფოთებულმა პროფესორმა მათერმა საგანგებო განცხადებაში ამხილა არმსტრონგის უტიფარი სიცრუე და თავხედობა: იგი ამცირებს და აკნინებს მათ ნაშრომ-ნაღვაწსა და შესაძლებლობებს. ჩემი აზრით, მეტისმეტად სამარცხვინო და საძრახისი საქციელია გარდაცვლილ მეგობრებზე ასეთი სტატიების წერა. იმედი მაქვს, სხვები არ მიჰბაძავენ პროფესორ არმსტრონგს. მისი სტატიის წაკითხვის შემდეგ ადამიანი იფიქრებს, რომ მისის აირტონს არ ჰქონ ორიგინალური ხედვა და ქმრის გავლენით შეასრულა მთელი სამეცნიერო სამუშაო. არცერთი ვარაუდი არ არის სწორი. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მისის აირტონმა არაერთი გამოგონება დააპატენტა, სანამ პროფესორ აირტონს შეხვდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგაც განაგრძო ორიგინალური სამუშაო. ამის წყალობით, დამატებით 8 გამოგონება დააპატენტა 1913-18 წლებში. განსვენებულმა პროფესორმა აირტონმა არაერთხელ მითხრა, რომ როცა მისის აირტონმა ხელი მიჰყო ელექტრული რკალის შესწავლას, თავად განზე გადგა და  ცოლს გადაულოცა ეს საკითხი. ქალი მარტოდმარტო შეუდგა კვლევას, რადგან ერთად რომ ემუშავათ, უთუოდ კაცს მიაწერდნენ მთელ დამსახურებას და ჰერთას ნაშრომ-ნაღვაწს მიაკუთვნებდნენ; რომ თვითონ ეწვეოდა აღიარება მეუღლის ნაცვლად; რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა მისის აირტონის წვლილის ასე გაქრობა. უილიამ აირტონი სწორედ ამას აღნიშნავდა, როცა ლექციებს უკითხავდა თავის სტუდენტებს ელექტრული რკალის შესახებ. ეჭვგარეშეა, მისი არაერთი შეგირდი დაადასტურებს ამას. სავსებით შესაძლებელია, პროფესორ არმსტრონგს თავად უილიამ აირტონმაც მისცა მსგავსი შენიშვნები“, - წერს პროფესორი მათერი.

ძალზე უხვი მემკვიდრეობა დატოვა ელექტროინჟინერიის, ჰიდროდინამიკისა და ფიზიკის ამ გიგანტმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აგულიანებდა ქალებს, მეცნიერებას გაჰყოლოდნენ და ტოლი არ დაედოთ კაცებისათვის. დაუდგრომელმა, მებრძოლმა ჰერთამ შთაგონებით აღავსო თავისი სქესის წარმომადგენლები და გაუღო იმ მეცნიერული სამყაროს კარი, დახშული რომ იყო მათთვის. უთუოდ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც მეცნიერებაში, ასევე, ფემინისტური მოძრაობის ისტორიაში. აირტონი მიიჩნევდა, რომ უდიდესი სიბრიყვე და აბსურდი იყო მეცნიერ ქალთა დისკრიმინაცია; რომ ადამიანის სქესს არავითარი კავშირი არ ჰქონდა მის მეცნიერულ შესაძლებლობებთან; რომ „ქალები და მეცნიერება“, როგორც იდეა და ცნება, სრული უაზრობა იყო, რადგან ქალი, ისევე, როგორც კაცი, ან არის კარგი მეცნიერი, ან არა; რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქალს უნდა მიეცეს შესაძლებლობების გამოვლენის უფლება, მისი ნაშრომ-ნაღვაწი კი უნდა შეაფასონ მეცნიერული თვალსაზრისით და საერთოდ არ უნდა მიაქციონ ყურადღება მის სქესს, თუმცა, სამწუხაროდ, სამეფო საზოგადოებამ სწორედ სქესის საფუძველზე დაიწუნა, რაკი ნაკლი ვერ უპოვა მის ღრმა მეცნიერულ ცოდნასა და ბრწყინვალე ექსპერიმენტებს. აირტონი იდგა იმ პიონერ ქალთა რიგებში, რომელთაც წარმატებით შეაღწიეს იმ სფეროში, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ: იგი აღმოჩნდა ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის ერთადერთი წევრი ქალი 3,300 კაცს შორის. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ქალთმოძულენი რომ არ აღიარებდნენ მის დამსახურებას და ეგონათ, რაკი ქალი იყო, ვერაფერს გახდებოდა და ვერ შესძლებდა წარმატების მწვერვალების დაპყრობას. ჰერთამ იცოდა და მსოფლიოს დაუმტკიცა კიდეც, რომ ქალს შეეძლო, გამხდარიყო დიდი მეცნიერი. მთელი მისი მოღვაწეობა და ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია.

ჰერთა აირტონი - ეს აგნოსტიკოსი, სოციალისტი და პროლეტარიატის გულანთებული ქომაგი ოცდაოთხი საათიდან თორმეტს სწირავდა სამეცნიერო მუშაობასა და კვლევა-ძიებას. როცა გარდაიცვალა, უკვე მიიჩნეოდა წამყვან მეცნიერად, ურყევ ავტორიტეტად და რამდენიმე დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლად. სიკვდილის დღემდე თავდაუზოგავად შრომობდა. უნდოდა, რაც შეიძლება, მეტი რამის აღმოჩენა და გამოგონება მოესწრო, რადგან კარგად იცოდა, დათვლილი იყო მისი დღეები.

სულაც არაა გასაკვირი, რომ მისის აირტონს ხშირად ადარებენ თავის ლიტერატურულ სეხნიას, ჰერთას - შვედი ფემინისტი მწერლის, ფრედერიკა ბრემერის, რომანის ამბიციურ და მიზანსწრაფულ გმირს. საოცრად ჰგავდა ამ პერსონაჟს: ყველა დასახულ მიზანს მიაღწია, გაწბილებული დატოვა მიზოგინები, აიხდინა ოცნებები და დაიპყრო წარმატების მწვერვალები. მისი უდიდესი სამეცნიერო მემკვიდრეობა დიდი მონაპოვარია სამყაროსთვის. აი, ასეთია მისი ცხოვრება, სიკვდილის შემდეგაც რომ გრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^