მგლის მიმართ ადამიანს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ, მგელი ადამიანთა მტერია, მეორე მხრივ კი, საკმაოდ ხშირად, სიმპათიასა და პატივისცემას იმსახურებს.
თავისთავად ცხადია, რომ ამ ცხოველის მიმართ ნეგატიური განწყობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადამიანმა საქონლის მოშენება დაიწყო. მაშინ, როდესაც ტყეში ყველაფერი რიგზე ვერ არის, მგელი უპირატესობას შინაურ საქონელს ანიჭებს პირუტყვი გაცილებით უფრო ნელა დარბის და თუ შესაბამისად არ არის დაცული, ადვილი მოსაპოვებელი ხდება.
მტაცებელი-მსხვერპლის ურთიერთობასთან დაკავშირებით ეკოლოგიაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც მტაცებელი მოიპოვებს იმას, რისთვისაც ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, შესაბამისად ასეთი მსხვერპლისგან გაცილებით მეტ სარგებელს იღებს: ერთი შეხედვით, კურდღელი უფრო ადვილი მოსაპოვებელი უნდა იყოს, ვიდრე ირემი; ირმის მოპოვების შემთხვევაში მგელი ხარჯავს მეტ ენერგიას, ვიდრე კურდღელზე ნადირობისას, მაგრამ ირმისაგან მიღებული ენერგეტიკული სარგებელი გაცილებით მეტია (მგელი სოციალური ცხოველია და ძალიან ხშირად იქცევა ისე, რომ მისი ქმედება სასარგებლოა მთლიანად სოციუმისათვის ან ჯგუფისათვის).
ამავე კანონში თავსდება მგლის მიერ შინაური ცხოველების მოპოვება, რადგან ისინი გაცილებით უფრო "ზანტები" არიან და გარეულ ცხოველებთან შედარებით თავდაცვისუნარიანობა ნაკლები აქვთ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი შინაური ცხოველი დაცულია, ვითარება იცვლება და იწყება რისკის შეფასება რამდენადაა ადვილი იმ პირუტყვის მოპოვება, რომელიც მგლისავე "მსგავსი" არსებებით ძაღლებით არის დაცული (ძაღლები დიდად არ განსხვავდებიან მგლებისგან. თუ ძაღლი ტყეში აღმოჩნდება, ძალიან მალე "მგელდება") ასეთ შემთხვევაში მგელი, რა თქმა უნდა, ისეთ ადგილას გაჩერებას არჩევს, სადაც მის ნაშიერებთან ერთად უფრო დაცული იქნება. მაგრამ თუ ბუნებაში ბალანსი იმდენად დარღვეულია, რომ ტყეში ჩლიქოსნების რაოდენობა კატასტროფულადაა შემცირებული, დაახლოებით ისე, როგორც დღეს საქართველოში, მგელი იძულებული ხდება დიდ რისკებზე წავიდეს ან შიმშილით სიკვდილი, ან ბრძოლა საკვების მოსაპოვებლად.
სწორედ ეს იწვევდა და დღესაც იწვევს მგლისადმი ადამიანების ანტაგონისტურ დამოკიდებულებას. დღევანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, იმ ადგილებში, სადაც ახლახან მოხდა მგლის ექსპანსია, ანუ მგელი დაბრუნდა, გაცილებით მძიმე სიტუაციაა, ვიდრე ადგილებში, სადაც მგელი ტრადიციულად იყო იქ, სადაც მესაქონლეობას მისდევენ.
მეცხვარეობას თუ ავიღებთ, ძაღლების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ მგლებისგან მათი დაცვაა. რამდენიმე წლის წინ მტაცებლისა და ადამიანის კონფლიქტის შესახებ გარკვეული კვლევა ჩავატარეთ და მკაფიოდ გამოჩნდა ვითარება დასავლეთ საქართველოში დიდ ძაღლს პრაქტიკულად ვერ ნახავთ, იქ ჰყავთ პატარა ფინიები, რომლებიც, გარკვეული გაგებით მგლებისათვის ერთგვარ "დესერტს" წარმოადგენენ. მოსახლეობას არ ესმის ან არ უნდა გაიგოს, რომ ტყეში გაშვებულ საქონელს დაცვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, რომ ის მტაცებლის, მათ შორის ორფეხა მგლების ლუკმადაც იქცეს და ეს ყველაფერი, როგორც წესი, მხოლოდ და მხოლოდ ოთხფეხა მგელს ბრალდება.
სწორედ ამ ორი ძირითადი მიზეზის გამო ესხმიან თავს მგლები პირუტყვს. საქართველოს მრავალ სოფელში არ იცავენ საქონელს. ამ მხრივ ზოგიერთ რეგიონში უცნაური მიდგომა აქვთ: იცავენ ცხვარს, მაგრამ არ იცავენ ცხენს. კი ბატონო, როცა კარგად შეკრულ რემასთან გვყავს, რომელსაც თავისი წინამძღოლი ულაყი იცავს, ის ნებისმიერი მტაცებლისთვის რთული ლუკმაა, მაგრამ ასეთი რემა საქართველოში საკმაოდ იშვიათია.
საინტერესო საკითხია, როგორ მოიპოვებს მგელი საკვებს ბუნებაში. არსებობს გავრცელებული აზრი, რომ "მგელი ბუნების სანიტარია". ეს ტერმინი კარგად არ გამოხატავს იმ ფუნქციას, რასაც მგელი ასრულებს. მგელი კი არ "ასუფთავებს", არამედ მაქსიმალურად ინარჩუნებს საკუთარი მსხვერპლის ჯანსაღ პოპულაციას. ზოგადადაც, თითოეული უმაღლესი მტაცებლის ევოლუციური როლი ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებაა. მდგრადი, კარგად ფუნქციონირებადი ეკოსისტემა უამრავი "ნაწილისგან" შედგება და მათი ურთიერთკავშირის შედეგადაა ჩამოყალიბებული. რომელიმე ამ "ნაწილის" ამოგლეჯით ძალიან მძიმე შედეგს ვიღებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ზედაპირზე არ ჩანს.
ასეთი სიტუაცია შეიქმნა საკმაოდ დიდი ხნის წინ 1979-1991 წლებში ლაგოდეხის ნაკრძალში, სადაც მგლის რიცხვის შემცირებასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა ირმების რაოდენობა. ეს მატება დროებითი იყო და შემდეგში მკვეთრადაც დაეცა. ბუნებრივია, რომ მგელი ირმის რაოდენობას ამცირებს, მაგრამ საინტერესოა, რატომაა ირმის პოპულაციისთვის მნიშვნელოვანი მგლის მიერ ბალანსის დარეგულირება და რატომ არის ცუდ მდგომარეობაში ცხოველთა ის სახეობები, რომლებიც მტაცებლის გარეშე იმყოფებიან.
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოვლენა, რომელიც ხშირად შეინიშნება არის ის, რომ მგლები ძირითადად სახიჩარ, დაზიანებულ, დაავადებულ, არაადეკვატური ქცევის ცხოველებზე ნადირობენ, ეს ცხოველები შემდეგში პოპულაციის გამრავლებაში ვეღარ მონაწილეობენ. სწორედ ასეთი ინდივიდებია ადვილი მოსაპოვებელი ნებისმიერი მტაცებლისთვის. როდესაც მგელი გამოდევნებით ნადირობს, პირველ რიგში, ის ცხოველი დაიღლება, რომელიც ყველაზე უფრო სუსტია. ამ თეორიას მრავლად ჰყავდა მოწინააღმდეგეები, რადგან არცთუ იშვიათად აღმოჩენილა, რომ მგლის მსხვერპლი ჯანსაღი ირემი, ლიდერი ალფა ხდებოდა. ზემოთ აღნიშნული თეორიის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი სწორედ ეს იყო. მსგავსი არგუმენტები ძირითადად საბჭოთა კავშირში ტრიალებდა და, სამწუხაროდ, დღესაც შემორჩენილია, თორემ მეცნიერებაში მტაცებლის აუცილებლობის არგუმენტირების საკითხი საერთოდ არ დგას. ეს თავისთავად მიღებული ფაქტი და ეკოლოგიური კანონზომიერებაა, თუმცა ნებისმიერ კანონზომიერებას სჭირდება გარკვეული ახსნა და დასაბუთება.
ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ ამბავს რომ დავუბრუნდეთ, იქ არსებულ ვითარებაზე ირმების სოციალური სტრუქტურის შესწავლამ გაგვცა პასუხი. დავიწყოთ იმით, რომ შემცირდა მგლების რაოდენობა და დაფიქსირდა ირმების რაოდენობის ზრდა. დასაწყისში ეს პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ უარყოფითი ტენდენციები დაფიქსირდა.
ირმების რაოდენობის მატებასთან ერთად, თვალშისაცემი იყო, რომ შემცირდა ნუკრების, ანუ ნაშიერების რაოდენობა. ნებისმიერი ჯანსაღი პოპულაციისთვის ძირითადი მაჩვენებელი შობადობა გახლავთ. ეკოლოგიაში ნაყოფიერება ცოტა უცნაურად გამოითვლება, ფორმულით მდედრი ნაშიერების რაოდენობა გაყოფილი მდედრების რაოდენობაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია სიკვდილიანობა; თუ შობადობა სიკვდილიანობას აღემატება, პოპულაცია იზრდება, მაგრამ ცხოველის ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ ფორმულით მიღებული ციფრი გვიჩვენებს პოპულაციის დინამიკას.
თუკი პოპულაციის ასაკობრივ სტრუქტურას დავაკვირდებით, ძალიან ბევრი რამ გახდება ნათელი. თუ არ არსებობს გარეშე ფაქტორები მტაცებლის ან ადამიანის მიერ ცხოველის მოპოვება - თითოეულ ცხოველს სიცოცხლის გარკვეული ხანგრძლივობა გააჩნია. ასეთ შემთხვევაში ირმის ცხოვრების ხანგრძლივობა შეიძლება 10, 14, 15 წელი იყოს. სწორედ ამ ასაკს უნდა მიაღწიოს ირემმა, რომ მოკვდეს.
ლაგოდეხის ნაკრძალში პარადოქსული ფაქტი მივიღეთ როგორც სიკვდილიანობა, ასევე შობადობაც დაბალ დონეზე იყო. ვნახოთ რა მოხდა:
ირემი სოციალური ცხოველია; გამრავლების მყვირალობის პერიოდში ხარ-ირემი გარშემო ფურების გარკვეულ რაოდენობას იკრებს. ხარი გამოსცემს ხმას, რომელსაც ორი დანიშნულება აქვს ერთი რომ მოწინააღმდეგეები დააფრთხოს და, მეორე, რომ ფურები მოიზიდოს. ამ ხმების ინტონაციაც კი ერთმანეთისგან განსხვავებულია.
როდესაც ხარი გარკვეულ ტერიტორიაზე შემოიკრებს ფურებს, თუკი ტერიტორია მცირე აღმოჩნდა, ის იძულებული ხდება ბრძოლა გაუმართოს მეზობელ ხარს, რომ წაართვას ფურები და თავისთავად ტერიტორიაც. დამარცხებული ან სხვას შეებრძოლება და ახალი ტერიტორიის მოპოვებას შეეცდება, ან იქვე დარჩება; თუკი ხარი ახალგაზრდაა, ის ჩუმად არის და აღარ ბღავის, იმიტომ რომ ბღავილი ალფა ხარისთვის ეს ბრძოლაში გამოწვევაა, რასაც შეტაკება უნდა მოჰყვეს. როდესაც ცხოველი ერთხელ იწვნევს მარცხს და მიხვდება, რომ ალფა მასზე გაცილებით ძლიერია, ამჯობინებს, რომ ჩუმად იყოს.
ეს გამარჯვებული ხარები გარშემო ზოგიერთ შემთხვევაში ფურების საკმაოდ დიდ, ხანდახან პარადოქსულ რაოდენობას იკრებდნენ, ყველას დაკმაყოფილების შესაძლებლობა კი არ ჰქონდათ. ხარს უქრებოდა სურვილი. ჰორმონების აღდგენაც ძნელად ხდება და შესაბამისად ვეღარ აკმაყოფილებდა ფურების დიდ რაოდენობას. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის გახლდათ, რომ ლაგოდეხის ნაკრძალის ირმებში შობადობა დაეცა. ეს ალფა ხარები მომდევნო წელსაც ანალოგიურად იქცეოდნენ. ასეთი ტენდენცია გრძელდება მანამ, სანამ მასზე ძლიერი ხარი არ გამოჩნდება ან ალფა არ დაბერდება.
ასაკში შესული ხარის რქების სიდიდე იზრდება და დაბერებული ხარ-ირემი ფიზიკურად გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ახალგაზრდა, თუმცა მისი ჰორმონალური მდგომარეობა გაცილებით უფრო ცუდია. ხარები პოპულაციის რეპროდუქციულად ფასეული ნაწილი გარკვეულ ასაკში არიან. ეს ასაკი ხშირად 3-დან 7-წლამდე პერიოდს მოიცავს. 7 წლის ზევით ხარის რეპროდუქციული თვისებები კლებულობს, თუმცა მისი ფიზიკური ძალა იზრდება. ამ ძალის შედეგად მყვირალობისას მას მრავალი ფურის მოკრება შეუძლია, თუმცა გამრავლების თვალსაზრისით არაფრის თავი აღარ აქვს.
მყვირალობის დროს მგლები ირმებზე არ ნადირობენ. ამ დროს ფიზიკურად ძლიერი ხარი ძალიან აგრესიულია და მტაცებლისთვის რისკი მატულობს. ამ პერიოდის განმავლობაში, იქნება ეს თვე, თვენახევარი თუ მეტი, მგელს ურჩევნია ადვილად მოპოვებადი ტიპის საკვებზე გადაერთოს (მღრღნელები, კურდღელი), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ირმებისგან შორს არ მიდიან, მათ გარშემო განლაგდებიან და მყვირალობის დასრულებას ელიან.
მყვირალობის შემდეგ ფურები და ხარები ერთმანეთს შორდებიან. თუმცა ფურებს ის ხარები მიჰყვებიან, რომლებიც ბრძოლაში დამარცხდნენ; ან ახალგაზრდა ხარები, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ ამ ბრძოლებში მონაწილეობა იმედი აქვთ, იქნებ ჯერ კიდევ რამე გამოუვიდეთ.
რაც შეეხება ფიზიკურად ყველაზე ძლიერ, ასაკოვან ხარს მყვირალობის დროს ის თითქმის არ იკვებებოდა, დიდ ენერგიას ხარჯავდა სექსუალური აქტივობის დროს და გამოფიტულია. ის ან იმავე ადგილას რჩება და არსად მიდის, ან პირიქით მაქსიმალურად შორდება მდედრებს. წარმოიდგინეთ დასუსტებული მარტო მყოფი ხარი, რომლის საკვები მასაც დიდია და მტაცებლისთვის ნამდვილ საჩუქარს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ მტაცებლები სწორედ ამ ხარს მოიპოვებენ. მის ადგილს ის ახალგაზრდა ხარები იკავებენ, რომლებიც ფურებს გაჰყვნენ და ეს სასარგებლოა ირმის პოპულაციისთვის. როდესაც მგელი ირემს ჭამს ირმისთვის ეს ტრაგედიაა, მაგრამ პოპულაციისთვის გაჯანსაღების ერთ-ერთი წყაროა.
მეორე პოზიტიური გავლენა, რასაც მგელი და ზოგადად მტაცებელი ახდენს მსხვერპლის პოპულაციაზე, ე.წ. ბალასტი ინდივიდების მოშორებაა. რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება, რომ მგელი ფურზე და ნუკრზე არ ნადირობს, მაგრამ სტატისტიკურად თუ გადავხედავთ, მგლები გაცილებით დიდი რაოდენობით სუსტ ინდივიდებს მოიპოვებენ და უადვილდებათ კიდეც მათზე ნადირობა.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი მშობიარობა. ამ დროს ირმები ყველაზე ნაკლებად არიან დაცულნი და მაქსიმალურად ცდილობენ თავდაცვისთვის ერთად ყოფნის ფაქტორის გამოყენებას. ირმებს ძალიან კარგი სმენა და ყნოსვა აქვთ, შესაბამისად, ჯგუფურად უფრო მეტი შანსი აქვთ გაცილებით ადრე აღმოაჩინონ მტაცებლის მოახლოება გაქცევის დისტანცია, ვიდრე ინდივიდუალურად.
გაქცევის დისტანცია ეს არის მანძილი მტაცებლიდან მსხვერპლამდე, ანუ რა მანძილზეც მსხვერპლი უშვებს, რომ მტაცებელი მიუახლოვდეს. ამის შემდეგ ის გარბის, ეს თვისება ყველა ცხოველს ახასიათებს. ასეთ შემთხვევაში ფურების, მით უმეტეს, ნუკრიანი ფურების გაქცევის დისტანცია გაცილებით დიდია, ვიდრე ხარების. საკმაოდ ხშირად ხარ-ირემი თავდაცვას მტაცებელთა ბრძოლითაც კი ცდილობს.
მგლებისათვის ეს ხელსაყრელია, რადგან ინდივიდუალურად იშვიათად ნადირობენ, ხოლო ჯგუფურად ნადირობისას, ეს კარგი მონადირეები ფუნქციებს ინაწილებენ. საინტერესოა ეს პროცესიც, იმიტომ რომ ამ მტაცებლებს ყოველთვის ის მგელი გამოჰყავთ წინა პლანზე, რომელსაც ამა თუ იმ საქმის გაკეთება კარგად შეუძლია. შთაბეჭდილება რჩება, რომ ნადირობის დროს სწორედ ალფაა ის მგელი, რომელსაც ყველაფერი ეხერხება და გარდა ამისა, კარგი სტრატეგიცაა. ნადირობისას მას შეუძლია, რომ რანგით უფრო დაბლა მდგომი მგლები სხვადასხვა მიმართულებით გაუშვას.
ახლა რაც შეეხება მგლებისადმი ადამიანის პოზიტიურ დამოკიდებულებას. ადამიანს მგელთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სწორედ აქედან მოდის ძაღლიც. ხშირ შემთხვევაში "მგელი" დადებითი ეპითეტია ფიზიკურად ძალიან ძლიერი ცხოველია, დიდ ტერიტორიაზე გადაადგილდება, გონიერია და მაღალი ინტელექტი აქვს. ზოგ შემთხვევაში ამერიკელი ინდიელების ზოგიერთი ტომი, რომლებიც ამ ცხოველს კარგად იცნობდნენ, მგლებზე საერთოდ არ ნადირობდა. მგელი მათი ერთ-ერთი ტოტემიც იყო. ალბათ ისიც ესმოდათ, რომ ბუნებაში მგლის არსებობა მათთვის საკვების უწყვეტობას უზრუნველყოფდა.
საკმაოდ ხშირად მგლების მიმართ ადამიანის სიმპათიას ამ ცხოველის მონოგამობა იწვევს. ამ მტაცებელს საინტერესო სოციალური სტრუქტურა აქვს და ცხოვრობს ოჯახებად ხვადი მგელი მეუღლესთან, 1 წლის და უფრო პატარა შვილებთან ერთად. ეს ჯგუფი ძალიან ჰგავს პატრიარქალურ სტრუქტურას. 1-წლიანი ლეკვები გარკვეული დროის განმავლობაში ტოვებენ ოჯახს, ამას ევოლუციური დატვირთვა აქვს არ უნდა მოხდეს ახლონათესაური შეჯვარება. ასეთი შეჯვარების შემთხვევაში ძალიან მცირდება ნაყოფის ორგანიზმის რეზისტენტულობა.
რაც შეეხება მგლების მონოგამობას, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად, როცა ზოოპარკის სტუმრები ამის შესახებ იგებენ, ეს ამბავი მგლებისადმი დიდ პატივისცემას აჩენს, ალბათ იმიტომაც, რომ, რეალურად რთულია ადამიანს მონოგამი უწოდო.
ჟურნალ "ლიბერალისა" და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი