Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკოლოზ ბარათაშვილის პროექტი - ალიბი საქართველოსთვის

05 სექტემბერი 2018

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაში - „ბედი ქართლისა“ ერთი შეხედვით ისტორიული მოვლენაა აღწერილი. ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე, სინამდვილეში, „ბედი ქართლისა“ ნიკოლოზ ბარათაშვილის პროექტია, პროექტი, სადაც ისტორია იმგვარადაა წარმოდგენილი, როგორც ეს ბარათაშვილს სურდა, ეჩვენებინა.

ცნობილია, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ერეკლე მეორე ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებდა, მისი მრჩეველი, სოლომონ ლიონიძე მის გვერდით არ იმყოფებოდა. პოემაში აღწერილი დიალოგი ერეკლესა და სოლომონს შორს ისტორიულად არ დასტურდება. დღევანდელი გადასახედიდან სასაცილოა, რომ როდესაც ბარათაშვილმა პოემა მეგობრებს გააცნო, ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი თქვა, ტატომ ალბათ არ იცის, რომ იმ დროს სოლომონ ლიონიძე ერეკლეს გვერდით არ ყოფილაო.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

რა თქმა უნდა, ეს შეცდომაა. ნიკოლოზ ბარათაშვილმა შესანიშნავად იცოდა ისტორია, მით უმეტეს, ერეკლესთან დაკავშირებული ცნობები. ბოლოს და ბოლოს ის ხომ მეფის პირდაპირი შთამომავალი იყო. პოეტმა სპეციალურად შეიტანა კორექტივები ამ ისტორიულ ამბავში და საკუთარ პოემაში სოლომონ ლიონიძე საგანგებო ფუნქციის შესასრულებლად შეიყვანა.

ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ სოლომონ ლიონიძე ასრულებს ამ ფუნქციას. ჯერ ერთი, ცნობილია, რომ ის ბრძენი კაცი იყო, მეორეც, ნიკოლოზ ბარათაშვილს მისი სახელიც მოსწონს - ბარათაშვილი ქართველი ევროპეისტია და მისი ევროპეიზმი მთლიანად განსაზღვრა მისმა მასწავლებელმა, ქართველმა მთარგმნელმა, პირველმა დიდმა ქართველმა ევროპეისტმა, ფილოსოფოსმა - სოლომონ დოდაშვილმა. ბარათაშვილმა სწორედ სოლომონ დოდაშვილისა და სოლომონ ლიონიძის სახეები შერწყმა მოახდინა და შეიყვანა პოემაში, რათა მეფესთან საუბრისას, სოლომონს უმთავრესი არგუმენტი ჰქონოდა!

რატომ შევურჩიე ამ სტატიას ასეთი სათაური - „ალიბი საქართველოსთვის“?! საქმე ისაა, რომ ერეკლე მეორემ ისე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან შეერთების შესახებ, რომ ამის შესახებ საქართველოში მსჯელობა პრაქტიკულად არ ყოფილა. მეფემ უბრალოდ გამოუცხადა თავადებს ეს გადაწყვეტილება. სხვათა შორის, მათ ეს გადაწყვეტილება არ მოეწონათ, იყო დრტვინვა და შეიძლება კბილების ღრჭიალიც, მაგრამ გადაწყვეტილება გადაწყვეტილება იყო და ერეკლემ ის ერთპიროვნულად მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ როცა ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ პოემას წერს, საქართველო დამონებული და უსასრულოდ დაშორებულია თავის მთავარ მიზანს - დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ჩავარდა შეთქმულება, დამარცხებულია ქართული იდეა და გამარჯვებულია მეფის რუსეთის ყველაზე აგრესიული, ყველაზე უფრო ცუდი მხარე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქართულად ლაპარაკს კრძალავენ, საქართველოში არ არის ქართული სკოლა, არ არსებობს უმაღლესი, არ გამოდის ჟურნალ-გაზეთები, არ არსებობს თეატრი, ოპერა, ბიბლიოთეკები და ა.შ. ამ ვითარებაშიც კი, ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის პოემაში საქართველოს უქმნის მომავლის განცდას, რომ ერეკლეს თავისუფლება უბრალოდ არ ჩაუბარებია და გადაწყვეტილება მსჯელობისა და არგუმენტების განხილვის შემდეგ მიიღო.

მსჯელობა ასეთია - მეფე ირაკლის აქვს მრავალი არგუმენტი, სოლომონ ლიონიძეს კი - ერთადერთი! ამ მრავალი არგუმენტით მეფე ირაკლი უპირისპირდება სოლომონ ლიონიძის, იგივე სოლომონ დოდაშვილის, იგივე ნიკოლოზ ბარათაშვილს, იგივე მომავლის საქართველოს ერთადერთ არგუმენტს - თავისუფლებას! ეს ის ერთადერთი არგუმენტია, რითაც სოლომონ ლიონიძე მეფეს ესაუბრება.

ამის საპირისპიროდ, ერეკლე საუბრობს კეთილდღეობაზე, მშვიდობაზე, ერთმორწმუნეობაზე და ა.შ. მისი არგუმენტების გამართლების გარკვეული ნიშნები უკვე არსებობს მაშინ, როცა ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ პოემას წერს.

მეფე ერეკლეს არგუმენტები არ არის მცდარი. დიახ, რუსეთთან შეერთებას შეუძლია მოიტანოს კეთილდღეობა, გრძნობა იმისა, რომ ერთმორწმუნეობამ მეგობარი გვაპოვნინა და ამ ყველაფერმა შეიძლება მშვიდობაც მოგვიტანოს, თუმცა...

მოდი, გავიხსენოთ, რომ შესანიშნავი ბერძენი პოეტის, არქილოქოს პაროსელის ლექსი, რომლის ერთი პატარა ფრაგმენტია გადარჩენილი, სახელად - „მელია და ზღარბი“. ამ ფრაგმენტში ახსნილია, რომ მელიას არაერთი ხერხი და სტრატეგია აქვს, ზღარბს კი მხოლოდ ერთი. მიუხედავად ამისა, მელია, რომელიც ზღარბზე გაცილებით უფრო დიდი ცხოველია, ვერ ერევა ზღარბს, რადგან ზღარბს აქვს ერთი არგუმენტი!

ამასთან დაკავშირებით, მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა ავტორმა, ისაია ბერლინმა დაწერა შესანიშნავი ესეი, რომელსაც ასევე „მელია და ზღარბი“ ჰქვია. ამ ესეიში ახსნილია, რომ ადამიანები ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც მელია და ზღარბი. არსებობენ მელია ადამიანები, რომელთაც უამრავი სტრატეგია აქვთ და სხვადასხვა კუთხით შეიძლება მიუდგნენ საკითხს, ხოლო ზღარბ ადამიანებს მხოლოდ ერთი იდეა აქვთ. კაცობრიობის ისტორიაში უამრავი, შინაგანად „ზღარბი“ გენიოსი არსებობს, რომლებიც, როგორც წესი, ერთი, აკვიატებული იდეის „ზღარბები“ არიან.

ბუნებრივია, ბარათაშვილს ისაიას წიგნები არ წაუკითხავს და არც არქილოქოსის იმ პასაჟის შესახებ იცოდა რამე, მაგრამ მან ზუსტად ასეთი ტიპის დაპირისპირება აჩვენა - მრავალი სტრატეგია და არგუმენტი, რომელსაც ამბობს მეფე ერეკლე და ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც მას სოლომონ ლიონიძე უპირისპირებს.

რუსეთთან შეერთების კეთილდღეობაზე საუბრისას, ერეკლეს საკმაოდ სერიოზული არგუმენტი მოჰყავს:

„აწ განთქმულია რუსთა სახელი,
ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი,
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი, სარწმუნოება,
მას მსურს, რომ მივცე მემკვიდრეობა,

და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!“

ამ არგუმენტს სოლომონ ლიონიძე უპირისპირდება ერთადერთი, ყველაზე ძლიერი არგუმენტით:

„რასა მიბრძანებ, ჰკადრა მან მეფეს,
ბატონო, ღმერთი გადღეგრძელებდეს.
ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა,
ეზდენ შენზედა მსასოებელთა!
ჯერ სამაგისო რა გვემართება,
რომ განვისყიდოთ თავისუფლება?“

სოლომონ ლიონიძის აზრით, თავისუფლების გაცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საგულისხმოა, რომ ამ მომენტში თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებას ლიონიძე ჯონ ლოკისეული ღირებულებათა ოთხეულის (სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება და ლტოლვა ბედნიერებისკენ) კიდევ ერთი ღირებულებით - ბედნიერებით ამყარებს.

ლიონიძის პირით ბარათაშვილი საქართველოს მომავალი ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობის ფორმულას აყალიბებს და საერთაშორისო ურთიერთობაში სარწმუნოებაზე მაღლა ერის თვისებას აყენებს:

„იცი, მეფეო, რომე ივერნი
იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?
სახელმწიფოსა სჯულის ერთობა
არარას არგებს, ოდეს თვისება
ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს“.

არგუმენტი სრულიად გასაგებია - არაფერი გვჭირს საიმისო რომ ჩვენი მთავარი ღირებულება, თავისუფლება გავცეთ და მით უმეტეს, თუკი ასე მოვიქცევით, დავკარგავთ ბედნიერების ყველანაირ შანსს - ბედნიერება არ არსებობს თავისუფლების გარეშე.

ერეკლე მეფე ახალ არგუმენტს ამზადებს. მას არსენალში სხვა, არანაკლებ ღირებული, მძიმე არგუმენტები აქვს, რომელთაგან ათას ჭირგამოვლილი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წონიანი - მშვიდობაა:

„ახლა კი დროა, სოლომონ, რომა
მშვიდობა ნახოს საქართველომა“.

სოლომონზე ეს არ მოქმედებს:

„განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება“.

ხომ ხვდებით, ბედნიერება თავისუფლების დაკარგვასთან ერთად ქრება და ამავე დროს, ქართველებს არაფრად მიაჩნიათ უბედურება, თუკი თავისუფალნი არიან. თავისუფლება უბედურებას გამორიცხავს, მონობა კი ბედნიერებას, თავისუფლება ამოსავალი წერტილია...

მეფისა და მსაჯულის კამათი ამით სრულდება. თუმცა, სოლომონს არ ასვენებს ფიქრი და სწორედ ამ ფიქრში გაუბედავს მეფეს შეკითხვას:

„მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება
სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა გულისკვეთებას
და უთრგუნვიდე თავისუფლებას?“ 

რა თქმა უნდა, მეფეს ამას პირდაპირ ვერ ეტყოდა, მაგრამ ეს კითხვა ხომ ჩვენც გვაქვს ერეკლესთან? ვინ მისცა ჩვენი თავისუფლების ჩაბარების უფლება? საერთოდ აქვს კი ვინმეს ასეთი ლეგიტიმაცია? ვის ხელში იყო თავისუფლება - ხალხის თუ ერეკლეს ხელში? ამ კითხვაზე ბარათაშვილს აქვს პასუხი, მას მიაჩნია, რომ ერეკლეს ამის უფლება არ ჰქონდა და დიდი პატივისცემის, „საფლავი მეფის ირაკლისას“ მიუხედავად, ერეკლეს მხრიდან ეს იყო უზურპაცია!

აქედან გამომდინარე, საქართველოს რუსეთთან მიერთება არ იყო სწორი, შესაბამისად, საქართველო არც დარჩება რუსეთთან. აი, ესაა ამ პოემის მთავარი აზრი. ის არ არის წარსულზე. ბარათაშვილმა თქვა ის, რასაც შემდეგში გაიმეორებს ილია - „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი“... ეს ბარათაშვილის ფიქრია. და რადგანაც საქართველო არასწორი არგუმენტების საფუძველზე, თავისუფლების დათმობით მიუერთდა რუსეთს, როგორც კი ისტორიული სიმართლე აღდგება, საქართველო აუცილებლად ჩამოსცილდება ამ კონგლომერატს - რუსეთის იმპერიას.

სწორედ ეს იდეა განავითარა ბარათაშვილმა და იმაშიც ჩანს მისი გენიოსობა, რომ სახლში მისული მსაჯული ერეკლეს გადაწყვეტილებას ისე აცნობს მეუღლეს, თითქოს ეთანხმება მეფის პოზიციას. სოლომონ ლიონიძე სწორედ ერეკლეს არგუმენტებით ესაუბრება მეუღლეს და ხატავს რუსეთთან შეერთების სიკეთეებს: პეტრეს ქალაქს, კეთილ მეფე-დედოფალს, განცხრომას, „ფუფვნეულობას“, სიმდიდრეს, ბანოვანთა გულის გასართობ სიამეებს.

მიუხედავად ამისა, სოფიო, (რომელსაც ეს სახელი შემთხვევით სულაც არ ჰქვია - სოფიო ბერძნული სიტყვაა და სიბრძნეს ნიშნავს) სოლომონის სიტყვების ნაცვლად, მის ფიქრებთან მოვა რეზონანასში. სოფიოც ერთადერთ, მთავარ არგუმენტს ეყრდნობა, არგუმენტს, რომელსაც ვერ შეეკამათები:

„უწინამც დღე კი დამელევა მე!
უცხოობაში რაა სიამე,
სადაცა ვერვის იკარებს სული
და არს უთვისო, დაობლებული?
რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული?
და ველად იგი, ამხანაგთ შორის,
ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება?“

ჩემი ნება რომ იყოს, ამ ფრაზას - „ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება, თუ მოაკლდება თავისუფლება?“ დიდი ასოებით დავაწერდი ყველა სახლსა და ქუჩას საქართველოში, ყველა პარტიას ვაიძულებდი, ეს იყოს მათი მთავარი საფიცარი! 

ქართულ სინამდვილეში არასდროს ჰქონია თავისუფლებას ისეთი ჟღერადობა და მნიშვნელობა, როგორც ბარათაშვილის დროს. თვით 1832 წლის შეთქმულებაც კი არ იყო ასე ორიენტირებული ამ უმაღლეს ღირებულებაზე! ბარათაშვილის პოეზიაში ათი ათასჯერ მეტი ძალა იყო ჩაბუდებული, ვიდრე ამის აღქმა მის საზოგადოებას შეეძლო. ამას გრძნობდა მისი მთავარი მოსწავლე და გამგრძელებელი, მეოცე საუკუნის მთავარი პოეტი, ბეჯით მოწაფესავით საკუთარი ხელით რომ დააწერა სასკოლო რვეულის ყდას - „რომანტიკოსთა სკოლის პირველი კლასის მოსწავლე გალაკტიონ ტაბიძე“.

„საუბარში ლირიკის შესახებ“, გალაკტიონი წერდა:

„რომ თვით ჯალათებს,

გადაქცეულს სმენად და ჭვრეტად,

მცოდნეთ: რა ძალა,

რა სიმტკიცე ჰღვივის გზნებისთვის,

შიშის ზარს სცემდა პოეზია უფრორე მეტად,

ვინემ ფერმკრთალი შეთქმულება აჯანყებისთვის.

როგორ მიჰქროდა ის მერანი ფაფარგაშლილი,

რომ გადელახა დღენი ბნელნი, გზანი, ყორენი,

იკაწრებოდა ხალხის ბედით ბარათაშვილი,

იმ ხალხის, რომელს თვალბედითი სდევდა ყორანი“.

წარმოიდგინეთ, რა უიმედობისგან, რა უმწეობისგან, რა უსასობისგან მიჰქროდა გიჟური ლტოლვით ბარათაშვილის მერანი! ის გაურბოდა იმ სამყაროს, სადაც სიყვარული ჩამქრალ ლამპარს ვერ ანთებს, სადაც სევდისა და წყვდიადის ჯოჯოხეთში, ნუგეშის კარი სამუდამოდ დაკეტილია! ამ უდაბნოდან მიჰქრის ბარათაშვილის მერანი და გარბის იმ შორეული დასავლეთისკენ, სადაც სიყვარულს ტაძრის აგება შეუძლია, სადაც მარადიული ლამპარი ანთია, ნუგეშის კარი ღიაა და თავისუფალი ადამიანი თავს ობლად, მწირად და მიუსაფრად არ გრძნობს!

ბარათაშვილის მხედარი, უფრო სწორად კი, განწირული მხედრების მთელი წყება თავისუფალ სამყაროში გარბის. ჩვენს გენიოსს ასეთ სამყაროდ ევროპა წარმოედგინა. ჩვენმა დროებამ დაადასტურა, რომ მერნის სულისკვეთება, ბარათაშვილის პოეზიის გზა, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს გზა აღმოჩნდა. სწორედ ამიტომაა იგი ჩვენი მთავარი ევროპელი, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მისი პოემა!

ბარათაშვილი ჩაწვდა, რომ ჩვენი კავშირი რუსეთთან მარადიული არ იქნებოდა და მისი პოეზიის მთელი ძალა იმისკენ მიმართა, „ბედი ქართლისაში“ წარსული კი არა, მომავალი ამოგვეკითხა, რომ აუცილებლად მოგვეპოვებინა თავისუფლება!

საინტერესოა, რომ „ბედი ქართლისას“ ფურცლებზე პოეტმა თავისი გვარის ჰერალდიკაც გააცოცხლა, სადაც, კრწანისის ბრძოლის აღწერისას, პოემის ერთ-ერთ ვარიანტში, რომელიც ახლა კლასიკურ ვერსიაში აღარ შედის, ასე აღწერდა თავისი წინაპრების გმირულ ღვაწლს:

„ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი

და მტკვარსა შერთეს სისხლისა ღვარნი,

ორნი იბრძვიან გამწარებულნი,

ორნი ომებში გაქეზებული,

სომხითის გმირნი ყაფლანიშვილნი

და მათ მომარცხნედ ბარათაშვილნი

განუმტკიცებენ მკლავთა ქართველთა“.

საერთო ჯამში, ისე მოხდა, რომ XVI-XVII საუკუნეებში მცირე სახელმწიფოებად დაშლილი საქართველო, XVIII საუკუნეში გზაგასაყარზე აღმოჩნდა. ისტორიამ მას ევროპასა და აზიას შორის მოსთხოვა არჩევნის გაკეთება. სულხან-საბა ორბელიანის წარუმატებელი, დასავლეთ ევროპული ინიციატივის შემდეგ, ქართველ მეფეებს გაუჩნდათ ახალი არჩევანი, ერთი მხრივ, მუსლიმური სპარსეთი და ოსმალეთი, მეორე მხრივ კი, ერთმორწმუნე რუსეთი. ერეკლემ არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა. მაგ დროს რუსეთი მისთვის ევროპა იყო. მაგრამ ევროპა ყოველთვის დასავლეთია, ჩრდილოეთში ევროპა არ ყოფილა! ეს შეცდომა იყო, შეცდომა, რომლის შედეგადაც „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ რუსეთს არა მხოლოდ ქართლ-კახეთის, არამედ მთელი საქართველოს ანექსიისკენ გაუხსნა გზა.

არავინ იცის, საიდან მოუფიქრა ტატომ საქართველოს ალიბი. ეს განსაკუთრებით საკვირველია მისი გარემოცვის ფონზე: მამა, რომელიც რუსეთის იმპერიის სამსახურში იდგა; ბიძა, რომელიც ასევე რუსეთის იმპერიას ემსახურებოდა; საყვარელი ქალის მამა, რომელიც აჯანყებაში მონაწილეობის შემდეგ, რუსეთიდან პოლკოვნიკის ეპოლეტებითა და ასი ათასი რუბლით დაბრუნდა. ეს ის ხალხია, რომელიც მომავალში ილია ჭავჭავაძეს დაუპირისპირდებიან, მამათა და შვილთა ომში რუსულ ხაზს გაატარებენ. აი, ამ ხალხის გარემოცვაში, ნიკოლოზ ბარათაშვილმა მოახერხა და საკუთარ სამშობლოს გზა უპოვნა ევროპისკენ!

დასასრულ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ იმდენად დიდია ნიკოლოზ ბარათაშვილის, როგორც მოაზროვნის დამსახურება, პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილსაც კი გაეჯიბრებოდა, ეს უკანასკნელი განსაკუთრებული გენიის პატრონი რომ არ ყოფილიყო.

ასე რომ, ჩვენ წინაშე ერთდროულად დგას გენიალური მოაზროვნე და გენიალური პოეტი - ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჩვენი მთავარი ევროპული არგუმენტი, ჩვენი მთავარი სიტყვა, ნიშნად, საბუთად და რწმენად იმისა, რომ მიველტვით ევროპას, რადგან ვიცნობთ და ვიზიარებთ ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ მრავალგზის დაცულ მთავარ ღირებულებას - თავისუფლებას! 

პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^