„ლიბერალი“ გთავაზობთ 25 წლის გოგოს ისტორიას, რომელიც უკვე 10 წელია ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ცხოვრობს. 15 წლის იყო, როდესაც უცნობისგან მიღებულ მესიჯს უპასუხა და მას შემდეგ ამ კაცის მუქარის, შანტაჟისა და ადევნების მსხვერპლია. დაქორწინებაზე, მასთან კომუნიკაციაზე უარის გამო მისი და ოჯახის სხვა წევრების დახოცვის მუქარებს დღემდე ისმენს.
მან იცის მისი ყველა ახლობლის ნომერი და ყველაფერი მის შესახებ. მიუხედავად არაერთხელ შეცვლილი ნომრებისა, ის ყოველთვის ახერხებს, გაიგოს ახალი. თუ პასუხს არ გასცემს, ურეკავს ყველა მის ნაცნობს, Facebook-ზე შექმნილი ყალბი ექაუნთებით უვრცელებს ჭორებს და ლახავს მის ღირსებას.
ხვდებოდა სადარბაზოსთან, სასწავლებელში, ქუჩაში, სამსახურში. ამგვარი ზეწოლის პირობებში ახალგაზრდა ქალმა მიატოვა სამსახური, სასწავლებელი. რამდენიმე თვეა, რაც საზღვარგარეთ წავიდა, რადგან ყოველდღიურ შიშში ცხოვრება უკვე აღარ შეეძლო. უცხო ქვეყანაში წასვლა გამოსავალი არ აღმოჩნდა, რადგან მოძალადისგან ოჯახის წევრებზე მუქარა, მის მიმართ შანტაჟი და შეურაცხყოფა არ შეწყვეტილა.
ოჯახმა 2 თვის წინ პოლიციას მიმართა, თუმცა ამ დრომდე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს რეაგირება არ მოუხდენია. შსს-ს ოფიციალური პასუხით, აღნიშნული პირი ჯერ არც გამოუკითხავთ.
მის ისტორიას უცვლელად გთავაზობთ. ამ ეტაპზე მან ანონიმურად დარჩენა არჩია.
***
დაახლოებით 10 წელი იქნება გასული. 15-16 წლის ვიყავი. ვიღაცისგან მომივიდა მესიჯი. მაშინ ასე ხდებოდა, ტელეფონით იცნობდნენ ადამიანები ერთმანეთს. როგორც ხდება ხოლმე, ავყევი ამ ადამიანს, ვემესიჯებოდი. ერთ დღესაც მოხდა ისე, რომ ანგარიშზე არ მქონდა, რომ მეპასუხა და ბებიაჩემის ტელეფონით მივწერე. მას შემდეგ რაც იგრძნო, რომ არ მინდოდა ამ ადამიანთან ურთიერთობა, მისგან წამოვიდა მუქარები, თუ მე არ ვუპასუხებდი, მაშინ ბებიაჩემთან რეკავდა. მე მაშინ ასაკით პატარა ვიყავი და, რა თქმა უნდა, ჩემს პირად ურთიერთობებს ვმალავდი, ოჯახის წევრებს არ ვეუბნებოდი. ერთხელაც სკოლიდან წავედი ექსკურსიაზე, ორდღიანი გასვლა იყო. როცა დავბრუნდი, ბებიაჩემმა მომიყვა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ზარები, მუქარები არ გაჩერებულა, რადგან მე ტელეფონზე არ ვპასუხობდი. როგორ თუ არ მპასუხობსო. რა თქმა უნდა, მეც მეჩხუბებოდა, მიპასუხე, თორემ აქ დავრეკავ, იქ დავრეკავ და ა.შ. მაშინებდა. მაშინ მხოლოდ ბებიაჩემის ნომერი იცოდა. მერე სხვისი ტელეფონის ნომრებიც გაიგო.
ამ შანტაჟში 2-3 წელი გავიდა და მე თბილისში წამოვედი. რომ შევხვდი, იქნებ ასე მაინც გავაგებინო, თავი დამანებოს-მეთქი, ტელეფონი ამომაცალა ჯიბიდან. აქედან ყველას ნომერი გაიგო.
მემუქრებოდა და ვერ ვამბობდი, რადგან მეშინოდა ჩემი ოჯახის. არ ვიცოდი, რას იტყოდნენ. რაც დრო გადიოდა, მდგომარეობა მწვავდებოდა. ვერ ვამბობდი, რადგან ოჯახთან ერთად საზოგადოების აზრისაც მეშინოდა, ახლობლების, მეგობრების და ა.შ. სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, რაც ხდებოდა.
უნდოდა, რომ მისი შეყვარებული ვყოფილიყავი, ცოლად გავყოლოდი. დღემდე მემუქრება, რომ ვერავისთან ვიქნები, ოჯახს ვერ შევქმნი და თუ ეს მაინც მოხდა, არ გამახარებს.
ჩაბარებისა და თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მისგან ზეწოლა და მუქარა გრძელდებოდა. რამდენჯერაც ვცადე მასთან კონტაქტის შეწყვეტა, ხან ვინ მირეკავდა და ხან ვინ. თურმე ჩემ შესახებ საშინელ შეტყობინებებს აგზავნიდა, ჩემს ნაცნობებთან რეკავდა, ყველასთან, ვისი ტელეფონის ნომერიც იმ მოპარულ ტელეფონში იყო.
მემუქრებოდა, რომ მომკლავდა. ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა. იცოდა, რომ ყველაზე მტკივნეული ჩემს უმცროსს ძმაზე დამუქრება იქნებოდა. მემუქრებოდა, რომ მასაც მოკლავდა, თუ ურთიერთობას არ გავაგრძელებდი, თუ არ დაველაპარაკებოდი.
ეს ისტორია არავისთვის მითქვამს. ერთხელ, მორიგი შანტაჟისა და მუქარების შემდეგ ისევ შევხვდი. უნდოდა ჩემთვის ისევ წაერთმია ტელეფონი, რადგან ჩემმა ოჯახის წევრებმა რამდენჯერმე გამოცვალეს ნომრები და ისევ უნდოდა მათი გაგება. ტელეფონი ჩანთაში ჩავდე, გადავმალესავით. დაიწყო ჩემზე ძალადობა, ამით ვიღაც კაცის ყურადღება მიიქცია. ამ კაცმა ჰკითხა, რატომ იქცეოდა ასე. ამის გამო ატყდა ჩხუბი - შენ ვინ გეკითხებაო. ეს კაცო მიხვდა, რა მდგომარეობაშიც ვიყავი. იქვე მოიყვანა მანქანა, კარი გააღო და მანიშნა, რომ ჩავმჯდარიყავი. ძალიან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მექნა. ესეც მიხვდა და მითხრა, რომ არ გაბედო წასვლა, თორემ არ გაცოცხლებო. მოვიკრიბე ძალა და გავიქეცი. ასეთი იმდენი შემთხვევაა, უკვე აღარც კი მახსენდება.
უნივერსიტეტში პირველივე დღეს დამადგა თავს, არ ვიცი, საიდან გაიგო, მაგრამ იმდენ ვინმეს ეკონტაქტებოდა ჩემ ირგვლივ, სავარაუდოდ, ვინმესგან გაიგო. პირველი დღე იყო, ცხრილი იყო გამოკრული, ამ ცხრილს ვიწერდი. მოვიხედე უკან და ეს ტიპი იდგა. ეს იყო გორის უნივერსიტეტი, რომლის ფილიალი თბილისში იყო. პირველ დღეს აუცილებლად უნდა წავსულიყავი გორში. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ვიღაც ტიპებთან ერთად იყო ჩამოსული. პანიკაში ჩავვარდი. დაცვის დახმარებით გამომაპარეს იქედან.
აქამდე არ მიფიქრია პოლიციისთვის მიმართვა და ავხსნი რატომაც. თავიდან არ მინდოდა, რომ გახმაურებულიყო ეს ამბავი, არ მქონდა იმის იმედი, რომ ჩემი პირადი ინფორმაცია დაცული იქნებოდა; რომ არავინ არ გაიგებდა ამას. მეორე ის, რომ არც ამ საქმის მოგვარების იმედი მქონდა და მეშინოდა, უფრო არ გამწვავებულიყო სიტუაცია. ახლაც ვხვდები, რომ სრულიად საფუძვლიანად არ მქონდა ამის იმედი. რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დედაჩემმა განხცადება დაწერა პოლიციაში და არაფერი არ მოგვარებულა. გამომძიებელსაც მივწერე. ვუთხარი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში თავს იმიტომ ვიტანჯავდი, მაგათი იმედი რომ არ მქონდა. ახლა ორი თვე გავიდა და არანაირი რეაგირება არ მოყოლია. პირიქით, ჩემი მდგომარეობა გამწვავდა. ჩემი სახელით ფეისბუქზე შექმნილია ექაუნთი, სადაც ის ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, უბრალოდ ნაცნობებს ყველას წერს და ყველანაირ ინფორმაციას იგებს ჩემზე თუ სხვაზე.
ჩემს მეგობარსაც მიწერა ჩემი სახელით, მისი ტელეფონის ნომერი გაიგო და მას შემდეგ არ მოეშვა. მისგან გაიგო, რომ საზღვარგარეთ ვარ წასული, მერე კონკრეტული ადგილიც გაიგო.
ჩემი სახელით facebook-ზე წერს, რომ თურმე კახეთის სექსიმბოლო ვარ, ბოზი ვარ, გარყვნილი შინაარსის ტექსტებს სტატუსად წერს, სხვებთან აგზავნის. მაგინებს და შეურაცხყოფას მაყენებს მეც, ჩემს მეგობრებს, ჩემი ოჯახის წევრებს. ჩემს ნაცნობებს წერს, რომ თითქოს მათთან სექსუალური კავშირი მინდა დავამყარო.
ბოლოს ის ვიცი, ჩემს თანამშრომელს რომ მიწერა. შესთავაზა ჩემი სახელით სექსუალური კავშირი, ეს რაც მე გავიგე... თორემ ისე რამდენს წერს, ვინ იცის. დარეპორტებას რა აზრი აქვს? ეგ რომ გაუქმდეს, სხვას შექმნის. თავიდან ამ კომენტარების გამო ძალიან ვნერვიულობდი, ვცდილობდი ხალხთან თავი გამემართლებინა, რომ მე ეს არ ვარ, რომ ვიღაც წერს ჩემ ნაცვლად. ახლა უკვე მაგითაც დავიღალე, აღარ მაინტერესებს რას იფიქრებენ. ერთადერთი ის გააკეთეს, რომ ორჯერ დაიბარეს განყოფილებაში, თუმცა არც ერთხელ არ მივიდა - მეტი არაფერი.
ჩემი საზღვარგარეთ წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ ადამიანი იყო. მეგონა, რომ ჩამომშორდებოდა. ახლა ჩამოსვლა მინდა, მაგრამ ვერ ჩამოვდივარ. ამ წლების განმავლობაში ამ სტრესში ცხოვრებას მივეჩვიე და ჩემს თავზე იმდენად აღარ ვდარდობ. უფრო იმიტომ არ ჩამოვდივარ, რომ დედაჩემს და ოჯახის წევრებს ეშინიათ, იქნებ პოლიცია დაგვეხმაროსო. იქნებ რამე მოხდეს.. მაგრამ როდემდე უნდა ველოდო?
ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, სადღაც 10 წელი არ მიცხოვრია. აბსოლუტურად ყველგან წასვლის მეშინოდა, ყველაფერს ყველასთან ვმალავდი. არ ვიცოდი სად შემხვდებოდა, სად დამხვდებოდა და რას მიზამდა. ცოტა ხნის წინ, ნატანებში 16 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ რომ გავიგე, ორი დღის განმავლობაში ისე განვიცადე, ისეთ დღეში ჩავვარდი... გამახსენდა რა გავიარე, აბსოლუტურად ყველაფერი თვალწინ დამიდგა. ამას იმის გამო ვმალავდი, რომ არ ვიცოდი, რას იტყოდა ხალხი და ჩემი ოჯახი. მხოლოდ იმის გამო, რომ 16 წლის რომ ვიყავი, ვიღაცას ტელეფონზე პასუხი გავეცი.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მქონია მომენტები, როცა შეიძლებოდა ვიღაცასთან ურთიერთობა დამეწყო, მაგრამ არ გამოდიოდა. რანაირად გამოგივა ურთიერთობა, როცა ორი ცხოვრებით ცხოვრობ? წარმოიდგინეთ, ისეთ დონეზე ვიყავი დასტრესილი და ყველა ნიუანსს ვაქცევდი ყურადღებას, რომ მართლა მეგონა, რაღაც ძალიან დიდი შეცდომა, დანაშაული მქონდა ჩადენილი. ასე მჯეროდა, სრულიად დარწმუნებული ვიყავი. იმის გამო რომ პასუხი გავეცი ვიღაცას და მივწერე, იძულებული ვიყავი კონტაქტი მქონოდა ადამიანთან. მასთან არაფერი მაკავშირებდა, არც ფიზიკურად ურთიერთობა მქონია. ან რომც მქონოდა, ეგ ხომ დანაშაული არ არის? მოძალადესთან ამდენი წელია მაქვს კონტაქტი. რის გამო?
ვერ ვხვდები, ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ერთადერთი ის მიხარია, რომ ჩემს ოჯახთან და ახლობლებთან აღარ მიწევს ამის დამალვა და ამისგან გავთავისუფლდი. პოლიციისა და გამოძიების იმედი არ მაქვს, ეგ კი ვიცი. იმის მერე რაც განვაცხადე, უარესი და უარესი ხდება.
აქამდე ხომ მეშინოდა და უკან ვიხევდი ყველაფერზე, მაგრამ ახლა ისე ვარ გამწარებული, რომ არ შევარჩენ. პრინციპულად არ შევარჩენ. ჩემ გარდა, იმდენი ადამიანი გაამწარა, ისეთ შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანებს, რომლებიც არაფერ შუაში არ იყვნენ, ძალიან მრცხვენია ამის გამო. მრცხვენია, რომ ჩემი მიზეზით ხდებოდა ასეთი რამ. ვისაც კი სწერდა, ვისი ნომერიც კი ჰქონდა ყველას აგინებდა. მის გამო სამსახურიც კი მივატოვე.
დედა
თუ დავუშვებთ, რომ უყვარს, ამნაირი სიყვარული გაგიგონიათ, ძალადობით? გოგოს არ უნდოდე, არ გიცნობდეს. მის მშობლებს ემუქრები: დედაშენს და მამაშენს დავაშორებ ერთმანეთს ისეთ რაღაცას გაგიკეთებო, შენ ძმას ყელს გამოვჭრი და სისხლის გუბეში ვაბანავებო, ოჯახს ამოგიწყვეტ, არ გაგახარებო, საზღვარგარეთ რომ წავიდა, იქ უგზავნიდა ასეთ sms-ებს - შენი ფეხით გამოიქცევი მაქედან, ოჯახს რომ ამოგიწყვეტო.
მთელს სანათესაოში რეკავდა, უწმაწურ სიტყვებს ამბობდა ჩემს შვილზე, ასეთია-ისეთიაო.
ყალბ facebook ექაუნთებზე ჩვენი სურათებიც აქვს - ძმის, დედ-მამის. ატყუებს, აჯერებს ხალხს და ჩემი შვილის სახლით წერს. შედის ჩვენ facebook-ზე და ვინც კი გვყავს დამატებული, იმეგობრებს და საშინელებებს სწერს. ყველასთან შედის კონტაქტში, ყველა და ყველაფერი იცის. ასეთ გაწამაწიაში ვართ, აწიოკებულები. ყოველ წუთში უნდა დალაპარაკებოდა. თუ პასუხს არ გასცემდა, ყველგან რეკავდა.
დაახლოებით 5 წლის წინ ვაპირებდით პოლიციაში მისვლას, მაგრამ გაიგო ამის შესახებაც და ვიღაცა ქალს დაარეკინა, მისი დედა ვარო. გვთოხვდა ეს ქალი, რომ არ გვეჩივლა, მაინც მიდის მალე საზღვარგარეთ და მე ვარ პასუხისმგებელი, რომ აღარ შეგაწუხებთო, ოღონდაც არ შეუქმნათ პრობლემები საზღვარზე გადასვლაზეო. ვთქვით, რომ ჯანდაბას, მთავარია, მოგვშორდეს და აღარ შეგვაწუხოს და აღარ შევიტანეთ განცხადება, გავჩერდით.
არ გვინდოდა მიგვეგზავნა ვიღაცები, რამე რომ არ მომხდარიყო. ამიტომ ვითმენდით, გვეშინოდა, ვინმეს ცოდვა არ დაგვედო კისერზე.
ასე 4 თუ 5 წლის წინ, ახალი წელი რომ იყო, მისწერა, ყელს გამოგჭრი და ახალ წელს შენ მორგში მოხვდები და მე ციხეშიო.
ივნისის ბოლოს შევიტანეთ განაცხადი პოლიციაში. ჩემს შვილს მიწერა, რომ მე არაფრის არ მეშინიაო, ეგენი ჩემი შნირები არიანო, ფულით ყველაფერი კეთდებაო, შენ არ გაივლო გულში, რომ მე ვინმე დამიჭერსო.
თვითმკვლელობა რომ მოხდა ნატანებში, გოგომ თავი რომ ჩამოიხრჩო, ჩემს შვილს გამოუგზავნა ეს ვიდეო, სიტყვით რამე არ მიუწერია, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ შენც ისეთ დღეში ჩაგაგდებ, თავი რომ ჩამოიხრჩოო.
სტრესში ვცხოვრობთ. შინაურებმა და ახლობლებმა კი ვიცით, მაგრამ გარეშე ხალხმა ვინ იცის ჩემი შვილის ამბავი, ხომ გვჭრის ყველგან თავს.
მე-10 კლასის მერე გოგოს გაუმწარა სიცოცხლე, სულ დაძაბული ვართ, სულ შიშ-კანკალში. სამსახურიდან რომ გამოვიდოდა ჩემთვის უნდა დაერეკა. სახლში რომ მივიდოდა, მაშინაც, რომ მისი ხმა გაგვეგო. რომ არ დაერეკა, გავგიჟდებოდით ნერვიულობით. რატომ უნდა ვიყოთ ასეთ სტრესში მთელი ცხოვრება? ახალგაზრდა ბიჭი მყავს სახლში. მეშინია, ვიღაცები, რომ მოაგზავნოს, ან სადმე არ დახვდეს. რამე რომ მოხდეს, მერე რა ვქნათ? მერე სად მიდის ეს პოლიცია, ამის მეტი რეაგირება რომ არ აქვთ? მე რომ ჩავიდე და რამე დავმართო ამ პირს, მერე ხომ მე დამსჯიან?! ამაზე რატომ არაა რეაგირება?
ამდენი წელია გვამწარებს და სიცოცხლე გაუმწარა ჩემს შვილს, მაგაზე ნერვიულობით რამდენი ავადმყოფობა გადავიტანე, არ ვიცი. მისი ხმის გაგონებაზე ნერვული შეტევები მემართებოდა.
გვინდა, რომ მოხდეს რეაგირება. სახალხოდ რომ ჭრის თავს ჩემ შვილს, მინდა, რომ ეს შეწყდეს. მოვითხოვთ მის დასჯას, როგორც ჩვენ გაგვამწარა, მინდა, რომ საკადრისი პასუხი მიიღოს. ამდენი შანტაჟის, ამდენი მუქარის გამო, მინდა, რომ ის უმაღლესი სასჯელი მიესაჯოს და ჩემ შვილს ცხოვრების საშუალება მიეცეს.
***
როგორც „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას ითვალისწინებს.
როგორც უწყებაში ამბობენ, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული პირი და მისი ფაქტობრივი მონაცემები.
„აქამდე დგინდებოდა, ვინ იყო და სად იყო. ახლა უკვე ვიცით და შემდეგი ეტაპი იქნება გასაუბრება", - უთხრეს „ლიბერალს" სამინისტროში.