არქიტექტურა თავისი არსით პოლიტიკურია, რამდენადაც ის სოციალური კონსტრუქციის ნაწილია, მაგრამ ღიად იდეოლოგიურ ხასიათს ტოტალიტარული სისტემების დროს ატარებს. დანარჩენ შემთხვევაში წინ მოდის არქიტექტურის არტისტული და ტექნოლოგიური მხარეები, მათი მრავალფეროვნება, უსაზღვრო ფანტაზიის ნიშნები და ნაგებობებიც ერთი შეხედვით მთლიანად ხელოვნების განზომილებაში გადადის, სადაც თითქოს მხოლოდ მხატვრული ღირებულებები, სტილი, ფორმისა და სივრცის აბსტრაგირებული ურთიერთობა არსებობს და აღარ რჩება სივრცე სოციალური პრობლემატიკისთვის.
ეს თანამედროვე სამყაროს ილუზიადაც შეიძლება ჩავთვალოთ, რომლის მიღმა ფარული მნიშვნელობებისა და შინაარსების წაკითხვაც შეიძლება. ნაგებობები, მათი მასშტაბები ზოგჯერ ყველასთვის გასაგები ენით არ მეტყველებენ, მაგრამ მათი ფსიქოლოგიური ზემოქმედების უნარი აშკარაა და ხშირად ირიბად გავრცობილი გზავნილებიც მოაქვთ.
უახლესი ქართული არქიტექტურით უკმაყოფილება ის თემაა, რომელსაც ჩვენი საზოგადოებაცა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ნაწილობრივ მიეჩვივნენ. წინა ხელისუფლების პირობებში გაღიზიანებას იწვევდა პროგრესისა და სწრაფი ცვლილებების აღმნიშვნელი სურათის ნაჩქარევი, ზედაპირული დემონსტრირება.
ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტი ღიად საუბრობდა, თუ როგორ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება ახალი მშენებლობების შესახებ - მაგალითად, როდესაც მას სადმე, სხვა ქვეყანაში რომელიმე ნაგებობა მოეწონებოდა, იქვე იგეგმებოდა, რომ ასეთივე „ჩვენთანაც“ აშენებულიყო. ამგვარი ახალი შენობებით განსაზღვრული სივრცე ქმნიდა ახალ, „ფეიქ“ რეალობას, რომელიც ერთგვარად მწირი იმიტაცია იყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განვითარებული ქალაქების სწრაფი მოდერნიზაციისა. იგულისხმება ის ქვეყნები, რომლებიც ნავთობის დიდ რესურსებს ფლობენ და საკუთარი სიმდიდრისა და გავლენების დემონსტრირებას უახლესი არქიტექტურის სრულიად უტოპიური ფორმებისა და მასშტაბების რეალიზაციით აღწევენ. გასათვალისწინებელია ერთი დეტალი, რომ ამ ქვეყნებისა და მათი ქალაქების ისტორია არც ისე დიდია და ახალი ნაგებობები ისეთ ტერიტორიებზე გაშენდა (თავისი ხელოვნური კუნძულებით), სადაც ირგვლივ სრული სიცარიელე იყო, ანუ ექსპერიმენტებისთვის ნეიტრალური და საუკეთესო პირობა ჰქონდათ.
ქართულ სინამდვილეში მიმდინარე პროცესს პერიოდულად მაღალი ხარისხის პრეცედენტებიც ახლდა, მაგრამ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე აგებული პროგრესის სურათი და ლიდერის გემოვნებისადმი ქვეყნის ახალი სახის დაქვემდებარება სპეციალისტებთან კონსულტაციების, კულტურის პოლიტიკისა და სტრატეგიული გააზრების გარეშე ძალიან დილეტანტურად და უპასუხისმგებლოდ გამოიყურებოდა, მით უმეტეს, როცა ამ პროექტების მასშტაბები და ღირებულება ქვეყნის რეალური შესაძლებლობებისა და სოციალურ ფონზე კონტრასტულად ჩანდა. დღევანდელი ხელისუფლების საარჩევნო დაპირებებში ეს პრობლემაც განიხილებოდა. თუმცა პრობლემა არა თუ გადაიჭრა, არამედ ახალი ძალით იჩინა თავი და უფრო მასშტაბური უტოპიის აგების ამბიცია გამოავლინა.
ქართული ქალაქების განახლებისა და ჰაიტექშენობებით შევსების გამო სპეციალისტების უკმაყოფილებას ზუსტად ის ფაქტორი იწვევდა და იწვევს, რომ ეს მშენებლობები ცარიელ ადგილას არ განვითარებულა და რამდენიმე მნიშვნელოვანი კონსტრუქცია სწორედ ისტორიულ-კულტურული კონტექსტისა და ლანდშაფტის თავისებურების გაუთვალისწინებლად აიგო - ყოველგვარი საჯარო განხილვებისა და მათში მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე.
თბილისის მოსახლეობა თანდათან აცნობიერებს მოქალაქეების ფაქტორის უსამართლოდ იგნორირებას, რაც ქალაქის კუთვნილი ტერიტორიების, ე.წ. საჯარო სივრცეების ბუნდოვანებით მოცულ პრივატიზაციის ისტორიებსა და იმ არაგამჭვირვალე პროცესებს უკავშირდება, როცა პარკების ან სარეკრეაციო ზონებში მშენებლობების ნებართვების გაცემა და მათი დაკანონება ხდებოდა.
ანჯელა უილერის წერილში, რომელიც Euro-East Culture-ის ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნდა ,აღნიშნულია, რომ თუ 2001 წელს იუნესკოს ნუსხაში შეტანილია თბილისის ისტორიული უბნის შეყვანისთვის ჩასატარებელი სამუშაოები, „დღეისთვის ნუსხაში თბილისის საკითხი არც განიხილება აღნიშნულ ისტორიულ უბანში განხორციელებული თავგასული ნგრევისა და სახეცვლილების გამო. ადგილობრივი ისტორიკოსებისა და არასამთავრობოების შეფასებით, ქალაქის აქამდე მოღწეული ისტორიული ქსოვილის 1/3 ბოლო ათწლეულის განმავლობაში განადგურდა და თანაც ამ დეველოპმენტის შედეგად ძველი თბილისის მცხოვრებთა ცხოვრების დონე შესაბამისი პროპორციით სულაც არ გაზრდილა“.
საჯარო სივრცეში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების შესახებ საზოგადოება უმეტეს შემთხვევაში მაშინ იგებს, როცა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, პროექტი კი დამტკიცებული. თითქმის არასდროს ეწყობა კონკურსები ამა თუ იმ პროექტისთვის, იქნება ეს არქიტექტურული ნაგებობა, ქანდაკება თუ გარე სივრცის დიზაინის რომელიმე ფორმა. უფრო იშვიათია განმეორებითი კონკურსი, ან მონაწილეთა პროექტების საჯარო განხილვა.
საერთო პროცესი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მიდის უთანასწორო ბრძოლა, სადაც, ერთი მხრივ, ცალკეული პერსონები თუ კომპანიები საჯარო სივრცის ნაწილების დასაკუთრებასა და საკუთარი ინტერესების განხორციელების ველად ქცევას ცდილობენ, ხოლო, მეორე მხრივ, ქალაქის მოსახლეობა ითხოვს არ დაიკარგოს ისტორიული ღირებულებები და ეკოლოგიური ბალანსი.
ერთი მხრივ, კარგია, რომ კანონმდებლობა იცავს კერძო მესაკუთრის, ინვესტორის ინტერესებს, თუმცა, მეორე მხრივ, ის არ აკისრებს მას არანაირ ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ ეს კონკრეტული კერძო საკუთრება ქალაქის ისტორიულ ნაწილს ან სარეკრეაციო ზონას ეკუთვნის.
რა თქმა უნდა, საბოლოოდ მაინც პანორამა-თბილისის პროექტი უნდა ვახსენოთ, რომლის განხორციელების მომხრეთა მხრიდან დასახელებული მთავარი პოზიტიური არგუმენტებია - მოსახლეობის დასაქმება, ტურიზმის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა. სპეციალისტები ამ პროექტის განხორციელებაში თბილისის ისტორიული ნაწილის ღირებულების საბოლოო განადგურებას ხედავენ, სადაც საერთოდ გაქრება ქალაქის ავთენტური იერ-სახე და მისი განუმეორებლობა, ის იქცევა ტიპურ ახალ ექსპერიმენტულ სივრცედ, რომელიც შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო მხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიით დატვირთული არ არის. ამასთან, საზოგადოებისთვის წარდგენილი პროექტი ესკიზური ხასიათისაა, მას არ აქვს დეტალურად დამუშავებული სახე, მაშინ როცა მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
სანამ თანამედროვე არქიტექტურის ყველაზე პოპულარულ მოტივებს საკუთარ ტერიტორიებზე გააზრების გარეშე განვახორციელებთ, სასურველია ცოტა უფრო ღრმად შევხედოთ იმ პროცესებს, რომლებიც ამ სფეროში მიმდინარეობს და მათი კრიტიკული განხილვებიც გავითვალისწინოთ. პროგრესის ნებისმიერი გამოვლინების ბრმა კოპირება ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს და დესტრუქციულიც კი ხდება, თუკი მას მექანიკურად გაიმეორებენ.
2001 წელს რემ კულჰაასმა გამოაქვეყნა ესე სახელწოდებით "Junkspace" - სადაც ის მოდერნისტული არქიტექტურის მიერ მოტანილი პროცესებით შექმნილ პრობლემაზე საუბრობს, რაც გულისხმობს „უსულო, დასნეულებულ სივრცეებს, რომლებიც ვირუსივით მოედო მთელს პლანეტას“ (ვილ ვაილსი. რემ კულჰაასი: ჯანქსფეისი). ესეში ამ სპეციფიკურ წარმონაქმნს კულჰაასი აღწერს როგორც ორმაგ სივრცეს, სადაც ხედვის უნარი შემცირებულია, მოლოდინები შეზღუდული, სერიოზულობა - არასაკმარისი. „ჯანქსფეისი ბერმუდის სამკუთხედია კონცეფტებისთვის, ის აქრობს განსხვავებებს, გადაწყვეტილებებს, აქ სურვილი იკავებს რეალიზაციის ადგილს... რთულია მისი აღქმა და შესაბამისად დამახსოვრება..“
ამ თემაზე საუბარი უფრო ადრეც დაიწყო და მეოცე საუკუნის ბოლოდან, რემ კულჰაასის გარდა, არქიტექტურის სხვა ანალიტიკოსებიც კიდევ ერთ ტენდენციაზე მსჯელობენ, რომელსაც მეტაფორულად დისნეიფიკაციას უწოდებენ, - დიდი არქიტექტურული კომპლექსების ტენდენცია, რომლებიც სცენარს სთავაზობენ მასში მოხვედრილ ადამიანს, უქმნიან ილუზიას, რომ ის რომელიღაცა ამბის მთავარი პერსონაჟია და წინასწარდაგეგმილ თავგადასავალს გადის, რომელშიც შედის ყველა შეთავაზებული სიკეთე და პირველ რიგში შოფინგი.
ცხადია, რომ უახლესი არქიტექტურული ფორმები და ახალი ტექნოლოგიები ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს ნამდვილად უქმნის ილუზიას, რომ ისინი სადღაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და საკუთარ კეთილდღეობას ხშირად საყოველთაო სიკეთედ აღიქვამენ.
შტეფან ტოლცის დოკუმენტური ფილმი „სრული სვლით დასავლეთისკენ“ საქართველოს უახლოეს წარსულ, არჩევნების იმ პერიოდს ეხება, როცა ხელისუფლების ცვლა ხდება. დოკუმენტალისტი იწერს ინტერვიუებს პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ჰაი ტექ არქიტექტურის კონტექსტში სრულიად რეალობას მოწყვეტილად აღიქმებიან იმ გარემოსთვის, სადაც მათი ამომრჩევლის ზოგადი სახე - ფილმის პერსონაჟი მექანიკოსი სრულიად სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. რეჟისორის მცდელობა „ვოლგაში“ ჩასვას ეს პერსონაჟები და ერთნაირად შეაგრძნობინოს წარსული, რომელიც ყველა მათგანისთვის საერთოა, ამ პოლიტიკოსების ეგზოტიკური გართობაა, როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძველი სისტემის პრობლემები ყოველდღიურად გადასალახი რეალობაა.
პანორამა-თბილისი შეიძლება იქცეს კიდევ ერთ ილუზიად, რომელიც სრულიად უინტერესო ფანტაზიას ქმნის და ძალიან უახლოვდება ტოტალიტარული წარსულის არქიტექტურულ ამბიციებს, რომლებსაც ქვეყნის წარმატების, მისი მასშტაბისა და კოსმოსის დამპყრობელი ქვეყნის კეთილდღეობა უნდა დაედასტურებინა. ამჯერად ჩვენ აღარ გვაქვს იდეოლოგიური სახელმწიფო უტოპიური მიზნებით და ერთადერთი, რასაც ასეთი მასშტაბური პროექტები გამოხატავს, ეს არის ძალაუფლების, პერსონალური გავლენების დემონსტრირება. ამ შემთხვევაში ვაგებთ ძალაუფლების კულტის ძეგლებს, რომლის წინაშეც ისტორია, ქალაქის კულტურა, ადამიანური ბიოგრაფიებისა და სოციალური ჯგუფების როლების მნიშვნელობები საერთოდ გამქრალია. ეს არის ჩვენი ჯანქსფეისი - ფსევდოკეთილდღეობა იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეები, თუ ბოდრიარს დავესესხებით, მხოლოდ სტატისტები არიან.
ურბანისტული პროცესები არსად არის მარტივი და ჩვენ ვერაფერს გავხდებით ქალაქების ბუნებრივი ზრდის წინააღმდეგ. თუმცა არსებობს უკვე მიღებული და გაზიარებული პრაქტიკები, რომელსაც სხვადასხვა პერიოდში ამ მტკივნეული პროცესის დროს შესაძლებლობების ფარგლებში მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად მიმართავდნენ. რამდენადაც ჩვენ ვიმყოფებით ახალ ისტორიულ მოცემულობაში და ეს მიმდინარე კულტურაშიც უნდა გამოვხატოთ, პირველ რიგში ზოგად კონცეპტუალურ მიდგომაზე გვაქვს სამუშაო. მუდმივი საჯარო განხილვები მოქალაქეებისა და სპეციალისტების მონაწილეობით ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რომლის ხარისხი სხვადასხვა მედიასაშუალებებმა უნდა განსაზღვრონ.