Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წითელპომადიანი ფემინისტის პასუხი

12 მარტი 2015

სხვათა შორის, 8 მარტს პარალამენტის წინ შეკრებილი საზოგადოება სწორედ ის ხალხია, ვინც შარშანწინ 17 მაისს თქვენთან ერთად იდგა პარლამენტთან, რომელმაც არაერთი აქციით გამოხატა პროტესტი მაშინდელი ძალადობის წინააღმდეგ ლგბტ თემის წინააღმდეგ. კვოტების მხარდაჭერას პირადად არავინ გთხოვთ, მაგრამ გასაკვირია ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ერთ-ერთი წარმომადგენელი ასე აშკარად უპირისპირდებოდეს ქალთა მოძრაობას. ბოლოსდაბოლოს ჩვენ ხომ ერთი მიზნისთვის - თანასწორობისთვის ვიბრძვით და სოლიდარობაც მეტი გვმართებს.

ორშაბათი დილა იწყება. საუბრის თემა: მეტი ქალი პარლამენტში. ფორმატი: სოციალური ქსელი. ლიბერტარიანელებმა, სოციალ-დემოკრატებმა, ენჯეოშნიკებმა, საჯარო მოსამსახურეებმა თბილ სამზარეულოებში დილის ყავის რიტუალი დაასრულეს, წესისამებრ ფეისბუქს შეეკედლნენ და გასული დღის მოვლენების გარჩევა დაიწყეს.

 8 მარტს საქართველოს 25 ქალაქში ქალები გამოვიდნენ და ყვავილების ნაცვლად ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაზრდა მოითხოვეს. ეს ქართული ფემინიზმის მეორე ტალღაა. პირველი ტალღა საბჭოთა ოკუპაციამ ჩაახშო და შემდგომ საგულდაგულოდ ეცადა მისი კვალიც კი წაეშალა. მეორე ტალღაზე მეტ იმედებს ვამყარებთ. იმედი გვაქვს, რომ ამჯერად რუსული ჩექმა ხელს არ შეგვიშლის. ისიც გვეიმედება, რომ საზოგადოება მინიმუმ დაფიქრდება ამ თემაზე, ხოლო მისი დიდი ნაწილი სოლიდარობას გამოგვიცხადებს.

 9 მარტის ორშაბათის დილის მთავარი თემა ცალსახაა -  კვოტები. მოსაზრებები და შესაბამისად სტატუსებიც არაერთგვაროვანია. კომენტარები კიდევ უფრო ურთიერთსაწინააღმდეგო. ამასობაში 17 მაისის გვერდზე ირაკლი ვაჭარაძის ბლოგპოსტი ”რატომ ვერჩი წითელპომადიან ქართველ ფემინისტებს” იდება, რომელსაც ისტერიულად აზიარებენ ქალებიც, კაცებიც, მემარჯვენეებიცა და, ღმერთო მომკალი, მემარცხენეებიც. ”დიახაც, ქალები ისედაც მაგრები ვართ, რად გვინდა კვოტები პოლიტიკაში,” „დამისახელეთ ერთი შემთხვევაც კი, როცა ქალი პოლიტიკაში დაჩაგრეს იმიტომ რომ ქალია,“ „არ წაიღეს მართლა ტვინი ამ წითელპომადიანებმა?“ - იჭაჭებიან იუზერები.

 მიუხედავად იმისა, რომ სტატია კვოტირების საკითხს ეხება, ავტორი რეალურად კვოტირების საწინააღმდეგო არცერთ ჩამოყალიბებულ არგუმენტს არ გვთავაზობს და ამის ნაცვლად ქართველი ფემინისტების ცხოვრების სტილის, გარეგნობის, ფეხსაცმლის ქუსლის ზომისა და ვარცხნილობის ქილიკით შემოიფარგლება. ძალაუნებურად ნოდარ დუმბაძე მახსენდება ”ჩემო უშანგი! ვინ დაგაყენა შენ კომუნიზმის კარიბჭესთან, ვინ დაგავალა კომუნიზმში შემავალი ხალხის შარვლისა და კაბის ზომის აღება!”  უშანგი ირაკლით ჩაანაცვლეთ, კომუნიზმი გამოაკელით და ზუსტად გამოდის. გასაოცარია პირდაპირ! უცბად კითხვა მიტივტივდება - ნეტავ  ქალთა უფლებებზე უღიმღამოდ ჩაცმულ, უმაკიაჟო და დაუვარცხნელ ქალებს რომ ესაუბრათ, ავტორისთვის უფრო მისაღები იქნებოდა? მსხვერპლის როლში შესული, სუსტი, ჩაგრული სახეებით უფრო გასაგებად მოვიტანდით თქვენამდე ჩვენს სათქმელს? ჩვენი პომადიანი, თავდაჯერებული სახეებით გაღიზიანებთ? ეჭვი მაქვს ვერც ამ შემთხვევაშიც გადავურჩებოდით კრიტიკის ქარცეცხლს, რადგან არც მაშინ დააყოვნებდით ტექსტებით - „ჯერ საკუთარი თავის მოვლა ისწავლონ და მერე ილაპარაკონ ამ პირდაუბანელმა ქალებმა“. ასეა, რთულია ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ ასპარეზზე ქალმა მოწონება დაიმსახურო, რადგან მამაკაცებისგან განსხვავებით, ორმაგი სტანდარტები მუდმივად თან გვდევს. სწორედ ეს არის მიზოგინია. გავკადნიერდები და რადგან ეს ტერმინი თქვენს სტატიაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ, აქვე განვმარტავ: მიზოგინია ქალების სიძულვილს, მათ მიმართ მტრულ და დამაკნინებელ დამოკიდებულებას ნიშნავს. ამ ყველაფერს კი სწორედ მიზოგინიის სუნი უდის.

 ბოლოსდაბოლოს რატომ არის ასეთი გასაკვირი, რომ ქალთა მოძრაობას სათავეში სწორედ ის ქალები უდგანან, რომლებსაც საქართველოს სხვა ქალებისგან განსხვავებით, კარგი განათლების საშუალება მიეცათ, აქვთ კარგი სამსახურები, წვდომა ინფორმაციასა და რესურსებზე. განა სოციალური ცვლილებების აგენტი ყოველთვის საშუალო კლასი არ არის? რთულია მოსთხოვო 14 წლის ასაკში იძულებით გათხოვილ მარნეულში მცხოვრებ ქალს, ქალთა უფლებების ფლაგმანად იქცეს. მას ამის საშუალება უბრალოდ არ მისცემია. ასე რომ, დიახაც, ჩვენ ვლაპარაკობდით, ვლაპარაკობთ და ვილაპარაკებთ ამ ქალების სახელით. და კიდევ ერთი, ღმერთმანი, რატომ ღიზიანდებით, ბატონო ირაკლი, ჩვენი ჰონორარებით ან ჩვენი კონფერენციებზე სიარულით? საზღვარგარეთ ეჭვი მაქვს ჩვენზე არანაკლებ ხშირად დადიხართ. ჰონორარი კი უფრო სამართლიანი იქნება იმათ დაუთვალოთ, ვისაც ფულს თქვენ უხდით. ჩვენ ჩვენი ჰონორარებისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამისათვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ.

 სტატიის კიდევ ერთი ნაწილი ჩვენი მუშაობის პროდუქტების ქილიკს ეთმობა. ”ქარავანი კი მიდის, ქალებს კლავენ იმავე სიხშირით, რა სიხშირითაც ამათი რეპორტები იბეჭდება”, - წერს ავტორი. დიახაც, ჩვენ წლების განმავლობაშია სხვა საქმიანობებთან ერთად ვწერთ ანგარიშებს და სწორედ ჩვენი ანგარიშებისა და მათი ადვოკატირების ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში არსებობს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ეროვნული რეფერალური მექანიზმი, თავშესაფრები, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს და, სხვათა შორის, მამაკაცებსაც შეუძლიათ ძალადობას გაერიდონ და დახმარება მიიღონ. ეს მცირედია და გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ის, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე დღეს ბევრი ტრიბუნიდან საუბრობენ, იცვლება კანონები, კეთდება სატელევიზიო გადაცემები და აღარ ისმის „ეს ჩვენი პრობლემა არ არის, საქართველოში ქალებზე არ ძალადობენ“, სწორედაც რომ ჩვენი მუშაობის შედეგია.

 ”რატომ გეშინიათ პირდაპირ შეებრძოლოთ სექსიზმს იქ, სადაც ქალებს კლავენ? ...აღარ მოგწყინდათ მამიკოების, ქმრებისა და საყვარლების მიერ ნაყიდი პრავები? სხვა რა იქნება კვოტირება თქვენი აზრით? საბჭოთა კავშირი მოგენატრათ?” - გვმოძღვრავს ავტორი. არ გვეშინია ბატონო ირაკლი, პირიქით: ვებრძვით სექსიზმს სახლშიც, სამსახურშიც და ქუჩაშიც, თუმცა ისიც გვჯერა, რომ პარლამენტიდან ამას უკეთ მოვახერხებთ, რადგან ეს ის ადგილია, სადაც  პოლიტიკა იქმნება და ამ პლატფორმის გამოყენება კრიტიკულია სექსიზმთან ბრძოლაში.

 და კიდევ ერთხელ ამ „საბჭოთა კავშირი მოგენატრათ“-ს შესახებ, რომელსაც ასე ხმალამოღებულები იშველიებენ კვოტირების მოწინააღმდეგენი. ბატონო ირაკლი, ეჭვი მაქვს, კარგი განათლება გექნებათ მიღებული და ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ ეს ფრიად ვადაგასული არგუმენტია. დღესდღეობით ქალებისათვის კვოტირების სისტემას 75-ზე მეტი ქვეყანა იყენებს, ამიტომ იქნებ დავანებოთ საბჭოთა კავშირს თავი და თუ ქილიკია ევროპარლამენტი გააქილიკოთ, რომელმაც აგერ უკვე რა ხანია მიიღო რეგულაცია ევროკავშირში მსხვილი კერძო კომპანიების დირექტორთა საბჭოებში ქალებისათვის მინიმუმ 40%-იანი კვოტების დაწესების შესახებ. გააქილიკეთ მაშინ კანადა, დანია, ჰოლანდია, ნორვეგია და გერმანიაც - ეს ის ქვეყნებია, სადაც კვოტირების სხვადასხვა ფორმები უკვე წლებია არსებობს. იქნებ დავანებოთ თავი საბჭოთა წარსულთან პარალელების გავლებას და ერთხელ მაინც, საფუძვლიანად დავფიქრდეთ იმაზე თუ რამ „გააგიჟა“ მსოფლიოს 75 ქვეყანა და რატომ დასჭირდათ ამ 75 ქვეყანაში ქალებს კვოტები და კიდევ იმაზე, თუ რითი ვართ ქართველი ქალები ისეთი განსაკუთრებულები, რომ მათგან განსხვავებით კვოტები არ „გვეკადრება?“

 სინამდვილეში კვოტები არც ტოკენიზმია და არც პრივილეგიების დაწესება, არამედ თანაბარი სასტარტო პირობების შექმნა ქალებისა და მამაკაცებისთვის. ეს არის კომპენსაცია იმ ბარიერებისა და დისკრიმინაციისათვის, რომლებსაც,  მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალები აწყდებიან პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისა მნიშვნელობისა და ამ მიზნის მიღწევისათვის კვოტირების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდის შესახებ უამრავი თეორია არსებობს. მაგალითად დემოკრატიული სამართლიანობის თეორია, რომლის თანახმადაც, რადგან ქალები მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ და თანაბრად შრომობენ თავიანთი ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის, სამართლიანი და აუცილებელია, რომ მათ მიიღონ პროპორციული მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებშიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მე ნახევარ სამუშაოს ვასრულებ, აზრიც უნდა მომეკითხებოდეს, სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ სწორედაც რომ „ტოკენი“ ვარ და გადაწყვეტილებებს ჩემ ნაცვლად სხვები იღებენ. საინტერესოა ინტერესების რეპრეზენტაციის თეორიაც, რომლის თანახმადაც, ქალებს თავიანთი სქესიდან გამომდინარე განსხვავებული გამოცდილებები და საჭიროებები აქვთ, რომელთა პოლიტიკაში გათვალისწინება აუცილებელია, მაგრამ თუ ქალების მიერ არ მოხდა ამ თემების წამოჭრა და ლობირება, ისინი მამაკაცების ყურადღების მიღმა რჩება. არსებობს კიდევ რესურსების გამოყენების თეორიაც, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ეს პოსტი არ ეძღვნება კვოტების აუცილებლობის არგუმენტაციას, შესაბამისად აღარ გავაგრძელებ და არ შევეხები იმ უამრავ არგუმენტს, რატომ არის ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობა მნიშვნელოვანი, რა ბარიერები უშლის ხელს ქალებს პოლიტიკაში მოსვლაში კვოტების გარეშე, ან რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა პოლიტიკური რეპრეზენტაციის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის. ამ საკითხზე არაერთხელ დაწერილა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების მიერ. ასე რომ, დაინტერესებულ ადამიანს მცირედი ძალისხმევა დასჭირდება იმისათვის, რომ მოძებნოს და გადაიკითხოს.

 დაბოლოს, ისევ ჩემი ამოჩემებული ავტორის ციტატით დავასრულებ. ”აღარ უნდა დასრულდეს წითელპომადიანი ფემინიზმის თუ გრანტებზე დამყარებული რბილხალიჩიანი სასტუმროს აქტივიზმის დრო?” - კითხულობს ბატონი ვაჭარაძე. დიახაც, ბატონო ირაკლი, დიახაც, რომ დასრულდა. ამიტომაც გადმოვინაცვლეთ ქუჩაში. სწორედ ამიტომ მოეწყო 25 ნოემბრის აქცია, 8 მარტის აქცია და კიდევ ბევრი მოეწყობა. თქვენ კი ამასობაში შეგიძლიათ აკრიტიკოთ ჩვენი ჩაცმულობა, ვარცხნილობა და პომადის ფერი. ჩვენ კი გეტყვით, რომ - ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის. გვინდა მოკლე კაბებს ჩავიცვამთ, გვინდა პომადას წავისვამთ და სწორედაც რომ ქუჩის აქციებით, ანგარიშების წერით, პრეზენტაციების გამართვითა და  სოფელ-სოფელ სიარულით მივაღწევთ საქართველოში გენდერულ თანასწორობას. თქვენ თუ გნებავთ შემოგვიერთდით, თუ არადა დადექით მაშინ კარიბჭესთან და ითვალეთ სანტიმეტრები ჩვენს კაბებზე.

 P.S. სხვათა შორის, 8 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოება სწორედ ის ხალხია, ვინც შარშანწინ 17 მაისს თქვენთან ერთად იდგა პარლამენტთან, რომელმაც არაერთი აქციით გამოხატა პროტესტი მაშინდელი ძალადობის წინააღმდეგ ლგბტ თემის წინააღმდეგ. კვოტების მხარდაჭერას პირადად არავინ გთხოვთ, მაგრამ გასაკვირია ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ერთ-ერთი  წარმომადგენელი ასე აშკარად უპირისპირდებოდეს ქალთა მოძრაობას.  ბოლოსდაბოლოს ჩვენ ხომ ერთი მიზნისთვის - თანასწორობისთვის ვიბრძვით და სოლიდარობაც მეტი გვმართებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^