Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხელისუფლების "უზენაესი" გამოწვევა

15 მარტი 2015

საქართველოს სასამართლო სისტემისთვის ახალი და შესაძლოა გარდამტეხი პერიოდი იწყება. 23 თებერვალს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა. ხელისუფლება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასა" და კოტე კუბლაშვილს ხშირად აკრიტიკებდა, ახლა თავად დადგა გამოცდის წინაშე - აირჩევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის რჩეულ კანდიდატს, რომელმაც 2005 წელს ხელისუფლება ზეწოლაში ამხილა.

სასამართლო სისტემამ  სახე ბევრჯერ იცვალა. მისი  რეფორმირების პროცესი ჯერ კიდევ 1997 წელს დაიწყო, როცა იმჟამინდელი ხელისუფლება სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობის წინაშე დადგა. ყველაზე მნიშვნელოვანი "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიღება იყო. ეს ერთგვარი რებრენდინგიც იყო, რადგან მესამე ხელისუფლებას ბევრი ახალი მოსამართლე შეემატა. ისინი თანამდებობას ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე იკავებდნენ.

ძირეული ცვლილებები 2005 წელს დაწყებული რეფორმირების პროცესს მოჰყვა. რაიონულ/საქალაქო სასამართლოებში მოსამართლეები სპეციალიზაციის მიხედვით დაიყვნენ, შეიქმნა მაგისტრი მოსამართლის ინსტიტუტი, უზენაესი სასამართლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოდ ჩამოყალიბდა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სამართლის ნორმათა განმარტება და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაა.

რეფორმები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც შეეხო - 2007 წელს განხორციელებული ცვლილებებით, ის პრეზიდენტის სათათბირო ორგანოდან დამოუკიდებელ სტრუქტურად იქცა.

მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, სასამართლოსადმი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ყველზე მნიშვნელოვან კომპონენტთან - მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კრიტიკა არ ცხრებოდა. მოქალაქეები, ადვოკატები და სხვა დაინტერესებული მხარეები მიიჩნევდნენ, რომ სასამართლო პროკურატურის ყველა შუამდგომლობას დაუფიქრებლად აკმაყოფილებდა.

პროკურატურის უპირატესობაზე გამამართლებელ განაჩენთა სტატისტიკაც მეტყველებს: უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2007 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 11 073 პირიდან 13 გაამართლა. თითქმის ანალოგიური მაჩვენებელია 2008 წელსაც, როცა 9619 ბრალდებულიდან სასამართლომ 30 გაამართლა. მაშინ როცა 2013 წელს თითქმის ოთხჯერ ნაკლები დანაშაულის შემთხვევაში გამამართლებელ განაჩენთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა (2206 ბრალდებული და 70 გამართლებული).

საინტერესოა, რამ გამოიწვია პროკურატურის უპირატესობა - პროკურორების პროფესიონალიზმმა და დასაბუთებულმა ბრალდებებმა, თუ სასამართლოზე ზეწოლამ. ამჟამინდელი ვითარებით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სახელმწიფო ბრალდებას იგივე ადამიანები წარადგენენ, ვინც მანამდე. მაგრამ გამამართლებელმა განაჩენებმა იმატა. დღეს არსებული კანონმდებლობით, პოლიტიკური ნების ქონის შემთხვევაში, მოსამართლეზე ზეწოლა საკმაოდ ადვილია. მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეიძლება.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა, რომელიც სასამართლო სისტემაში 1999 წლიდან მუშაობდა, ამბობს, რომ რეფორმირების დასაწყისში მოსამართლეები ხელისუფლების მცირე ჩარევებს ადვილად უმკლავდებოდნენ, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ზეწოლა გაძლიერდა. მისივე თქმით, ხელისუფლება გახმაურებული და ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმეებით თანაბრად ინტერესდებოდა, მიზანი - საზოგადოებაში სასამართლოსადმი უიმედო განწყობის დამკვიდრება იყო:

"საპროცესო გარიგების ინსტიტუტით რაც შეიძლება მეტი თანხა უნდა შესვლოდა სახელმწიფო ბიუჯეტს. თუკი სასამართლო განურჩევლად ყველას ჯერ წინასწარ პატიმრობას, ხოლო შემდეგ თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდა, მაშინ საზოგადოებაში დამკვიდრდებოდა აზრი, რომ სასამართლოში დავას აზრი არ ჰქონდა და ჯობდა, საპროცესოს დასთანხმებოდა. ამის გამო სასჯელის დანიშვნის აბსოლუტური პრეროგატივა პროკურატურის ხელში იყო".

ამ პროცესებს გამკაცრებული სასჯელებიც დაემატა, როცა 2006 წელს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოველგვარ დანაშაულს "ნულოვანი ტოლერანტობა" გამოუცხადა. შედეგად ძალაში სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შევიდა.

მერაბ ტურავა ამბობს, რომ პროკურატურამ მოსამართლეთა დანიშვნაც საკუთარ თავზე აიღო და სამართალდამცავ უწყებებში ნამუშევარი არაერთი ადამიანი სასამართლო სისტემაში გადმოიყვანა. უზენაესი სასამართლოს მონაცემების თანახმად, საერთო სასამართლოებში 2005 წლიდან ძველი წესით, ანუ კრიტერიუმებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარეშე, 127 მოსამართლე დაინიშნა. სასამართლოში მოსვლამდე შსს-ში, პროკურატურასა და ეროვნული უშიშროების საბჭოში 46 მოსამართლე მუშაობდა. იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელი მდივანი ლევან მურუსიძეც 2005 წელს სწორედ პროკურატურიდან მოვიდა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე აღნიშნავს, რომ კოტე კუბლაშვილიცა და მთლიანად, სასამართლო სისტემაც მხოლოდ იუსტიციის მაშინდელ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს ექვემდებარებოდა. ტურავა ვარაუდობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კოტე კუბლაშვილსაც ისევე ჩამოაშორებდნენ მესამე ხელისუფლებას, როგორც ჩამოაშორეს 2005 წელს რამდენიმე "მეამბოხე" მოსამართლე. თუმცა კოტე კუბლაშვილს ეს პასუხიმგებლობისგან არ ათავისუფლებს, რადგან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვა მისი მოვალეობა იყო.

"მან პირადი კომფორტი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მაღლა დააყენა. შეიქმნა, ე.წ. მორჩილი სასამართლო სისტემა, რომელიც პროკურატურის ხელში ინსტრუმენტი და პოლიტიკური ხელისუფლების მითითებების შემსრულებელი იყო". 

დროთა განმავლობაში სასამართლოსადმი ნდობა სულ უფრო იკლებდა. ამაზე საერთაშორისო პარტნიორებიც ბევრს საუბრობდნენ. ხელისუფლებამ გამოსავლის ძებნა დაიწყო. ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება იყო. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვეულებრივი მოქალაქეების ჩართვით სასამართლოს საზოგადოების ნდობა უნდა მოეპოვებინა. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ინსტიტუტის უარყოფითი მხარეები დადებითს სჭარბობდა - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ჩვეულებრივთან შედარებით, ბევრად მეტი მატერიალური რესურსი და დრო სჭირდება.

ამჟამინდელი ხელისუფლება სასამართლო სისტემასა და მის ხელმძღვანელს ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს აკრიტიკებდა და მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებდა. დაპირისპირება 2012 წლის არჩევნების შემდგომაც გაგრძელდა, მაგრამ ეს პოლიტიკურ ბრძოლას უფრო ჰგავდა, ვიდრე სამართლებრივს.

სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლაზე უზენაესი სასამართლოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარეც საუბრობდა, ოღონდ უკვე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და კონკრეტული პირების დასახელების გარეშე. როგორც მან 2014 წლის 19 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, "სასამართლოზე ზეწოლა წინა ხელისუფლების დროსაც იყო და ახლაც არის".

აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის არსებული დაძაბულობა და ფარული პაექრობა ყველაზე ნათლად "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებათა შეტანისას გამოიკვეთა. ჯერ იყო და კოტე კუბლაშვილმა იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტის ერთპიროვნულად, სასამართლოს გვერდის ავლით შექმნაში დაადანაშაულა, შემდეგ კი უზენაესმა მოსამართლემ აღნიშნული კანონპროექტი ვენეციის კომისიას იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე გაუგზავნა. 

"დღეს სასამართლო პოლიტიკური ოპოზიციონერის როლს თამაშობს", - ასე შეაფასა თეა წულუკიანმა კოტე კუბლაშვილის ქმედება და მას თანამშრომლობისა და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების გამოჩენისკენ მოუწოდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან მოსამართლეების კრიტიკა მომავალშიც გაგრძელდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ყოფილ მაღალჩინოსანთა გამამართლებელ განაჩენებს ეხებოდა.

ხელისუფლებამ სასამართლოსთვის ახალი სულის შთაბერვა გადაწყვიტა და მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერი კანონად აქცია. თავად მოსამართლეებიცა და არასამთავრობოებიც ასეთი ნორმის არსებობას ხელისუფლებისთვის "ურჩ" მოსამართლეზე ზეწოლის ბერკეტად აღიქვამენ. სამწლიანი მუშაობის შემდეგ მოსამართლეების საქმიანობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები შეაფასებენ და მათ მომავალსაც ისინი გადაწყვეტენ. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ დროის განმავლობაში მოსამართლეებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდებათ.

ხელისუფლება ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, თუმცა ხშირად გვესმის "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებები, სადაც ისინი სასამართლო სისტემის ბნელ წარსულსა და გამოუცდელი, მაგრამ სუფთა წარსულის მქონე მოსამართლეების დანიშვნის დადებით მხარეებზე საუბრობენ.

ეს პროცესები 2005 წელს მიმდინარე მოვლენებს ჰგავს, როცა ხელისუფლებამ სასამართლოში, ე.წ. წმენდა განახორციელა და პირადი განცხადებებისა თუ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე სისტემა ბევრ მოსამართლეს დაატოვებინა.

"ჩვენ ვახორციელებთ კამპანიას, რათა გავწმინდოთ სასამართლო სისტემა იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში უგულვებელყოფდნენ კანონებს; იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც მოსამართლეები კი არა, მომრიგებლები იყვნენ პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის", - აცხადებდა გიგა ბოკერია 2005 წელს.

თუმცა განსხვავება ისაა, რომ მაშინ სასამართლო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები გაათავისუფლეს. დღეს კი არავინ იცის, რომელი მოსამართლის წინააღმდეგ გამოიყენებენ 3-წლიან გამოსაცდელ ვადას.

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი სასამართლოში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა ნაწილი ახალ ხელისუფლებას ექვემდებარება, ნაწილი - ძველს და ნაწილიც დამოუკიდებლად დარჩენას ცდილობს.

ბარათაშვილი გახმაურებულ, გარკვეული პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმეებზე 1997 წლიდან მუშაობს. მათ შორისაა ზვიად გამსახურდიას მომხრეების, სულხან მოლაშვილის, საქველმოქმედო ფონდ "ქომაგის", ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი - ე.წ. ტრაქტორებისა და "კაბელების" საქმეები. ამასთან ერთად ის მკვლელობაში, სამოხელეო და სხვადასხვა ტიპის დანაშაულში ბრალდებული რიგითი მოქალაქეების უფლებებსაც იცავდა.

ადვოკატი სულხან მოლაშვილის საქმეს იხსენებს და განმარტავს, რომ პროცესი ძალზე სწრაფად, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევებით  მიმდინარეობდა. როგორც შემდგომში გაირკვა, განაჩენში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის ვრცელი დასკვნა არ ყოფილა, ისევე როგორც არ ყოფილა ნახსენები არცერთი მოწმის სახელი და გვარი. მოგვიანებით ამაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც აპელირებდა.

"ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში,  სახელმწიფოს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპები. სახელმწიფომ ასევე აღიარა, რომ მოლაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. შემდგომში აღნიშნული დარღვევის ფაქტები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა".

მისივე თქმით, გახმაურებულ თუ რიგითი სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფო ერთი სტრატეგიით იქცეოდა - იგი ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში, საქმის წარმოებაში, ხელს უშლიდა დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოპოვებაში და მედიის საშუალებით საზოგადოებაში წინასწარ ქმნიდა განწყობას, რომ ბრალდებულები დამნაშავეები იყვნენ.

"წინა ხელისუფლება  მიიჩნევდა, რომ სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების ნების უპირობო გამომხატველი უნდა იყოს. ისინი სასამართლოს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს, მხოლოდ ფორმალურად უყურებდნენ".

ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასამართლოში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება. მაგალითად, ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებისას არასაპატიმრო სასჯელი უფრო მეტად გამოიყენება, მცირედითაა გაზრდილი განაჩენების დასაბუთებულობის ხარისხიც.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ცვლილებები სასამართლო სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების აღსრულებისთვის არასაკმარისია - სოსო ბარათაშვილი ამჟამად თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებებს იცავს და მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა მოპოვების დროს ბრალდებისა და დაცვის მხარეები სრულიად არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.

"მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ სასამართლოს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა მან დაუსაბუთებელი უარით გვიპასუხა. ერთადერთი დადებითი, რაც სასამართლოში განხორციელებულ რეფორმებს მოჰყვა კორუფციის აღმოფხვრაა, თუმცა ამან სამართლიანი განაჩენების რიცხვი გაზრდის ნაცვლად შეამცირა.

თავად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი თავის 10-წლიან მუშაობას 100-ბალიან შკალაზე 80-90 ქულით აფასებს. მისი თქმით, სისტემაში ჯერ კიდევ რჩება ხარვეზები, ერთ-ერთი ასეთი კი მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნაა. გამოწვევები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს დახვდება, გადაწყვეტილების დასაბუთებულობის საკითხი და მოსამართლეთა რაოდენობრივი ზრდაა.

გამოწვევების პირისპირ, სავარაუდოდ, ნინო გვენეტაძე აღმოჩნდება. კუბლაშვილის ვადის ამოწურვამდე თვენახევრით ადრე პრეზიდენტმა დაინტერესებულ მხარეებს კანდიდატების წარდგენის ინიციატივით მიმართა და დრო 9 თებერვლამდე მისცა. 36 კანდიდატიდან 8-მ უარი თავად განაცხადა, 28 პრეტენდენტიდან კი ქვეყნის პირველმა პირმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ნინო გვენეტაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც 2005 წელს სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულა. იგი სასამართლოში 1999-2006 წლებში მუშაობდა. ხელისუფლების მხილების შემდეგ მას, მერაბ ტურავასა და დავით სულაქველიძეს ბრალი პროცედურულ დარღვევებში დასდეს და სასამართლო დისციპლინური სამართალწარმოებით დაატოვებინეს.

ნინო გვენეტაძის დასახელებამ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, რადგან იგი პოლიტიკურ ძალასთან, კერძოდ კი "რესპუბლიკურ პარტიასთან" ასოცირდება. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პროფესიონალიზმი და პრინციპულობა მოუწონა.

"ეს იქნება ბრძოლა, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება, მისი პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლოზე  გავლენის მოპოვებას  შეეცდება და ასეთ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარის  უმნიშვნელოვანესი ამოცანა ქვეყნის ხელმძღვანელთა იმაში დარწმუნებაა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ამგვარი სწრაფვა ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს".

საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე მოვლენები არცთუ დამაიმედებელ პროგნოზს იძლევა - ნინო გვენეტაძისთვის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 23 თებერვალს უნდა მოესმინა, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო დილით და შემდეგ უკვე საღამოსთვის ჩანიშნული სხდომებიც ჩაიშალა. კომიტეტის სხდომამ, სადაც მას საბოლოოდ მხარი დაუჭირეს, არეულობისა და დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა.

მასალაზე მუშაობის პროცესში უზენაესი სასამართლოს შესაძლო თავმჯდომარის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. წინ კიდევ უფრო საინტერესო პროცესებია - მოინდომებს თუ არა საკანონმდებლო ხელისუფლება მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი და პრინციპული კანდიდატის არჩევას, თანაც იმ ფონზე, რომ ის პრეზიდენტის რჩეულია. (საზოგადოებამ ქვეყნის პირველი პირისა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დაძაბული ურთიერთობის არაერთი მაგალითი იხილა, მათ შორისა გაურკვეველი ვადით გადადებული პრეზიდენტის წლიური მოხსენება და მის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტები.

ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის დასაკავებლად პარლამენტში სულ მცირე 76 ხმა სჭირდება. თუკი მან კანონმდებელთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, პრეზიდენტს სხვა კანდიდატის დასახელება მოუწევს. თუკი ხმების საჭირო რაოდენობა ვერც მეორე კანდიდატმა მიიღო, პრეზიდენტს ახალი კანდიდატის წარდგენა მხოლოდ 2 წლის შემდეგ შეეძლება. კანონმდებლობის თანახმად, ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას კოტე კუბლაშვილის მოადგილე ზაზა მეიშვილი დაიკავებს.

ცხადია, აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში კარგად არიან ინფორმირებულნი. თუკი პარლამენტი პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს, ეს ზაზა მეიშვილისთვის - "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან არაერთგზის გაკრიტიკებული მოსამართლისთვის მხარდაჭერის ავტომატურად გამოცხადებას ნიშნავს.

მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ფონზე. ხელმოწერით საქართველო კანონის უზენაესობის გამყარების, მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ვალდებულებას იღებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^