Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ეროვნული ყრილობა

20 მარტი 2015

გრ. ვეშაპელი - საქართველოს ეროვნული ყრილობა

„საქართველო“ #256, კვირა, გიორგობისთვის 19, 1917 წ.

 

ეროვნული ყრილობის საქმე

დღეს სრულდება საქართველოს ეროვნული ცხოვრების ასწლოვანი პეტროგრადის წრე და დღესვე იწყება ახალი პოლიტიკური ისტორია.

რევოლუციის რვა თვემ ისე დაგვღალა, რომ სიტყვები და გრძნობები აღარ გვყოფნის  ამ კრებულის სალამისათვის, რომელიც კიდევ ერთხელ  არღვევს ეროვნებათა სიკვდილისთვის დაწესებულ ასწლოვან ხანგრძლივობას, „დავნოსტს“.

ეროვნულ ყრილობის მიზანი ახალი საქართველოს პოლიტიკურ შენობის საძირკველის ჩაყრა არის. ამისათვის დეკლარაციები კი არა, მოქმედებაა საჭირო.

ეროვნულ ყრილობას ორი საქმე აქვს გასარკვევი: ერთი საქმე თავად–აზნაურობის საერთო, კოლექტიურ ქონების პატრონობაა. ეროვნული ყრილობა ხომ ის „საბჭო“ არის, რომელმაც ქართლ–კახეთის თავად–აზნაურთა დეკლარაციის ძალით გადმოცემული ქონება უნდა ჩაიბაროს და ამ ქონების საპატრონოდ აღმასრულებელი გამგეობა უნდა აირჩიოს.

დეკლარაციის ის მუხლი, რომელიც თვით „საბჭოს“ ანდობს რეგლამენტისა, შტატების და ბიუჯეტის შედგენას, პირდაპირი თავმდები იყო საბჭოს ეროვნულ პოლიტიკურ თვით–გამორკვევისა.

მაგრამ თვით ცხოვრებამ დააჩქარა ეს საქმე და ინტერპარტიულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას წინადადებით, დაადგინა დაევალოს კრებას, როგორც პოლიტიკური საკითხის გარკვევა, ისე ინტერპარტიული საბჭოს მემკვიდრე ეროვნული ორგანოს შედგენა.

ეროვნული ყრილობის საზრუნავი სწორედ ამ ახალი ეროვნული საბჭოს შედგენა არის.

უდროვო იქნებოდა, რო ეხლავე გამოგვერკვია ამ ორგანოს იურიდიული და ტერიტორიული ძალა–უფლება. ზოგი პარტია ქართულ რესპუბლიკის მთავრობას მოისურვებდა, ზოგი კიდევ პედაგოგიურ საბჭოთი დაკმაყოფილდებოდა.

ამიტომ, მთელი სიმძიმე ამ საკითხისა სულ სხვა მხარეზე (!) უნდა გადავხაროთ თვით საბჭოს შედგენის წესისაკენ.

ეროვნულმა ყრილობამ საბჭო ისე უნდა შეადგინოს, რომ თუ გარემოებათა მიხედვით მისი საჯარო უფლებრივი თვით გამორკვევა შესაძლებელი გახდა ამ აქტისათვის საბჭოს საკმაო ეროვნულ პოლიტიკურ ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს თანდაყოლილი როგორც შინ, საქართველოში, ისე  გარედ, მისი საზღვრების იქით.

სწორედ ეს პოლიტიკური ავტორიტეტი იყო, რომ აკლდა დღემდის არსებულ ინტერპარტიულ  საბჭოს, რომელიც პარტიათა თანაბარ წარმომადგენლობით იყო შედგენილი, და რომელიც მხოლოდ მაშინ აბიჯებდა წინ, როცა ყველა პარტიები შეთანხმდებოდნენ ხოლმე. ეს არც ისეთი იაფი  ხილი გახლავთ და ამიტომ ინტერპარტიულ საბჭოს კინაღამ ინტერნაციონალის ბედი ეწვია, და უმრავლესობის მეთაურმა პარტიამ კინაღამ დასტოვა „უსჯულო“ პარტიათა საკრებულო.

ასეთივე ბედი ეწვევა ახალს ეროვნულ საბჭოს, თუ იგი პირდაპირ დღევანდელი ყრილობის მიერ იქმნა არჩეული... ამ ყრილობის  არადემოკრატიულად  მხილებაც ხომ არ გაუჭირდება „მართლმადიდებელ“ პარტიას.

ერთად–ერთი თავდები ღონიერი და მთლიანი საბჭოს შექმნისა ეს პროპორციის წესია, იმ პროპორციის, რომელიც შეეფერება საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ პარტიათა ძალთა განწყობილებას.

დღეს მთელ საქართველოში დამფუძნებელი კრების არჩევნებია.

მართალია, ახლანდელი არჩევნების შედეგი მეტად ცალმხრივია, ერთი იმიტომ, რომ ქართველობა მაინცა და მაინც არ იტეხდა თავს „რუსეთის“ დამფუძნებელი კრებისათვის, მეორე კიდევ იმიტომ, რომ ზოგიერთ პარტიას მრავალი უცხო ხმა მოუვიდა, ზოგს კონფედერაციული ბლოკით, ზოგს კიდევ ინტერნაციონალობით...

ისიც მართალია, რომ სულ სხვა შედეგი მოჰყვებოდა არჩევნებს, მათი მიზანი რომ საქართველოს საკანონმდებლო, დამფუძნებელ კრების შედგენა ყოფილიყო, მაგრამ ნუ შევუშინდებით ამას ... დღეს სხვა საზომი პროპორციისა არ არის და ამას უნდა დავეყრდნოთ, თუ ღონიერი ეროვნული საბჭო გვწადია ...

ნურც იმის გვეშინია, რომ პროპორციული წესი ერთად–ერთ სოციალ–დემოკრატიულ პარტიის ხელში ჩააგდებს მთელს საბჭოს: ამისათვის ამ პარტიას არც საკმაო ძალები ჰყავს და მას იმდენი პოლიტიკური სიმწიფეც აქვს, რომ ასეთი გამოცდა არ მოახდინოს საქართველოში. ერთგვარ პროპორციული წესით შედგენილი საბჭო აუცილებელი ეტაპია ინტერპარტიულ საბჭოს განვითარებისა, აუცილებელია  იმიტომ, რომ ამას მოითხოვს თვით უმრავლესობის პარტია.

საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ როდის უნდა შევადგინოთ ასეთი პროპორციული საბჭო: ახლავე, საქართველოში მომხდარ არჩევნების მიხედვით თუ შემდეგ, როცა არჩევნები მთელ ამიერ–კავკასიის ოლქში იქნება  დასრულებული.

ამაზე ზეგ.

 

***

 

ლეო შენგელაია-ქიაჩელი - თბილისი, 16 ნოემბერი, საქართველოს ეროვნული ყრილობა

„ალიონი“ #58, ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 1917 წ.

 

19 ამ თვეს თფილისში გაიმართება საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა.

თავისთავად ცხადია, რომ დღევანდელს პირობებში ამ ყრილობის დანიშნულება ვერ განისაზღვრება ქართლ-კახეთის თავად-აზნაურობის ქონების ჩაბარების აქტით. საქართველოს როგორც ეროვნული, ისე სახელმწიფოებრივ-საერთაშორისო დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად და ბუნებრივად გააფართოვებს კრების დანიშნულებას და უმთავრესად, განსაკუთრებით პოლიტიკურს ხასიათს მიანიჭებს მას.

უწინარეს, ქართველ ხალხს, როგორც ეროვნულ ერთეულს, ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია თვისი პოლიტიკური ნების ყოფა. ჩვენში მომქმედი პოლიტიკური პარტიები, რა გინდ გავლენიანი არ იყვნენ და რამდენადაც არ დაახლოვდებოდნენ მთელის ერის მისწრაფებას, მაინც ვერ იკისრებდნენ ერის სახელით ლაპარაკს და მოქმედებას. ამ მხრით ფრიად მნიშვნელოვანია მომავალი ეროვნული კრება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველთათვის, არამედ კავკასიის სხვა ერებისათვისაც. მისი სიტყვა პოლიტიკურ საფუძველს ჩაუყრის ჩვენს ეროვნებას და მის სოციალ-პოლიტიკურ შემოქმედებას ბუნებრივ ღარს მიუჩენს. ეს გარემოება კი რამოდენიმეთ დამფუძნებელი კრების როლს მიაკუთვნებს ყრილობას და ამნაირად გადააქცევს მას ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე პასუხისმგებელ ისტორიულ მოვლენად.

საქართველოსთვის ამას უაღრესი მნიშვნელობა მიეცემა.

სხვანაირათ არც შეიძლება იქმნეს. ჩვენი დრო განსაკუთრებული მისიის მატარებელია და საქართველოც, რასაკვირველია, მისი სამოქმედო ასპარეზთაგანია. გამონაკლისს ჩვენი ქვეყანა ვერ შეადგენს.

ომმა საერთაშორისო ცხოვრების ისეთი იარები გამოაჩინა საზოგადოდ, ხოლო მასთან ერთად რევოლიუციამ კერძოთ რუსეთი ისე გამოამზეურა, რომ კაცობრიობის მომავალი ვერ შეურიგდება ვერც პირველისა და ვერც მეორის წინანდელს სახეს.

რევოლიუციონური შემოქმედების ცეცხლი, რომელიც ამჟამად ანადგურებს ძველ რუსეთს, უნდა ვიფიქროთ, რომ თავის ნაცნობ ევროპასაც ეწვევა და, თუ არა რუსულ ყაიდაზე, მაინც მიენთება მისი ცხოვრების დრო მოჭმულ წესსა და რიგს.

კაცობრიობის წინაშე დიადი პერსპექტივა იშლება.

ყველგან ახალ ცხოვრებას ეყრება საფუძველი.

ყველგან სოციალური დემოკრატია სდგას მომავლისათვის ბრძოლის სათავეში.

და ქართველი დემოკრატიაც ჩვენში დიდი ხანია, რაც ეწევა ამ ბრძოლას.

დიდია მისი ბრძოლის ნაყოფიც ჩვენს სამშობლოში. ხოლო ბრძოლის სიმძიმე გაორკეცებული აქვს ქართველ დემოკრატიას მისი განსაკუთრებული  პოლიტიკური მდგომარეობით. ეს გარემოება თანდათან შესამჩნევი და ანგარიშის გასაწევი ხდება. და თუ ჯერ კიდე ვერ გაუშლია მას ფრთები ჩვენში, თუ ჯერ კიდევ ვერ დაახლოვებია თვის ევროპიელ მოძმეთ, ამის მიზეზი უმთავრესად მის ეროვნულ ყოფა-მდგომარეობაში უნდა ვეძიოთ. ახლა ვისთვის არ არის ცხადი, რომ ეროვნული თავისუფლება ერთი უმთავრესი პირობათაგანია სოციალ-პოლიტიკური შემოქმედებისათვის.

სწორედ ამიტომ, ჩვენის აზრით, განსაკუთრებულად საყურადღებოა საქართველოს მომავალი ეროვნული ყრილობა ქართველ დემოკრატიისათვის.

ის გარემოება, რომ ჩვენი ცხოვრების საჭე დემოკრატიის ხელშია, ავალებს მას მისცეს ქვეყანას მმართველ-გამგებელი მთავრობა, რომელიც ამ საერთო კრიზისის დროს მოაწესრიგებს, როგორც შინაურ ეროვნულ საქმეებს ისე გაუძღვება ხალხს საერთაშორისო ურთიერთობაშიაც.

საქართველო საშიშ მდგომარეობაშია. არც შინაური საქმეა მისი მოწესრიგებული და არც საერთაშორისო მდგომარეობაა გამორკვეული. როგორც პირველის მოგვარებაა აუცილებელი, რომ ქვეყანა არ დაიღუპოს, ისე მეორისა რათა მეზობელ ერებთან (განსაკუთრებით კავკასიაში) ნორმალური და საერთო ინტერესების შესაფერი დამოკიდებულება დამყარდეს.

თვითონ ცხოვრება განსაზღვრავს ქართველი დემოკრატიის პოლიტიკის ხასიათს. იგი უნდა იყოს ეროვნული და მასთან ერთად უაღრესად ინტერნაციონალური.

ასეთი იყო ჩვენ მიერ თავიდანვე აღებული გეზი, რომელიც ცხოვრებამ გაამართლა.

ქართველი ერი სხვა გზას ვერ დაადგება. არც არსებობს სხვა გზა ჩვენი ქვეყნისათვის.

ეროვნულმა ყრილობამაც უნდა დაადასტუროს ეს გზა. მან უნდა მისცეს საქართველოს მართვა-გამგეობა და გამოარკვიოს მისი მდგომარეობა როგორც მეზობელ ერთა შორის ამიერ-კავკასიაში კერძოდ, ისე საერთაშორისოდაც.

 

სტილი დაცულია

სპეციალურად "ლიბერალისთვის" მასალა მოამზადა პარლამენტის არქივის გამგემ - ირაკლი იაკობაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^