Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოხუცი ქართული ლიტერატურა და ზღვა

21 სექტემბერი 2018

ქართულ ლიტერატურაში ზღვა მნიშვნელოვანი თემაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა, თითქოს ზღვასთან გაუცხოებული ვართ, რომ ზღვა ეს არის ზღვარი, საზღვარი, რომ ზურგი ვაქციეთ მას და ა.შ. ასეთი აზრი დიდწილად იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ ჩვენ არასდროს შეგვიქმნია ფლოტი. საინტერესოა, თუმცა ის უფრო საინტერესოა, რომ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება!

საქართველო, ზღვა და ლიტერატურა ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების გაჩენამდე, იმაზე ღრმად უკავშირდებოდა ერთმანეთს, ვიდრე დღეს ეს შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს.

მსოფლიოში ჩვენი პირველი გამოჩენა სწორედ ზღვასთან არის დაკავშირებული. როდესაც იასონი და მისი მეგობრები მედეასთან და ოქროს საწმისთან ერთად კოლხეთიდან გემით - „არგოთი“ გაიქცნენ, მოგვიანებით მათ ხომალდებით დაედევნა და დაეწია კიდეც აიეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ კოლხეთის ფლოტში სახელგანთქმულ „არგოზე“ უკეთესი ხომალდები ირიცხებოდა. რომ არა მედეას მზაკვრობა, აფსირტოსის მკვლელობა და მისი სხეულის ნაწილების შეგროვებაში დაკარგული დრო, აიეტის ფლოტს „არგო“ ისტროსში, დღევანდელ - დუნაიში ვერ შეასწრებდა და ვერ გადაურჩებოდა.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

ამ ამბავში მნიშვნელოვანია ისიც, რომ აიეტის ხომალდი არგოსავით ნაპირ-ნაპირ კი არ მიცურავდა, მისმა ხომალდმა არასტუმართმოყვარე შავი ზღვა გადაკვეთა!

ასე რომ, ლიტერატურაში, ჩვენთან ერთად, მომენტალურად ჩნდება ზღვა...

აქვე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კუნძული აია, რომელზეც ცხოვრობდა მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავი ქართველი პერსონაჟი, აიეტის და, ზღვასთან დაკავშირებული - კირკე, იგივე ცირცე. ასევე, ზღვასთან და კუნძულთან, ამჯერად, კრეტასთანაა დაკავშირებული მსოფლიო ლიტერატურისა და მითოლოგიის კიდევ ერთი დიდი ქართველი პერსონაჟი, აიეტისა და კირკეს და პასიფაე, მინოსის მეუღლე, რომელიც დასავლეთის ცივილიზაციის აკვანს მართავდა და მჭიდროდ არის დაკავშირებული თავის შვილებთან: არიადნესთან, ფედრასთან თუ მინოტავრთან.

ამით იმის თქმა მინდა, რომ  ქართულ ცნობიერებაში ზღვა თავიდანვე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და ეს აისახა კიდეც მსოფლიო ლიტერატურაში.

ერთ-ერთი პირველი ქართული ძეგლი, რომელშიც ზღვა გამოჩნდა - ძლისპირი გახლავთ, საგალობელი, სინანულის კანონის ერთ-ერთი გალობა, რომელიც, როგორც თავის დროზე პავლე ინგოროყვამ დაადგინა, გრიგოლ ხანძთელის მიერაა თარგმნილი. საუბარია ბრწყინვალე ტექსტსა და თარგმანზე, რომელიც ზღვის ბიბლიურ გააზრებას ეყრდნობა, რომ ზღვა არის სტიქიონი, მღელვარება, ეშმაკისა და ბოროტი ძალების სამყარო, ხოლო ნავსაყუდელი - სამოთხე, რწმენა, რომელიც ადამიანის სიმშვიდეს განაპირობებს:

„სოფლისა ზღვაი აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაითა, და საშინელად დამნთქამს მე და
ამისა მხილველი მყუდროსა ნავთსაყუდელსა შენსა მოვილტვი და ესრეთ გიღაღადებ შენ: აღმოიყვანე გახრწნისაგან ცხოვრებაი ჩემი მრავალმოწამე!“

ან:

„სოფლისა ზღვაი აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაითა, და საშინელად დამნთქამს მე და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდლისა, და ესრეთ გიღაღადებ: გახრწნისგან მიხსენ მე!“

ეს უბრწყინვალესი ძლისპირი გვესაუბრება „სოფლის ზღვაზე“, როგორც მეტაფორაზე, სულიერ აშლილობაზე, ამ სამყაროს საშინელებაზე, რისგანაც გადაგვარჩენს რწმენა.

ასე იწყება ზღვა ქართულ ლიტერატურაში...

ბუნებრივია, ზღვა ვერ „გადაურჩებოდა“ ჩვენს მთავარ გენიოსს, რუსთაველს, რომლის პოემაშიც ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს. „ვეფხისტყაოსანში“ ზღვა არა მხოლოდ სიმბოლო და მეტაფორაა, არამედ ერთ-ერთ პერსონაჟადაც კი გვევლინება, ერთგვარი საზომიცაა. მაგალითად, ათი თვით ზღვაზე მოგზაურობაა საჭირო იმისთვის, რომ გულანშაროს მიადგე და ა.შ.

უმნიშვნელოვანესია, რომ მამის ურჩ და ცოდვილ ნესტანს, რომელმაც ტარიელს საქმრო მოაკვლევინა, დავარი „ვეშაპს“ გაუგზავნის და მის გადაკარგვას აპირებს იქ, სადაც ზღვის ჭიპია.

შეუძლებელია აქ ქრისტიან ადამიანს იონასთან დაკავშირებული ბიბლიური ეპიზოდი არ გაახსენდეს, რომელიც უზენაესის დავალებაზე - ნინევიაში ქადაგებაზე უარისა და გემით გაქცევის შემდეგ, მამის, ანუ ღმერთის ურჩობის გამო დაისაჯა და ვეშაპმა გადაყლაპა. რა თქმა უნდა, ვეშაპი სიმბოლოა, იონა ჯოჯოხეთის ხახაში აღმოჩნდა, საიდანაც სამი დღის შემდეგ სინანულის ძალამ დაიხსნა.

სწორედ ასე, ნესტანსაც, რომელიც ეურჩა უფალს, ანუ მამას, გააგზავნიან იქ, სადაც ზღვის ჭიპია.

დავარი შემდეგი სიტყვებით აძევებს მას - „წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია“... ანუ, იქ, ზღვის ჭიპში ჩაკარგავს ნესტანს. ნესტანის ქაჯეთიდან გამოხსნა კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც იგი სინანულის ცრემლების ზღვას დააყენებს, როდესაც მოინანიებს დანაშაულს.

რუსთაველმა აქ ზღვაში დანთქმის მეტაფორა გამოიყენა, როგორც სიკვდილი, ხოლო ზღვიდან ამოყვანა - ვეშაპის მუცლიდან და ქაჯეთის ციხიდან დახსნა - მეორედ დაბადება სინანულის შემდეგ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ვეფხისტყაოსანში“ ზღვა არაერთხელ გვხვდება, მაგალითად, ფრიდონი ნაპირ-ნაპირ მიმავალ გემს დაედევნა და ასე შეიტყო ნესტანის ამბავი. ასევე, ზღვა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რათა გავერკვეთ, თუ როგორ აღმოჩნდა ავთანდილი ფატმანთან და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, „ვეფხისტყაოსანში“ ზღვა ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა და ამაზე, ისევე როგორც ამ პოემაზე ძალიან დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა დაუშვებელია, რომ ზღვასთან კავშირის თვალსაზრისით სხვა ავტორები დაგვეჩაგროს.

რუსთაველის შემდეგ, უკვე დავით გურამიშვილის შემოქმედებაში გვხვდება ზღვის კლასიკური, ქრისტიანული გაგება, რომ წუთისოფელი აღელვებული ზღვაა, ხოლო ადამიანთა სულები კი ნავები, რომელთაც ტალღები აწყდებიან და განადგურებით ემუქრებიან.

სიდიადის გამო, ზღვა, განსაკუთრებული ძლიერების საზომია არა მხოლოდ გურამიშვილთან, არამედ სულხან-საბა ორბელიანთანაც. სწორედ ზღვის მეშვეობით გადმოგვცემს სიბრძნისა და განათლების მასშტაბს სედრაქ ვეზირი: „მეცნიერებითა ზღვათა უფსკრულთა მიწევნილ იყო“.

გამორჩეულად ვლინდება ზღვა ჩვენი დიდი გენიოსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში. ჰიმნოგრაფიული მწერლობის მსგავსად, სამოთხე, ბარათაშვილის პოეზიაშიც, უღელვო მყუდროების სადგომი აღმოჩნდა. საერთოდ, ეს დიდი საოცრებაა, რადგან უცნობია, საიდან იცნობდა ბარათაშვილი ამ ძეგლებს, ისინი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. როგორც პავლე ინგოროყვამ თქვა, შესაძლოა ეს კონგენიალური დამთხვევა იყოს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ქართული პოეზიის დიდი შედევრი „ჩემი ლოცვა“, რომელშიც პოეტი უფალს ევედრება:

„ცხოვრების წყაროვ, მასვ წმინდათა წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!
არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა;
არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!“

მრავალმხრივ საგულისხმოა, რომ ამ სტროფში ბარათაშვილი თავისი სულის ნავის სამშვიდობოს გაყვანას ითხოვს, რისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვნად „გულის სენთა“ დათმენა მიაჩნია. ყოველგვარი ტკივილის დამაამებლად, ცხოვრების წყაროდ, ბარათაშვილი უფალს მიიჩნევს და ვინაიდან მის ირგვლივ ბობოქარი ზღვაა, პოეტი წმინდა წყლის დაწაფებას ნატრობს. სარწმუნოება წმინდა წყალია და ეს მოსაზრება, სხვათა შორის, სახარებას ეფუძნება:

„უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“.

სწორედ ამას სთხოვს ნიკოლოზ ბარათაშვილი უფალს - შეასვას წყალი ცხოველი, ვინაიდან იმედს წყალი, სიკეთე აჩენს, ზღვას კი ბოროტება უკავშირდება. აი, ასეთი უცნაური დაპირისპირება გვაქვს აქ, წმინდა, ანუ მტკნარი წყალი სიკეთეა, მლაშე, ანუ ზღვის წყალი - ბოროტება.

ზღვის წყლისგან განსხვავებით, წმინდა წყალი ცოდვათაგან დახსნის გზაა, რადგან რწმენა ტკივილის ჩახშობას, გულის დამშვიდებას ნიშნავს. ამის წამალია - ვნებებისგან გადარჩენის, ვნებებისგან გათავისუფლების გზაა. ესეც, გარკვეულწილად, სახარების გამოძახილია:

„არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“.

ბარათაშვილსაც სწორედ ეს უნდა, სარწმუნოების ძალით გათავისუფლდეს, რწმენით დაითქას გულის სენი და ტკივილი. სხვა ამბავია, რამდენად დარჩება იგი ამ იდეის ერთგული, ვინაიდან იგი ზღვის ტალღებივით აქეთ-იქით ეხეთქება რწმენასა და ურწმუნოებას კეთილი და ბოროტი სულის რჩევებს შორის.

როგორი „წარმოუდგენელიც“ არ უნდა იყოს, ზღვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაშიც, 

მოგეხსენებათ, ჩვენში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ვაჟა მთის, ბუნების პოეტია და ცდილობდნენ მისი შემოქმედება მხოლოდ მთით, იებითა და ირმებით შემოესაზღვრათ. ასეთი დამოკიდებულების სიღრმეზე მეტყველებს ვაჟა-ფშაველას ძეგლიც, მისივე სახელობის გამზირზე. ერთი შეხედვით მშვენიერი ძეგლია, თუმცა, მისი ძირითადი მოტივიც ბუნების მესაიდუმლეობა და ამ დიდი კაცის მხოლოდ მთასთან დაკავშირების მცდელობაა.

აი, თუნდაც მე მაინტერესებს, რატომ გვხვდება „მთასთან დაკავშირებული კაცის“ შემოქმედებაში ზღვა ყოველ მეორე ნაბიჯზე? ვაჟაზე ხშირად ქართულ პოეზიაში მგონი არც არავის უხსენებია ზღვა, თანაც იმ ფონზე, რომ ის მისთვის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა.

გავიხსენოთ თუნდაც „ალუდა ქეთელაური“ და პოემის პერსონაჟი, „სხვა რიგის შიშით“, ანუ რელიგიური შიშით შეშინებული ხევისბერი ბერდია. არადა, უშიშარი კაცია, ხევსური ვაჟკაცი, რელიგიური, სამოქალაქო და პოლიტიკური ლიდერი! ბერდიას შიში მაშინ ეუფლება, როდესაც ხვდება, რომ ალუდა რჯულისა და რწმენისგან განსხვავებულ რამეს - მუსლიმი კაცის შეწყალებას ითხოვს. ამ „სხვა რიგის შიშით“ ფერდაკარგულ ბერდიას ზღვაში ჩანთქმა უფრო იოლ სასჯელად მიაჩნია, ვიდრე ის, რომ ალუდას დაუჯეროს, მუსლიმს კურატი შესწიროს, ანუ ცხოვრების ზღვაში თემის კარგ მესაჭედ ვერ ივარგოს.

რა თქმა უნდა, ზღვა აქაც ბოროტებისა და წუთისოფლის სიმბოლოა.

„მანამ სჯობს ცანი დამექცნენ,
ზურგი გამისკდეს მიწისა,
ან თუ ზღვამ დამნთქას უძირომ,
სადილი ვსჭამო ქვიშისა!“

ალუდას თხოვნის შეწყნარებას, უფლის სახელის შეურაცხყოფას და ურჩობას, რის გამოც იონა დაისაჯა, ბერდიას ზღვაში დახრჩობა ურჩევნია. 

ვაჟას შემოქმედებაში ზღვასთან სრულიად წარმოუდგენელი მომენტებია დაკავშირებული. მაგალითად, მრისხანედ მომდგარი თათრის ჯარი, რომელთან შედარებითაც ისე ცოტანი ვჩანდით, „ვით ზღვასთან წვიმის ცვარია“. ნახეთ რა შესანიშნავი სახეა - ჩვენ, ქართველები ცოტანი ვართ, ვითარცა ცვარი, ხოლო მტერი, ბოროტება - მოზღვავებულია; მტერი მლაშეა, ჩვენ - მტკნარი, ჩვენ სიკეთე ვართ, მტერი ბოროტებაა. აი ამას ამბობს ვაჟა ზღვის სიმბოლოს მოხსენიებით.

მეორე მხრივ, ზღვა სრულიად მოულოდნელ კონტექსტში გვევლინება „სტუმარ-მასპინძელში“: „დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“ - ჯოყოლას მიერ ზღვის, ფაქტობრივად, ამ ბოროტი სიმბოლოს სისხლთან მოხსენიება, თავად შურისძიების აუცილებლობას უსვამს დიდ კითხვის ნიშანს.

„თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“ - სულაც მხოლოდ ეს რომ ეთქვა ჯოყოლას, უკვე გასაგები იქნებოდა მისი მერყეობა და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება, რომ სტუმარ-მასპინძლობის წესი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი შურისძიება, შურისძიება, რომელიც ზღვის სახითაა წარმოდგენილი.

ბუნებრივია, ზღვის თემა ქართულ ლიტერატურაში ამით არ ამოწურულა და ამაში დასარწმუნებლად კონსტანტინე გამსახურდიას ლექსის სტრიქონის „ზღვისფერი გაქვს თვალების“ გახსენებაც საკმარისია. თუმცა, ჩვენს ლიტერატურაში ზღვამ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი განვითარება ჰპოვა.

ისეთი შესანიშნავი მწერლის შემოქმედებაში, როგორიც გურამ რჩეულიშვილია, განსაკუთრებით კი მის სამ მოთხრობაში: „მუნჯი ახმედი და სიცოცხლე“, „ნელი ტანგო“, „ირინა და მე“, ზღვა არა მხოლოდ სიმბოლურ, არამედ საკრალურ დატვირთვასაც იძენს. თანაც არა მხოლოდ პერსონაჟებისთვის, არამედ თავად მწერლისთვისაც, მან ხომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა ადამიანი. 

„ნელ ტანგოში“ თითქმის დოკუმენტურად არის აღწერილი ის სცენარი, როგორც გურამ რჩეულიშვილის ცხოვრება განვითარდა - გურამი ზღვაში დაინთქა და იონას მსგავსად, „ვეშაპის მუცლიდან“, დიდ ქართველ მწერლად მოგვევლინა.

ასევე, უდიდესი მნიშვნელობისაა ზღვა ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბაში“, სადაც ის დაუმორჩილებელ, გამანადგურებელ ძალასთან არის დაკავშირებული.

პირველყოფილ ქაოსთან, ანუ ცხოვრებასთან, ბოროტებასთან, საწუთროსთან „მეგობრობს“ ზღვა ჩვენს კიდევ ერთ დიდ გენიოსთან. გალაკტიონი ზღვის დიდი მოყვარულია, ზღვა მისი შემოქმედების თითქმის ყველა მნიშვნელოვან მომენტში ვლინდება. 

როგორც ბერძნული მითოლოგიიდან გვახსოვს, აფროდიტე ურანოსის ასულის დაბადების ერთ-ერთი მითიც ზღვასთანაა დაკავშირებული - როდესაც ურანოსმა დედამიწა ძლიერ შეაწუხა, გეამ შვილებს სთხოვა მამის ძალადობისგან დაეხსნათ. კრონოსმა, ოქროს ნამგლით მამას ასო მოჰკვეთა და ოლიმპოს მთიდან მოისროლა. ზღვაში ჩავარდნის შემდეგ, ასოში დარჩენილი სპერმის ბოლო წვეთებით წყალი აქაფდა და სწორედ ამ ქაფიდან დაიბადა აფროდიტე. ასეთია მითი.

ახლა ვნახოთ, როგორ არის ეს მითი ფარულად გადმოცემული გალაკტიონთან:

„ოჰ, სიყვარული ზღვების ქაფია!
მიეცით წარსულს ელვა ან ხმალი,
რომ ამოკვეთოს ეპიტაფია:
„მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი!“

„ოჰ, სიყვარული ზღვების ქაფია!“ ანუ, ზღვა უკვე აღარ არის ის, რაც სახარებისთვის, ან თუნდაც ბარათაშვილისთვის იყო, ზღვა უკვე იმ მითოსის ნაწილიცაა, რომლისგანაც სილამაზე იბადება. დიახ, ის შეიძლება იყოს ბოროტების სიმბოლო, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ზღვა, ესთეტიკური სილამაზის სიმბოლოა. ამიტომაცაა, სიცოცხლის ბოლო პერიოდში დაწერილ ერთ-ერთ შედევრში გალაკტიონი კვლავაც ზღვაზე რომ საუბრობს:

„ქარი დასცხრა სიბობოქრის,
შავი ზღვიდან სიო მოქრის,
მე გიცქერი, როგორც ოქროს,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს...“

ასე უპასუხა გვიანმა გალაკტიონმა ადრეულ გალაკტიონს, რომელმაც ქართულ პოეზიას „ზღვის ხეტიალის“ გენიალური ხატი უსახსოვრა.

გალაკტიონი გალაკტიონია, მაგრამ დასასრულ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოთარ ჭილაძე, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაში, ლექსებში, ზღვის საოცარი სახე შექმნა. ბათუმის გახსენებისას პოეტს ზღვა, მაგნოლია და სექტემბერი წარმოუდგება თვალწინ; სილაზე კი:

„სილაზე იწვა ქალი და კვალი,
ცოცხალი კვალი ქალიდან ზღვამდე.
ყველაფრის ნებას აძლევდნენ თვალებს
მეზღვაურები, რომლებიც სვამდნენ“. 

პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^