Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აკრძალვის ნათელი

30 მარტი 2015

„სისატიკე გარდაუვალია. ხელისუფლებას დღესაც და ხვალაც აუცილებლად დასჭირდება ინტელექტუალები. ისე რა აზრი აქვს ზოგადად ხელისუფლების დისკურსს? ჩავლილი მემარცხენე ეიფორიის შემდეგ სწორედ იმის შესახებ ვლაპარაკობ, რაც უახლოეს მომავალში დიდ საფრთხედ შეიძლება იქცეს ინტელექტუალებისთვის. როცა ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეები მოვლენ, ჩვენ გველის მორიგი კომპრომისი, ახალი გადანაცვლება, ახალი კაპიტულაცია, რადგან ამის გარეშე ინტელექტუალები საარსებო სივრცეს ვერ დაიკავებენ“.

დრო და ცენზურის ტრანსფორმაცია

როდესაც საფრანგეთის კულტურის მინისტრმა გადაწყვიტა, რომ უკვე აღიარებული მხატვარი, გუსტავ კურბე 1870 წელს საფრანგეთის საპატიო ორდენით დაეჯილდოვებინა, კურბემ მას ერთი შეხედვით უცნაური წერილით უპასუხა:"როდესაც ხელისუფლება ხელოვანს აჯილდოებს, ეს უკვე ხელოვნების უზურპაციაა; ხელოვნებისა ყველაზე ნაკლებად სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელთ ესმით".

როგორც წესი, ხელისუფლება ურჩ და განდეგილ ხელოვანებს არ აჯილდოებს, ის უფრო მეტად სჯის. კურბეს შემთხვევა გამონაკლისია, რომელიც ჭეშმარიტებას მხოლოდ ადასტურებს.

...ტოტალურად ხელისშემშლელია თუ არა ცენზურა? ახდენს თუ არა  ის გავლენას ხელოვანის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე? შეიძლება თუ არა ლოკალური აკრძალვა სახელმწიფო დიქტატურის გამოვლინებაში გადაიზარდოს?  ხომ არ ნიშნავს ცენზურა სინამდვილეში, ხელოვანის პროვოცირებას ან მისი ფანტაზიის გახელება-გაფართოებას? ამ კითხვებზე საპასუხოდ შეგვიძლია მაგალითად მეოცე საუკუნის ლიტცენზურის კონკრეტული შემთხვევები განვიხილოთ, რომლებიც განზოგადების საშუალებას მაინც იძლევა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ინდოელი მწერლის, სალმან რუშდის"სატანური ლექსების" პუბლიკაცია ლამის მსოფლიოში ყველაზე ხმაურიან და სკანდალურ ლიტერატურულ მოვლენად იქცა. თუმცა"მუჰამედისადმი უპატივცემულო და მკრეხელური დამოკიდებულების გამო" მუსულმანურ ქვეყნებში ის მაშინვე აიკრძალა. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ, მწერალს ე.წ. ფატვა (წყევლა-განაჩენი) გამოუცხადა, რაც ფაქტობრივად დიდი დევნილობის დასაწყისი იყო. 

სალმან რუშდი დიდი ხნის განმავლობაში დევნილობაში  ცხოვრობდა, ხშირად გასაიდუმლოებულ ვითარებაში და უსაფრთხოების სამსახურის მუდმივი მეთვალყურეობის  ქვეშ. წერდა გამოგონილი სახელით და გვარით  - ჯოზეფ ანტონი, რომელიც  საყვარელი ავტორების, ჯოზეფ კონრადისა და ანტონ ჩეხოვის სახელების შერწყმით მოიფიქრა.

`სატანური ლექსების" გამოქვეყნებისთვის მწერალი ვენესუელაში 15  თვით დააპატიმრეს. იაპონიაში ჯარიმა დააწესეს მათთვის, ვინც ინგლისურენოვან გამოცემას შეიძენდა. ამერიკაში,  წიგნის მაღაზიები უარს ამბობდნენ მისი ნაწარმოებების გაყიდვაზე. 1989 წელს, პაკისტანსა და ინდოეთში მწერლის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელშიც ათასობით მორწმუნე მონაწილეობდა.

რუშდი შემდეგაც ბევრჯერ გამხდარა პოლიტიკური თუ რელიგიური სკანდალების მთავარი გმირი. მისი რომანი"შუაღამის შვილები" ინდოეთში ინდირა განდის შეურაცხმყოფელ ტექსტად აღიქვეს, რასაც სალმან რუშდისა და რაჯივ განდის შორის დაპირისპირება და პოლემიკა მოჰყვა. სხვათა შორის, დევნილობამ და რეპრესიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მწერლის პოპულარობაში. ერთნი ხოტბას ასხამდნენ და თავისუფალი აზრის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, მეორენი წყევლიდნენ, ემუქრებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენჯერმე მისი ფიტული დაწვეს.

1993 წელს სალმან რუშდი რომანისთვის"შუაღამის შვილები""ბუკერით" დააჯილდოვეს. ამჟამად ის ამერიკული პენ-ცენტრის ხელმძღვანელია. რამდენიმე გახმაურებული რომანის გარდა, ის პუბლიცისტური პროზისა და მოთხრობათა კრებულის ავტორია. მოგვიანებით, 1998 წელს, ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დაგმო ფატვა და რუშდიც თითქოს დაარწმუნეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მაგრამ მაჰმადიანი ფუნდამენტალისტებისთვის ფატვა არ უქმდება... ასე რომ, მწერლის დევნილობა ჯერ კიდევ გრძელდება.

საინტერესოა სალმან რუშდის პარალელი ალექსანდრ სოლჟენიცინთან, რომელმაც მთელი ცხოვრება ასევე გადასახლებაში, რეპრესიებსა და ცენზურასთან ბრძოლაში გაატარა. სოლჟენიცინი  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი შემდგომი ბედი. შეეძლო წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონოდა და ორჯერ სამხედრო ორდენითაც დააჯილდოვეს, თუმცა 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, სტალინის საჯარო კრიტიკის გამო დააპატიმრეს.

სასჯელს ციმბირში, შრომით-გამოსასწორებელ ბანაკებში იხდიდა (`საშუალო ფაზაში", როგორც თავად უწოდებდა). რამდენიმე წელი გაატარა შარაშკაში, სპეციალურ სამეცნიერო ბანაკში, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აკონტროლებდა. ეს გამოცდილება სოლჟენიცინმა  ასახა მოთხრობაში -"პირველი ციკლი", რომელიც შემდგომში დასავლეთში, ემიგრაციაში ყოფნისას გამოაქვეყნა. 50-იან წლებში სოლჟენიცინი უკვე სპეცბანაკში გააგზავნეს, სადაც პოლიტიკური პატიმრები იმყოფებოდნენ. იქ გატარებული წლები საფუძვლად დაედო რომანს"ერთი დღე ივან დენისოვიჩის ცხოვრებიდან".

1953 წელს სოლჟენიცინს შინაპატიმრობა მიუსაჯეს და კოლ-ტერეკში (სამხრეთი ყაზახეთი) გადაასახლეს."ამ დროის განმავლობაში არა მხოლოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ  ჩემს დაწერილ სტრიქონს დაბეჭდილს ჩემს სიცოცხლეში ვერ ვნახავდი, არამედ  ვერცერთ ჩემს უახლოეს მეგობარსაც კი ვერ წავაკითხებდი იმის შიშით, რომ ამას შეიტყობდნენ", - წერდა იგი."ოტტეპელის" დრო თითქოს მასაც თბილად შეეხო - 1962 წელს პირადად ნიკიტა ხრუშჩოვის ნებართვით ჟურნალში"Новый мир" გამოქვეყნდა მისი რომანი"ერთი დღე ივან დენისოვიჩის ცხოვრებიდან".

შეიძლება ითქვას, რომ სოლჟენიცინმა საერთაშორისო საზოგადოებას პირველმა ამცნო გულაგების არსებობის შესახებ. რომანი მართლაც მოვლენად იქცა, ვინაიდან 20-იანი წლების შემდეგ ეს პირველი საბჭოთა ლიტერატურული ნაწარმოები იყო პოლიტიკურ თემაზე, რომელიც კომუნისტური პარტიის წევრის მიერ არ იყო დაწერილი... უფრო სწორად იმ ადამიანის მიერ იყო დაწერილი, რომელიც ციმბირში თავისუფლებისა და  განსხვავებული აზროვნებისთვის გადაასახლეს და გავლილი ჯოჯოხეთის წრეების მიუხედავად, ცოცხალი გადარჩა!

1970 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში სწორედ ალექსანდრ სოლჟენიცინს მიეკუთვნა რომანისთვის"არქიპელაგი გულაგი", თუმცა მისი მიღება მხოლოდ დეპორტაციის შემდეგ შეძლო."არქიპელაგი" ფაქტობრივად, სამნაწილიანი, ისტორიულ-მხატვრული კვლევაა საბჭოთა საპატიმრო ბანაკებისა და, ზოგადად, სისტემის შესახებ. ის ემყარება მწერლის პირად გამოცდილებას და ასობით პოლიტპატიმრის აღიარებას. ეს არის მთელი საბჭოთა სისტემის ანალიზი და ამავე დროს მისი განაჩენიც, რადგან საბჭოთა სისტემა განხილულია ლენინის დროიდან, ანუ საფუძვლებიდან კომუნისტური რეჟიმის"რენესანსამდე", ბრეჟნევის ხანამდე. რომანი პირველად პარიზში, 1973 წელს გამოქვეყნდა. ერთი წლის შემდეგ სოლჟენიცინს საბჭოთა მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ის დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში სოლჟენიცინი რუსეთში დაბრუნდა და თანამედროვე რუსეთის შესახებ რამდენიმე პუბლიცისტური წერილი გამოაქვეყნა. ბორის ელცინის ხელისუფლებამ უკვე ასაკოვან მწერალს წარსულის ჭრილობები მოუშუშა და მსუყე კომპენსაციაც დაუნიშნა. მოგვიანებით ის ანდრია პირველწოდებულის ორდენზე წარადგინეს, თუმცა სოლჟენიცინმა ჯილდოზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მთავრობისგან, რომელმაც საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა, ჯილდოს ვერ მიიღებდა.

თუ სალმან რუშდისა და სოლჟენიცინის შემოქმედება რეპრესირებული და რელიგიური ცენზურის მაგალითებად შეიძლება განვიხილოთ, მეოცე საუკუნის სახელოვან ამერიკელ მწერალს, კურტ ვონეგუტს ცენზურა მხოლოდ"რბილად" თუ"უხილავად" შეეხო. ვონეგუტი გერმანელი ემიგრანტის შვილი იყო და ინდიანაპოლისში დაიბადა. ბედის ირონიით თუ საკუთარი არჩევნით, ის მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა, სადაც ამერიკელებისა და ბრიტანელების მიერ დრეზდენის დაბომბვის მოწმე გახდა. ეს საზარელი შთაბეჭდილება მან თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რომანში -"სასაკლაო N5" აღწერა.

მის ნაწარმოებებში გაბნეული მძაფრი სოციალურობა, მწვავე სატირა და ხარისხიანი შავი იუმორი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. რომანები -"სარწეველა ფისოსთვის","საუზმე ჩემპიონებისთვის" და"სასაკლაო N5", ბევრისთვის საყვარელ ნაწარმოებებად იქცა."სასაკლაოში" ვონეგუტი ამერიკელი ჯარისკაცის, ბილი პილიგრიმის ისტორიას აღწერს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, 1945 წლის თებერვალში, დრეზდენის გამანადგურებელი დაბომბვის ეპიცენტრში აღმოჩნდება. ბილის განცდები, რომელსაც სარდაფებიდან ასობით გვამის გამოტანა მოუწია, ფაქტობრივად მწერლის პირადი, ტრაგიკული განცდების გამოძახილია, რაც მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

სწორედ ამერიკის არმიის მძაფრი კრიტიკის გამო შეექმნა ვონეგუტს ცენზურასთან პრობლემა. მართალია, საბოლოოდ, რომანში თითქმის ყველაფერი  შევიდა, რაც ავტორს სურდა, მაგრამ მცირე ტირაჟით გამოიცა და ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაციის ქსელში შეზღუდული რაოდენობით შეიტანეს. უმთავრესი გზავნილი მაინც პაციფისტური იყო -"ეს ომი ამაზრზენი და აზრს მოკლებულია!" - რამაც გავლენა მოახდინა ავტორისა და ნაწარმოების შემდგომ ბედზე.

ერთ-ერთ გვიანდელ ესეში"დროის რღვევა" ვონეგუტი ჯიუტად ინარჩუნებს პაციფისტურ მსოფლმხედველობას: "რამდენჯერაც უნდა დაბრუნდეს დრო უკან, მაინც დაიბადება ჰიტლერი, მაინც ჩაიდენენ დანაშაულს კომუნისტები, მაინც ექნება სამყაროს თვითმკვლელობის მცდელობები, მაინც შეიქმნება და დაიდგმება შოუ სახელად - 1945. წარსულის შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ აწმყოში ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომლის შეცვლაც შემდეგ აღარ მოგვინდება".

უცნაური და პარადოქსული ფორმებით შეეხო ცენზურა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის მოთხრობებს, ესეებს, ინტერვიუს, რომანებს. 2002 წელს (როცა უელბეკს  გამოქვეყნებული ჰქონდა რომანი"ელემენტარული ნაწილაკები"), ჟურნალ"Lირე"-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც ის ყოველგვარი პოლიტკორექტული ჩარჩოების გარეშე, მძაფრად, ცხადად და გროტესკულად საუბრობს თანამედროვე ევროპისა და ისლამური კულტურის  შეუთავსებლობაზე.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეთის ისლამურმა საზოგადოებამ და მათ შორის, პარიზის მეჩეთის წინამძღოლმა, უელბეკი ისლამოფობიასა და რასიზმში დაადანაშაულა. მართალია, პარიზის ინტელექტუალური საზოგადოება ლამის ფეხზე დადგა და ადვოკატის წყალობით მწერალს ბრალი მოეხსნა, ამ პროცესიდან მცირე დროის შემდეგ უელბეკმა საფრანგეთი მაინც დატოვა. ის დღეს ხან ირლანდიაში ცხოვრობს და ხანაც ესპანეთში.

კიდევ უფრო გამომწვევი და არაპოლიტკორექტულია მიშელ უელბეკის ახალი, დაახლოებით 300-გვერდიანი რომანი"დამორჩილება". თავის  რომანში მწერალი საფრანგეთს ფაქტობრივად, მუსულმანურ ქვეყნად წარმოაჩენს, რომელშიც მოქმედება 2022 წელს მიმდინარეობს, და რომლის სახელმწიფოს მეთაურად უკვე მუსლიმთა პარტიის ლიდერს ირჩევენ... 

`დამორჩილება" დიდი ტირაჟით უნდა გამოსულიყო. თუმცა გაზეთ"შარლი ებდოზე" მომხდარმა ტერაქტმა არა მარტო გამოსვლის ვადები შეცვალა (იგი შედარებით დაგვიანებთ დაიბეჭდა), არამედ ტერაქტის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც... და ცხადია, თავად რომანის მთავარი გზავნილებიც. მემარცხენე პრესამ შანსი ხელიდან არ გაუშვა, რომ უელბეკისთვის ულტრამემარჯვენეებისა და  მარი ლე პენის მხარდაჭერა დაებრალებინა. თუმცა თავად მწერალმა"ფრანს-პრესთან" ინტერვიუში ეს ბრალდებები საჯაროდ უარყო.

პარადოქსია, მაგრამ უელბეკის შემოქმედებაში გაცილებით საინტერესოა"სახიფათო", რელიგიური თამაშის მიღმა დარჩენილი, არააკრძალული, სატირული და პორნოგრაფიული რომანი"პლატფორმა". საოცარი ირონიით აღწერილ პორნოგრაფიულ  სცენებს თან ახლავს მოულოდნელი  სენტიმენტალიზმიც.  რაც არ უნდა აგრესიულ და ეგოისტ ადამიანად მოგვეჩვენოს მთავარი გმირი - მიშელი, გულის სიღრმეში ის მაინც თავისუფლების მაძიებელი და ეგზისტენციური პრობლემებით დამძიმებული ევროპელია.

უელბეკის თეზა, რომ თანამედროვე ევროპელი მხოლოდ სექსითა და ინტელექტით  მოიპოვებს თავისუფლებას, ცოტა არ იყოს ირონიულად  ჟღერს ფროიდის თეორიის შემდეგ:"ღმერთმა, რომელმაც ჩვენი ცოდვა დაიდო და მოკვდავ, არაფრის მაქნის და დაუნდობელ არსებებად შეგვქმნა, მცირე კომპენსაცია გაითვალისწინა. აბა, რა იქნებოდა ცხოვრება, დროდადრო მას ცოტა სექსი რომ არ ახალისებდეს?" 

ლიტერატურა, როგორც მუდმივი რევოლუცია და მოსალოდნელი რეპრესია; წერა, როგორც ქმედება და თავშესაფარი; სიტყვა, როგორც სხეულის მოთქმა და სულის გამოჭედვა... ეს ყველაფერი ცენზურაგამოვლილმა მწერლებმა უკეთ იციან და შესაბამისად, სიტყვათგრძნობა მათ კიდევ უფრო გამძაფრებული აქვთ. 

დავასრულოთ პიერ-პაოლო პაზოლინის ესეთი. დიდი რეჟისორი, მწერალი, სცენარისტი, პოეტი, პუბლიცისტი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ფაქტობრივად, აკრძალვის დაკრძალვას შესწირა; ხელოვანი, რომელმაც საკუთარ კანზე იგრძნო რევოლუციაც და რეპრესიაც. მას შესანიშნავად აქვს დანახული ინტელექტუალების, მწერლების, პოეტების, რეჟისორების  როლი საზოგადოების გამოსაფხიზლებლად და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად.

„სისატიკე გარდაუვალია. ხელისუფლებას დღესაც და ხვალაც აუცილებლად დასჭირდება ინტელექტუალები. ისე რა აზრი აქვს ზოგადად ხელისუფლების დისკურსს? ჩავლილი მემარცხენე ეიფორიის შემდეგ სწორედ იმის შესახებ ვლაპარაკობ, რაც უახლოეს მომავალში დიდ საფრთხედ შეიძლება იქცეს ინტელექტუალებისთვის. როცა ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეები მოვლენ, ჩვენ გველის მორიგი კომპრომისი, ახალი გადანაცვლება, ახალი კაპიტულაცია, რადგან ამის გარეშე ინტელექტუალები საარსებო სივრცეს ვერ დაიკავებენ“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^