... საათზე ცოტა მეტი გაივლის, ვიდრე მწერალთა სახლის დამლაგებელი ანიჩკა ზეთის ნაცვლად მელანს დაღვრის, ხოლო ამავე მელნის სიშავეში ამოსვრილი საპატარძლოს ქათქათა კაბა სტალინისტური რეპრესიებისა და, შესაბამისად, ამავე დროისადმი მიძღვნილ სპექტაკლ-რეკვიემის უმთავრეს მეტაფორად იქცევა.„ვეფხვი და ლომი“, რომელიც თბილისის წლევანდელი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა, ბადენის კარლსრუეს Staatstheater-სა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. ასევე მნიშვნელოვანია გოეთეს ინსტიტუტთან ორივე თეატრის თანამშრომლობა.
დავით გაბუნიას ტექსტი და დათა თავაძის რეჟისურა კარლსრუეს თეატრისათვის კარგად ნაცნობია, რადგან ამავე ავტორების „ტროელი ქალების“ ტრიუმფისმოწმე ის რამდენიმე წლით ადრე უკვე გახდა. სამეფო უბნის თეატრში მისულ მაყურებელს თავად შეეძლო განეცადა და შეემოწმებინა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების საზღვრები და მასშტაბი, რომელსაც ხელოვანთა და ინტელექტუალთა მთელი თაობა შეეწირა. სწორედ მწერალთა სახლი და მასში დაბუდებული სისხლიანი აჩრდილები იქცევა დრამატურგის მთავარ ინსპირაციად, რაც, სიმართლე ვთქვათ, თითქმის არასოდეს გაცოცხლებულა ქართულ თეატრში.
რეპრესიების კვალი, ისტორიის დავიწყება და მისი აღდგენა თუ გახსენება ის უმთავრესი აქცენტებია, რითაც „ვეფხვი და ლომი“ ასეთი შემზარავიგულახდილობით წარმოჩინდება. მისი ესთეტიკა გაცილებით ახლოა „პრომეთესთან“, რადგან დათა თავაძის ახალ სპექტაკლშიც მნიშვნელოვანია რიტმული, მკაცრი,ზუსტი, მაგრამ, შინაგანი დრამატიზმით სავსე თხრობა. ლამის გეომეტრიულად გათვლილი მიზანსცენების სიზუსტე და ქორეოგრაფიული სიმწყობრე (მხატვარი და სცენოგრაფი სებასტიან ჰანაკი) ...თვით მელნით (წაიკითხე სისხლით!) მოთხვრილი თეთრი კედლები, ალაგებულ-დალაგებული სკამები და მაგიდებიც (სხვათა შორის, არც ერთი მათგანი არ მეორდება!) იძენენ რაღაც უცნაურ და, ასე ვთქვათ, მისტიურ მიმზიდველობას, რომლის მიღმა დაღვრილი სისხლის მდინარეები იგულისხმება; ანუ სცენაზედაღვრილი მელანი, რაც დაუწერელი ნაწარმოებების მთელ წყებას ნიშნავს.
ექვსი პერსონაჟიდან მხოლოდ ერთს აქვს სახელი - მწერალთა სახლის დამლაგებელ ანიჩკას (ანაგერლინდე დოდენჰოფი). მისი შემზარავი ფინალური მონოლოგივეფხვისა და ლომის ფიტულებით შემოსილ მწერალთა სამყაროში შეგვახედებს, რომელშიც პოეტურად მჟღერი კეთილხმოვანი სახელები - პაოლო და ტიციანი, მიხაკების გარდა, სტალინიზმის დროის სისხლიან ნაკვალევს ინახავს. სწორედ ამ კონტექსტშია მნიშვნელოვანი დანარჩენების ისტორიებიც - პოეტის (ტიმო ტანკი), პოეტის მეუღლის (ანტონია მორი), პოეტის ქალიშვილის (სონია ვეგენერი), НКВД-ს ფუნქციონერის (გუნარ შმიდტი) და ჯარისკაცის (ალექსანდერ კიუსტერსი). მათი გულწრფელი და ზუსტი თამაშის წყალობით სპექტაკლში არამხოლოდ პაოლო იაშვილისა და მიხეილ ჯავახიშვილის კონკრეტული მინიშნებები იკითხება, არამედ მთელი თაობისა, რომელთა „სიკვდილების სერიალი“ ჯერ კიდევ ქართული კულტურის სინდის ქენჯნად რჩება.
რასაკვირველია, უნდა აღვნიშნოთ მსახიობთა გასაოცარი მობილიზებისა და ძალისხმევის უნარი, რომლებიც არ ცდილობენ, თავი მოგვაწონონ, სცენაზე ეფექტური “აპარტე“ დადგან და მაყურებლის ყურადღება ამით მიიქციონ. პირიქით, მათი ხაზგასმული უბრალოება, მკვეთრი მეტყველება, ანსამბლურობის შეგრძნება და პროზაულობაც კი სადღაც მათ „შიგნით“ იხარშება და მხოლოდ კონცენტრირებულად და შესაბამისი ენერგიით გადმოიღვრება პერსონაჟების ენისა თუ სხეულის დახმარებით. რაც ასევე ემორჩილება რეჟისორის მიერ ზუსტად განსაზღვრულ ამოცანებსა და ტემპო-რიტმს.
არის თუ არა „ვეფხვი და ლომი“ მხოლოდ მემორიალთან მიტანილი ყვავილები? („გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკო?“), სტალინიზმის ეპოქის გამომზეურების კიდევ ერთი მცდელობა? დახვრეტილთა და დასჯილთა ხელახალი ათვლა? იქნებ, როგორც ანიჩკა ამბობს, „დავიწყების მუზეუმში“ მოწყობილი მორიგი ექსკურსია? ან არტ-ნუოვოს სტილში აგებულ მწერალთა სახლის დღევანდელ და გუშინდელ ბინადართა მეხსიერების შემოწმება?
დაახლოებით ასწუთიანი სპექტაკლი ამ შეკითხვებზე პასუხებს კი არ იძლევა, პირიქით, რეფლექსიისა და განსჯისაკენ გიბიძგებთ. რაც ახალგაზრდა თაობისთვის (და არამხოლოდ მათთვის) უაღრესად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სტალინიზმით რატომღაც ჯერ კიდევ, ან მისით ხელახლა, „მოხიბლულთა“ ფონზე. სამწუხაროდ, „ვეფხვსა და ლომს“ მაყურებელი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის შემდეგ ვეღარ ნახავს. რჩება იმედი, რომ კარლსუესა და სამეფო უბნის თეატრის თანამშრომლობა ისევ გაგრძელდება, ხოლო „ვეფხვისა და ლომის“ ფიტულების „გამოფენას“ ჩვენს თეატრებში უკვე სხვა ფორმითა და სხვა შინაარსით ვიხილავთ.