Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანტიტოტალიტარული ლიტერატურა

31 მარტი 2015

ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ მიხეილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტაც", თუმცა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული ნაწარმოებების მთავარი ავტორი სულ სხვა მწერალია. სამწუხაროა, რომ მსოფლიო მას ნაკლებად იცნობს იმ დახვეწილი და უცნაური ენის გამო, რაც შეუძლებელს ხდის მის თარგმნას. ქართველ მკითხველს მინდა მივულოცო - თითქმის ყველაფერი, რაც ანდრეი პლატონოვმა დაწერა, გივი კიკილაშვილმა თარგმნა, მაგრამ ეს უცნაურენოვანი ავტორი ვერც ქართულად და ვერცერთ სხვა ენაზე ვერ ჟღერს თვინიერ რუსულისა.

ანტიტოტალიტარულ ლიტერატურაში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ნებისმიერი რამ ვაჟა ფშაველას "არწივით"დაწყებული, რომელიც შეიძლება მე ანტიტოტალიტარულად დავინახო. ერთი მხრივ, აქ ერთიანდება, ე.წ. გულაგის ლიტერატურა - ყველგან, სადაც ტოტალიტარიზმმა ძეგლი ააგო, იქნება ეს საკონცენტრაციო ბანაკი, საბჭოთა გულაგი, თუ სხვა; მეორე მხრივ კი, უბრალო ნაწარმოებები, რომელშიც საუბარია, რომ ვიღაცას ვიღაც უყვარდა და ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ სისტემაში თურმე ნათქვამია- მას ის არ უნდა უყვარდეს...

ამ ნიუანსებიდან გამომდინარე, ანტიტოტალიტარულ ლიტერატურაში თავი მოიყარეს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულმა მწერლებმა, რომელთაც მხატვრული პრინციპების მიხედვით საერთო არაფერი აქვთ. აქ არიან მებრძოლი მწერლები, მაგალითად, ჟურნალისტები, რომელთაც აშკარა მებრძოლი სულისკვეთება ჰქონდათ; ფილოსოფოსი მწერლები და ბოლოსდაბოლოს ანტიტოტალიტარული ლიტერატურა შეიძლება იყოს უმაღლესი ხარისხის ლიტერატურა, რომელსაც შესაძლოა პირველად მე, ლევან ბერძენიშვილმა, ვუწოდო ანტიტოტალიტარული. ასეთია ალბერ კამიუს "შავ ჭირი", რომელსაც ამ კუთხით არ განიხილავენ, იმიტომ რომ ამ სქემაში თითქოს ვერ თავსდება.

რა თქმა უნდა, უამრავი ავტორის დასახელება შეგვიძლია. დავიწყოთ თუნდაც რუსებით: ევგენი ზამიატინის შესანიშნავი რომანი- "ჩვენ". მიმაჩნია, რომ ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ნაწარმოებია, რადგან სწორედ იმ სამყაროში დაიწერა, სადაც ტოტალიტარიზმმა გარკვეულ სიმაღლეებს მიაღწია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მშვენიერი რომანი კარგად ერგება ანტიტოტალიტარული ლიტერატურის სპეციფიკას და კლასიკადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, ის კონკურენციას ვერ უწევს საბჭოთა პერიოდის სხვა ანტიტოტალიტარულ ნაწარმოებებს.

ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ მიხეილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტაც", თუმცა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული ნაწარმოებების მთავარი ავტორი სულ სხვა მწერალია. სამწუხაროა, რომ მსოფლიო მას ნაკლებად იცნობს იმ დახვეწილი და უცნაური ენის გამო, რაც შეუძლებელს ხდის მის თარგმნას. ქართველ მკითხველს მინდა მივულოცო - თითქმის ყველაფერი, რაც ანდრეი პლატონოვმა დაწერა, გივი კიკილაშვილმა თარგმნა, მაგრამ ეს უცნაურენოვანი ავტორი ვერც ქართულად და ვერცერთ სხვა ენაზე ვერ ჟღერს თვინიერ რუსულისა.

პლატონოვის რომანების სათაურების თარგმნა ზოგ შემთხვევაში საკმაოდ მარტივია, მაგალითად: "ჩევენგური", ან "იუვენილური ზღვა", ანუ ახალგაზრდული ზღვა. თუმცა ზოგიერთი ისეთია, როგორც კი თარგმნას შეეცდები, იმ წუთას ყველაზე მთავარს კარგავ. "Котлован"-ალბათ ყველაზე ანტიტოტალიტარული ნაწარმოებია დედამიწის ზურგზე და თან მისი მხატვრული სიმაღლე ისეთია, რომ ენობრივადაა ყველაფერი გარკვეული. ამ ნაწარმოებში იხილავთ გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც ახალ სამყაროს აშენებენ. ამ ახალ სამყაროს შენებას კი სოფლის მოსახლეობის ტივზე თავმოყრა და მათი მსოფლიო ოკეანეში გაშვება სჭირდება. იმისათვის, რომ პროლეტარიატის ინტერესი დაიცვა, პატარა ბავშვს უნდა სცემო, ან მოკლა და ა.შ. კითხულობთ "Котлован"-ს და გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს ავტორი არ კიცხავს, თითქოს თანაუგრძნობს კიდეც. ზემოქმედების ძალით ეს უსაშინლესი ნაწარმოებია და დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა ენაზე თარგმნის შემთხვევაში მას კიდევ აქვს მომავალი.

ეს რაც შეეხებოდათ რუსებს, რომელთაც მოქმედი ტოტალიტარიზმი თვალწინ ჰქონდათ და მათთვის ეს არსებულ სისტემასთან ბრძოლის გზა იყო. იყვნენ სხვებიც, რომელთაც ტოტალიტარიზმი არ უნახავთ, მაგრამ ეშინოდათ და ამიტომაც წერდნენ ამ ტიპის ლიტერატურას.  

ვინც ტოტალიტარიზმთან ბრძოლა ანტიტოტალიტარული ლიტერატურით ტოტალიტარიზმის პირობებში დააპირა, უკეთ გამოუვიდა, ვიდრე მათ, ვინც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მაშინ დაწერა, როცა მათ ქვეყანაში მისი მხოლოდ ელემენტებიღა შეიმჩნეოდა. ამ ტიპის საზოგადოებების აბსოლუტური უმრავლესობა გადარჩა. რა თქმა უნდა, ეს მწერლები "იტყვიან", რომ ეს მათი დამსახურებაა, მათ ამაზე წინასწარ იზრუნეს. ეს ამბავი ჭიჭიკიას ცნობილ ანეკდოტს ჰგავს:

რატომ არ არიან ლომები, ვეფხვები ან ნიანგები ქუთაისში? მათ ჭიჭიკია აშინებს და სწორედ ამიტომ.

სამწუხაროდ, ლიტერატურას ასეთი ძალა არა აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი წიგნები დაიწერა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ჯორჯ ორუელი, ჟურნალისტი, როგორც შემდეგ გაირკვა, მზვერავი, რომელიც საკუთარ ქვეყანას საკმაოდ საინტერესოდ წარმოადგენდა და მშვენიერი მწერალი, ანტიტოტალიტარული ლიტერატურის მიმართულებით სულ ცოტა ორი კარგი ნაწარმოების ავტორი.

დიდი გულშემატკივარი არ ვარ ნაწარმოებისა, რომელშიც ჩვენი თანამემამულე სახელგანთქმული ღორის სახითაა გამოყვანილი. "ცხოველების ფერმა"ცუდი წიგნი არ არის, მაგრამ ასეთი ნაწარმოების დაწერას დიდი გენიოსი არ სჭირდება. რაც შეეხება "1984"-ს, ეს, რა თქმა უნდა, დიდი წიგნია, რომელმაც სხვა წიგნები შვა, მაგალითად, ანდრეი ამალრიკის "იარსებებს თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე?" 1985 წლის იანვარში გამომძიებელმა ცინცაძემ დამიბარა და მითხრა- "ხომ გავძელით!" ვუპასუხე- ეს ორუელის რომანის სათაურია. ბუნებრივია, თარიღი სიმბოლურია და რაღაც დრომდე გაძლებთ-მეთქი... სულ ცოტა ხანში საბჭოთა კავშირი შემოენგრათ და მოვლენები ზუსტად იმ სცენარით განვითარდა, როგორც ამალრიკმა აღწერა.

"იარსებებს თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე?" მხატვრული ნაწარმოები არაა, მაგრამ მან ისტორია გამოიცნო, თქვა, რომ დიდი ომი იქნება და მას საბჭოთა კავშირი ვერ მოიგებს. ყველამ ჩინეთთან დაპირისპირებაზე იფიქრა, მაგრამ ეს აღმოჩნდა ომი ავღანეთში, რომელშიც საბჭოთა კავშირმა ვერ მიაღწია მისხალ წარმატებასაც კი -ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიძებნა ერთი სენატორი, ჩარლი უილსონი, რომელმაც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს უზარმაზარი დაფინანსება მოუპოვა. თანხა მოჯაჰედების ხელში აღმოჩნდა და ავღანელებმა, ჩამორჩენილი საზოგადოების წარმომადგენლებმა, წინწაწეულ საბჭოთა ჯარს კუდით ქვა ასროლინეს. ასეთი სამარცხვინო ამბები რუსეთს XIX საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, ყირიმის ოპერაციის შემდეგ არ შემთხვევია, პორტ-არტურის ისტორია მონაგონია იმასთან შედარებით, რაც რუსეთს ავღანეთში მოუვიდა.

ამალრიკის წიგნი არ ყოფილა წიგნი გაფრთხილება, წიგნი წინასწარმეტყველება. ის იყო სწორი ანალიზი, რა თქმა უნდა, არეული თარიღებითა და ქვეყნებით. რაც შეეხება წიგნ-გაფრთხილებებს, გარკვეული აზრი მათაც აქვთ და, ჩემი აზრით, სწორედ ამით სჯობს "1984""ცხოველების ფერმას". "ცხოველების ფერმის"ამბები მომხდარი მოვლენებია. იქ არის სტალინი, ტროცკი, კომუნისტური პარტია, იქ გვხვდებიან საწყალი, მშრომელი ადამიანები, მზაკვარი ღორები კომუნისტური ელიტის სახით, მაგრამ ეს მაინც მომხდარი ამბავია.

"1984" მნიშვნელოვანი წიგნია იმით, რომ მასში აღწერილი მოვლენები კი არ მოხდა, ან კი არ მოხდება, არამედ ახლა, ამწუთას ხდება- მაშინ, როდესაც ნებისმიერ საზოგადოებაში ნებისმიერი სახის ტოტალიტარიზმი იმარჯვებს. ტოტალიტარიზმის ელემენტები სხვადასხვა ფორმით დემოკრატიულ საზოგადოებებშიც გვხვდება. მონოპოლიაც, მისი შესაძლო ბუნებრიობის მიუხედავად, ტოტალიტარული ელემენტია და სახელმწიფოს ამოცანა მასთან ბრძოლაა. "1984"განსაკუთრებული ნაწარმოებია, ის არ არის ოპტიმისტური წიგნი, მან ადამიანის დამარცხება აჩვენა, მაგრამ ისიც დაგვანახა, რომ ადამიანი ჰარმონიაში მოდის საკუთარ თავთან, თავს  ურიგდება და ასე მარცხდება, ანუ გულწრფელად დაიჯერებს, რომ "დიდი ძმა" უყვარს. ეს განსაკუთრებული  ტრაგედიაა, ადამიანების ტრაგედია. საბჭოთა კავშირში კომუნისტური პარტიის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა თავს კომუნისტად არ გრძნობდა. სულით და გულით კომუნისტი შესაძლოა დაახლოებით 1% ყოფილიყო, მაგალითად, ჰიპოკრატე შევარდნაძე, ან რომელიმე უპატიოსნესი კაცი, რომელსაც კომუნიზმის სჯეროდა და მისი წესების მიხედვით ცხოვრობდა. უჭირდა და "პრიმას" ეწეოდა. შემდეგ კომუნისტებმა მოიფიქრეს და იმ ჯიხურში, სადაც თამბაქოს ყიდულობდა, სპეციალურ "პრიმას"ახვედრებდნენ. ასეთ ადამიანებს იშვიათად ნახავდით. ისინი კომუნიზმს, ისე იყენებდნენ, როგორც განცხრომის საშუალებას.

"1984"-მა გვაჩვენა, რომ შესაძლოა მთელი სისტემა გულწრფელად კომუნისტურად იქცეს, ანუ დაგვანახა სრული კატასტროფა. ტოტალიტარიზმის უბედურება სწორედ ის არის, რომ ადამიანებს, რომლებიც მას ემსახურებიან, ტოტალიტარიზმის არ სჯერათ. გერმანულ ფაშიზმს ემსახურებოდა ის ხალხი, რომელთაც არ სწამდათ ფაშიზმის, მაგრამ სჯეროდათ, მაგალითად, ჰიტლერის. უზარმაზარი კაცი, ისეთი დიდი ფილოსოფოსი, როგორიც იყო მარტინ ჰაიდეგერი, თანაუგრძნობდა ჰიტლერს. თავისი დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მწერალმა- კნუტ  ჰამსუნმა ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ფიურერს საფლავში ჩაჰყვა და საკუთარი რეპუტაციაც თან ჩააყოლა. ამ დროისთვის ჰამსუნი ღრმად მოხუცებული იყო და შინაპატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტოტალიტარიზმის საქებარი არცერთი ნაწარმოები არ დაუწერია.

არსებობს სტერეოტიპი, რომ ტოტალიტარიზმის სამსახურში "ჩამდგარი"ლიტერატურა აუცილებლად დაბალი ხარისხის იქნება. ეს არ არის სიმართლე. გაბრიელე დ'ანუნციო ფაშისტი ავტორია და თუკი მას ვინმე შეეჯიბრება, შეეჯიბროს ჰუმანიზმში, კაცთმოყვარეობაში, მაგრამ არა ოსტატობაში- ამ ბრძოლას წააგებს. ასევე, ფაშისტი იყო შესანიშნავი ავტორი ეზრა პაუნდი, რომელთანაც შეჯიბრება საერთოდ აზრს არის მოკლებული. ისეთი დიდი პოეტი, როგორიც ტომას ელიოტია, მის მთავარ პოემას ასეთი მიძღვნით იწყებს- "ჩემზე უკეთეს ოსტატს, ეზრა პაუნდს".

იმის თქმა მინდა, რომ ტოტალიტარული ლიტერატურაც კი შეიძლება იყოს მაღალი ხარისხის, ისევე როგორც ანტიტოტალიტარული ლიტერატურა- პროპაგანდისტული და დაბალი მხატვრული ღირებულების. მათ რიგებში იშვიათად ნახავთ პლატონოვისა და ბულგაკოვის მსგავს გენიოსებს. უფრო ხშირად საშუალო დონის ლიტერატურას ვხვდებით, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისი. ძალიან მაღალი ხარისხით, მხატვრულობით გამორჩეული ლიტერატურა, ვიტყოდი, ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული ლიტერატურის მწვერვალია- ოლდოს ჰაქსლის "საოცარი ახალი სამყარო".

დღეს მსოფლიოში ამ ნაწარმოების პოპულარობა დაცემულია. მაგრამ ვიცი, რომ ეს წიგნი საქართველოში კარგად იყიდება. ჰაქსლიმ ადამიანის შინაგანი სისუსტე, მისი მერყეობა დაიჭირა და ეს ფაქტობრივად გენეტიკურ დონეზე აიყვანა. ჩვენი მარტოობის, უსუსურობის ანალიზით გვაჩვენა, თუ როგორი სახიფათოა ჩვენი გამორჩეული თვისებები, და როგორ იბრძოლებს საზოგადოება, რომ ფრთები მოგვაჭრას პრინციპით- უკიდურესობები არ გვინდა. თუკი განსხვავებულს ვერ შეეგუები, მაგალითად, ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა- როდესაც თუნდაც გრძელ თმებსა და შლაქსებს ებრძოდნენ, ან როდესაც შარვლის ბოლოსა და შუა ნაწილებს შორის გასათვალისწინებელ დაშორებას ადგენდნენ- რა გასაკვირია, რომ ასეთ ქვეყანას ძალიან გაუჭირდებოდა.

ანტიტოტალიტარული ლიტერატურა, უპირველესად იყო ლიტერატურა და შემდეგ იყო ანტიტოტალიტარული. ამიტომ ყველაფერი, რაც წმინდა იდეოლოგიურ ხასიათს ატარებდა- დამარცხდა; ყველაფერი, რაც მხატვრული იყო- გადარჩა. ამიტომაცაა, რომ უამრავი ბრწყინვალე მაგიური რომანი დაიწერა. ევროპულისგან განსხვავებით, გადარჩა სამხრეთ ამერიკული ანტიტოტალიტარული ლიტერატურა, მაგალითად ლიოსას, მარკესის რომანები, განურჩევლად იმისა, პოლიტიკურად მარჯვენაა თუ მარცხენა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში უამრავი ანტიტოტალიტარული ნაწარმოები დაიწერა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი ნაწარმოები გადარჩა- ალბერ კამიუს "შავი ჭირი" არ მიება ეპოქას. მასში შეგიძლიათ იგულისხმოთ ფაშიზმიც, ისევე, როგორც ვაჟა ფშაველას "არწივში"-ნებისმიერი რამ. მასში მე შესანიშნავად ვხედავ იმ უკანასკნელ 20 წელიწადს, რომელშიც საქართველო ცხოვრობს, უბრალოდ ვეძებ და ჯერჯერობით ჩვენს რიგებში ვერ ვპოულობ ბერნარ რიეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^