სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორამცია „ლიბერალს" სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულს გულ-მკერდის არეში ტკივილი ჰქონდა.
როგორც თვალავაძის ადვოკატი ლალი აფციაური ამბობს, მისი ინფორმაციით, თვალავაძე კლინიკაში სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს.
„მე მოსამართლეს წარვუდგინე დოკუმენტაცია, რომ თვალავაძეს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ახლა მაცნობეს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში, სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს საპყრობილიდან კლინიკაში. ამიტომ არის უსამართლო სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო. სულ რომ დანაშაული ჰქონოდა ჩადენილი მას და არსებობდა მტკიცებულებები, კანონში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას. გარდა ამისა, ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და როგორც წესი ასეთ შემთხვევებში არასოდეს იყენებენ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას“, - განაცხადა ლალი აფციაურმა.
თვალავაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
--
სუს-ის ინფორმაციით, თვალავაძე ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში, ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრიუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
ბრალდების მხარის თქმით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.