მარინე მენდლიანი 20 წლისაა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს. სკოლა ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში დაამთავრა. ქართულ ენას სკოლაში სწავლობდა. ქართველი მეზობლებიც ჰყავდა, მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია ქართული ენის სწავლაში დაეხმარა. ამბობს, რომ ბავშვობიდან სურდა სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელება. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ სკოლაში შეიტყო და სწავლის თსუ-ში გაგრძელება გადაწყვიტა. თბილისში ქირით ცხოვრობს, სიშორის გამო ოჯახში მხოლოდ არდადეგებზე მიდის. პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფილოლოგიის მიმართულებით გაგრძელებას აპირებს.
პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მარინე და ათობით მისი თანაკურსელი ქართულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა 2010 წლიდან მოქმედებს. პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. აქ მოხვედრა მხოლოდ ერთი გამოცდით, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ჩაბარებითაა შესაძლებელი. ჩარიცხვის შემდგომ სტუდენტი ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, რაც ენის ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, იმდენად, რომ მომდევნო ოთხი წელი სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე შეძლოს. ამიტომ პროგრამას ხშირად „1+4“-ის სახელითაც მოიხსენებენ. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში 100 სომხურენოვანი და 100 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტი ფინანსდება. გარდა აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ტესტებისა, კანონით ოსურ და აფხაზურენოვანი ტესტების ჩაბარებაც შესაძლებელია. დღემდე, ამ პროგრამით აფხაზურენოვანი ტესტი მხოლოდ ორმა აბიტურიენტმა ჩააბარა. ოსურენოვანი ტესტი კი დღემდე არ შემუშავებულა.
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგებით (2012-2013 წ.) გამოვლინდა, რომ „საშეღავათო პოლიტიკა“ პოზიტიურად აისახა უმცირესობათა მიერ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლესი განათლების მიღების მაჩვენებელზე. თუმცა მინიტორინგის შედეგად გამოიკვეთა პრობლემებიც,- ქართული ენის ცოდნის დონე აბიტურიენტებში განსხვავებულია, ხშირად დაბალი. „ენის პროგრამის ერთწლიანი ვადა ყველა სტუდენტისთვის არ არის საკმარისი ენობრივი კომპეტენციების განვითარებისა და საბაკალავრო ფაკულტეტზე სწავლის დაწყებისათვის. მეორე მხრივ კი, პროგრამა ხშირად არაფრისმომცემია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე მაღალ დონეზე ფლობენ სახელმწიფო ენას და ფაქტობრივად ერთწლიანი სწავლება მათთვის დროის და ფინანსური რესურსის ხარჯვაა.“
რაზრახან გუმბათოვმა თსუ-ის ქართულ ენაში მომზადების პროგრამა 2012 წელს დაასრულა და სწავლა ამავე უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განაგრძო. ახლა მესამე კურსზეა. ამბობს, რომ სანამ ჩააბარებდა, ქართული ენა თითქმის არ იცოდა, მხოლოდ ელემენტარული სალაპარაკო ტერმინები. აზერბაიჯანულენოვანი სკოლა მარნეულში დაამთავრა. ქართულ ენას სკოლაში სწავლობდა, მაგრამ, მისი თქმით, ქართული პედაგოგმაც კი ცუდად იცოდა. ახლა ქართული უკეთ იცის. ბაკალავრიატზე სწავლა თავიდან გაუჭირდა, თუმცა თანდათან დაძლია სირთულეები. ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა ერთწლიანი პროგრამა მეტად ინტეგრირებული ყოფილიყო ქართველ სტუდენტებთან, ასე მეტს ისწავლიდა და დასაწყისში ბაკალავრიატზე სწავლაც აღარ გაუჭირდებოდა.
ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას განსხვავებული, ინდივიდუალური პროგრამით წარმართავს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტები ცალ-ცალკე ჯგუფებში სწავლობენ. ჯგუფები კი ენის ცოდნის დონეების მიხედვითაა დაყოფილი.
პროგრამის ხელმძღვანელი კახა გაბუნია, აბიტურიენტების ქართული ენის ცოდნის დაბალ კომპეტენციას ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად მიიჩნევს. მისი თქმით, აბიტურიენტების 30%-მა ქართულად გამარჯობის თქმაც კი არ იცის. ენის სწავლების ერთწლიანი პროგრამა ხშირად ასეთი სტუდენტებისთვის არასაკმარისია და, შესაბამისად, მათ ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლაც უჭირთ. გაბუნიას მიაჩნია, რომ ამ პრობლემის დაძლევისათვის უმჯობესი იქნება აბიტურიენტებისთვის ენის ცოდნის კომპეტენციის რაღაც ზღვარი არსებობდეს, რაც დამატებით მოტივაცია იქნებოდა მათთვის ქართულის უკეთ სასწავლად.
ამავე პრობლემაზე საუბრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი მერაბ ბასილაია. ამბობს, რომ ეს ერთი წელი სტუდენტთა დაახლოებით 80%-ისთვის საკმარისია, რომ მათ ენის ცოდნის კომპეტენცია აიმაღლონ და ბაკალავრიატზე სწავლა გააგრძელონ.
ბასილაიას თქმით, ილიას უნივერსიტეტს საკუთარი ორიგინალური, სერტიფიცირებული პროგრამა გააჩნია, რომლის ძირითადი ნაწილი ენის პრაქტიკულ დონეზე შესწავლაა. პროგრამულად შერწყმულია სწავლა და პრაქტიკული აქტივობები, კლუბური მუშაობა. თსუ-ისგან განსხვავებით, აქ ჯგუფები არ არის დაყოფილი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ერთად სწავლობენ.
ბასილაია ამბობს, რომ უნივერსიტეტი არ ერიდება განთესვას - თუკი სტუდენტი ვერ ძლევს პროგრამას, ის მომდევნო კურსზე ვერ გადავა. მისი თქმით, არსებობს მეორე მიდგომაც, რაც გაცილებით „ჰუმანურია“ და, მიუხედავად სტუდენტების არასაკმარისი კომპეტენციისა, მათ შემდგომ კურსზე გადასვლას გულისხმობს. ბასილაია მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა პრობლემურია, რადგან ამაზე თვალის დახუჭვა თავად სტუდენტისთვისაა საზიანო. ამგვარი „ჰუმანური“ მიდგომის გამორიცხვისთვის, ბასილაია მიიჩნევს, რომ საჭიროა სამინისტრომ მონიტორინგი გაწიოს, თუ ვისზე გაიცემა დიპლომი, შემდგომ კი მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროოს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წელს ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 124-მა სომხურენოვანმა და 175-მა აზერბაიჯანულენოვანმა აბიტურიენტმა ჩააბარა, 2014 წელის მონაცემების მიხედვით კი, მათი რიცხვი 217 სომხურენოვან და 456 აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტამდე გაიზარდა.
„როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, იმატა არაქართულენოვანი სტუდენტების ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის სიხშირემ, რაც ამ პროგრამის პოზიტიური შედეგია“, - ამბობს შალვა ტაბატაძე. ის ერთ-ერთი თანაავტორია კვლევისა „კვოტირების სისტემის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (2013 წ.), რომლის მიზანიც იყო შეესწავლა, რამდენად ეფექტურად ხორციელდება პროგრამა და რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ის.
კვლევისას გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომლებზე რეაგირებაც, ტაბატაძის აზრით, პროგრამის დახვეწის მიზნით აუცილებელია. მისი თქმით, ერთწლიანი პროგრამის გავლის შემდგომ სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა ვეღარ გადადის მომდევნო დონეზე. მართალია, სტუდენტთა უმეტესობა საბაკალავრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ამ პროგრამაზე სასწავლებლად, როგორც ენობრივი, ისე სტუდენტური ინტეგრაციის თვალსაზრისით.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ტაბატაძე ამახვილებს ყურადღებას, ინტეგრაციის პრობლემას ეხება. მისი თქმით, პრობლემა ყველა უნივერსიტეტისთვის საერთოა. ძალიან ხშირად პროგრამის სტუდენტები თავს დისკრიმინირებულებად გრძნობენ, როგორც ლექტორების, ადმინისტრაციის, ასევე თანატოლი სტუდენტების მხრიდან. ამ მხრივ, ორი განსხვავებული ტენდენცია გამოიკვეთა. მაგალითად, თსუ, სადაც ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტები ავლაბრის კორპუსში ქართველი სტუდენტებისგან იზოლირებულად სწავლობენ, რაც ტაბატაძის აზრით, ცუდია მათი სტუდენტური ინტეგრაციისთვის, სოციალური და ენობრივი კომპეტენციების განვითარებისათვის. რადგან პროგრამის დასრულების შემდეგ, ეს ერთწლიანი გამოცდილება ბაკალავრიატისთვის მოსამზადებლად ვერანაირ ინტეგრაციას ვერ უზრუნველყოფს.
შალვა ტაბატაძის თქმით, განსხვავებული მიდგომაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ქართველ სტუდენტებთან ერთად ერთ საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლობენ. მაგრამ აქ უკვე თავს იჩენს ძალიან ბევრი პრობლემა ადმინისტრაციასთან და თვითონ ქართველ სტუდენტებთან ურთიერთობის თვალსაზრისით: „ კვლევაში არის ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც სტუდენტები მათი ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს ჰყვებიან. თუ, ერთი მხრივ, ერთიან საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლა მათი ინტეგრაციისთვის უფრო პოზიტიური ფაქტორია, მეორე მხრივ, პრობლემები ჩნდება სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას. ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას ისინი თავს მეორეხარისხოვან სტუდენტებად და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქვამენ."
კვლევაში ფოკუსჯგუფის მონაწილე სტუდენტების საუბრიდან ნაწყვეტებია მოტანილი, სადაც ისინი ისეთ ფაქტებზე მიუთითებენ როდესაც უმრავლესობის მხრიდან ისინი არ არიან აღქმული ამ ქვეყნის სრულფასოვან და თანაბარუფლებიან მოქალაქედ:
–„საქართველოზე იყო ლაპარაკი, კანონმდებლობაზე. „შენ რაში გაინტერესებსო, შენი საქმე ხომ არ არის, შენ სომეხი ხარო“;
–„რა სიმპათიურია, ცუდია, რომ აზერბაიჯანელია, მეგონა ქართველი იყო“;
–„ქუჩაში მომისმენია, რამდენი არიას ენ სომხები და აზერბაიჯანელები“;
–„რა არის ეს სომხები და აზერბაიჯანელები? ვინ არიან არ ამბობენ, რა არიან ამბობენ“.
ინტეგრაციის ხელისშემშლელ მნიშვნელოვან და დამაფიქრებელ ფაქტორად ასევე დასახელდა ქართველი სტუდენტების არატოლერანტული დამოკიდებულება და მიმღეობის დაბალი დონე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ:
–„აი, ეს სომეხია, აი ეს თათარია“;
–„ქართველები რომ გაუვლიან გვერდზე და აზერბაიჯანულ საუბარს გაიგებენ, ხმამაღლა კითხულობენ, - ეს რა რჯულის ხალხია და რა ენაზე ლაპარაკობენო“.
ტაბატაძე მიიჩნევს, რომ ამ ტიპის დისკრიმინაციას 100%-ით ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა ეს არ უნდა იყოს ტენდენციის მატარებელი. აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების ჩატარება, რაც საუნივერსიტეტო დონეზე მრავალფეროვნებას წაახალისებს.
პროგრამის დაწყებიდან 5 წელი გავიდა. წელს, პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტები ბაკალავრიატს დაასრულებენ. იმის გასარკვევად თუ ამ საშეღავათო პოლიტიკის შედეგად, რამდენი სტუდენტი დაასრულებს ბაკალავრიატს და გამოვა შრომით ბაზარზე, შალვა ტაბატაძემ მონაცემები გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც, 2010 წელს ჩარიცხული 300 სტუდენტიდან, მხოლოდ 20% არის დამამთავრებელ კურსზე: „ეს არ ნიშნავს, რომ დარჩენილმა ნაწილმა სწავლა მიატოვა. მათ ვერ დააგროვეს საკმარისი კრედიტები, რომ შემდეგ კურსზე გადასულიყვნენ. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, რეალურად ვერ მივიღებთ საჭირო რაოდენობის კადრებს. რეგიონებში მაინც იქნება საკადრო პრობლემები, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობის თავალსაზრისით“.
ამ მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩიტაია: „რეალურად საბაბიც არ გვაქვს, თუ რატომ უნდა გამოვითხოვოთ ეს ინფორმაცია. ჩემი სამმართველოსთვის, რომელიც ამ პროგრამის ზოგადრეგულაციას ახდენს, ამ ინფორმაციის გამოთხოვა არასწორია. ეს გარკვეულ უხერხულობებს შექმნის. ქართულენოვან სტუდენტებშიც კი 15% ყოველთვის არის სხვადასხვა მიზეზის გამო განთესვა. სტუდენტთა 100% ვერ ამთავრებს. ხშირად სტუდენტები შიდა ან გარე მობილობის გამო ფაკულტეტებს იცვლიან, ან ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადადიან სასწავლებლად. სწავლის გახანგრძლივება ხშირ შემთხვევაში ამ მიზეზითაა განპირობებული და არა აკადემიური ჩამორჩენით. ამდენად, კვლევის გარეშე ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, რამ განაპირობა კონკრეტულად ეს მონაცემები.“
მისი თქმით, პროგრამის არსებობა, როგორც განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯად ჩაითვალა. პროგრამა უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე საწყის ეტაპზე იყო ჩაფიქრებული: „პროგრამამ წარმატებით იმუშავა და აგრძელებს მუშაობას, რამდენადაც დამატებით მოტივაციას აძლევს აბიტურიენტებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ სწავლა“.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ოსურენოვანი ტესტი დღემდე არ შემუშავებულა, ჩიტაიას თქმით, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტესტის შექმნაზე უარი თქვა, რადგან ოსური ენა ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. ოსურ ენაზე არ არსებობს სამეცნიერო ლიტერატურა, მათემატიკური ტერმინები, ამიტომ ტესტი ვერ ითარგმნა. რადგან კანონში არსებობდა ჩანაწერი, რომ გამოცდა ოსურ ენაზეც უნდა ჩატარებულიყო, საკითხი ნაწილობრივ გადაწყდა, რაც შეეხო, არამარტო ოსურნოვან, არამედ აფხაზურენოვან ტესტსაც. ტესტი ორ ნაწილად გაიყო. პირველი ნაწილი, სადაც ენობრივი მახასიათებლებია ოსურ ენაზე იქნება, მათემატიკური ნაწილი კი - რუსულ ენაზე. მისი გამოყენება მომავალ წელს იგეგმება: „აფხაზურ და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების ჩარიცხვის ეს წესი 2018-19 სასწავლო წლის ჩათვლით იმოქმედებს. ალბათ ეს აზერბაიჯანულ და სომხურენოვან ნაწილსაც შეეხება და პროგრამა უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე თავიდან იყო ჩაფიქრებული“, - ამბობს ნუგზარ ჩიტაია.