უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთ ქართულ საიტზე გამოჩნდა ნაგებობა, რომელიც მცირე განსხვავებებით ანდრეა პალადიოს ცნობილი რენესანსული შედევრის ვილა როტონდას გამეორებაა. რა თქმა უნდა, ეს ექსცენტრული პროექტი არანაკლებ ექსცენტრული დამკვეთის უცნაური ამბიციების გამოხატულებაა და რადგან კერძო საკუთრებას წარმოადგენს ასეთივე ტერიტორიაზე, ვერაფერში შევედავებით.
თუმცა, ეს ფაქტი შეიძლება იმ მასალაში გავითვალისწინოთ, რაც პოსტსაბჭოთა პერიოდის არქიტექტურის პროცესების ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური და კულტუროლოგიური კვლევებისთვის იქნება საინტერესო. პრივატულისა და საზოგადოებრივის ურთიერთობა თავისი რთული ნიუანსებითა და პრობლემებით სხვა მასშტაბის არქიტექტურულ პროექტებსაც შეეხო, რომლებიც არ ეკუთვნიან პრივატულ სივრცეს, პირიქით, საჯარო სივრცეში განხორციელდნენ და ზოგჯერ ასევე კონკრეტული პერსონების უცნაურ ამბიციებს წარმოადგენენ.
"ლიბერალისთვის" მიცემულ ინტერვიუში არქიტექტურის ისტორიკოსმა მაია მანიამ თბილისის ამჟამად უკვე დარღვეული ორიგინალური, ისტორიული სახე აღწერა, როგორც ქალაქისა, რომელიც „უნიკალური სივრცითი სტრუქტურის მქონეა და მისი რელიეფი ძველი ქალაქის განაშენიანებასთან ერთად ერთიან მხატვრულ მთლიანობას ქმნის. XIX საუკუნეში მას დაემატა ეზოების სისტემა, რამაც ის კიდევ უფრო უნიკალურ მოვლენად აქცია, რომლის მთლიანი ფასეულობის მნიშვნელოვან ნაწილს დანამდვილებით რელიეფი შეადგენს“.
ამ მოცემულობასთან შეუთავსებელმა პროექტებმა შექმნა ის პრობლემური სურათი, რაც დღეისთვის მსჯელობის საგანია და ისეთ დახასიათებებში განისაზღვრება, როგორიცაა „ქალაქის ავთენტურობის დაკარგვა“, „კულტურული კატასტროფა“, „ისტორიის დამახინჯება“, „მონსტრი შენობები“... ეს უკანასკნელი მეტაფორა ყველაზე მძაფრად და ესქატოლოგიური ჟღერადობით გამოხატავს კრიტიკულ მიდგომებს და გვაიძულებს კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ თემაზე, რა აქცევს შენობებს მონსტრებად.
ზემოთ სრულიად პარადოქსულ კონტექსტში იყო ნახსენები პალადიო და შეიძლება მონსტრი შენობების თემაზე საუბრისას ასევე პარადოქსულად გამოიყურებოდეს პალადიოსა და აღორძინების ხანის სხვა არქიტექტორების მიერ დაფასებული და აღიარებული ანტიკური ეპოქის რომაელის ვიტრუვიუსის მოსაზრებების გახსენება. ვიტრუვიუსი ამბობდა, რომ „არქიტექტორი უნდა იყოს განათლებული ადამიანი, კარგი მხატვარი, იცოდეს გეომეტრია, ყოველმხრივ კარგად იცნობდეს ისტორიას და ყურადღებით უსმენდეს ფილოსოფოსებს“. ეს მოთხოვნები სრულიად ბუნებრივად გამოიყურებოდა ანტიკურ პერიოდსა და აღორძინების ეპოქაშიც და, პირველ რიგში, არქიტექტორის პასუხისმგებლობასა და მისი აზროვნების მასშტაბებს გულისხმობდა. ეს დღეისთვის დიდ იშვიათობად შეიძლება ჩავთვალოთ და პოსტსაბჭოთა რეალობის პირობებში მის სრულ იგნორირებაზეც ვისაუბროთ.
თუ თბილისის თემას დავუბრუნდებით, აქ ბოლო ათწლეულმა სრულიად ახალი არქიტექტურული კონფიგურაცია გამოავლინა და ბევრი შეკითხვაც გააჩინა, რომელიც შეიძლება ხელისუფლების კრიტიკის ფარგლებს მიღმაც გავიდეს და აბსტრაგირებულ კითხვებად იქცეს: საით მივდივართ? რას გამოხატავს ეს პროცესი? რას მივიღებთ ბოლოს?
არც ისე რთული ასახსნელია, რის გამო ვიღებთ, ე.წ. მონსტრ შენობებს. პირველ რიგში, ეს არის სწორედ კონტექსტის იგნორირება, იქნება ეს კულტურულ-ისტორიულ-სოციალური, თუ გეოგრაფიულ-ლანდშაფტური.
ისტორიული თბილისის ავთენტური არქიტექტურის სახე, რომელზეც მაია მანია საუბრობდა და რომელმაც ქალაქი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ორგანულ სტრუქტურად განსაზღვრა, გათვალისწინებული იყო მისი ევროპული ნაწილის მშენებლობისას, რომლებსაც ძირითადად უცხოელი არქიტექტორები აპროექტებდნენ და რომელთა მშენებლობა ნაწილობრივ სოციალისტურ პერიოდშიც მიმდინარეობდა.
ერთ-ერთი პირველი ნაგებობა, რომელიც თავის დროზე თბილისის ცენტრალურ-ისტორიულ ნაწილში კონტექსტიდან ამოვარდნილად შეფასდა და საბჭოთა რეჟიმის პირობებში არაოფიციალური მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, იყო ყოფილი ცეკას შენობა (1979 წ. არქიტექტორები: ვ. აბრამიშვილი, ლ. ჯანდიერი, გ. მირიანაშვილი) დღევანდელი კანცელარია. ძირითად არგუმენტად სახელდებოდა ნაგებობის აგრესიული ვერტიკალი, რომელიც კონტრასტულად არღვევდა ისტორიული ნაწილის ტერასულად განლაგებული ზომიერი სიმაღლის შენობებით განსაზღვრულ გარემოს. შეიძლება ითქვას, რომ მკაფიო განაცხადით ქალაქის ცენტრის ორიგინალური მასშტაბის შეცვლა ამ მომენტიდან დაიწყო. პოსტსაბჭოთა პერიოდში მასშტაბის ცვლილება უფრო ინტენსიური დინამიკით გაგრძელდა. თავისუფლების მოედნის ზომიერ დაგეგმარებას თუ საბჭოთა პერიოდში იდეოლოგიური სიმბოლო ლენინის მონუმენტი არღვევდა, არანაკლებ შეუსაბამო პროპორციებისა გამოდგა ახალი ისტორიის ასევე იდეოლოგიური ნიშანი მონუმენტური სვეტი წმინდა გიორგის ქანდაკებით და იქვე აგებული ქორთიარდ მერიოტის შენობა, რომელიც მოუხეშავად გამოჩნდა მიმდებარე ისტორიული შენობების ანსამბლთან მიმართებაში.
მომდევნო წლების ყველაზე ხმაურიანი პროექტების რიცხვში მშვიდობის ხიდი და რიყეს დაგეგმარება აღმოჩნდა. დიზაინერ მიკელე დე ლუკის ხიდების დაგეგმარების გამოცდილება არ ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი დებიუტი იყო თბილისის ცენტრში. თავისთავად ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ხიდი ძალიან კარგი იდეა იყო და, სავარაუდოდ, ავტორი ინსპირირებული იყო ცნობილი ინჟინერ-არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას აღიარებული ნამუშევრებით. იდეა, რომ ხიდი მსუბუქი, გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო, ასევე რაციონალური გადაწყვეტილება იყო, რადგან არსებული ლანდშაფტის ფონი ითხოვდა ისეთ კონსტრუქციას, რომელიც ეფემერული ხასიათით, უპრობლემოდ შეერწყმებოდა გარემოს. თუმცა ეს ასე არ მოხდა. ავტორისთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ხიდის სიმბოლური დიზაინი იყო და უკანა პლანზე გადადიოდა კონსტრუქციულ-საინჟინრო მხარე. გამოყენებული მასალა, რომელსაც „აჟურული“ დიზაინი უნდა შეექმნა, საკმაოდ უხეში და მძიმეა, დღის სინათლეზე ხიდის სილუეტი მთების სილუეტებთან შეუსაბამოა. ღამით კი ხელოვნური განათება მას ბევრად უკეთესს ხდის და საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. ზოგადად დიზაინი, რომლის მთავარ ბაზას განათება წარმოადგენს, გასართობი ინდუსტრიული ცენტრებისთვის, ე.წ. ღამის ქალაქებისთვის არის სახასიათო. ის ანსამბლი, რომელსაც რიყის მიმდებარე ტერიტორიის ახალი შენობები ქმნიან გასართობი ბიზნესის სიმბოლოებით, იქნება ეს „შანგრილა“ თუ მასიმილიონო ფუქსასის მიერ დაპროექტებული საკონცერტო დარბაზი, სწორედ ამ ტიპს მიეკუთვნება.
ეს ნაგებობები სხვა, ნეიტრალურ სივრცეში, რომელიც არ იქნებოდა დატვირთული ისტორიული შრეებითა და მრავალფეროვანი კულტურული ინფორმაციით, ბევრად უფრო ადეკვატურად გამოჩნდებოდა და ფუნქციური გამართლებაც შესაბამისი ექნებოდა. ამ შემთხვევაში შენობებს ზუსტად არაადეკვატურმა კონტექსტმა განუსაზღვრა ის ხასიათი, რომელიც მათ შეიძინეს. საჯარო სივრცეში განხორციელებულმა შენობებმა, რომელთაც ახალი ისტორია უნდა ეჩვენებინათ, ამ მხრივ მარცხი განიცადეს: ისინი ისტორიის გამანადგურებლად და მთლიანი ქსოვილის აგრესიულ დამრღვევებად გამოჩნდნენ. თავდაპირველი განაცხადი, რომ რიყეზე პარკი გაშენდებოდა, სასიხარულო იყო ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. ქალაქის ცენტრში, სადაც მწვანე ნაწილი საერთოდ დეფიციტურია, ნამდვილად კარგი ინიციატივა იქნებოდა „მწვანე კუნძულის“ განვითარება. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და „პარკი“ პირობით სახელად დარჩა.
სამწუხარო ფაქტად რჩება ასევე ის ტენდენციაც, რომ არც ოფიციოზი და არც ბიზნესმენი ინვესტორები ღრმად არ ინტერესდებიან არქიტექტურული იდეებითა და ურბანული პროცესების პრობლემებით. ხშირად მათთვის პროექტში სახელის მქონე ავტორიტეტული არქიტექტორის თუნდაც ფორმალური ჩართვა ან მოდერნიზაციის ნიშნად მხოლოდ შუშის ნაგებობების მხარდაჭერაც კი საკმარისია.
ამ ფონზე აღმოცენებული ფაქტებიდან ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული მინგ პეის შუშის პირამიდის „რეპლიკაა“, რომელსაც ისანი-სამგორის სამმართველოს მეორე განყოფილების ოფისის ფუნქცია აკისრია. აღიარებული არქიტექტურული ნიმუშის დიზაინის მექანიკური გამეორება სრულიად არაადეკვატური ფუნქციით ამ მოვლენას პაროდიის სახეს აძლევს, თუ არ ჩავთვლით „ცუდი ტონის“ თემას.
ოფიციალური შენობების გარდა, გარემოში აგრესიული ინტერვენციის გამოხატულებას ქმნიან საცხოვრებელი კომპლექსების საეჭვო ისტორიები, რომლის მაგალითად ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოსაშვილის ქუჩის მხრიდან შეჭრილი მაღლივი შენობა ან 9 აპრილის პარკის უკან აგებული ხმაურიან სკანდალებთან დაკავშირებული სახლი შეიძლება ჩაითვალოს. ასევე „ძალადობრივი“ ხასიათით გამოირჩევა თბილისის ცენტრალურ უბნებში ბოლო წლებში ინტენსიურად მიმდინარე მშენებლობები, სადაც არ არის შეთანხმებული პროგრამა, რომლის გათვალისწინებითაც ქალაქის სახეცვლილება უნდა ხდებოდეს, და ოფიციოზიცა და ბიზნესმენი ინვესტორებიც სრულ თვითნებობას გამოხატავენ, თითქოს საერთოდ არ ხედავდნენ ისტორიულსა და კულტურულ მოცემულობას.
დღევანდელი თბილისის ურბანული პროცესის მეტაფორულ განსაზღვრებად ყველაზე მეტად ალბათ „ქაოსი“ გამოდგება, ხოლო მის მთავარ მიზეზად სამოქალაქო პასუხისმგებლობის არარსებობა ჩანს.
ამ მიზეზით არის განპირობებული მომდევნო „ტექნიკური“ პრობლემებიც, როგორიცაა კონტექსტის გაუთვალისწინებლობა და ლანდშაფტის მიმართ ვანდალური დამოკიდებულება.
ქალაქში არაერთი ნაგებობაა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული და არქიტექტურულად საინტერესოა, თუმცა არასწორი და შეუსაბამო მდებარეობის გამო მონსტრად იქცა.